Home Blog Page 1784

,,მათ ხელისუფლებაში მოსვლას არ დავუშვებთ”- ღარიბაშვილი

მათი თეორიული მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიების დაბრუნების უზენაეს იდეას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„დღესაც ამბობენ [„ნაციონალური მოძრაობა“], რომ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს ხომ წარმოუდგენელია და არ მოხდება, არ დავუშვებთ ქართველ ხალხთან ერთად, მზად არიან გახსნან მეორე ფრონტი, დაიწყონ ომი. მათი თეორიული მოსვლა ხელისუფლებაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიების დაბრუნების უზენაეს იდეას. მე დიდი ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული და ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენს მომავალს. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება. გაერთიანების შემთხვევაში, მჯერა ეს მალე მოხდება, აბსოლუტურად სხვანაირი ქვეყანა გავხდებით. ამ უზენაესი და დიადი მიზნებისთვის, ამ იდეისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ და ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. მე ამისთვის როგორც პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩვენი გუნდის წევრი, გავაკეთებ მაქსიმუმს. ჩვენგან იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო ბრძოლა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მასთან ხანგრძლივ სექსუალური ხასიათის ურთიერთობას.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება); 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება); 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება); 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ფიზიკური ძალადობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულების დადგენის მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საბერძნეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს

საბერძნეთში 50 წლის ქართველი ემიგრანტი კაცი მოკლეს. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ის 74 წლის კაცმა ცოლის და 3 არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ქართველი ემიგრანტის ოჯახი. ამ ინციდენტამდე კი მათ ოჯახში, მათი 12 წლის ქალიშვილის დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთად ჭამეს, დალიეს და სახლებში დაბრუნდნენ, თუმცა თავდამსხმელი მათთან იარაღით დაბრუნდა და ქართველს თავში ესროლა. თავს დაესხა მსხვერპლის ცოლსაც და იმუქრებოდა, რომ ბავშვებსაც მოკლავდა.

45 წლის ქალს ტყვია მხრის არეში აქვს მიყენებული და საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია გადაყვანილი,

პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. როგორც მედია წერს, დაკავებულს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ამ დრომდე არაფერი მოუყოლია, რადგან ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

უკრაინის მიერ სოჭის აეროპორტის დაბომბვის გამო ფრენები გადაიდო

უკრაინელი სამხედროების მიერ სოჭის აეროპორტის დაბომბვის გამო ქალაქში ფრენები შეჩერდა. გავრცელებული ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ადლერის რაიონში, რუსული შვეულმფრენების სადგომზე დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია და თვითმფრინავები სხვა აეროდრომზე გადამისამართდებიან.

​ქალაქ სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროდსკიმ განაცხადა, რომ ქალაქში ახლა სიმშვიდეა, ადგილობრივმა აეროპორტმა დროებით შეზღუდა ფრენები და ახლა საჰაერო სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

,,ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერორიზმის ბოლო გამოვლინება უწოდა”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ, გაანადგურონ მშვიდობა და უსაფრთხოება თურქეთში, წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერორიზმის ბოლო გამოვლინება უწოდა.

„ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ აღმოიფხვრება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ ორგანიზაციას, წარმართოს პოლიტიკა და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მსვლელობას. თავდასხმა დღეს დილით, სადაც ორი ბოროტმოქმედი განეიტრალდა ჩვენი უსაფრთხოების ქვედანაყოფების დროული ჩარევის შედეგად, არის ტერორიზმის ბოლო ფრენა. ბოროტმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება ამოიღეს მიზანში, მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერასდროს მიაღწევენ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ანკარაში, თურქეთის პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება დღეს დილით მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

,,ინტელექტუალურ რესურს გამოცლილი ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განითარებას ცდილობს”- ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ვერანაირი გარე ძალების დახმარებით, ქართული ოპოზიცია ვერ შეძლებს ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანას. მისი თქმით, ეს არის სცენარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაგეგმა.

„ყველაფერი ერთად უნდა განვიხილოთ – კონსტიტუციის დარღვევა, იქ რაღაცა ტრენინგების ჩატარება იმისათვის, რათა ახალგაზრდები მოამზადონ დაპირისპირებისათვის. სამოქალაქო სისხლის ღვრის მზადება მიდის ჩვენს თვალწინ. სუს-მა გამოაქვეყნა ზოგიერთი ფაქტი და დეტალი გამოძიებისა, რომელიც ჩაატარა, თუმცა ჩვენ თვალწინაც ხდებოდა ის პროცესები, რომელიც შემდეგ გადაიზარდა პარლამენტზე, ცესკო-ზე შეტევაში, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში და ა.შ. ესეც დასამალი არ არის, რომ ინტელექტუალურ რესურს გამოცლილმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ განავითაროს ის რევოლუციური სცენარი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა 2014 წელს განაცხადა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების შედეგებს ელოდებიან მმართველ პარტიაში.

,,ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”- სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.

როგორც მან, კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, „ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“.

„უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სრულიად უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათი ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ, მიხეილ სააკაშვილია. ის პატიმრობიდანაც კი ახერხებს, ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე იყოს. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი აბსურდული მიზეზით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის ეშინია. ბოლო თვეების განმავლობაში, ვუყურებთ, დღე არ გავა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას როგორც დასავლელი ლიდერები, ისე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ ან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ შედეგს ვხედავთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს ცივი უარი განუცხადეს. მაგრამ ისინი წინააღმდეგობას მიხეილ სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. დღეს, როდესაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, დაპირისპირების და აგრესიის დრო არ არის. ჩვენი სურვილია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

“ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება”- მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტი შეპსის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წვრთნებისა და წარმოების უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა ბრიტანელ ინსტრუქტორებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევს.

“ნატო-ს ქვეყნებში იდიოტების რიცხვი იზრდება. ერთმა ახლადგამოჩეკილმა კრეტინმა – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა – გადაწყვიტა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ინგლისური ენის სასწავლო კურსები თავად უკრაინის ტერიტორიაზე გადაეტანოს. ანუ, თქვენს ინსტრუქტორებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევთ. კარგად იციან, რომ ისინი უმოწყალოდ განადგურდებიან და უკვე არა როგორც დაქირავებულები, არამედ ზუსტად როგორც ნატო-ს ბრიტანელი სპეციალისტები”, – წერს მედვედევი “ტელეგრამზე”.

მისი მტკიცებით, დასავლური ქვეყნები რუსეთს “მესამე მსოფლიო ომისკენ” უბიძგებენ.

“კიდევ ერთი სულელი – გერმანიის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ბანდერებისთვის Тaurus-ის რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდებას ითხოვს, რათა კიევის რეჟიმმა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა შეძლოს. ამ შემთხვევაში, თავდასხმები გერმანულ ქარხნებზე, სადაც ეს რაკეტები მზადდება, სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ეს იდიოტები აქტიურად გვიბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ”, – აცხადებს მედვედევი.

,,ჩვენ დავრჩებით საქართველოში იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება”- დიმიტრიოს კარაბალისი

ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება , -ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თავად იხილა ხურვალეთში, თუ რას ნიშნავს ბაღში ბასრწვერიანი მავთულხლართის ღობის ქონა ან იმ სასაფლაოზე მისვლის შეუძლებლობა, სადაც შენი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ის ამან ძალიან შეძრა. ეს მოგონება მას თან გაყვება ბრიუსელში.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი მთავარი გზავნილი: თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში საქართველოში და ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა კარაბალისმა.

„რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მნიშვნელობა”- ვატო შაქარიშვილი

„რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მნიშვნელობა. რთული იყო გასული 11 წელი, რადგან მიღწეული გამარჯვების შენარჩუნებისთვის ბრძოლა, დღემდე, არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა“-წერს საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, აუცილებელია იმ გარემოებების გათვალისწინება თუ რა პირობებში უწევდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა. მისივე თქმით, არ არის მარტივი, ავტოკრატული და დიქტატორული სახელმწიფოს ტრანსფორმაცია დემოკრატიულ მოწყობამდე. შაქარიშვილი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ამ დიდი მონაპოვარის მთავარი კონტრიბუტორი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი! ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ მისი ქველმოქმედება ორი ეპიზოდი იქნება ყველაფრისთვის საკმარისი – 2011 წელი, როდესაც სისხლიანი რეჟიმის დასამარცხებლად პოლიტიკაში ჩაერთო და 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, როდესაც წარმოუდგენელი წნეხის და პირადი საფრთხეების მიუხედავად არ დაუშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა!

„რაც დრო გადის, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მნიშვნელობა. რთული იყო გასული 11 წელი, რადგან მიღწეული გამარჯვების შენარჩუნებისთვის ბრძოლა, დღემდე, არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. ხანგრძლივი ტანჯვის დასრულების და გათავისუფლების გემოს შეგრძნება ვერ მოვასწარით, რომ უკვე დაიწყო ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობები. არ არსებობს იდეალური ხელისუფლება და ცხადია აქაც იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ აუცილებელია იმ გარემოებების გათვალისწინება თუ რა პირობებში უწევდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა. არ არის მარტივი, ავტოკრატული და დიქტატორული სახელმწიფოს ტრანსფორმაცია დემოკრატიულ მოწყობამდე. ოკუპაცია, სიღარიბე, წნეხი ქვეყნის გარედან და მუდმივი დესტრუქცია რევანშის მსურველების მხრიდან. ბევრი რამ კიდე დღეს ხდება ცნობილი ჩვენს თვალწინ, მას შემდეგ, რაც ყველაფერს ფარდა აეხადა. ასე რომ, რთულად, მაგრამ მაინც გამოვიარეთ ეს წლები და მივიღეთ პირველი დეკადა უახლეს ისტორიაში – ომის გარეშე! დასრულდა, წარსულს ჩაბარდა – ადამიანების წამება! ღირსების შელახვა! უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა! ქონების ჩამორთმევა! საყოველთაო მიყურადება-თვალთვალი! არჩევნების გაყალბება! ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა! ტერორი! ტელევიზიების მიტაცება! მშვიდობიანი აქციების სისხლიანი დარბევები! პოლიტიკური პოლიცია! საწამებელი მიწურები სამეგრელოში! და ა.შ. და ა.შ. ქართველ ხალხთან ერთად, ამ დიდი მონაპოვარის მთავარი კონტრიბუტორი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი! ერთი წუთით გვერდზე რომ გადავდოთ მისი ქველმოქმედება და გაკეთებული სიკეთე, ქვეყნისათვის თავგანწირვის ორი ეპიზოდი იქნება ყველაფრისთვის საკმარისი – 2011 წელი, როდესაც სისხლიანი რეჟიმის დასამარცხებლად პოლიტიკაში ჩაერთო და 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, როდესაც წარმოუდგენელი წნეხის და პირადი საფრთხეების მიუხედავად არ დაუშვა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა! როგორც 2011-2012 წლები იყო საქართველოსთვის ეგზისტენციალური ბრძოლა, ასეა ახლაც და კიდევ უფრო გამძაფრებული! ამიტომ, ფხიზლად, ერთად და შეუპოვრად! ვულოცავ ყველას, ვისთვისაც 1 ოქტომბერი დღესასწაულია და წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინც დღემდე ამ სულისკვეთებით არის ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში!!!”-წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

,,პარლამენტში 100 ხმის შეგროვებასთან დაკავშირებით არანაირ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ”- ქადაგიშვილი

ჩვენ ავირჩიეთ ეს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა დონეზე დავაბრუნოთ საკონსტიტუციო წესრიგი. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს გახლავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება პარლამენტში 100 ხმის შეგროვებას, ჩვენ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით არავისთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მთავარი ამოცანაა, რომ სწორედ ეს სამართლებრივი შეფასება არსებობდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

,,ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“- ხაბეიშვილი

ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ – პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას და მისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული თემა ბიძინა ივანიშვილს და „რუსულ პარტიას“ აწყობთ.

„ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს თქმა შემიძლია, რომ ეს თემა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას აწყობს. თავად მოიგონეს იმპიჩმენტი, თავად ითვლიან ხმებს, ვიღაცა მისცემს-არ მისცემს. ეს თემა ხალხს არ აინტერესებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ – პარტიის პოლიტიკურ საბჭოს გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას და მისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებთ. იმავეს ვთხოვ ყველა პროდასავლურ მედიას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, იმ თემას აქტუალიზაცია არ გავუკეთოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და რუსულ პარტიას აწყობს. პლუს ამას, ეს ქვეყნის გარეთ გვაზიანებს. ქვეყნის შიგნით კი, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული და მოგონილი ამბავი, რომელზეც ბრიფინგებს თავად რუსული პარტიის ლიდერები მართავენ. მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.