Home Blog Page 1782

კობა კობალაძემ საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, რუსული საოკუპაციო ძალის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

58 წლის თამაზ გინტური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი გახლდათ. იგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების მონაწილე იყო. თამაზ გინტურს, 11 ნოემბერს, მშობლიურ სოფელში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა; მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს აწარმოებს გამოძიებას” – ირაკლი ანთაძე

გიდასტურებთ, ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონოდ დაკავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ანთაძის თქმით, ჯერ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ლევან დოთიაშვილთან დეტალურად ესაუბრათ.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. როგორც თავად გვითხრა, უკვე ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა. როგორც გვითხრა, ფიზიკური ძალადობა იყო მხოლოდ უკანონო დაკავების დროს. დანარჩენი გამოიკვეთება მის მიერ მიცემული ჩვენების შედეგად და შესაძლებლობა გვექნება, მეტ დეტალზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება კირბალის მიმდებარედ მოკლული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დეტალებს, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ მეტი დეტალი ეცოდინებათ მას შემდეგ, რაც დოთიაშვილი მოწმის სტატუსით გამოიკითხება.

„ლევან დოთიაშვილი გახლავთ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. ასევე, გამოძიება ყოველთვის მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა სავარაუდო ვერსია შემოწმდება. გადაუმოწმებელი მონაცემებით, ინფორმაციით მანიპულირება არ არის პროდუქტიული და დამაზიანებელია პროცესისთვის. უნდა შემოწმდეს ყველა ვერსია და ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ამიტომ მოგახსენებთ, დეტალებს, რაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რათა მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენებებს, რასაც მისცემს მკვლელობის საქმის მოწმე“, განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია.

უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი თავისუფალია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური დაიღუპა.

ქუთაისში მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გუგუნავას ქუჩაზე, მშენებარე შენობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, ის მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

მომხდარის გამო ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

“2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს”

2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა კორუფციის დაბალი ინდექსით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსგავსი მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუს იმსახურებს.

„2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხაზს უსვამს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს. საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო, გასულ წელთან შედარებით, ორი ადგილით დაწინაურდა, იკავებს 43-ე ადგილს და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა კორუფციის დაბალი ინდექსით“, – წერს პაპუაშვილი.

შვეიცარიული ორგანიზაცია Global Risk Profile-ის (GRP) მიერ გამოქვეყნებული „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“-ის მიხედვით, საქართველომ „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.

“იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს „სამეულში“, უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ” – სააკაშვილი

იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ – გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი საქართველო კი არა, უკრაინაა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო საქართველო მხოლოდ გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავა.

„ჩემთვის ევროპა დაიწყო სტაჟირებით ევროპის საბჭოს სამდივნოში, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის ფარგლებში, 1991 წელს.

შემდეგ იყო საქართველოს დელეგაციაში ყოფნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, სამინისტროს ოფიციალურ დროშად გამოვაცხადე ევროპის დროშა.

მაშინ ამას დაცინვა მოჰყვა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობაზე ავწიეთ ხუთჯვრიანი და ევროპის დროშები. შევარდნაძემ მათ ჩამოსახსნელად სპეცრაზმი გამოაგზავნა, მაგრამ გავიდა ორი წელი და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ინაუგურაციაზე, ჩვენ ევროპის დროშა უკვე საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოდ ვაქციეთ.

როგორც უკრაინის ომმა ფართოდ გახსნა ევროკავშირის კარები, ასევე, საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ, პირველად დაიწყო ამ კარების გამოღება. ომზე ევროკავშირის პასუხი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა.

ამ საკითხზე მე აქტიურად ვიმუშავე შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ჩარჩო. მე ძალიან ვამაყობ, რომ ყველაფერ ამასთან პირდაპირ შეხებაში ვიყავი.

უფრო მეტიც, ჩემი პრეზიდენტობის დროს და ინერციით 2-3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, ჩვენ აშკარა ლიდერები ვიყავით ასოცირებულ ტრიოში.

გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი.

მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ და ჩვენ მარტო გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავალთ.

იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ – გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა“,- წერს სააკაშვილი.

“ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა” – ოკუპირებული ცხინვალის “კგბ”

ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება.

ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” – ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

“ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია” – თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიამ ანგარიშში გააკრიტიკა თურქეთის სერიოზული უკანდახევა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

“ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით’, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისრაელის ელჩი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა.

„საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა  გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის. ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა  მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა  და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა არის გამოკვეთილად პოზიტიური, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს ის დადებითად აფასებს” – გოჩა ჯავახიშვილი

საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა გამოკვეთილად პოზიტიურია, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველო შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

„საფრანგეთი წარსულში ერთ-ერთი სკეპტიკურ ქვეყანათა შორის იყო. მოგეხსენებათ, ასევე საფრანგეთის როლი და წვლილი ევროკავშირის შექმნაში და დღევანდელ პოლიტიკაში. საფრანგეთის პოზიცია ბოლო რამდენიმე თვეა გამოკვეთილად პოზიტიურია: საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს და საფრანგეთს, ისევე, როგორც ბევრ ჩვენს მეგობარ ქვეყანას მიაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ეფუძნება ქართველი ხალხის მისწრაფებას, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს და იმას, რომ დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეუერთდეს ევროპულ ოჯახს.

ეს იქნება თავად ევროკავშირის პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ცდილობენ ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეულ ფასეულობებთან ერთად ასევე სტაბილურობის ელემენტები შეიტანონ, საქართველოს კონკრეტულად შეუძლია ევროკავშირისთვის ბევრი სიკეთის მოტანა, მათ შორის პოლიტიკურ ასპარეზზეც და ასევე უსაფრთხოების, შავი ზღვის ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე ერთგვარი ტრანზიტის მისიის გათვალისწინებით, შეუძლია ევროპის არა მარტო ენერგეტიკული უსაფრთხოების, არამედ სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევების ჭრილში შეასრულოს ძალიან კარგი პარტნიორის როლი, ვიდრე წევრი გახდება და შემდეგ უკვე ევროკავშირში საქართველო შევა ამ მისიით, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპის სამხრეთ რეგიონში”, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლილოში 80-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი ხორციელდება და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცე ეწყობა

ლილოში, საქნავთის დასახლებაში, 16 000 კვ.მ ფართობზე უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სატრენაჟორო და სპორტული მოედნები; სკვერი შემოისაზღვრება და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით; დამონტაჟდება სკამები და ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები.

„სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერის მოადგილე, კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, დაიგება დეკორატიული ფილები, შეიცვლება სარწყავი და განათების ქსელები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი.

საქნავთის დასახლებაში აქამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა ვერ ხერხდებოდა, რადგან აღნიშნული ტერიტორია უკანონოდ განთავსებულ 80-მდე ავტოფარეხს ეკავა. მათი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, ნაწილის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

პროექტის ჯამური ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“შოკისმომგვრელია, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ” – ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში რუსეთის დადანაშაულება პოლიტიზირებულია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი პოლიტიზირებული და ყალბი შეფასებებით ხელმძღვანელობს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთს სდებს ბრალს.

“გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ ყურადღებას არ აქცევენ აშკარა ფაქტებსა და ოსური მხარის ფართო განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელში აპელაციის გარეშე ცდილობენ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა რუსეთზე გადმოიტანონ. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, შეფასებები ყალბია. ეს ყველაფერი ევროკავშირის ღია მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობაზე მეტყველებს”, – განაცხადა ზახაროვამ.