Home Blog Page 1781

“21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია”

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა ჰყავს.

„უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. იმედია, დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ.

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა, რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!

სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც… ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!“,- წერს ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. შსს-ს ცნობით, 70 ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომელთაც ხვალ დილიდან ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონიდან გამოყვანენ. გარდა ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფი 50 ადამიანის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება.

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარჯიშისთვის იდეალური დღეა და შეგიძლიათ მოზღვავებული ენერგია ამ მიმართულებით დახარჯოთ. თუ ისეთ პოზიციაზე მუშაობთ, რომელიც გამძლეობას მოითხოვს, თქვენი შრომის ნაყოფიერება რამდენჯერმე გაიზრდება, მაგრამ თუ თქვენი სამუშაო დიდხანს ჯდომას მოითხოვს, ეს დღე შეიძლება დაუსრულებლად მოგეჩვენოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გახარებთ. მშვენიერი დროა მნიშვნელოვანი პროფესიული პროექტებისა და პირადი ინიციატივების განხორციელებისთვის.

ტყუპები

სამუშაო დღე სწორად უნდა დაგეგმოთ, რათა დაწყებული სამუშაოს ვადებში დასრულება შეძლოთ. ფინანსური მდგომარეობა წესრიგშია, მაგრამ ეცადეთ საფულე ბოლომდე არ დაცალოთ. თუ ოჯახში მშვიდობის დამყარება გსურთ, სანამ სხვებს გააკრიტიკებთ, საკუთარი ნაკლოვანებების მოგვარება უნდა სცადოთ .

კირჩხიბი

ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა განაახლოთ და საინტერესო გახადოთ, რათა ცხოვრების რუტინამ მასშიც არ შეაღწიოს. სამსახურის ხელმძღვანელობა თქვენს ორიგინალურ იდეებს სათანადოდ დააფასებს და შესაძლოა, ბონუსით დაგაჯილდოოთ.

ლომი

თუ სამსახურში პრობლემები გაქვთ, ეცადეთ ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. გირჩევთ რამდენიმე საათით განმატოვდეთ, რათა დამშვიდდეთ და სასარგებლო კონტაქტების დამყარება შეძლოთ – ეს თქვენი ბიზნესის ან წარმატებული კარიერის განვითარებისთვის აუცილებელია.

ქალწული

ფინანსური მდგომარეობის მხრივ უსიამოვნო სიურპრიზები გელით, ამიტომ ეცადეთ, უფრო ეკონომიურად იცხოვროთ. დროა საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და დაუფიქრებელ შესყიდვებზე უარი თქვათ. თუ არ იზარმაცებთ, უახლოეს ხანებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

სასწორი

მცირე, დროებითი სირთულეები გელით, მაგრამ ამას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული შედეგები მოჰყვება. არ არის გამორიცხული მცირე ინფექცია, რომელიც ჩვევების შეცვლას გაიძულებთ. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, რომელიც დღეს ძალიან მგრძნობიარეა. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მოქმედებას დაიწყებთ.

მორიელი

დიალოგისკენ განწყობილი არ ხართ და საკუთარ აზრებს არავის უზიარებთ. ეს მდუმარება გარშემო მყოფებს საშუალებას არ აძლევს, რომ თქვენი მოლოდინები განსაზღვრონ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ იმედგაცრუებული დარჩით. ეცადეთ თუნდაც მარტივი კომუნიკაციის უნარი დაიბრუნოთ, რათა სოციალურ ცხოვრებაში ჰარმონიას მიაღწიოთ. ყოყმანზე დროს ნუ კარგავთ და პროექტი დროულად აამოქმედეთ. ამჯერად სამუშაოს დასრულებას წარმატებით შეძლებთ.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანების მიმართ გრძნობების გამოხატვა გიჭირთ. მეუღლეს და შვილებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. ამას ნუ დაივიწყებთ და თქვენი ოჯახური ცხოვრება ყოველთვის მშვიდი იქნება. სხვა დროს ენერგიული და შრომისმოყვარე ხართ, თუმცა დღეს სიზარმაცეს ვერ ერევით. საშიში არაფერია. მიეცით საკუთარ თავს მოდუნების უფლება სინდისის ქენჯნის გარეშე.

თხის რქა

თუ თქვენი საბანკო ანგარიში საგრძნობლად შემცირდა, დროა ადვილად განსახორციელებელი პრაქტიკული გადაწყვეტილებები იპოვოთ. შესანიშნავი დღეა ფულის დაბანდების და ინვესტიციების განხორციელებისთვის. ერიდეთ ფულის დაუფიქრებლად ხარჯვას. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში დიდი წარმატება გელით. მარტოხელა თხის რქებო, მოქმედების დროა!

მერწყული

ჯანსაღი და აქტიური წესით ცხოვრებისთვის დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ. ეცადეთ, წითელი ხორცის, დაკონსერვებული საკვებისა და ტკბილეულის მიღება შეამციროთ და რამე ახალი ჰობი აღმოაჩინოთ: ცეკვა, ფეხით სიარული, სპორტი… თუ ამის რეგულარულად კეთებას მიეჩვევით, ნამდვილ კმაყოფილებას იგრძნობთ.
სამსახურში ახალი, ძალიან საინტერესო კონტაქტების დამყარება გელით.

თევზები

კრიზისის გადალახვაში სატურნის სიბრძნე უნდა დაგეხმაროთ. თ ვინმესთან კონფლიქტი გაქვთ, მხოლოდ ერთად შეძლებთ შეცდომების აღიარებას და გზის გაგრძელებას.
გარშემომყოფთა სურვილებსა და ემოციებს მშვენივრად ხვდებით, რაც მოქმედებას და თანამშრომლობას გიადვილებთ.

შოვში, სტიქიის ზონიდან 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი

შოვში, სტიქიის ზონიდან 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მერაბ გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით.

რაც შეეხება დაკარგულებს, გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხელ ხაზზე შესულია შეტყობინება დაახლოებით 50 მოქალაქეზე, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.

„ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვნება და შემდეგ, დილით გადმოვიყვანთ ქალაქში. 50-მდე ადამიანზე გვაქვს შეტყობინება, რომ ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. შტაბი მოქმედებს 24 საათის რეჟიმში, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა სტრუქტურა. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. არ წყდება სამაშველო სამუშაოები. 70 მოქალაქიდან 16-მდე მოზარდია გადმოყვანილი. 152 ადამიანში ნახევარი არიან ბავშვები. ვისაც ეძებენ, მათ შორისაც არიან ბავშვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

“უბრალოდ ამოვედით შოვში და გამოვასწარით, ბეწვზე გადავურჩით სტიქიას”- მარიამ ნინიძე

უბრალოდ ამოვედით შოვში და გამოვასწარით, ბეწვზე გადავურჩით სტიქიას, – ამის შესახებ სტიქიის დროს დაზარალებულმა მარიამ ნინიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„თავს კარგად ვგრძნობთ. იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდები სახლში. ჩვენთან არიან მაშველები. ყველა ჩვენთან არის და უსაფრთხო ადგილას გადმოგვიყვანეს. სადღაც 100 ადამიანი ვართ ახლა აქ. უბრალოდ ამოვედით შოვში და გამოვასწარით, ბეწვზე გადავურჩით სტიქიას. დღეს ჩვენი ევაკუაცია ვერ მოხერხდა და ველოდებით გათენებას, რომ დაგვაბრუნონ სახლში. გვითხრეს, რომ დილას 7 საათიდან დაიწყება ჩვენი გადაყვანა. საჭმელი, წყალი გვაქვს. აქვე Sunset Shovi-ს მიმდებარედ არის ტყე და პატარა რესტორანი. იქ მივდიოდით და ზუსტად გამოვუხვიეთ თუ არა ჩამოვარდა მთიდან რაღაც წყალი და წაიღო ხიდიან-გზებიანად ყველაფერი“, – აღნიშნა სტიქიის ზონაში მოყოლილმა “, – აღნიშნა მარიამ ნინიძემ.

მაშველებმა შოვის ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შოვში სამაშველო სამუშაოების ფარგლებში, მაშველებმა ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთად ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება -შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ადგილზე ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

„სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.

ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნავენ შსს-ში.

“მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, კონტაქტზე არ გამოდიან” – მოქალაქე შოვიდან

სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ის მეწყრის ზონაში ცოლს და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს.

„მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოჰყვნენ. კონტაქტზე არ გამოდიან. არ ვიცი როგორ არიან, რა სიტუაციაა. დღისით ვეკონტაქტე ბოლოს, პირველ საათზე თუ თორმეტ საათზე, მერე აღარ გამოდის არავინ კონტაქტზე, ვინც მანდ იყო, არ ვიცი.. შოვში იყვნენ, კოტეჯებში“, – აცხადებს მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. შს სამინისტროს ცნობით, 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი, ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება. შს სამინისტროს ცნობით, შოვში, მაშველებმა მიწის მასის დამუშავებისას ორი ცხედარი იპოვეს.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებში 400-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

სასტუმრო “სანსეტ შოვი” განცხადებას ავრცელებს

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას, – ამის შესახებ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ (𝐒𝐮𝐧𝐬𝐞𝐭 𝐒𝐡𝐨𝐯𝐢) განცხადებაშია ნათქვამი.

„მოგეხსენებათ, დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს, ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი. მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა მათგანის ნივთებიც კი გამოიტანეს ოთახებიდან. ამის შემდეგ, სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად, გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება მომავალ ჯავშნებს, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.

და ბოლოს, თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო 𝐒𝐮𝐧𝐬𝐞𝐭 𝐒𝐡𝐨𝐯𝐢 აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნება თქვენი საყვარელი ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. ადგილზე სამაშველო ღონისძიება გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

“ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები დომინირებენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები დომინირებენ.

„ფრონტი. მძიმე ბრძოლები. ოკუპანტები მთელი ძალით ცდილობენ ჩვენი ბიჭების შეჩერებას. ძალიან სასტიკი თავდასხმებია. თუმცა, რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, უკრაინული ძალა დომინირებს და მე მადლობას ვუხდი ფრონტზე მყოფ თითოეულ ჯარისკაცს ამისთვის!“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სოფელ გლოლას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, ხოლო კურორტ შოვს კვლავ არ მიეწოდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს და აღუდგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას. რაჭაში, ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო -პრო-ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვის, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება.

“ვაპირებ ვაშინგტონში წასვლას, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნების გამო, ეს დიდი პატივია”

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში იმისთვის მიდის, რომ დააპატიმრონ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა.

„ახლა ვაპირებ ვაშინგტონში წასვლას, რათა დამაპატიმრონ კორუმპირებული, გაყალბებული და მოპარული არჩევნების გამო. ეს დიდი პატივია. გახადეთ ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დიდებული!“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედეგების გაუქმების მცდელობისთვის. ექსპრეზიდენტს სასამართლოში ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის ელოდებიან.