Home Blog Page 1781

“მათ გონებაში იხარშება ისე, რომ მართლმადიდებლობა დემოკრატიის მუხრუჭია” – ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაზე

პატრიარქი ბრძენია და სამართლიანი. მან ყველაზე კარგად უწყის, თუ რისი დამსახურებაა, რომ ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ ხელისუფლების ძალისხმევითა და დახმარებით შედეგი დავდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გონებაში იხარშება ისე, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი.

„ამ მავნებლებმა და ე.წ. რადიკალებმა ერთმანეთის „ჩაშვება“ დაიწყეს. მათ გონებაში იხარშება ისე, რომ მართლმადიდებლობა ეს არის დემოკრატიის მუხრუჭი. საპატრიარქო ქადაგებს კეთილშობილებას, სიყვარულს, გვერდში დგომას, გაძლიერებას, მართლმადიდებლობას, ეროვნულ ტრადიციებს. ბუნებრივია, მათ ეს არ მოსწონთ და ამიტომ უპირისპირდებიან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“. ევროკომისიის გადაწყევტილებაზე პატრიარქის გამოხმაურებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზცია ილია მეორის გზავნილს არ იზიარებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ხელისუფლების დამსახურებაზე საუბარია.

“ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი, ოღონდ ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ” – ლევან დოთიაშვილი

ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე – არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა – როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ, შეიძლება, სამი მეტრი და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო ,- ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მას შეურაცხყოფას არ აყენებდნენ.

„ეკლესიის ეზოში როდესაც ავედით, კარი გავხსენით. რომ გამოვდიოდით, მხოლოდ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გაისროლა. მე დავუძახე – არ გინდა სროლა, მოვრიგდეთთქო. ნუ, ჩვეულებრივად დაწყნარდა ეს რუსი ჯარისკაცი. ვილაპარაკეთ. კამერა მაქვს ჩართულიო, ამოიღო. შეიძლება გამორთული ჰქონდა ან ჩართულიც იყო, არ ვიცი. ამ დროს, თამაზმაც დაუწყო საუბარი. ჩვეულებრივად, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, დაწყნარებული საუბარი იყო. შევეკითხე კიდეც წელი, ისიც, ესეც და ამის შემდეგ, თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე დავჯექი მანქანაში და თამაზი და ეს მესაზღვრე საუბრობენ. თამაზი ჩვეულებრივად მანქანისკენ გამოვიდა, დაჯდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, როგორც კი დავძარით მანქანა, გამოვიარეთ სამი მეტრი, შეიძლება, და მაშინვე საბურავებში სროლა დაიწყო. გავიარეთ 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. მანქანა გაჩერდა, ავტომატურად გადმოვხტი, თამაზი მანქანიდან გადმოვიყვანე. თვითონ რუსი ჯარისკაციც მომეხმარა გასწორებაში. თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე, სასწრაფოში დავრეკე. ვუთხარი, ამ ადგილზე ვარ, დროულად მოდით. შემდეგ პოლიციამ დარეკა. ანალოგიური, ადგილი ვუთხარი სად ვარ, როგორ ვარ. შემდეგ, 7 რუსი ჯარისკაცი მოვიდა. ამ დროს, ერთ-ერთმა მე დამარტყა, დაუნდობლად. მიწაზე დამაწვინა და თამაზს ე.წ. „ლეიკოების“ დაკვრა დაუწყეს. ამ პროცესში ბორკილები დამადეს და ტყის მიმართულებით წამიყვანეს. მე თამაზი აღარ მინახავს.

ცხინვალის ციხეში ყოველდღე გავყავდი, ოღონდ ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ცხინვალის ციხეში და ზეწოლა იყო – ჩვეულებრივად, რა მოხდა. რასაც თქვენ გეუბნებით, ანალოგიური ვთქვი იქ“,- განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება აღენიშნება.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“შსს-მ გამოძიების პროცესში, სამეთვალყურეო და სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერების დროული გადმოცემა უნდა უზრუნველყოს”

სპეციალური საგამოძიებო სამსახური – შსს-მ გამოძიების პროცესში, სამეთვალყურეო და სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერების დროული გადმოცემა უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, ,,112’’ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეო ჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.

„აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოზიტიურად უნდა შეფასდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შესვლას და დაკავებულ პირებთან შეხვედრას ახერხებენ. აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უწყებებს შორის შეთანხმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოზე იქნა მიღებული, რის შემდეგაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს დროებითი მოთავსების იზოლატორების სრულად აღჭურვას ვიდეოკამერებით, რაც ხელს უწყობს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროულ რეაგირებას და დაკავებული პირების უფლებების დაცვას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც გამოძიების ხელშემშლელ გარემოებებზე და მათ დასაძლევად წარმოდგენილ რეკომენდაციებზეა საუბარი.

“ჩანს, რომ ოპოზიცია არ არის მზად შეთავაზებები გაუკეთოს მოქალაქეებს საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით”

აქედანვე ჩანს, რომ ოპოზიცია არ არის მზად შეთავაზებები გაუკეთოს მოქალაქეებს საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მთავარი „ლაით მოტივი“ წინასაარჩევნო კამპანიის იქნება ზიზღის, ბოღმის, სიძულვილის, ძალადობის დათესვა, რასაც ისინი აკეთებენ ბოლო პერიოდში და სხვა არჩევნების დროსაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პირობებში ჩატარებული ყველა არჩევნები იყო სამართლიანი და ყველა არჩევნების შედეგად მოსახლეობის ნება აისახა სხვადასხვა სტრუქტურაზე, იქნებოდა ეს პარლამენტი, თუ თვითმმართველობა. ასე რომ, ამაში ჩვენ არავისგან მითითება არ გვჭირდება. ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხალხის ნება და ამას უზრუნველვყოფთ ჩვენ, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, ფაქტია, ჩანს აქედანვე, რომ მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო გარემო. ოპოზიცია არ არის მზად შეთავაზებები გაუკეთოს მოქალაქეებს საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით. მათი მთავარი „ლაით მოტივი“ წინასაარჩევნო კამპანიის იქნება ზიზღის, ბოღმის, სიძულვილის, ძალადობის დათესვა, რასაც ისინი აკეთებენ ბოლო პერიოდში და სხვა არჩევნების დროსაც. ჩანს, რომ ისინი ემზადებიან დესტრუქციისთვის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“საპარლამენტო უმრავლესობის სახით, ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, მისი მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი”

სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს. საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, მისი მოგზაურობა უკვე აღარ არის ვიზიტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრებაზე დაუსვეს  კითხვა.

„ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა თავისი სათქმელი უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში. 18 ოქტომბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ეს არის ფაქტი. აქედან გამომდინარე, თანამდებობაზე მხოლოდ იმის გამოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უჭერს მხარს, თორემ საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით, სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა მანდატზე, რომელიც თანამდებობის სახით ჰქონდა. შესაბამისად, ეს უკვე აღარ არის ვიზიტი, ასეთ მოგზაურობებს ამ მხრივ უნდა შევხედოთ.

მეორე საკითხია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა უკვე დანამდვილებით იცის, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და ამით აჩვენებს, რამდენად არ აქვს არანაირი ემოციური ბმა საქართველოს კონსტიტუციასთან და ქართველ ხალხთან, რომელმაც კონსტიტუცია დაადგინა და არანაირ პატივისცემა არ აქვს ჩვენი ქვეყნის საფუძვლების მიმართ. ეს არის მოცემულობა. ვფიქრობ, საკითხის მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება  არ არის საჭირო. როგორც ჩანს, ასეთი მოგზაურობების მოწმე ვიქნებით, ვინაიდან, პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვყავს თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც საჯაროდ, ღიად და უხეშად ამბობს, რომ მისთვის ნული მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, „პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე „ქართული ოცნების“ პირველი ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართა, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი“, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ვერ გეტყვით. მგონი, ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მთავარია, ფაქტი დადგინდა, რომ კონსტიტუცია დარღვეული იყო. ასევე, ფაქტია, რომ კონსტიტუცია კვლავ ირღვევა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო უმრავლესობის სახით, ლეგიტიმაცია ჩამოართვა სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ვფიქრობ, საკითხს ზედმეტი გადაჭარბების გარეშე უნდა შევხედოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის” – ვიქტორ ორბანი

უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, მზად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია. უკრაინა, ყველა თვალსაზრისით, არ არის მზად, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე მოლაპარაკებების დასაწყებად“, – აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, „უკრაინა ისე შორს არის ევროკავშირში გაწევრიანებისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან“. (აღნიშნული უნგრული ანდაზა ეხება ლეგენდას ერთ-ერთი ჯვაროსნის შესახებ, რომელიც წმინდა მიწისაკენ მიდიოდა და ერთ დღეს გაიღვიძა გემზე და ეგონა, რომ უკვე იერუსალიმში იყო, მაშინ, როცა მისი გემი ჯერ კიდევ ამჟამინდელი ხორვატიის სანაპიროსთან დაცურავდა).

ორბანის თქმით, ევროკავშირს უნგრეთის დიდი ფული მართებს, „შესაძლოა 3-4-5 მილიარდი ევროც“, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ უბრუნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი არანაირად არ უკავშირდება უნგრეთის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

“ევროკავშირი როცა მოგვიწოდებს რეფორმების გატარებაში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობისკენ, კარგი იქნება, სწორედ მათგან წამოვიდეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები”

ევროკიმისიის მხრიდან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისკენ მოწოდებას მივესალმები, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობაში მოყვანის გზითაც. უნდა გვქონდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ისეთი კანონები, როგორიც აქვთ წამყვან ევროპულ ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სუბარის თქმით, უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია ყოველთვის მიუღებელია.

„დეზინფორმაცია, ტყუილი, ადამიანების შეცდომაში შეყვანა ყოველთვის ცუდია და არა მხოლოდ მაშინ, როცა დეზინფორმაცია ევროპულ ღირებულებებს ეხება. ამიტომ, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით უნდა შევიმუშავოთ ერთიანი სტანდარტი და უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია არის მიუღებელი, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთე. შესაბამისად, რეკომენდაციას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მივესალმებით, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის გზითაც.

მაგალითად, საკმაოდ მკაცრი კანონი აქვს საფრანგეთს და არ მგონია, ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იყოს მისი გადმოღება, მაგრამ შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა აქვს ბრიტანეთს ან ვთქვათ, შეიძლება საფუძვლად ავიღოთ გერმანული ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის მოდელი და მივყვეთ დიდი ხნის წინ გაკვალულ გზას. როცა ევროკავშირი მოგვიწოდებს, სამოქალაქო საზოგადოება მეტად ჩაერთოს რეფორმების გატარებაში, კარგი იქნება, თუ სწორედ მათგან წამოვა ისეთი ინიციატივები, რომელიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ოღონდ არა ისე, თითქოს ერთი ტიპის დეზინფორმაცია ცუდია, ხოლო მეორე ტიპის – კარგი, არამედ უნდა შევთანხმდეთ, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია ყოველთვის მიუღებელი და შესაბამისი პოლიტიკაც გავატაროთ“, – განაცხადა სუბარმა.

“ევროკავშირში პატარა ქვეყნების გავლენა სუსტდება: “პატარა“ ევროპელებო, გაერთიანდით!”- The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ევროკავშირში პატარა ქვეყნების გავლენა სუსტდება: „პატარა“ ევროპელებო, გაერთიანდით!“.
მასალაში განხილულია ევროკავშირში შექმნილი სიტუაცია, მის პერსპექტიულ გაფართოებასთან დაკავშირებით: საუბარია „პატარა“ და „დიდი“ ქვეყნების როლზე და მათ გავლენებზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ოდესმე თუ მჯდარხართ ისეთ დიდ მაგიდასთან, რომ თქვენ ბინოკლი დაგჭირდათ, დაგენახათ რა ხდებოდა მაგიდის თავში ან ბოლოში? ასეთია იმ სახელმწიფოების მდგომარეობა, რომლებიც ევროკავშირის სხდომებში მონაწილეობენ.

ბრიუსელში სამიტების დროს ორ ათეულზე მეტი მონაწილე იკრიბება ხოლმე – თითო წარმომადგენელი 27 ქვეყნიდან, პლუს იმდენივე რაოდენობის მუქთამჭამელები, რომლებიც სულ მუდამ იქ ტრიალებენ რაღაც ლუკმის მოლოდინში. პრინციპში, ეს გასაკვირი არაა, რადგან ასეთი სიტუაცია ევროკავშირში ნორმას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ მაგიდასთან მჯდარ ევროკავშირის წევრთა წარმომადგენლებს შორის „ხელისუფლება“ საკმაოდ უცნაურად არის გადანაწილებული: იმ დროს, როცა ზოგიერთები მძლავრ ქვეყნებს წარმოადგენენ, მრავალი ათეული მილიონი მოსახლეობით, მათ გვერდით სხედან ისინიც (მაგალითად, მალტის წარმომადგენელი), რომელთა ქვეყნების მოსახლეობა პარიზის ერთი უბნის მოსახლეობაზე ნაკლებია. რასაკვირველია, კლუბის ძლიერი წევრები – მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია – რეალურად მეტ გავლენას ფლობენ, მაგრამ ევროკავშირში გარეგნულად მაინც კონსენსუსს იცავენ. ამასთან, აშკარად შესამჩნევია, რომ ევროკავშირში შიდა გავლენები არაპროპორციულადაა გამოხატული – ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ირლანდია, ლუქსემბურგი და ბალტიისპირელები, ყოველთვის სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით.

ევროპელი „პატარების“ – მცირე ქვეყნების – დიდებთან შედარებით „არაპროპორციულ წონას“ სამი ელემენტი უზრუნველყოფს:

პირველი – ისინი საკმაოდ ბევრნი არიან – 15 სახელმწიფო საერთო ჯამში ათი მილიონი მოსახლეობით (რაც 14%-ს შეადგენს ბლოკის 448 მილიონი მცხოვრებიდან). როცა ევროკავშირის ლიდერები წითელ ფიანდაზზე მიდიან ხოლმე ბრიუსელის სამიტების დროს, ოლაფ შოლცს – 84 მილიონი გერმანელის წარმომადგენელს, ბალტიისპირა ქვეყნების ლიდერებს შორის „ჩატენვა“ უწევს, რომელთა მოსახლეობა, ერთად აღებული, მხოლოდ 6 მილიონია.

მეორე – ევროკავშირი სამთავრობოთაშორისო კონფედერაციას წარმოადგენს, ვიდრე მთლიანად ჩამოყალიბებულ კავშირს. ყველა წევრს – დიდს თუ პატარას – უფლება აქვთ ევროკავშირის ორგანოებში მხოლოდ თითო წარმომადგენელი ჰყავდეს.

გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება, ყველას აქვს ვეტოს დადების უფლება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა გადასახადებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში – „პატარა“ სახელმწიფოების ძალა ამ დროს შესამჩნევად მატულობს.

მესამე – „პატარა“ ქვეყნები, შეზღუდული დემოგრაფიული შესაძლებლობებით, ბევრ თანამდებობებს იღებენ: ევროკომისიის ან ევროსაბჭოს პრეზიდენტობა ჩვეულებრივი საქმეა გადამდგარი პენსიონერი ლუქსემბურგელი პრემიერ-მინისტრისათვის (თუმცა ეს ტენდენცია 2009 წლიდან უკვე შესუსტდა).

პატარა ქვეყნებმა მშვენივრად იციან, რომ მათი პრივილეგიები დაუმსახურებელია. ზოგჯერ ისინი თავიანთი უფლებებით სხვების ინტერესების მიუხედავად სარგებლობენ. მაგალითად, ევროკავშირში არავის არ მოსწონს, თუ როგორ ახორციელებენ თავიანთ ფინანსურ და საგადასახადო პოლიტიკას ირლანდია და ლუქსემბურგი, რომლებიც დიდების „ჯიბეში“ ხელებს აფათურებენ და ფული თავიანთ „ჯიბეებში“ გადააქვთ. „პატარები“ ვეტოების დადებას ერიდებიან, მაგრამ მათ შორის არიან გამბედავებიც – მაგალითად, უნგრეთი და ახლა სლოვაკეთი. როცა რაიმე საკითხის თავიანთ სასარგებლოდ გადაჭრა სურთ, „პატარები“ ხშირად ერთიანდებიან ხოლმე., საკუთარი გავლენისათვის წონის მისაცემად.

საინტერესოა, რომ „პატარების“ რაზმი პერსპექტივაში ახალწვეულებს მიიღებს – არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ბრიუსელის მაგიდა გაფართოვდება და მას კიდევ 9 სახელმწიფო მიუჯდება. მათგან, უკრაინის გარდა, 8 „პატარაა“ – მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანური ქვეყნები. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროგრესის მაჩვენებელია – ძალიან ძნელი იქნება ისეთი ევროპის კავშირის მართვა, სადაც 36 დედაქალაქია და თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს!

ჯერ-ჯერობით არავინ არ იცის ის წესები, რომლის მიხედვითაც გაფართოებული ევროკავშირის მართვა უნდა განხორციელდეს.

საფრანგეთს და გერმანიას სურთ, რომ ვეტოს უფლება შეიზღუდოს. ისინი მზად არიან აგრეთვე რიგი სხვა გარდაქმნებიც განხორციელდეს.
ბოლო დროს, როგორც ჩანს, „პატარების“ ზეობის დრო მთავრდება, თუმცა მათ კიდევ აქვთ ხელში გარკვეული კოზირები, სანამ ევროს ზონაში შევლენ: შეუძლიათ ვეტო დაადონ მათთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებებს. ისინი გრძელ მაგიდასთან თავიანთ ადგილებს შეინარჩუნებენ, მაგრამ მათ მეტი ყვირილი მოუწევთ, რომ სხვებს თავიანთი ხმა მიაწვდინონ.

წყარო:

“მივესალმები NASIRA-ს საგარანტიო პროგრამის დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალი ბიზნესების ფინანსებზე წვდომას”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ტერაბანკსა“ და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, „ტერაბანკი“ საქართველოში პირველი ბანკი იქნება, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) საგარანტიო პროგრამა NASIRA-ს განხორციელებას დაიწყებს.

„პროგრამა ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. პროგრამა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

NASIRA სასესხო პორტფელის გარანტიას წარმოადგენს. იგი ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს, გააფართოონ საკრედიტო საქმიანობა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ მცირე ფერმერებზე, მეწარმე ქალებსა და ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომლებიც, უზრუნველყოფის არარსებობისა და მაღალი საკრედიტო რისკების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სირთულეებს ხშირად აწყდებიან. პროგრამის დახმარებით, ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ, გაიზიარონ შესაძლო დანაკარგები, შეამცირონ რისკები, უფრო ინტენსიურად დააკრედიტონ ეს ჯგუფები და გაზარდონ შესაძლებლობები ახალი სეგმენტების ასათვისებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფინანსებზე წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

„მივესალმები NASIRA-ს საგარანტიო პროგრამის დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას ეკონომიკურ საქმიანობაში და ინკლუზიურობის ზრდას. მჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა გააუმჯობესებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსებზე წვდომას, განსაკუთრებით ქალი და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. მათი ხელშეწყობითა და გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით ძლიერ საფუძველს მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

“თვალს როდესაც გადაავლებ მელიას შემოთავაზებას, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავთ” – გიორგი ბოტკოველი

არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, ის პირიქით, ხელს უშლის ერთობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას ინიციატივაზე განაცხადა, რომ „პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს“.

ბოტკოველის თქმით, ადამიანი როდესაც თვალს გადაავლებს შემოთავაზებას, რომლის შემოთავაზებაც თითქოს დასწრება იყო, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავს.

„ძალიან ღრმა შეფასებებში არ შევალ. ერთ რამეს ვიტყვი. მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც სთავაზობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცაზე გულდაწყვეტილია, გულნატკენია და ასე შემდეგ, ეს არის ერთობის რეალური პრინციპები, ყველა პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დასწრების დოკუმენტში. არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას და ადამიანები ითხოვენ, გაუქმდეს პარტია და შემდეგ თავიდან ააწყოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. იქნება დოკუმენტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოქვეყნდება და ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ერთობაში უნდა იყოს ჩართული, ყველა ადამიანს ველოდებით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

“უკრაინა: სამხედრო სამსახურის რეფორმა ომის დროს”- რას წერს უცხოური პრესა

„სულ უფრო მეტ უკრაინელს არ სურს არმიაში გაწვევა და ფრონტზე ბრძოლა. ისინი ცდილობენ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ისარგებლონ და მობილიზაციას თავი აარიდონ. ახალგაზრდებს აშინებთ ის, რომ ომი ჭიანურდება და დასასრული არ უჩანს, შესაბამისად, სამსახურის ვადები გაურკვეველია. ამასობაში კი ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალის დეფიციტი სულ უფრო მეტად ძლიერდება: ჯარისკაცები იღუპებიან, სახიჩრდებიან, ავად ხდებიან და უბრალოდ, ბერდებიან“, – ნათქვამია გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა: სამხედრო სამსახურის რეფორმა ომის დროს“ (ავტორი – ლილია რჟეცკა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომ არაფერი ვთქვათ, გამუდმებული სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვების, ასევე განუწყვეტელი შეტევებისა და იერიშების შედეგად, ქვეყნის შეიარაღებული ძალები, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, როგორც დაღუპულების, ასევე დაჭრილ-დასახიჩრებულთა და ხეიბრების სახით.
ამ ყველაფრის შემხედვარე, არმიაში გასაწვევის ასაკის მქონე საკმაოდ ბევრი უკრაინელის განწყობა ისეთია, რომ ყველანაირ გზებს ეძებენ ჯარში სამსახურის თავის ასარიდებლად. ამას ისიც ემატება, რომ ათი ათასობით ახალგაზრდა საზღვარგარეთ არის გაქცეული და უკან, სამშობლოში დაბრუნებას, სანამ ომი არ დამთავრდება არ აპირებს. მოკლედ, უკრაინაში ახალწვეულთა დეფიციტია, რასაც მეთაურების განცხადებები მოწმობს. ამას ადასტურებს თვით არმიის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნიც.
ნათელია, რომ თუ არმია შევსებას არ მიიღებს, მოწინააღმდეგესთან გამკლავება გაუჭირდება, ომის მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჯარისკაცების გარეშე, მხოლოდ ტექნიკით, როგორი მოწინავე და მაღალტექნოლოგიური არ უნდა იყოს, ომში გამარჯვება შეუძლებელია: დრონები, თვითმფრინავები, რადარები და სხვადასხვა მოწყობილობები ხომ სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა მართონ.
რადგან ომი უსასრულოდ გრძელდება და დემობილიზაციის მიახლოებითი ვადებიც კი არ არსებობს, წინა ხაზზე ყოფნა იმათაც არ სურთ, რომლებიც, მართალია, გაწვევას არ ემალებიან, მაგრამ არც ჯარში სამსახურის დიდი სურვილი არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობა იწყებს საპილოტო პროექტის „გონიერი მობილიზაციის“ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლას, ხოლო ვადიანი სამხედრო სამსახური შეიცვლება „გასაწვევი ასაკის მოქალაქეთა ინტენსიური სამხედრო მომზადებით“. ფაქტობრივად, ეს არის სამხედრო-საკადრო პოლიტიკის ახალი კონცეფცია. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა.

ამ პროგრამის ფარგლებში გასაწვევი ასაკის მქონე მოქალაქეებს უფლება ეძლევათ სამსახურისათვის სხვადასხვა სამხედრო სფეროები და ჯარების სახეობები ამოირჩიონ. მათ გარანტირებული ექნებათ სწავლა, მომზადება, იარაღის ხმარების დაუფლება და ა.შ. უკრაინელი სამხედრო ფსიქოლოგების აზრით, „თუ ვინმემ იცის, რა უნდა, მაშინ მას მეტი მოტივაცია ექნება ბრძოლისათვის“.
გარდა ამისა, კიევი ემზადება ისეთი საინფორმაციო პოლიტიკა გაატაროს, რომლის დროსაც პოტენციურ ახალწვეულებს ეცოდინებათ სამხედრო სამსახურის არამარტო უპირატესობა ჯარის სხვადასხვა სახეობებში, არამედ მათი ნაკლოვანებებიც. გარანტირებულია ფულადი უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, სუბორდინაციის წესები (ურთიერთობა მეთაურებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სამხედრო პირებს შორის).
რეფორმის მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ უკრაინის არმიაში უზრუნველყოფილი იქნება მამაკაცებისა და ქალების (გენდერული) თანასწორობის პრინციპი, შეიქმნება ისეთი პირობები, რომლითაც მამაკაცებთან ერთად, ქალებიც თანაბრად ისარგებლებენ.

წყარო

“სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია” – ალუდა ღუდუშაური

სალომე ზურაბიშვილი, პრაქტიკულად, თვითმარქვია პრეზიდენტია – „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც 2024 წლის არჩევნებსა და კოალიციურ ხელისუფლებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ „ახლა, ისე როგორც არასდროს ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი“.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საერთოდ არ მინდა არანაირი შეფასება. ეს ადამიანი არის პრაქტიკულად თვითმარქვია პრეზიდენტი. ეს ადამიანი უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ სამარცხვინო… ყველა იყო ბედნიერი, ერთმანეთს ვულოცავდით ქართველი ხალხი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და როგორი სახეებით იყვნენ, ისტორია შეაფასებს ამას და ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება მათი სასოწარკვეთილო სახეები. „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატებით იმპიჩმენტს ხელოვნურად გადარჩენილი სალომე ზურაბიშვილი დღეს საუბრობს მტკიცებით ფორმაში, როგორი უნდა იყოს თურმე ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის დამრღვევი და მისი გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ისე, როგორც არასდროს, ხელის გულზე დევს შავი და თეთრი არჩევანი, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ძლიერად მოვა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან ყველაზე ახლოს, ამიტომ ზურაბიშვილი ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ფრანს 24- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თუ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ეს საშუალებას მისცემს წარმოიშვას ახალი კოალიცია, ხოლო ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით”.