Home Blog Page 1780

მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა -დეკანოზი შალვა კეკელია

მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დროს მომიწია ცხოვრება ქვეყანაზე, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა. მან ქვეყანას ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

„ჩემთვის კიდევ დიდი პატივი იყო, რომ მე მასთან მომიწია მსახურება როდესაც პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, ყველას გვახსოვს, რომ იყო რეგიონები, სადაც სასულიერო პირები არ მოღვაწეობდნენ, ტაძრები იყო დანგრეული, განადგურებული. დღეს 46-წლიანი პატრიარქობის შემდეგ, თითქმის აღარ დარჩა ქალაქი და სოფელი, სადაც ღმერთის სახლი არ აღმდგარიყო. მივულოცავ მთელს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს დღევანდელ დღეს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, იმიტომ რომ მისი თავი ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა დეკანოზმა. საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, დღეს  91 წელი შეუსრულდა.

რუსებმა კატერინივკას დაარტყეს – დეტალები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კატერინივკას დასახლებას დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარინკის თემში, კატერინივკაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა“, – დაწერა ვადიმ ფილაშკინმა „ტელეგრამ“ არხზე.

ცნობისათვის, დღეს დილით რუსებმა მარინკას, ავდეევკასა და კურახოვოს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები დაზიანდა.

პუტინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ, ქვეყნის მოქალაქეობას მიანიჭებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ, რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ. რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება მათი ოჯახის წევრებსაც ექნებათ.

მოქალაქეობის მიღების მიზნით რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტთან ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლის ვადით უნდა გაფორმდეს.

ლას-ვეგასში, სასამართლოს დარბაზში მსჯავრდადებული მოსამართლეს თავს დაესხა

ლას-ვეგასის სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებული მოსამართლეს თავს დაესხა. კაცი მაგიდას გადაახტა და მოსამართლისკენ ხელებით გაიწია.

სასამართლო ჩანაწერების თანახმად, 30 წლის დეობრა რედენი სასამართლოს წინაშე წარდგა მას შემდეგ, რაც სხეულზე დაზიანებების მიყენების გამო ნოემბერში თავი დამნაშავედ ცნო.

ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, რომ მოსამართლე მერი კეი ჰოლთუსმა მოულოდნელად თვალები აწია, ამ დროს დარბაზში მყოფებმა ყვირილი დაიწყეს. შემდეგ კი რედენი მოსამართლისკენ გაიწია და დაახტა. კაცის შეკავებას ორი ადამიანი ცდილობდა. სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის შედეგად მოსამართლე და სასამართლოს მანდატური დაშავდნენ.

Las Vegas Review-Journal წერს, რომ თავდასხმამდე რედენის ადვოკატმა პირობითი მსჯავრი ითხოვა. მოსამართლემ ადვოკატის შუამვლობა არ დააკმაყოფილა:

“მე ამას ვაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, დროა მან სხვა რამის გემო გაიგოს, რადგან ამ ისტორიით უბრალოდ არ შემიძლია”.

რედენი წარსულში უკვე იხდიდა სასჯელს ქურდობასა და ოჯახში ძალადობისთვის.

 

2024 წელს დასავლეთმა შესაძლოა უკრაინას უღალატოს -The Telegraph

2024 წელს დასავლეთმა შესაძლოა უკრაინას უღალატოს. ამ სათაურით გამოცემა „ტელეგრაფი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის მიმომხილველი რობერტ კლარკი წერს, რომ დასავლეთში უკრაინის მიმართ განწყობის ცვლილების მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებელი კონტრიერიში და ფრონტის ხაზზე შესამჩნევი ცვლილებების არარსებობაა.

მიმომხილველი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის განელებას ელის და თუკი ეს მოხდება, 2024 წელს რუსეთი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს დაასამარებს, არამედ ევროპული სუვერენიტეტის იმედსაც კი მოსპობს. კლარკი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს.

“ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან” – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან, თავად სალომე ზურაბიშვილია დასაბრუნებელი სახელმწიფო პოზიციაზე – თუ ის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო პოზიციაზე დაბრუნდება, მისთვის იქნება კარგი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ამასთან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის უფლება აქვს და ის ამ უფლების რეალიზაციას მოახერხებს.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, პრეზიდენტს კონსტიტუციით გაწერილ უფლებებს არავინ უზღუდავს.

„ეჭვიანობა ადამიანის ფსიქიკას აზიანებს. ის ვინც პოლიტიკურ პროცესში ეჭვიანობას გაჰყვება, თავისივე ეჭვების მსხვერპლი გახდება, როგორც ეს ოპოზიციას ეჭვიანობიდან გამომდინარე მოუვიდა. ის, რაც კანონით გაწერილია, კანონის მიხედვით შესრულდება. ყველაფერი კონსტიტუციით და რეგლამენტით არის გაწერილი და სწორ გზაზე წინააღმდეგობას ხელოვნურად ნუ შექმნით. პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის უფლება ექნება, ხოლო რას იტყვის პრეზიდენტი და რამდენად სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის მისი გამოსვლა, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს

პოლონელმა ფერმერებმა დღეიდან უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს. როგორც ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა განმარტა, ისინი საათში სამ სატვირთო მანქანას გაატარებენ, ხოლო პროტესტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დასტური, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ განვაგრძობთ პროტესტს“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.

მანამდე, მედიკაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა და ფერმერებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

პოლონელი ფერმერები მთავრობას სიმინდის სუბსიდირების და სოფლის მეურნეობის გადასახადის შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას სთხოვენ.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალეკსანდარ ძიკიჩი გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის ჰაპოელში დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს.

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2015 წლიდან მუშაობის შემდეგ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად ბერძენ სპეციალისტს, ილიას ზუროსს მეორე ვადით გაგრძელებული კონტრაქტი ამოეწურა და სექტემბრიდან ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ალეკსანდარ ძიკიჩთან რამდენიმე თვიან მოლაპარაკებას აწარმოებდა, რა პერიოდშიც არაერთი დეტალი შეთანხმდა და დაკორექტირდა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენი ნაკრების ინტერესების შესაბამისად გადაწყდა და იერუსალიმის ჰაპოელთან დაშორების შემდეგ სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა.

კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს, რომლებსაც 23 თებერვალს ნესტვედში, დანიასთან და 26-ში თბილისში, სერბეთთან გამართავს.

მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, ძიკიჩი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ის პროფესიონალი მწვრთნელია. ბელგრადის პარტიზანში მთავარი მწვრთნელების (ნენად ტრაიკოვიჩი, დარკო რუსო, დუშკო ვუიოსევიჩი) ასისტენტად 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2005 წელს, ალეკსანდარ ძიკიჩი ნბა-ში გადავიდა და მინესოტა ტიმბერვულვზში დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ძიკიჩი გახდა მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც ნბა-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.

მინესოტაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2008 წელს ალეკსანდარ ძიკიჩი ევროპაში დაბრუნდა და ლიუბლიანის ოლიმპიას მთავარი მწვრთნელი გახდა. ალეკსანდარ ძიკიჩმა სლოვენიის ჩემპიონობა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო – ორჯერ ოლიმპიაში, ხოლო შემდეგ კიდევ ორჯერ – ნოვო მესტოს კრკა-ში. ძიკიჩის გაწვრთნილი გუნდები სხვადასხვა წლებში გამხდარან ადრიატიკის ლიგისა და მონტენეგროს ჩემპიონატის გამარჯვებულები, სლოვენიისა და ისრაელის თასის მფლობელები, ხოლო 2011 წელს მისმა გაწვრთნილმა კრკა-მ ფიბა-ს ევროჩელენჯის თასი მოიგო. გასულ, 2022-2023 წლების სეზონში ძიკიჩს წინამძღოლობით ჰაპოელმა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ ტელეკომთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

სერბი სპეციალისტი სხვადასხვა წლებში წვრთნიდა ლიეტუვოს რიტასს (ლიეტუვა), პარტიზანს (სერბეთი), ბუდუჩნოსტს (მონტენეგრო), ესტუდიანტესს (ესპანეთი) და ჰაპოელს (ისრაელი). სანაკრებო დონეზე ძიკიჩს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (2014-2015) გაუწვრთნია, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერბეთის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ძიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსთან ერთად ბოლო წლებში მუშაობდნენ. ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე რუსთავის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ევროლიგის კლუბ მონაკოში – საშა ობრადოვიჩის ასისტენტი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთიდან 1 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.

ნატო-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

ნატო დაეთანხმა კიევის თხოვნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ, – ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას ცნობით, საბჭოს საგანგებო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

რუსეთმა უკრაინაში 362 280-მდე ჯარისკაცი დაკარგა -უკრაინის გენშტაბი

უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის კიდევ 780 ჯარისკაცი, 12 ტანკი, 21 ერთეული ჯავშანტექნიკა და 28 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 362 280 -მდე ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 6 002 ტანკს, 11 128 ჯავშანტექნიკას, 8 574 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 329 საბრძოლო თვითმფრინავს და 324 ვერტმფრენს, 11 423 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 23 გემს/ნავს, 6 753 უპილოტო საფრენ აპარატს, 1 304 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 785 ფრთოსან რაკეტას.

“უკრაინამ ამერიკულ „აბრამსებს“ ჯავშანი უნდა გაუძლიეროს”-Forbes

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „უკრაინამ ამერიკულ „აბრამსებს“ ჯავშანი უნდა გაუძლიეროს“ (ავტორი – დევიდ აქსი). მასალაში განხილულია ის პრობლემები, რომლებიც ამერიკული მძიმე ჯავშანტექნიკის უკრაინის ფრონტზე გამოყენების დროს გაჩნდა და მათი მოგვარების გზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა – ამერიკული ტანკები „აბრამსები“ (M-1 Abrams) უკრაინას გაეგზავნაო, თუმცა ამ ორი თვის განმავლობაში ისინი არ გვინახავს, მათი არსებობა არაფრით არ დამტკიცებულა.
ჯერ-ჯერობით გაუგებარია, რას უკეთებს ამჟამად ამერიკისგან მიცემულ 31 „აბრამსს“ უკრაინა, მაგრამ უკვე გასაგებია, თუ რა უნდა გაუკეთდეს – უნდა გააძლიეროს ტანკის შეიარაღება და ჯავშანი, რათა ბომბებიანი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შეტევა მოიგერიოს.

დრონები მუდმივად იმყოფებიან ჰაერში რუსეთ-უკრაინის ომის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. ისინი ტანკებისათვის საფრთხის შექმნაში კონკურენციას უწევენ ნაღმებს და ამ მხრივ ჯავშნიანი ტექნიკისათვის განსაკუთრებით საშიშ იარაღს წარმოადგენენ.
პრაქტიკულად გარდაუვალია ის, რომ უკრაინა ოთხადგილიანი 68-ტონიანი „აბრამსების“ გარკვეულ რაოდენობას დაკარგავს. მართალია, 2000-იან წლების დასაწყისში მოდიფიცირებული M-1A1S-ები, რომლებიც უკრაინამ მიიღო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცულები არიან, მაგრამ მათ მაინც აქვთ სუსტი ადგილები, განსაკუთრებით შეტევის დროს.
„აბრამსები“ მოწყვლადები არიან დრონებთან „შეხვედრისას“, რომლებსაც შეუძლიათ დაარტყან იქ, სადაც ტანკის ჯავშანი ყველაზე თხელია – ზემოთა ნაწილში და გვერდებზე.

გაბრიელ სილვეირა – ტანკების სპეციალისტი, რომელიც დიდი ხანია აკვირდება უკრაინაში დასავლური ტანკების მოქმედებას – „აბრამსებთან“ დაკავშირებით გაჩენილ პრობლემას ასე განმარტავს:

„M-1A1S-ების ზემოთა ნაწილი („სახურავი“) მართლაც საკმაოდ თხელია, ჯავშნის სისქე სულ რაღაც 25 მილიმეტრს შეადგენს. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით შეიარაღებულ დრონებს შეუძლიათ მისი გახვრეტა და ეკიპაჟის წევრების განადგურება, ან ტანკის კოშკურის შიდა ნაწილის დაზიანება, სადაც მრავლადაა ელექტრონული კომპონენტები. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი იძულებული გახდება ევაკუაცია განახორციელოს და ტანკი მიატოვოს. რაც შეეხება გვერდით ნაწილს, ისიც საკმაოდ პრობლემატურია. „აბრამსებს“ გვერდებზე უკვე მოძველებული კომპოზიტური ჯავშანი აქვთ, რომლის საბაზო ნაწილი ფოლადისგან არის დამზადებული““, – წერს თავის Х-ქსელში (ყოფილ Twitter-ში) გაბრიელ სილვეირა.

რასაკვირველია, დრონებისაგან „აბრამსების“ დაცვა შესაძლებელია. უკრაინელები სხვა ტიპის ტანკებსაც უძლიერებენ ჯავშანს სუსტ ადგილებში და, ალბათ, ასევე აკეთებენ ამერიკული ჯავშანტექნიკის მიმართაც. მაგალითად, ბრიტანული „ჩელენჯერების“ ჯავშანი გვერდებზე და წინა ნაწილში ფოლადის სპეციალური ფურცლებით გაძლიერდა, ხოლო გერმანული „ლეოპარდების“ კორპუსი ყველა მხრიდან სქელი რეაქტიული ჯავშანით აღიჭურვა.

გაბრიელ სილვეირა არ გამორიცხავს, რომ უკრაინელები „აბრამსების“ უსაფრთხოებასაც რეაქტიული ჯავშნით გააძლიერებენ, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მშრალი ამინდების დადგომამდე არ მოხდება: საქმე იმაშია, რომ რეაქტიული ჯავშანი ისედაც ზემძიმე ამერიკულ ტანკებს კიდევ უფრო დაამძიმებს, რომლებიც უკრაინულ ტალახში ჩაეფლობიან.

ვთქვათ და ჯავშან გაძლიერებული „აბრამსები“ უკვე მზად არიან ბრძოლისათვის. საინტერესოა, უკრაინის არმიის რომელი ქვედანაყოფი მიიღებს მათ ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად? ჯერ-ჯერობით ეს საიდუმლოა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ქვედანაყოფი იქნება 47-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც [თითქმის ალყაშემორტყმულ] ავდეევკაშია დისლოცირებული და რუსების ჭარბი ძალების შეტევებს წინააღმდეგობას უწევს.

დღეისათვის 47-ე ბრიგადა ძირითადად შეიარაღებულია გერმანული „ლეოპარდებით“ (Leopard 2A6 მოდიფიკაციის ტანკებით). მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ გერმანიამ და პორტუგალიამ უკრაინას მხოლოდ 21 „ლეოპარდი“ გადასცეს, რომელთაგან ოთხი უკვე რუსებმა ააფეთქეს, დანარჩენი კი 47-ე და 21-ე ბრიგადებს შორის განაწილდა. კიდევ რამდენიმე დაზიანებული „ლეოპარდი“ ლიეტუვაშია გაგზავნილი შესაკეთებლად. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ 47-ე ბრიგადამ თავისი „ლეოპარდები“ რომელიმე სხვა ქვედანაყოფს გადასცეს და თვითონ „აბრამსებით“ აღიჭურვოს.

დღეისათვის უკრაინა 31 ერთეულ „აბრამსს“ ფლობს. მიიღებს თუ არა კიევი ამერიკული ტანკების დამატებით რაოდენობას? ეს დამოკიდებულია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის პრორუსულად განწყობილ რესპუბლიკელ წევრებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უარს აცხადებენ დაამტკიცონ 61-მილიარდიანი დოლარის დახმარება უკრაინისადმი.

წყარო: