Home Blog Page 1780

უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა

უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

სუს-ი 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა 11 მათგანს.

ანგარიშის მიხედვით, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება 113 ორგანიზაცია-დაწესებულებაში განხორციელდა.

„2022 წელს, სამსახური განაგრძობდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისა და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისთვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სპეციალური ღონისძიებების გატარებას.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცა 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა 11 მათგანს.

ამასთან, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება განხორციელდა 113 ორგანიზაცია-დაწესებულებაში, 5 556 ფიზიკურ პირზე განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველი მოსამართლის მიერ 33 ბრძანებაა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების თაობაზე გაცემული.

„2022 წელს უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში, საერთო ჯამში, წარადგინეს მოსამართლის 2 300 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების, პროკურორის 137 მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული 33 ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების თაობაზე.

2022 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კონტროლის სპეციალური ელექტრონული საშუალებებისა და ინსპექტირების პროცედურების გამოყენებით, განაგრძობდა სააგენტოს საქმიანობის შემოწმებას და კანონმდებლობის შესაბამისად, იყენებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას.

საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ფარული მიყურადებისა და ფარული ჩაწერის საგამოძიებო მოქმედებების არაგეგმური ინსპექტირება, რომელიც მიმდინარეობდა 2022 წლის 28 ივლისიდან 2022 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

ინსპექტირების განხორციელებისას აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში შეემოწმებინათ სააგენტოს საქმიანობა, მისი მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტები (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი) და მიეღოთ ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ.

შემოწმების შედეგად, სააგენტოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა“, – ნათქვამია სუს-ის 2022 წლის ანგარიშში.

ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა. ხაბეიშვილის გამოჩენას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე საგარეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით ჩავიდა, საუბრის მთავარ თემას საპენსიო რეფორმა წარმოადგენდა.

ადგილობრივების განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები არ უნდა იყვნენ საგარეჯოში, ვინაიდან ეს პარტია 2012 წელს გარდაიცვალა და მათი რეინკარნაცია არ მოხდება. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები, მათ შორის კახეთის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი. პოლიცია ვითარების განმუხტვას ცდილობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი!” – თამთა მეგრელიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი! ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერის წყალობით.

ექსპერტის თქმით, ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი!
ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი სწორედ სააკაშვილის უგნური პოლიტიკის შედეგად იქნა ოკუპირებული. სამხედრო ბაზები, რომლებიც შევარდნაძის დროს სტამბოლის ხელშეკრულების შედეგად გაყვანილი იქნა კვლავ დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერის წყალობით. თბილისიდან, 50კმ დაშორებით იქნა მოყვანილი რუსის ჯარი. ყველა სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წლამდე და მის შემდეგ გადასცა რუსეთს.
1. ენგურჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“;
2. ჟინვალჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“;
3. რიონჰესი – რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;
4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
5. გუმათი 2 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
6. ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
7. შაორჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
8. ვარციხე1 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
9. ვარციხე 2 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
10. ვარციხე 3 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
11.ვარციხე 4 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
12. ხრამი 1 – რუსული კომპანია „რაოესი“;
13. ხრამი 2 – რუსული კომპანია „რაოესი“;
14. ხრამი 3 – რუსული კომპანია „რაოესი“;
15. ხრამი 4 – რუსული კომპანია „რაოესი“;
16. ხრამი 5 – რუსული კომპანია „რაოესი“;
17. ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია „გაზპრომი“;
18. გაზ.კომპანია „იტერა“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;
20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
23. „მადნეული“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
24. „კვარციტი“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;
26. კომპანია „ბილაინი“ – რუსული კომპანია;
27. „აზოტი“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ – რუსული კომპანია „ვითიბი“;
29. „ლუკოილ ჯორჯია“ – რუსული კომპანია „ლუკოილი“;
30. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
31. ელმავალთმშენებელი ქარხანა – რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;
32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო – რუსული კომპანია „ბატუსი“;
33. თბილისის წყალი – რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“.
და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, სირცხვილია!

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

6-7 ივლისს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, განმარტავენ, რომ 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, ასევე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

„აღმოსავლეთ საქრთველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“პედოფილიაზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაუქმდეს” – ანა დოლიძე

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითვალისწინებს

’’ჩვენი ხელწერა არის საქმეზე ფოკუსირება და ხალხის საკეთილდღეოდ საკანონმდებლო წინადადების წარდგენა. ჩვენ პარტიას აქვს ამოცანა საქმე, საქმიანი წინადადება და წნეხი ქართულ ოცნებაზე. ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ეხება პედოფილიას.  გამოცემა ,,ნეტგაზეთს’’ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა ძალიან კარგი სტატია, სადაც კარგად ჩანს თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით.  29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.  მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში პროკურატურას უჩნდება აზრი გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და ქუჩაში დატოვოს  პედოფილი. 5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა , მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში.  სასჯელი ზომაც ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალი, რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ კორუფციასთან ან სხვა რამესთან.  შესაბამისად,  ჩვენი  ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას.’’– აცხადებს ანა დოლიძე.

“ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი”-ირაკლი ზარქუა

ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას წალენჯიხაში გიორგი მუმლაძისა და ლევან ხაბეიშვილის ფრთის დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ზარქუას თქმით, „ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი“.

„ჩემი ხაბეს წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი, ცუდას რად უნდა მტერობა, ამას გეტყვით. ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი. სხვათა შორის, ხაბეს ისევ ჰყავს 17-კაციანი ამალა, გუშინ ვიხილე, „ვივამედთან“ მივიდნენ. შემორჩენილი ჰყავს ჩემს ხაბეს ის 17-კაციანი ამალა და მას ერთი კაცი არ უნდა დააკლდეს. რა გითხრათ, ხაბე რომ თავმჯდომარეა და მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია, თემა დამთავრებულია. ხაბე რომ თავმჯდომარეა, იმაზე მეტად პარტია რა უნდა დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

თიბისიმ, USAID-თან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შემსწავლელი ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. თანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დირექტორმა დევიდ ბლოოდმა 5 ივლისს თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი. ღონისძიების ფარგლებში თიბისი ბანკისა და USAID-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა ისაუბრა.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის”, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ICT სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ტრენინგ-პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, რაც კურსებს ხელმისაწვდომს გახდის რეგიონის ბენეფიციარებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნება iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე.

კურსების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში, დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში.

„თიბისისთვის განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. არაერთი წელია თიბისი აკადემია, სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის დაინტერესებულ ადამიანებს. ამჯერად კი USAID-თან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ICT მიმართულებით კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების როგორც მომზადებას, ასევე გადამზადებას დღეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ თიბისიში და ჩვენს პარტნიორი ორგანიზაციებში”. – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ ორ კურსზე – iOS დეველოპმენტი და TOT დაწყებულია რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს თიბისი აიტი აკადემიის  ვებ-გვერდზე.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიურ მიმართულებებში.

R

“უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია” – მიხეილ სარჯველაძე

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მორალური თვალსაზრისით პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ, ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„აშკარად შეიმჩნევა, რომ პრიორიტეტების ახლებურად გადალაგება ხდება, ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან. როგორც ჩანს, პრიორიტეტების კონფიგურაცია შეიცვალა და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე უფრო ღირებული სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა გახდა. ეს რა მიზნებს შეიძლება ისახავდეს, ამაზე დასკვნების გაკეთება ჩვენს საზოგადოებას არ გაუჭირდება. ეს გადაწყვეტილება არათუ გასაკვირი იყო, არამედ ყველას უჩნდება კითხვები, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ელჩი, რომელიც ღირსეულად იქცეოდა და უკრაინაში საკუთარი სამსახური ერთი დღეც არ დაუტოვებია, რაც ვაჟკაცური ჟესტი იყო უკრაინის მხარდასაჭერად, როცა კიევს შეიძლება ყველაზე მეტად უჭირდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და მორალური თვალსაზრისით გადაწყვეტილებას პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ. ამ ყველაფერს კარგი სახელი მოეძებნა – ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიქნებით.

ალბათ მცდელობა გვექნება, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები არც უკრაინის ინტერესებში არ არის და არც საქართველოსი, არც ევროპის. ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ჩვენ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, თუმცა შედეგი მხოლოდ ჩვენს მცდელობაზე დამოკიდებული ვერ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, მზად არის, უკრაინა მისთვის მიცემულ ვადაში დატოვოს.

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო.

ახალი რეგულაციით, პოლიცია შეძლებს კამერის, მიკროფონის, „ჯიპიესის“ და სხვა მოწყობილობების გააქტიურებას ტელეფონებში.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ერიკ დიუპონ-მორეტი ამტკიცებს, რომ ეს გავლენას მოახდენს მხოლოდ „წელიწადში ათეულობით საქმეზე“.

ლეპტოპების, მანქანების და სხვა დაკავშირებული ობიექტების, ასევე ტელეფონების დაფარვით, ღონისძიება იმ დანაშაულებში ეჭვმიტანილთა, რომლებიც ისჯება, მინიმუმ, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით,  გეოლოკაციის დადგენას გახდის შესაძლებელს. მოწყობილობები ასევე შეიძლება დისტანციურად გააქტიურდეს ტერორისტულ და ორგანიზებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ხმისა და სურათების ჩასაწერად.

დებულების ნებისმიერი გამოყენება უნდა დაამტკიცოს მოსამართლემ, ხოლო მეთვალყურეობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ექიმები, ჟურნალისტები, იურისტები, მოსამართლეები და დეპუტატები არ იქნებიან ლეგიტიმური სამიზნეები.

“თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა” – რომან გოცირიძე

სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს, – ასე აფასებს პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ანგარიშს, რომელსაც პარლამენტი ხვალ განიხილავს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დოკუმენტში გარე საფრთხეებთან დაკავშირებით ნახსენებია უცხო ქვეყანა და არა რუსეთი.

„არის ერთი ასეთი დებულება, რომ თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა და რომელი ქვეყანაა ეს, არ ასახელებს. თუ რუსეთია, ახსენონ პირდაპირ რუსეთი, მაგრამ რუსეთს არ ჰგავს, რადგან თურმე მერე სუს-მა აიცილა ამ რომელიღაც უცხო ქვეყნის ინტერვენცია ანუ შემოჭრა საქართველოში. რომ იტყვიან – „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ასახელებენ რომ რუსეთია, მაგრამ მერე თურმე სუს-მა აიცილა „მეორე ფრონტის“ გახსნა – ეს სიტყვა არაა გამოყენებული, მაგრამ ასე იკითხება. „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებების გამეორებაა. ანგარიშის მოსმენისას გამოვკითხავ დაწვრილებით, რა იგულისხმება ამაში, ვინ აპირებდა პროვოკაციას და ვინ აპირებდა საქართველოში შემოჭრას. სადაც საკითხი ეხება რუსეთს, ირიბად არის ნათქვამი და არ არის ნახსენები, ვინ და რა იგულისხმება.

რაც შეეხება სახელმწიფო თანამდებობის პირის მოსალოდნელ ლიკვიდაციას, ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, ვინ არის ეს პირი, დაუნიშნეს თუ არა დაცვა, რატომ, რა მოტივით, შიდა არეულობის მოწყობა უნდოდათ, თუ ამ პირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ და ბოლოს და ბოლოს ვინ არის, ვინც მოკვლას აპირებდნენ. აგერ, „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდაო ევროპას და ამერიკას და ამიტომ შესაძლებელია ორაზროვნად იქნას წაკითხული, ბუნებრივია, აქ უნდა იგულისხმებოდეს რუსეთი, თუ სხვას არ გულისხმობენ,“ – განაცხადა გოცირიძემ.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.