Home Blog Page 178

როდის დათბება საქართველოში – განახლებული ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

ქ. თბილისში 15-16 აპრილს იწვიმებს, 16 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

 ,,მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი აგენტურულ პარტიებს საკადრისი პასუხს გასცემს, შემდეგ მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ  კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი აგენტურულ პარტიებს საკადრისი პასუხს გასცემს, შემდეგ მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი.

„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან  პერიოდს დღევანდელ დღემდე. შესაბამისად,  შესასწავლი ობიექტების და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია. ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა კომისია ცდილობს მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი. წინა კვირას, როგორც ეს ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ  კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხით სპეკულირების საშუალება არავის მიეცემა.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს და როგორც იტყვიან ხოლმე ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში. ამის გარდა, არავის მივცემთ უფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ  საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ ქართულმა ოცნებამ კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით. საზოგადოება კარგად ხედავს და იხსენებს რამდენად ამაზრზენი დანაშაულის ავტორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ იწოდებიან პოლიტიკოსებად. დღევანდელი დღეც იყო იმისი უტყუარი დადასტურება, რამდენად ბინძურად იქცევა სხვა ქვეყნებიდან თუ უცხო ძალების მიერ მართული ე.წ. პოლიტიკოსი, როდესაც მას დამოუკიდებლად მოქმედების ელემენტარული უფლებაც კი არ აქვს და ვნახეთ თავისივე ტყუილებში ახლართული, „ნაცმოძრაობისთვის“ გადამდგარი გუნდისა და ქვეყნის მოღალატე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოააშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურული პარტიებს.

„ასე რომ, დარწმუნებული ვართ საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოააშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურული პარტიებისა და პოლიტიკოსების მოქმედებებს და ჩვენ ყველანი ერთად კომისიის მუშაობის შედეგებს დაპირებულ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ. რაც შეეხება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, აკრძალოს LGBTQ+ თემების საჯარო ღონისძიებები

უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, აკრძალოს LGBTQ+ თემების საჯარო ღონისძიებები. 

ცვლილება აკანონებს LGBTQ+ საჯარო ღონისძიებების, მათ შორის პრაიდის აკრძალვას.

საკონსტიტუციო ცვლილებას უნგრეთის პარლამენტის 140-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 21 კი წინააღმდეგი იყო.

უნგრეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნის ძირითად კანონში შესწორება შევა, რომლის მიხედვითაც ადამიანის სქესი იქნება მხოლოდ ის, რაც მის დაბადებისას განისაზღვრება. 

ცვლილებაში ნათქვამია, რომ ბავშვების უფლებები მორალურ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე, სიცოცხლის უფლების გარდა, აღემატება ნებისმიერ სხვა ფუნდამენტურ უფლებას, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

,,კომისიის დღევანდელ სხდომაზე გახარიამ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა”- ლევან მაჭავარიანი

„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის {გიორგი გახარია} გადადგომასთან დაკავშირებით. როდესაც მან პირველი განცხადება გააკეთა, იქ ნიკანორ მელია იყო ამის მიზეზი. დღესაც გაუგებრად პასუხობდა, რომ ეს ჩამოაქცევდა ქვეყანას. იყო ძალიან ბევრი საფრთხე, როდესაც ჩვენ ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად არცერთი თმის ღერი არავისგან ჩამოვარდნილა, ისე შეასრულა ეს ოპერაცია ბატონმა გომელაურმა“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

„შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინტერვიუ, სადაც მან აბსოლუტურად სხვა მიზეზი დაასახელა თუ რატომ ჩამოშორდა ჩვენ გუნდს. იქ მან ახსენა, რომ კორუფციის ნიშებს ვხედავდი „ქართულ ოცნებაშიო“, ამიტომ, დავტოვე ეს გუნდიო და დღეს საერთოდ ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რომ ოპოზიციაშია გადასული. ეს ყველაფერი, ძალიან ურთიერთგამომრიცხავია და მადლობა ღმერთს, ყველაფრის არქივი არსებობს. დღესაც ყველა უყურებს ამ ყველაფერს.

შესაბამისად, ვისაც სურს, რომ ობიექტური დასკვნა გამოიტანოს ამ ყველაფრიდან, ობიექტური დასკვნა ის არის, რომ ეს კაცი იქ მივიდა იმისთვის, რათა ან ტყუილი ელაპარაკა, ან რაზეც იცოდა, რომ მაშინვე ამხელდნენ იმ ტყუილში, ეთქვა უბრალოდ –  „არ მახსოვს,“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე გახარიამ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. 

„ბატონმა გახარიამ დღეს უამრავი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. 20 ივნისი, რითაც დაიწყო დღევანდელი სხდომა, დარწმუნებული ვარ რომ ნახევარი საქართველო უყურებს და ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად გაიაზრებენ. 

ძალიან ბევრი რამ არის გაურკვეველი. მაგალითად,  რატომ გამოიყენეს თავდაპირველად რეზინის ტყვიები. როდესაც ბატონი გახარია ბევრ ეთერში ამბობდა იმას, რომ ყველა ბრძანება მის მიერ იყო გაცემული, დღეს რატომღაც თქვა, რომ რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო. 

ძალიან გასაკვირია, რატომ არ გამოიყენა ჯებირები და რატომ დაუპირისპირა პოლიცია პირდაპირ მოქალაქეებს.  ბატონ გახარიას თუ არ ჰქონდა ამ ყველაფრის გამოცდილება, მას შეეძლო უფრო გამოცდილი ხალხისთვის ეკითხა, იგივე ბატონი გომელაურისთვის. ეგეც ვერ გაიხსენა დღეს რა თემაზე ესაუბრა და როდის ესაუბრა. 

დაიბნა, რადგან ძალიან პროფესიონალურად დაუსვეს შეკითხვები და შესაბამისად, ძალიან დაბნეულად გამოიყურებოდა“, – აცხადებს მაჭავარიანი. 

ევროკომისიამ ერთჯერადი ტელეფონების და მარტივი ლეპტოპების გაცემა დაიწყო

ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონების და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისრებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მომავალ კვირას გაემართებიან მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე, ახალი ინსტრუქციები მიიღეს.

გამოცემის წყაროს თქმით, ეს ზომები ასახავს იმას, რაც გამოიყენება უკრაინასა და ჩინეთში მოგზაურობისთვის, სადაც სტანდარტული კომპიუტერული კომპლექტების ჩატანა შეუძლებელია რუსული ან ჩინური ჯაშუშობის საფრთხის გამო.

„ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, შეაღწიოს კომისიის სისტემებში“, – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ოფიციალური პირების თქმით, ინსტრუქციები ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, მოიცავს რეკომენდაციას, გამორთონ ტელეფონები საზღვარზე და მოათავსონ ისინი სპეციალურ შეფუთვაში, რათა დაიცვან ისინი ჯაშუშობისგან.

,,ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია, ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე”- მაკა ბოჭორიშვილი

ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია, ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით.

„ყველამ კარგად იცის, რა არის პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის და რა უდგას წინ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი ტეროტირების ოკუპაცია და სწორედ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნომერი ერთი შემაფერხებელი“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, საინტერესოა, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება ოპოზიციის მხრიდან საქართველოში.

„აქ არის მეორე საკითხი, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება საქართველოში და ესეც ერთგვარად თითქოს სიცოცხლის ძალის მისანიჭებლად ხდება, რომ ოპოზიციურ ძალებს, დაცლილი დღის წესრიგის პირობებში ჰქონდეთ ახალი თემების შექმნის შესაძლებლობა, რაზეც გააკეთებენ კომენტარებს.

კიდევ ერთხელ: საკითხი მარტივია. საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რა თქმა უნდა, ოკუპაციის პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

თეა წულუკიანი გახარიას – თქვენგან განსხვავებით შსს მინისტრმა ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, ეს არ მოგეწონათ და გადადექით – რას იმუქრებით, არსად გაქვთ შესასვლელი, „არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე“

როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, თქვენგან განსხვავებით შსს მინისტრმა [ვახტანგ გომელაურმა] ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით , – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას.

გიორგი გახარიამ თეა წულუკიანის საპასუხოდ განაცხადა, რომ „გაანებეთ ვახოს თავი, ნუ რევთ ვახოს საქმეში“.

ამასთან, გახარიას საპასუხოდ თეა წულუკიანმა განაცხადა: „თქვენ მე მგონი, წითელი ჯვარი ხართ თუ ყოფილი შსს მინისტრი არ ვიცი. ხან დეპუტატებს ყავას უსხამდით იმის მაგივრად, რომ შტურმი მოგეგერიებინათ უფრო მაღალკვალიფიციურად, ხან ჩემზე და ვიღაცებზე ზრუნავდით და ბრიფინგზე ტყუილებს ამბობდით, რომ მელიას დაკავება პოლარიზაციაა გამოიწვევს, ხოლო ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია თქვენი წასვლა“.

თეა წულუკიანის კითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა ნიკა მელია და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“.

„მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, „რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“.

„რას იმუქრებით, არსად არ გაქვთ შესასვლელი და გინდა შედით და გინდა გამოდით, არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე მიგიღებენ, ასეა თქვენი საქმე დღეს. თქვენზე მე აღარ ვღელავ, რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

,,თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: „გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!“ – ამიტომ გადავდექი”- გიორგი გახარია

ჩემი [პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან] გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაპირდა, რომ პოლიტიკიდან სრულად და სამუდამოდ მიდიოდა, პროცესში სრულად შემოვიდა და პროცესი ისე მართა, რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა – რაღაც მომენტში ყველა გაქრა! როცა ბიძინასგან ზარი მიიღეთ, დაიმალეთ და გაქრით! ამის გამო მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე! – ასე ახსნა გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, ნიკა მელიას დაკავების საკითხს უკავშირდებოდა.

როგორც გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მის გადაწყვეტილებზე ზემოქმედება არავის მოუხდენია, გუნდი კი ბიძინა ივანიშვილმა შეაშინა.

“თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო! – თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! მე ამიტომ გადავდექი“, – განაცხადა გახარიამ.

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ დააკავა ნიკა მელია, თუკი შს მაშინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური დაკავებისთვის მზად იყო.

“თქვენ მელია დააკავეთ ისე და იმ ფორმით, რომ შემდეგ გაშვება მოგიწიათ – ნაცვლად იმისა, რომ მელია დღეს სასჯელს იხდიდეს, არის გარეთ! მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ახლა გარეთ კი არ იყოს, უნდა იყოს ციხეში. თუ მელია დაკავებული იქნებოდა ისე, როგორც ის მაშინ დააკავეს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ის გარეთ იქნებოდა. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო. ეს არის მთავარი!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7545 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7545 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1363 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1259 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.

საფრანგეთში ახალგაზრდა ქართველი პიანისტის – ირმა გიგანის კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა

11 აპრილს, საფრანგეთის დედაქალაქ  პარიზში, კორტოტ ჰოლში, ახალგაზრდა, ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა – ირმა გიგანმა მორიგი წარმატებული კონცერტი გამართა.  

როგორც “ჯორჯიან თაიმსისთვის” გახდა ცნობილი, ირმა გიგანმა, კონცერტზე ისეთი ცნობილი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულა, როგორიცაა: სკრიაბინი, რახმანინოვი, რაველი, შოპენი და სხვა.

ახალგაზრდა ქართველი პიანისტის კონცერტი მსმენელებით სავსე დარბაზში ჩატარდა. კონცერტზე დამსწრე საზოგადოების განმარტებით, საღამო სრული ანშლაგით დასრულდა, იყო ძალიან ემოციური და ცრემლიანიც კი.

პიანისტი ირმა გიგანი, საფორტეპინო კონცერტების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

კონცერტის შესახებ დამატებითი ფოტო/ვიდეო მასალა და ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში 

თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას. 

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: 

TBCxWIC – Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ინტენსიური ბუთქემფ ფორმატის ტრენინგები ჩატარდა თიბისი IT აკადემიაში, სადაც 15 მონაწილემ სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიიღო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. 

TBCxWIC Advanced CyberSecurity — პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტენსიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. მიღებული ცოდნა კი უზრუნველყოფს მათ სიღრმისეულ ჩართულობას კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. პროექტი წარმატებით დაასრულა 24-მა მონაწილემ. 

აღსანიშნავია, რომ TBCxWIC თანამშრომლობით, ასევე დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე დაიწყო სტაჟირება თიბისიში  და სხვა საფინანსო ინსტიტუციაში. 

 „თიბისი IT აკადემიამ, 5 წლის განმავლობაში, არაერთი პროგრამა განახორციელა საქართველოში ციფრული უსაფრთხოების, ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოა. ერთობლივი პროგრამები, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლების, ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, კი ქალების ჩართულობა  ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხიების მიმართულებებში” — თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი. 

რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“ – კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის საზაფხულო შეტევა „მარცხისთვის არის განწირული“: კრემლს უკრაინის ახალი ტერიტორიის დასაპყრობად ძალა არ შესწევს“ (ავტორი – ვერითი ბოუმანი, საკუთარი კორეპონდენტი კიევში). როგორც პუბლიკაციაშია ხაზგასმული, რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს, მისი ბრძოლისუნარიანობა დაეცა და, შესაბამისად, კრემლის გეგმები უკრაინის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად ვერ განხორციელდება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ უკრაინა რუსეთის მორიგი შეტევის მოსაგერიელებლად ემზადება. მოსკოვის ჯარებმა უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები გააქტიურეს, რაც, დიდი ალბათობით, მაისი ბოლოს, ზაფხულის დასაწყისისათვის მასშტაბური იერიშის წინაპირობას წარმოადგენს.

მაგრამ, როგორც ექსპერტები თვლიან, ვლადიმერ პუტინის იმედები – სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე უკრაინის მეტი ტერიტორია დაიპყროს – ჩაშლისთვისაა განწირული: იმიტომ, რომ რუსულ არმიას ისევ ძველი პრობლემები აქვს – არაკომპეტენტურობა და დისფუნქცია.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ პუტინის ჯარებს არ ჰყოფნით ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა. მათ არ შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი შესაძლო წარმატებით.

გარდა ამისა, უკრაინას აქვს იმის უნარი, რომ რუსეთს საგრძნობლად დაარტყას დრონების მეშვეობით. კიევის უპილოტო თვითმფრინავები ასევე კარგად ზვერავენ რუსეთის არმიის ნაწილების დისლოკაციას და სანამ ისინი კონტრშეტევისათვის შესაფერის პოზიციებს დაიკავებენ, მანამ მათ უკრაინის არტილერია ზიანს მიაყენებს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მასშტაბური შეტევისათვის ჯარებს კიევის შეუმჩნევლად თავს მოუყრის და გარღვევას განახორციელებს.

დიმიტრი ჟმაილო, უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში ამბობს, რომ „დღევანდელ მომენტში რუსეთის ნებისმიერი შეტევა ფრონტის ხაზზე შეუძლებელია. რუსეთს ამჟამად მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებები აქვს. კრემლს სურს, რომ ილუზიური შთაბეჭდილება შექმნას – თითქოსდა მას უდიდესი რეზერვები აქვს და უპირატესობა უკრაინასთან შედარებით, მაგრამ ჩვენ ამას ადგილებზე ვერ ვხედავთ“.

გასულ თვეში, მარტის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი და „დიდი შვიდიანის“ ოფიციალური პირები გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთი მორიგი საგაზაფხულო შეტევისათვის ემზადება და შეშფოთება გამოხატეს – ვაითუ ვლადიმერ პუტინის არმია რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების მოსაზღვრე უკრაინის სუმისა და ხარკოვის ოლქებში შეიჭრას და თუ კრემლი მეტ ტერიტორიებს დაიკავებს, მაშინ  მოსკოვს უპირატესობა ექნება სავარაუდო-სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკების დროს.

გასულ კვირაში, ოთხშაბათს, უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის ჯარებმა შეტევა ფაქტიურად უკვე დაიწყეს“ და აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო ქვედანაყოფების იერიშები უკრაინის ჯარების პოზიციებზე ბოლო დღეების განმავლობაში გაორმაგდა. რა თქმა უნდა, გასაგებია გენერლის განცხადების მიზანი: დღეს კიევი ცდილობს მსოფლიოს ყურადღება კრემლის ექსპანსიას მიაპყროს, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შესაბამისი ხელშეკრულების დადების იმედები თანდათან ქრება.

მაგრამ როგორც ჯონ ჰარდი – „დემოკრატიის დაცვის“ ფონდის რუსული პროგრამების დირექტორი – ამბობს, შეტევა-იერიშების რაოდენობის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის არმია რაიმე მნიშვნელოვან ოპერაციას ამზადებს მტკიცე წარმატების მისაღწევად: „იმას, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, შეტევების უბრალო ზრდას წარმოადგენს, თანაც მასშტაბები მცირეა. დიახ, შესაძლოა უკრაინის თავდაცვაში რუსებმა რაღაც ბზარი შეიტანონ, მაგრამ მას ვერ გააფართოვებენ და სწრაფ გარღვევას ვერ განახორციელებენ“.

ექსპერტების აზრით, რუსებს ფრონტის გარღვევის ყველაზე დიდი შანსი შეიძლება სუმის ოლქში ჰქონდეთ იმდენად, რამდენადაც უკრაინის ჯარები ამ რეგიონში უკან იხევენ – მოსაზღვრე კურსკის ოლქიდან რუსული ნაწილების სწრაფი კონტრშეტევის გამო – მათ საომარი მოქმედებები სუჯას რაიონიდან სუმის ოლქის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

„კურსკის რკალზე“ ნაომარმა ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა „დეილი ტელეგრაფს“ უამბო, თუ როგორ მძიმე ვითარებაში იხევდნენ უკან კურსკის ოლქის სუჯას რაიონიდან: „გამოვდიოდით მხოლოდ ღამით, სამ-ოთხკაციანი ჯგუფებით… იქ უამრავი სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. რუსები ისე სწრაფად მოდიოდნენ, რომ ტექნიკის განადგურება ვერ მოვახერხეთ“.

ჯონ ჰარდის აზრით, რუსების სწრაფი კონტრშეტევა ამჟამად, როგორც კი ისინი უკრაინის საზღვარს მიადგნენ, შენელებულია: „მათი აქტიურობა ჩანს მხოლოდ ასეულის მოქმედების დონეზე, ანუ შეტევა ხდება ასკაციანი ქვედანაყოფებით, რაც მსხვილმასშტაბიანი ოპერაციას არ წარმოადგენს, თანაც ჯავშანტექნიკის გარეშე“.

ზოგიერთი მონაცემით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის არმიამ 3 ათასამდე ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა დაკარგა, უკრაინელებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის 13 ათასამდე ქვემეხი და საარტილერიო-სარაკეტო კომპლექსი.

„რუსეთის არმიის საწყობები სულ უფრო ცარიელდება, რეზერვები მცირდება… ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსების მარაგები მთლიანად ამოიწურება. სამხედრო მრეწველობა მათ შევსებას ვერ მოასწრებს“, – ამბობს ჯონ ჰარდი.

უკრაინელი ექსპერტი დიმიტრი ჟმაილო აღნიშნავს, რომ რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში – მით უმეტეს, რომ გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჯარში კიდევ 160 ათას მოქალაქეს გაიწვევენ. თუმცა ჯონ ჰარდს ამაზეც აქვს პასუხი: „ახალი სამხედრო ნაწილები თითქმის სრულიად მოუმზადებელი იქნება, მათი წრთვნა მხოლოდ ერთი თვე გრძელდება და ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღეს: „კრემლი ამას შეგნებულად აკეთებს, რომ უკრაინას აჩვენოს და მასზე ზეწოლა მოახდინოს – თითქოსდა რუსეთს ცოცხალი ძალის უსაზღვრო რესურსი აქვს. სინამდვილეში პუტინი თავის მოქალაქეებს ხორცსაკეპში ერეკება, მისთვის მთავარია ომი გაგრძელდეს“.

ჯონ ჰარდი თვლის, რომ უკრაინამ თავისი დრონების მოქმედება უნდა გააქტიუროს, რათა არ დაუშვას რუსი ქვედანაყოფების თავმოყრა რომელიმე წერტილში რაიმე მასშტაბური ოპერაციის განსახორციელებლად. უკრაინელები უნდა შეეცადნონ მოხერხებულად გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა დრონების მართვაში, რათა რუსეთის არმიის სატრანსპორტო საშუალებები გაანადგურონ, არ მისცენ კრემლს ჯარების გადაყვანისა და მათი ფრონტის ხაზზე კონცენტრაციის შესაძლებლობა.

„კარგია, რომ უკრაინა დრონების წარმოებას ზრდის და მათ წარმატებით იყენებს. ამით კიევი სხვა სამხედრო მიმართულებებში არსებული ნაკლოვანების კომპენსაციას ცდილობს. უკრაინელები უკვე კარგად არიან ადაპტირებულები რუსების ბრძოლის მეთოდების მიმართ“, – ასკვნის ჯონ ჰარდი.

წყარო