Home Blog Page 1778

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა -გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს.

„9 დეკემბრის საღამოდან, 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ სააგენტოში.

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/pfbid032Dvd6yKFcM7pxsCqmTfUiedsEPamSWXyQ45yHmrHSenHnrT2v9N2pKK8Sx3mCuchl

ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია – Politico 

ორბანის პოზიციის გამო ევროკავშირი პანიკაშია – ამ შინაარსის სტატიას გამოცემა Politico აქვეყნებს.

პუბლიკაციის თანახმად, ევროპელი ლიდერები, მოახლოებული სამიტის წინ, ცდილობენ უნგრეთის პრემიერს უკრაინასთთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინონ, თუმცა ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია.

„ორბანის გადარწმუნებას ცდილობს ემანუელ მაკრონიც, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი მსგავს მოლაპარაკებებში მუდმივად წარუმატებლობას განიცდის, რაც ტრამპთან და პუტინთან მისი მოლაპარაკების შედეგებმაც აჩვენა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი გადაჭრილად ითვლებოდა, თუმცა ახლა რაიმეს პროგნოზირება რთულია“, – ნათქვამია სტატიაში.

ევროკავშირს უნგრეთის პრემიერთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ბრიუსელმა უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევროს დახმარება დაბლოკა იმ მიზეზით, რომ უნგრეთში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციით იყო უკმაყოფილო. გარდა ამისა, ბრიუსელი ბუდაპეშტისგან რეფორმების გატარებას ითხოვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა აკადემიური თავისუფლება, ლგბტ უფლებები და მიგრაცია.

აშშ თუ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ამერიკელების სისხლით მაღალ ფასს გადაიხდის – ჯონ კირბი

შეერთებული შტატები თუ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთი მოადგება ნატო-ს საზღვრებს და ჩვენ მოგვიწევს დავიწყოთ მოქმედება ნატო-ს მეხუთე მუხლის შესაბამისად ამერიკელების სისხლის ფასად. თეთრი სახლის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოელის, რომ აშშ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.

კირბის თქმით, თუ პუტინი უკრაინას საჩუქრად მიიღებს, ის ნატო-ს ზღურბლთან აღმოჩნდება. „და როგორც მანამდე ვთქვი, თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი მაღალია, დაფიქრდით, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოგვიწევს მეხუთე მუხლის ამოქმედება ჩვენი ვალდებულების შესაბამისად, რა დაუჯდება ეს ეროვნულ ხაზინას და  ამერიკელებს რა სისხლის ფასად {დაუჯდება}“, – განაცხადა კირბიმ {კონგრესის მისამართით}.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის დასაწყისიდანვე ეყრდნობოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი შეძლებდა ერთიანობის შენარუნებას, არ სჯეროდა, რომ რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა ექნებოდა.

„თუ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა დაინახოთ ბატონი პუტინი, ისეთი, როგორიც არის, თქვენ უნდა დაინახოთ რუსეთი, ისეთი, როგორიც არის და გესმოდეთ, რომ უკრაინელების დახმარება გამარჯვებაში {და ისინი არ გვთხოვენ ომში ფიზიკურად მონაწილეობას}, ჩვენი, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება -პრემიერი

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება. წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც მთავრობის მეთაური კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

პრემიერის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას.

„ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან: World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.

ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის მოქალაქემ და მისმა თანამზრახველმა მათ ხელთ არსებული უკანონო წარმომავლობის თანხები ეტაპობრივად განათავსეს საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც თანხების ინვესტირება ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში მოახდინეს, კერძოდ: 2020-2021 წლების პერიოდში თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში – ასევე ორი საცხოვრებელი ბინა და სამი ავტოფარეხი, ხოლო ლანჩხუთში მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

„აღნიშნულით, ბრალდებულებმა მოახერხეს ერთ მილიონამდე ლარის ეკვივალენტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა და ჩართვა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებს, რითიც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“.

„არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს „ჰამასს“ ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელმა კი თავის შეკავება იმით ახსნა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მიცემდა ხმას რეზოლუციას, რომელიც არ გმობს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეს.

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იპოვა იშვიათი ბიზანტიური მონეტა, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული

ნორვეგიაში მოყვარულმა არქეოლოგმა იშვიათი ბიზანტიური მონეტა იპოვა, რომელიც 977-დან 1025 წლამდე პერიოდში არის ჩამოსხმული.

მონეტის ერთ მხარეს იესო ქრისტეა გამოსახული, წარწერით „იესო ქრისტე, მეფეთა მეფე“. მონეტის მეორე მხარეს იმპერატორი ძმები – ბასილ II და კონსტანტინე VIII არიან გამოსახულები.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, როგორ აღმოჩნდა არტეფაქტი ნორვეგიაში, ერთ-ერთი მთის ფერდობზე. არაა გამორიცხული, რომ მონეტა ნორვეგიის მეფეს, ხარალდ III-ს ეკუთვნოდა, რომელიც სამეფო ტახტზე ასვლამდე ბიზანტიის იმპერატორის მცველი იყო და კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა.

 

თბილისის რომელ ქუჩებზე და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა – დეტალები

მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე – ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე.

ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.

ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება.

დედაქალაქში –  თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8-9 დეკემბერს თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 8-9 დეკემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი ზოგან მოთოვს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გადადებთ ხვალისთვის, ან განუსაზღვრელად პირად საკითხებს, რათა ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შანსები. დღეს, საშუალება გაქვთ, რამდენიმე მაცდური წინადადებიდან, აირჩიოთ ყველაზე სასარგებლო და პერსპექტიული.

კურო

მბრძანებლური ტონი შეცვალეთ და დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედეთ. სასიკეთოა უძრავი ქონების თემებზე მუშაობა, ან მნიშვნელოვანი ნივთების შეძენა.

ტყუპები

არის ალბათობა, ემოციებმა და წყენამ ხელი შეგიშალოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ და ოჯახური პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, შეამცირეთ კონტაქტები და შეეცადეთ, არ დაუპირისპირდეთ სხვების ინტერესებს. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იურიდიული და სხვა დოკუმენტების მიმართ.

ლომი

ერთფეროვნება მეტად მოსაწყენი და დამღლელია, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, ადგილს ვერ პოულობთ, სიახლეები და მხიარულება გწყურიათ. თავად იზრუნეთ დღის გაფერადებაზე.

ქალწული

სასიამოვნო სიახლეები და მხიარული დროსტარება გელით, თუმცა, არც საქმიანი თუ შემოქმედებითი ამოცანების ნაკლებობაა. საოცარი მოვლენების ლაბირინთში კარგად იპოვით გზას წარმატებისკენ.

სასწორი

დღეს, აუცილებელია სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე დაიცვათ. შესაძლოა, კანთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სხვადასხვა პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ.

მორიელი

ყველა საქმეს იოლად გაუმკლავდებით და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიიღებთ თქვენი შრომისმოყვარეობით და ძალისხმევით. თავს ლაღ, თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნობთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, მკვეთრად შეცვალოთ ცხოვრების სტილი, მოინახულოთ მივიწყებული ადგილები და დიდი ხნის უნახავი მეგობრები. აღიდგინეთ ენერგია და იმოქმედეთ.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა, იღბლიანი შემთხვევითობით, მეტად საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, ეს ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. წარმატება გელით სულიერ თუ მატერიალურ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფნი სულიერ შფოთს და დაძაბულობას იწვევენ, თქვენ შეძლებთ, იპოვოთ საერთო ინტერესები, შეცვალოთ მიდგომები და მეტი პოზიტივი შეიტანოთ ურთიერთობებში.

თევზები

პატივი ეცით სხვების მოსაზრებებს და ნუ შეეცდებით, თავს მოახვიოთ ვინმეს თქვენი შეხედულებები. იყავით ბუნებრივი თქვენს სიტყვებსა და ქმედებებში. ურთიერთობებში შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა.

“თუ განიჭებენ ევროსტატუსს – მიიღე” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კანდიდატის სტატუსის მოლოდინთან დაკავშირებებით ანალიტიკურ მიმოხილვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მულტიპოლარულ სამყაროში საჭიროა ზრუნავდე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ამისთვის შესაძლებელი ყველა საჭირო საგარეო ვექტორის გამოყენებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს.

„ფაქტობრივად, სასწორის ორ მხარეს განლაგებულია ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, დაფუძნებული საქართველოს ხელისუფლების ობიექტურ წარმატებაზე და ჩვენი ე.წ. ოპოზიციის სუბიექტური წინააღმდეგობა ამ პროცესებისადმი. თუ რა მხარეზე გადაიხრება ევროსაბჭო, როგორც „სასწორი“ – გაირკვევა სულ რაღაც ერთ კვირაში.

საქართველოსა და მისი მოსახლეობის უმრავლესობის მხარეს გადაიხრება, თუ ქვეყნის უმცირესობის მხარეს დადგება, რომელსაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის არც ეროვნული, არც დასავლური და არც აღმოსავლური წარმატება არ აწყობს და მის გეგმებში ეს არ შედის. მათ აინტერესებთ მხოლოდ „ცალ ფეხზე“ მდგომარეობაში, საკუთარი ვიწრო, აგენტურული კომფორტი პოლიტიკური ლაქიაობის პირობებში.

ხოლო იმ ევროსკეპტიკოსთა გასაგონად, რომლებიც, მართალია, „ნაცები“ არ არიან, მაგრამ რომლებსაც, ასევე, არ სურთ საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭება, როგორც ამას სამადაშვილი თუ ვაშაძე ეწინააღმდეგება, მინდა ორი რამ შევახსენო: პირველი – საქართველო შედის მულტიპოლარული მსოფლიოს „ტურბულენტურ“ ზონაში; და მეორე – მინდა შევახსენო რუსული ანდაზა: „გაძლევენ – აიღე, გცემენ – გაიქეცი“.

მულტიპოლარულ მსოფლიოში დასავლეთიდან წამოსულ პრეფერენციებსაც უნდა თანხმდებოდე და აღმოსავლეთთანაც გაკავშირებდეს მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები, ხოლო, როგორც კი მძლავრი სტრატეგიული პარტნიორის შუამდგომლობით მკვდარი წერტილიდან დაიძვრება ჩვენი ძირითადი სანუკვარი ოცნების ხორცშესხმა – ჩრდილოეთთანაც მიდიოდე ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მოლაპარაკებებზე.

ამას ჰქვია მულტიპოლარულ სამყაროში ზრუნავდე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ამისთვის შესაძლებელი ყველა საჭირო საგარეო ვექტორის გამოყენებით. მათ შორის, შენს პოლიტიკურ „ყულაბაში“ ევროინტეგრაციის გზაზეც შენი დამსახურებული ადგილის ღირსეულად დამკვიდრებით.

ამიტომ, თუ განიჭებენ ევროსტატუსს – მიიღე. როგორც კი რომელიმე მხრიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან საფრთხე დაემუქრება შენს საბაზისო ფასეულობებს – მამული, ენა, სარწმუნოება, გაიქეცი! და სწორი მიმართულების სასარგებლოდ გააკეთე არჩევანი. როდესაც დღეს ასეთი საფრთხე არ არსებობს, რატომ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას?“, – წერს დავით ქართველიშვილი.