Home Blog Page 1767

“სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია” – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია – საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის და ესეც არ ეყო, კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი და მთავრობა სათანადო პოზიციებზე დგანან, იმისათვის, რომ პრეზიდენტს საბოტაჟის წარმატებით განხორციელების საშუალება არ მისცენ.

„5 წელი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია. რა თქმა უნდა, პრობლემებს უქმნიდა თავისი საბოტაჟით ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც ის 2021 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა, მაგრამ მას არ აქვს ქვეყნის დაქცევის რესურსი,“ – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს – კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლობას არგუმენტები არ აქვს.

„ჩვენგან არის არგუმენტები, იქიდან არის აბსოლუტურად ნული არგუმენტი. ერთი-ორი მცდელობა იყო, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავსულიყავით, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის წარმომადგენლობას ამის საშუალებას არ მივცემთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა სასამართლო პროცესზე დისკუსია აბსოლუტურად სწორად წარმართეს.

„რა იყო კრიტიკული და მწვავე? მოსამართლეები აბსოლუტურად სწორად წარმართავდნენ დისკუსიას, რომელიც გაიმართა. ეს არის მოსამართლის ფუნქცია, რომ ყველა შესაძლო საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვას. ამას მოსამართლეები ძალიან კომპეტენტურად, სწორად და ლოგიკურად აკეთებდნენ,“ – აღნიშნა მან.

თიბისი განათლების საერთაშორისო გამოფენაში გამოფენაში იღებს მონაწილეობას

თიბისი, თბილისში გამართულ, განათლების ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს, დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი თიბისის განათლების პროგრამების გაცნობა და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. თიბისის სტენდთან დეტალურად მოგიყვებით ჩვენი განათლების პროგრამის, IT აკადემიის და ახალი თაობის მხარდამჭერ სხვა პროექტების შესახებ. სტუდენტები კი შეძლებენ  სტუდენტური ბარათის ადგილზე აღებას.

გამოფენა ეწყობა ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, რომელშიც ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური ინსტიტუტებიც იღებენ მონაწილეობას.

გამოფენა გაიმართება 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე.

მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #118. ექსპო ჯორჯია, პავილიონი #11.

R

 

„რატომ სურს ვლადიმერ პუტინს „მუდმივი ომი“ – რას წერს „სი-ენ-ენ“-ი

აშშ-ის სამაუწყებლო ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ბრიტანელი ანალიტიკოსის, ლონდონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატია სათაურით „რატომ სურს ვლადიმერ პუტინს „მუდმივი ომი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის პრეზიდენტის ხედვა უკრაინასთან მიმდინარე ომის მნიშვნელობაზე და მის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტი „მუდმივ ომად“ გადაიქცაო, მათ, როგორც წესი, მხედველობაში რაღაც ცუდი აქვთ. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის, როგორც ჩანს, მიზანი სწორედ ეს არის. გასულ კვირას მან 30 სექტემბერი ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა – რუსეთის ფედერაციისათვის ახალი რეგიონების მიერთების დღედ.
მართალია, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს კრემლი ვერ აკონტროლებს, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა შესაძლებლობით და კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინასთან ომი – „ეს არის ბრძოლა სამშობლოსათვის, ჩვენი სუვერენიტეტისათვის, სულიერი ფასეულობების, ერთობისა და გამარჯვებისათვის“. მისი აზრით, ეს იმდენად უკრაინასთან ბრძოლა კი არ არის, რამდენადაც გლობალური ომი დასავლეთთან, რომელშიც უკრაინა მხოლოდ ბრძოლის ერთ-ერთ ველს წარმოადგენს, თუნდაც განსაკუთრებით სისხლიანს. მან ილაპარაკა „დიდი სამამულო ომის“ აჩრდილზე (ასე უწოდებენ რუსები მეორე მსოფლიო ომს) და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცივილიზაცია ისევ გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება და რომ დასავლურ გლობალისტურ ძალებს რუსეთის დანგრევა და განადგურება, დამონება სურთ.

ერთი მხრივ, ეს შეიძლებოდა რაღაც აპოკალიფსურად მიგვეღო, რომ მან ჩააფლავა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში, რომლის მიზანს, თუ გავიხსენებთ, კიევის სწრაფი დაპყრობა და იქ პრორუსული მარიონეტული რეჟიმის ჩამოყალიბება წარმოადგენდა, სინამდვილეში კი „ოპერაცია“ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და რუსეთის არმიის ძლიერების საფლავად გადაიქცა.

უფრო მეტიც: როცა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოპერაციაზე ლაპარაკობს როგორც „ჩვენი სამშობლოს ბედისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაზე“, ამას ის, როგორც ჩანს, გულწრფელად ამბობს, მაგრამ იგი მოსახლეობას ვერ სთავაზობს მომავლის მკაფიო ხედვას, ვერ აძლევს იმედს და უბრალოდ, აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთთან მტრულ ეგზისტენციალურ ომშია ჩაბმული, რომელსაც დასასრული არ უჩანს.
ეს საკმაოდ უღიმღამო პერსპექტივაა, მაგრამ, ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, მას აქვს თავისი აშკარა უპირატესობაც. რა თქმა უნდა, ომი რუსეთისათვის კატასტროფას წარმოადგენს – აშშ-ის სამთავრობო წყაროების ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, უკვე დაკარგა 120 ათასი სამხედრო მოსამსახურე მოკლულის სახით და 170-180 ათასი – დაჭრილის სახით. გარდა ამისა, ეკონომიკური „ჭრილობების შეხორცებას“ წლები დაჭირდება. ომის უმძიმესი შედეგები მომდევნო თაობებზე იმოქმედებს.

უპირატესობა კი იმაშია, რომ „მუდმივი ომი“ შესაძლებლობას იძლევა ხელისუფლებამ – „გვიანი პუტინიზმის“ ეპოქაში – რეპრესიები გააძლიეროს, ომის გამართლების მიზნით და მოსახლეობაზე ვლადიმერ პუტინის კონტროლის შესანარჩუნებლად. დღეს კრემლისათვის ე.წ. „სხვაგვარად აზროვნების“ ყველაზე უმნიშვნელო გამოვლინებაც კი სახელმწიფოს ღალატად აღიქმება. აუცილებელი ხდება „ტვინების გამორეცხვა“. მოსახლეობა უსიტყვოდ და კრიტიკის გარეშე უნდა დაეთანხმოს რესურსების გადანაწილებას სამხედრო სფეროს სასარგებლოდ. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები, წლევანდელთან შედარებით, 70%-ით იზრდება. ეს სამჯერ აღემატება ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის ხარჯებს, ერთად აღებულს.

ბრძოლის ველზე ვლადიმერ პუტინს შეუძლია თქვას, რომ იგი იმარჯვებს და არ მარცხდება. უკრაინის არმიამ კონტრშეტევის დროს უკვე გაარღვია რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთის (ზაპოროჟიეს) ფრონტზე, ხოლო ჩრდილოეთში, დონბასის ფრონტზე, ბზარები შეიტანა. კიევს იმედი აქვს, რომ თუ ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანს ორად ვერ გაჭრის და აზოვის ზღვაზე ვერ გავა (რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი), წინ საკმაოდ შორს მაინც წაიწევს, რომ იმავე დერეფანში არსებულ რკინიგზებს და ავტომაგისტრალებს მისწვდეს და არტილერიით დაბომბოს.

რამდენადაც უკვე შემოდგომის წვიმები ახლოვდება, გაურკვეველია, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი უკრაინის არმიისათვის ამ გეგმის განხორციელება. თუ კიევი შეყოვნდება, მოსკოვს „სულის მოთქმის“ შესაძლებლობა ექნება, რომ თავდაცვა განამტკიცოს, ჯარები გადაისროლოს და მომგებიანად განალაგოს. გარდა ამისა, კრემლს იმედი აქვს, რომ დასავლეთის სურვილი უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე შესუსტდება.

ჩვენ არ ვიცით, გულწრფელად სჯერა თუ არა ვლადიმერ პუტინს, რომ რუსეთი რაღაც „გამარჯვებას“ მაინც იპოვის უკრაინულ ფიასკოში ან უბრალოდ, გრძნობს, რომ მას მეტი ალტერნატივა აღარ აქვს და ჰგონია, რომ თავის მტრებზე მეტ ხანს იცოცხლებს. იგი ფიქრობს, რომ ხშირი ლაპარაკი „მუდმივ ომზე“ მისი მტრების დემორალიზებას იწვევს.

ვლადიმერ პუტინისათვის „მომგებიანია“ ერთი მომენტიც: უკრაინამ რომც შეძლოს და ტავისი ტერიტორიიდან უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გააძევოს და სახელმწიფო საზღვარი არადგინოს, ეს რუსეთის ჯარებისათვის მხოლოდ ფრონტის ხაზის გადაადგილება იქნება სხვის ტერიტორიაზე. მოსკოვს ექნება შესაძლებლობა აღადგინოს თავისი ძალები, გაუშვას დრონები და რაკეტები და ყველაფერი გააკეთოს უკრაინის აღდგენის ხელის შესაშლელად.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინმა დასძლია „ვაგნერის“ აჯანყება, რითაც აღკვეთა მის გარემოცვაში გაჩენილი ეჭვები – ხომ არ დაკარგა პრეზიდენტმა სისტემის მართვის უნარი, ხოლო ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დასასრულით პუტინმა ყველა გააფრთხილა: ასეთი ბედი ეწევა ყველას, ვინც კი მასზე ხელს აღმართავს.

სანქციები რეალურ ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის სამხედრო წარმოებაზე, მაგრამ მათ ომის ესკალაციის შეჩერება არ შეუძლიათ. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არც რუსეთის ეკონომიკას არ ემუქრება კოლაფსი. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსები მაინც ჩაეწერებიან მოხალისეებად და ბრძოლებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ – იმის მიუხედავად, რომ გენშტაბი აცხადებს, დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმებაო.

მოკლედ, არცერთი ომი მარადიულად არ გრძელდება, მაგრამ დღეისათვის მშვიდობა ჯერ ძალიან შორსაა – „ჰორიზონტს მიღმაა და მიუწვდომელია“.

წყარო

“ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი, გადადგება?” – ირაკლი კობახიძე

ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? – რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არ უნდა იაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პასუხისმგებელი მხოლოდ მთავრობაა.

ამასთან, მან უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის შეკითხვას: „თუ საშინაო და საგარეო პლატფორმები არ ექნება პრეზიდენტს, მაშინ ამომრჩეველს რა უნდა უთხრას? მე ვიქნები კანდიდატი, რომელიც არც იქ ჩავერევი, ჩუმად ვიქნები და არავის არ შევუშლი ხელს? ანუ ამის მიღმა ამ ინსტიტუტს არაფერი რჩება?“ – საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გასული წელს განხორციელებული ვიზიტები გაიხსენა, როდესაც მისი განმარტებით, ზურაბიშვილმა ივნისამდე რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით.

„პირდაპირ ასე ეწერა. ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით, ოთხ ქვეყანაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, ვერ იხსენებს ყველა ქვეყანაში წასვლასთან მიმართებით უარი მიიღო, თუ არა ზურაბიშვილმა, რა დროსაც, დროსაც პლენუმის მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტება წაიკითხა:

„ახლავე გეტყვით, ევროსაბჭო, პოლონეთი, გერმანია საფრანგეთი. თებერვალ-მარტში, 2022 წელი. თემა, ევროპულ-და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან პარტნიორობის განხილვა, რაზეც უარი ეთქვა სამუშაო ვიზიტზე“, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „თუმცა, ვიზიტი განხორციელდა“.

„ნახეთ, რაში საქმე – პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომ შეიძლება ამას გადამწყვეტი როლიც კი, ჰქონოდა. ჩავიდა, ესაუბრა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, რომ ან პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან პასუხი უნდა მოეთხოვოს? რატომ არ საუბრობდნენ? იმიტომ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ეს არის მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობა. მაგალითად, ახლაც ხომ ვსაუბრობთ იმაზე რომ რაღაც კეთილშობილური მიზნით შეიძლება დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს, ქალბატონმა სალომემ. ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, რომ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი? აი, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც კი დაარღვია, მაშინ, რატომ დადის? ამაშია საქმე! მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან, თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? – რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არ უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი ან მან უნდა იაროს ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. თავად პრეზიდენტი არც დღევანდელ სხდომას ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“ლელო” პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს” – ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასამართლო პროცესი და საერთოდ, იმპიჩმენტის წამოწყება მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ სჯიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ყველა  მოქალაქეს, რომელსაც მომავალი უნდა და ესახება ევროპაში. ამ სურათის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“, თუმცა მათი არგუმენტები უკიდურესად სუსტია და აცდენილია კონსტიტუციას. მოქალაქეებიც ხედავენ, რამდენად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ იმპიჩმენტს, რომელიც თავადვე წამოიწყეს.

არ ვიცი, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო. არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან. ვნახოთ, დაველოდოთ, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად და  საქართველოს მეგობრული გზის მხარეს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესის სახით, საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მანქანებს ავკრძალავდით?” – სანდრო რაქვიაშვილი უმრავლესობას

სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? – თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ „ამ კომიკურ სიტუაციას გაუგებრობა დავარქვათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს“.

„სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან, კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. [იმის ნაცვლად, რომ] ამ განცხადების გამო, სუს-ი დაიცინოს, უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ ხალხო რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც, კანონს ვცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს ვკრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? ეს კარვები ხომ სისულელეა ზოგადად, მაგრამ სუფთა სამართლიანობის თვალსაზრისით, ვისი რა საქმეა დავდგამ კარავს თუ არა? მითუმეტეს თუ სუს-ი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? მოდით, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“რა ზომებს იღებს აშშ უკრაინაში კორუფციის წინააღმდე” – Politico

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა ზომებს იღებს აშშ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ“ (ავტორი – მეთ ბერგი), რომელშიც განხილულია უკრაინაში არსებული სიტუაცია – კორუფციის თვალსაზრისით და ის პოზიცია, რომელსაც აშშ ავლენს უკრაინულ მექრთამეობასთან ბრძოლის მიმართ. „კორუფცია უკრაინის არმიაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. არმია და ხალხი მთავრობის ანტიკორუფციული ბრძოლით უკმაყოფილოა“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ უკრაინა შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ კორუფციას საკმაოდ კარგად ებრძვის, ეს, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ამერიკის კონგრესმა კიევს დახმარება სამომავლოდაც გაუგრძელოს. უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლა თეთრი სახლისთვის სულ უფრო მეტი ყურადღების საგანი ხდება.

უკრაინის ხელმძღვანელობაში არსებული კორუფცია ისეთი პრობლემაა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს მართლაც ძალიან აწუხებს, მაგრამ ამის შესახებ მათ ხმამაღლა ლაპარაკი არ შეუძლიათ. როგორც ერთ-ერთ კონფიდენციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, კორუფციასთან გრძელვადიანი ბრძოლა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან ნაბიჯებს, რათა კიევს დახმარება გაუწიოს თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენის აღკვეთაში და მთელი რიგი სექტორების რეფორმირებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინაში გამეფებულმა კორუფციამ შეიძლება დასავლელი მოკავშირეების დახმარება შეასუსტოს. თუ კიევი მეტ ყურადღებას არ დაუთმობს მექრთამეობასთან უკომპრომისო ბრძოლას, მის მიმართ დასავლეთის პოზიტიური განწყობა ნეგატიურით შეიცვლება.

დოკუმენტი დოკუმენტად, მაგრამ, რეალურად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მთლიანობაში უუნარობას ავლენს უკრაინაში კორუფციის ასალაგმავად.

როგორც მაქსიმ სკრიპჩენკო – უკრაინის ანალიტიკური ცენტრის „ტრანსატლანტიური დიალოგის“ დირექტორი – აცხადებს, გასულ თვეში იგი კონგრესის 40 წარმომადგენელს შეხვდა, მაგრამ ბევრმა კანონმდებელმა, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებმა, მასთან საუბარი არ ისურვეს: მათი განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის კიევის ხელისუფლებაზე გავლენას ვერ ახდენს. დემოკრატმა კანონმდებლებმა კი მას უთხრეს, რომ უკრაინაში კორუფციის დონე გადაჭარბებულად არის შეფასებული, თუმცა აღიარეს, რომ რაც არის, ის კიევისადმი ნდობას ასუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო დროს აქტიურ ძალისხმევას ახმარს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრი თანამდებობის პირი იქნა დაპატიმრებული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფრაგმენტულია და არასაკმარისი.

„ბევრი რიგითი უკრაინელი მოქალაქე მიესალმებოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ენერგიულ ანტიკორუფციულ ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე. უკრაინელები დაიღალნენ თავიანთ ქვეყანაში გაბატონებული კორუფციით“, – ამბობს უილიამ ტეილორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში. „კიევის მთავრობა კორუფციისადმი ზოგადად თმენის პოლიტიკას ატარებს, რადგან იციან – ამერიკა უკრაინას მაინც დაეხმარება ომში გასამარჯვებლად“, – აღნიშნავს ყოფილი ელჩი.

მაგრამ ასეთი სიტუაცია მიუღებელია იმ უკრაინელებისათვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, მაგალითად, ვლადიმერ ომელიანისათვის – უკრაინის არმიის კაპიტნისათვის, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, ახლა კი ფრონტზე მოხალისედ იბრძვის. იგი თვლის, რომ კიევმა აუცილებლად უნდა შეცვალოს კადრები – „ჭუჭყიანი თეთრეულივით“, თორემ დიდი რისკია სამომავლოდ ფრონტზე უფრო მეტი ზარალი მიიღოს.

„ჩვენთვის, ფრონტზე მყოფებისათვის, მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ხალხს ატყუებს და ქურდობას აგრძელებს იმ დროს, როცა აქ ყოველდღიურად ვიღუპებით ბრძოლის ველზე“, – ამბობს ვლადიმერ ომელიანი, – ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმჯობესია თავისი ხაკისფერი კამუფლიაჟი ჰალსტუხითა და პიჯაკით შეცვალოს და გაანალიზოს, თუ რა ხდება მის ირგვლივ, მისსავე გუნდში“.

წყარო

„შიში ოხერია“ ბატონო გივი?” – ანა წითლიძე გივი მიქანაძეს

„შიში ოხერია“ ბატონო გივი? – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ანა წითლიძის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან ვერ გაუშვებენ, რაც არ უნდა რეგულაცია დაწესდეს, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება.

„შიში ოხერი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, სადაც სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს. ეს სისულელე კანონი კი არ უნდა გამოგქონდეთ, ტრიბუნასთან უნდა იდგეთ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა უყვებოდეთ, როგორ დაიწყებთ სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების განხორციელებას სკოლებში. როგორ ზრუნავთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რასაც ამ ქვეყანაში ბავშვების შიმშილი ჰქვია, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ გეშინიათ და გგონიათ, რაც უფრო მეტ ასეთ შეზღუდვას შემოიტანთ, მით უფრო მეტად დააფრთხობთ საქართველოს მოქალაქეებს. არადა, სულ პირიქით არის, რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებთ, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. აუცილებლად მოგიწევთ ზუსტად ისე უკან დახევა, როგორც მარტის აქციების დროს დაიხიეთ. ახლა კონკრეტულად მინდა გკითხოთ, მე რომ მიკროფონი ან მეგაფონი მეჭიროს ხელში, ამ ცვლილებების მიხედვით, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება? მერე გვითხარით, კონტროლის მექანიზმი გვაქვს ასევე სასამართლო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის გასაჩივრებაო. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, მიკროფონი რომ ხელში მიჭირავს და მეგაფონი, ამის გამო რომ დამაკავონ, მერე სად უნდა გავასაჩივრო, იმ სასამართლოში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები გვყავს?!“,- მიმართა წითლიძემ მიქანაძეს.

“სომხეთში საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს” – მარია ზახაროვა

სომხეთში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდნენ.

„მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დღეს, არამედ ერის ისტორიის კონტექსტში. ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობის გარეშე, პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობის გარეშე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

“ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება აეროპორტის მშენებლობის თაობაზე ექსპერტების შეფასების შემდეგ მიიღება, შეფასება კი სავარაუდოდ, 2024 წლისთვის იქნება.

“ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აქ რადიკალური პოზიცია, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს. თავდაცვის (კომიტეტის) წევრებმა მოისმინეს თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა. ასე რომ, დაველოდოთ შეფასებას. იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რომ დღეს არსებობდეს, რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.

ექსპერტების დაქირავება იქნება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება, მე როგორც ვიცი, 2024 წელს იქნება დაქირავებული, შეფასდება სამხედრო, გარემოზე შემოქმედების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თუ რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქის ურბანისტიკას და ა.შ.”- განაცხადა ბურჭულაძემ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერს, ჩვენს ქვეყანაში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ეს დღე, ეკუთვნის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ყოველწლიურად ატარებს ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც, სამსახური, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, საქველმოქმედო პროექტებს, რომელთა მიზანია, საზოგადოების ფართო ფენების, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, საზოგადოებაში ვეტერანის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ვიმედოვნებთ,რომ არა ერთი ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, თანადგომა გამოხატოს იმ ღირსეული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელნიც ჩვენს ქვეყანას თავდადებით ემსახურნენ და დღესაც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან ჩვენი სამშობლო.

ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების თაობაზე, რომელიც მასმედიის საშუალებებით გაშუქდება, წინადადებების შესახებ, გთხოვთ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge ან დაუკავშირდეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ცხელ ხაზზე: 2 48 16 26

“პარლამენტმა არ უნდა მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი”

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „პარლამენტმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი არ უნდა მიიღოს“.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი თქვას.

„საქართველოს პარლამენტში 2 ოქტომბერს უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. ინიციირებული ცვლილებები უკიდურესად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

რა იცვლება: მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი; შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ: საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;

ბუნდოვანია საპოლიციო ძალებისათვის მოწყობილი კონსტრუქციის დემონტაჟის უფლების მინიჭების საკითხი, კერძოდ, დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად სამართალდამცველი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

წესდება სანქციები, კერძოდ დარღვევა იწვევს საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით; ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ინიციატორები წესების გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებენ. განმარტებითი ბარათის თანახმად, „წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია.“

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბუნდოვანი ჩანაწერები კი, ფაქტობრივად აწესებს იმდაგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას უშლის ხელს და მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს.

დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.