Home Blog Page 1767

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5930 ლარი ეღირება, ევრო – 2.8248 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3100 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5969 ლარი ღირდა, ევრო – 2.8270 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3162 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 ივლისს ამოქმედდება.

“არ გამოვრიცხავთ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგეს” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართოს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის შეიძლება, მოხდეს ეს.

„რაც შეეხება პუტინისა და ერდოღანის მომავალ შეხვედრას, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ის უახლოეს მომავალში შედგეს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, პუტინსა და ერდოღანს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია აქვთ.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩადის, დაგეგმილია ორი ქვეყნის პირველი პირის პირისპირ შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა რუსეთ- უკრაინის ომი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9-12 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

“დესტრუქციული ძალების შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ ჩანაწერში ოპოზიცია და პოლიტიკური ჯგუფები არ იგულისხმება”

პიროვნებები და ჯგუფები გეგმავდნენ დესტრუქციულ ქმედებებს. მიზანი იყო არეულობა. ოპოზიციის მიმართ არანაირი ბრალდება არ ყოფილა, – ასე პასუხობს სუს-ის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კითხვას, იგულისხმება თუ არა ოპოზიცია დესტრუქციული ძალების შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ ჩანაწერში და რატომ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, როცა ასეთ ბრალდებაზეა საუბარი.

ბატიაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე გახსნილად ვერ ისაუბრებს.

„ოპოზიციის მისამართით არანაირი ბრალდება არ ყოფილა. საუბარი არ არის პოლიტიკურ ჯგუფებზე, არამედ ზოგადად პიროვნებები და ჯგუფები, აქტორები. სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფი შეიძლება ეს ყოფილიყო, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გეგმავდა დესტრუქციულ ქმედებებს. მათი მიზანი იყო არეულობა, ჩვენი და სხვა სამსახურების ერთობლივი ღონისძიებით ეს იქნა აღკვეთილი.

დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. პოლიტიკურ განცხადებებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენს ანგარიშში ამაზე საუბარი არ არის,“ – აღნიშნა სუს-ის უფროსის მოადგილემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სუს-ი ანგარიშში ერიდება „რუსეთის“ ხსენებას იქ, სადაც საფრთხეებზეა საუბარი და განაცხადა, რომ რუსეთის ფაქტორი ანგარიშში აღნიშნულია.

„რუსეთის ფაქტორი არის აღნიშნული ჩვენს ანგარიშში, ოკუპაციის თავში ძირითადად ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ამ მხრივ იყო რუსეთი,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს სუს-ის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

„საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ეს არის ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილება და პასუხი ზელენსკის საქციელზე”

სულ მალე შესაძლოა პოლიტიკურ ურთიერთობებშიც კი. როგორც დასავლეთი აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ვარიანტი დღეს ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა მოლაპარაკების გზით, და თუ რის ფასად უკრაინის მხრიდან, ამას ალბათ ყველანი ვხვდებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, რაც საქართველოს ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილებაა.

„საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება, ეს არის ხელისუფლების სწორი გადაწყვეტილება და პასუხი ზელენსკის საქციელზე. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება რომ გაამართლონ, ხშირად ამბობენ, ომში არიან და ეპატიებათო. ეს არასწორია, სწორედ რომ ომში არ ეპატიებათ უღირსი ქმედება,

ომს მხოლოდ სიმართლით და ღირსებით თუ მოიგებ. მართალია, სხვისი დაკვეთების შემსრულებლებს არავინ მისცემთ ღირსეული ქმედების უფლებას, მაგრამ გონიერი კაცი მანამდე ფიქრობს, სანამ ღირსებას დააკარგვინებენ. უკრაინაში აღარ იქნება საქართველოს ელჩი, სამაგიეროდ იქნება ბელარუსის ელჩი, რომელიც სავარაუდოდ ნაყოფიერად დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ირიბ სავაჭრო ურთიერთობებში.

სულ მალე შესაძლოა პოლიტიკურ ურთიერთობებშიც კი. როგორც დასავლეთი აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ვარიანტი დღეს ორივე მხრიდან დათმობაზე წასვლაა მოლაპარაკების გზით, და თუ რის ფასად უკრაინის მხრიდან, ამას ალბათ ყველანი ვხვდებით. მიმდინარე საშინელი ომის პერიოდში, უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ზელენსკიმ წაართვა ერთადერთი პატრონი ადგილზე, მაშინ, როდესაც საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს თან ჰყვება მთელი ხელისუფლება. ამაზე პასუხს ზელენსკის მთავრობას არა ქართველები, არამედ, საქართველოში დროებით მცხოვრები, ჩვენი მზრუნველობით ტკივილშემსუბუქებული უკრაინელი ხალხი მოსთხოვს”. – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომლებმა კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებული დოკუმენტები გააყალბეს”

პროკურორ ლაშა ფანჩულიძის განცხადებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს.

როგორც პროკურორმა სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, ბრალდების მხარემ სამ ბრალდებულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა მოითხოვა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამიმილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი ლარიდან 170 000 ლარს დაეუფლნენ.

ამის საფუძველზე წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარემ სამ პირთან მიმართებით პატიმრობა მოითხოვა. ეს სამი ადამიანი ფინანსური მენეჯერი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს თანამშრომელი და ინდმეწარმე არიან“, – განაცხადა პროკურორმა.

“სუს-ის უფროსის მოადგილეს პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე”

სუს-ის უფროსის მოადგილეს პასუხი არ ჰქონდა არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში, სხდომაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი ანგარიშს წარადგენს, არცერთ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ მოუსმენია.

„ალექსი ბატიაშვილმა გვითხრა, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ, არავის უსმენენ, ძალადობას არ აორგანიზებენ. პასუხი არ ჰქონდა სანქციებზე, არც ფრენებზე, არც კადიროველებზე. ვციტირებ, გვიპასუხა, დანარჩენი პუტინს ჰკითხეთო. იმედი მაქვს, სუს-ი საქმეს არ აღძრავს ჩემ წინააღმდეგ აღნიშნული ფრაზის სხდომიდან გამოტანის გამო. სხდომიდან, რომელიც ირაკლი ბერაიამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დახურა. სუსი-ს დაფინანსება – 180 მილიონი – ბიუჯეტის ფლანგვაა, რადგან ამ პარლამენტის სტანდარტითაც კი გამორჩეულად ტრაგიკომიკური იყო დღევანდელ სხდომაზე, სადაც არცერთ საკითხზე პასუხი არ იყო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“ჩინეთთან ექსპორტი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა” – გენადი არველაძე

7 ივლისს თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის მხარეს კი კომერციის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ჰან იონგი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი 5 წლის იმპლემენტაცია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. აღინიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მას შემდეგ, სახეზეა ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია. მაგალითისთვის, ექსპორტი ჩინეთში გაორმაგდა,” – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, 2020-2022 წლებში ჩინეთი წარმოადგენდა ქართული პროდუქტებისთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო პოზიტიური შედეგია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე ბევრი ახალი ქართული საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული ხელსაწყოები, მშრალი ხილი, სანელებლები, ყავის და ჩაის ექსტრაქტები და სხვ. „ 2022 წლის საექსპორტო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის, ჩინეთი პირველ ადგილზეა, მთლიან ექსპორტში 13%-იანი წილით,” – აღნიშნა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე გაიმართა პოზიტიური და კონსტრუქციული დისკუსია. მათ შორის, საუბარი შეეხო, ქართული ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, გეოგრაფიულ აღნიშვნების, საბაჟო და ტექნიკური რეგულირების სფეროებში თანამშრომლობას გააქტიურებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქონლით ვაჭრობის სფეროში არსებულ ბარიერებზე, ჩინეთის მიერ საქართველოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის თაფლისა და ფრინველის ხორცის, ბაზარზე დაშვების მოთხოვნებსა და აღიარების შესაძლებლობებზე და სხვ.

“სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები” – პაატა მანჯგალაძე

სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს, რომ ომის რიტორიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყენებენ რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის – ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის “ქართული ოცნება”,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და “ქართული ოცნების” ლიდერები სინქრონიზებულად მოქმედებენ.

“სუს- ის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები სამართლიანად არის შეფასებული. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველო მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა, ომისთვის და მეორე ფრონტის გახსნისთვის. შემდეგ ვკითხულობთ სუს-ის ძალიან საინტერესო ანალიტიკას, რომ ომის და მეორე ფრონტის ნარატივი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისთვის და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შემრიგებლობის დანერგვისთვის. ეს თუ ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახლა დავსვათ კითხვა, ვინ ავრცელებდა ამ ნარატივს ქვეყანაში? – საქართველოს ხელისუფლება, “ქართული ოცნება”, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. თუ საოკუპაციო რეჟიმები ამას იყენებენ მოსახლეობის დათრგუნვისთვის, იგივე მიზნები ხომ არ გააჩნია შემთხვევით ღარიბაშვილს და კობახიძეს? თვითმარქვია პრეზიდენტი ასლან ბჟანია ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ოპოზიციას სურდა, პროცესებით ესარგებლა და აფხაზეთის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგი დაემყარებინა. ანუ სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და სამწუხაროდ, “ქართული ოცნების” ლიდერები. სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს (არ ვიცი, ვინ შეასრულა ეს სამუშაო), რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის და რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის. დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის “ქართული ოცნება”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

“რის გამკეთებელია შვედეთი ნატოში“ – რას წერს უცხოური პრესა

შვედეთი, რომელსაც გაგანია ცივი ომის დროსაც კი არ გამოუხატავს ნატოში გაწევრიანების სურვილი, არც ახლა არ უნდა ამის გაკეთება, მაგრამ რა ქნას, როცა მას ალიანსისაკენ ოკეანის გაღმიდან უბიძგებენ, ევროპელების კონტროლის მიზნით?, – წერს თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) სტატიაში სათაურით „რის გამკეთებელია შვედეთი ნატოში“ (ავტორი – ჰასან იალჩინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„შვედეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატოს წევრი არ გახდეს, საბაბად კი თურქეთს იყენებს – ჩემი ალიანსში გაწევრიანება ანკარას არ უნდაო. არადა, სტოკჰოლმს რომ რეალურად სურდეს ნატოს წევრობა, რაც მოხდა, ის ნამდვილად არ მოხდებოდა. შვედეთი თურქეთთან გარკვეულ კონსენსუსს მიაღწევდა და არ დაუშვებდა ისეთ პროვოკაციებს, როგორსაც ყურანის საჯაროდ დაწვა წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, როცა შვედეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს კომპრომისზე არ წავიდეს.

რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში შვედეთს ნატოში გაწევრიანება არ სურს. ეს აიხსნება როგორც სტრატეგიული, ასევე სოციალური მიზეზებით.

შვედეთის საგარეო პოლიტიკა აგებულია „აქტიური ნეიტრალიტეტის“ ტრადიციულ სტრატეგიაზე. ეს გარკვეულწილად ამერიკულ იზოლაციონიზმს ჰგავს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით შვედეთი სამხედრო შეჭრის საფრთხეებისაგან შორს იმყოფება და არ აქვს კავშირი ღია საოკეანო სივრცესთან. შვედეთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია თავი ირჩინოს საერთაშორისო ვაჭრობით, თავისი პოლიტიკური და სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებითაც კი.

და თუ შვედეთი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანდება, ასეთი ნაბიჯი სტოკჰოლმს ზედმეტ ხარჯებს და უფრო ბევრ სიავეს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. შვედებმა დიდი ხანია იციან ეს ყველაფერი და ამიტომ ისინი 200 წლის განმავლობაში რომელიმე სამხედრო ალიანსში გაერთიანებისაგან თავს იკავებდნენ.

უკრაინის სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილის მიზეზად ასახელებენ, სრულიადაც არ ითვლება სტოკჰოლმის მთავრობის პრონატოური სწრაფვის დამარწმუნებელ გამართლებად. აბა, წარმოიდგინეთ: იმ დროს, როცა ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირი და დასავლეთი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებულნი, სტოკჰოლმი მშვიდად იყო და ნეიტრალიტეტს იცავდა. მას ახლაც არ აქვს სურვილი უკრაინის ომის გამო ალიანის წევრი გახდეს. შვედეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს.

მას შემდეგ, რაც ფინეთი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის წევრი გახდა, შვედეთი ავტომატურად აღმოჩნდა ნატოს მფარველობის ქვეშ. შეხედეთ რუკას და თვითონ დარწმუნდებით.

მაშ რატომ ფართი-ფურთობს შვედეთის ხელისუფლება? იმიტომ, რომ მისი ნატოში გაწევრიანება ამერიკას სურს, რაც ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული:

პირველი – ამერიკას სურს შვედეთი ტრამპლინად გამოიყენოს არქტიკის რესურსების წვდომისათვის;
მეორე – ამერიკა ნატოს კონტროლის ერთგვარ მექანიზმად განიხილავს: ვაშინგტონის აზრით, არ უნდა დარჩეს ევროპაში არცერთი ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, მაგრამ ნატოს შემადგენლობაში არ შედის.
ამრიგად, ყველა ქვეყანა ერთი სახურავის ქვეშ იქნება და ყველას აშშ გააკონტროლებს. აი, ასე ესმის ვაშინგტონს „ევროპული უსაფრთხოება“.

თუმცა, არავინ ყურადღებას არ აქცევს იმ გარემოებას, რომ ასეთ პირობებში ამერიკის მიერ ნაყიდი ნატო თავის თავდაპირველ ფუნქციებს უკვე ვეღარ შეასრულებს.

ევროპის სტაბილურობა ამერიკაში განიხილება არა როგორც საერთაშორისო კავშირის არენად, არამედ როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის არეალად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკას სურს ნატო ევროპის მაკონტროლებელ სტრუქტურად გადააქციოს და არა როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კავშირად.
ამის შედეგად ევროპა ამერიკასთან ერთად ერთ ფრონტზე იქნება ამერიკული ქოლგის ქვეშ, ხოლო თვითონ უშუალოდ აშშ თვალს სხვა რეგიონებს მიაპყრობს.

წყარო

“სამართლიანი განხილვის პირობებში, საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას მხარდაჭერა არ ექნება”

პრაქტიკულად, საკითხი არ არსებობს, სადაც უკრაინის პოზიციას, სულ მცირე, არ აქვს საკმაოდ სერიოზული, ფართო განხილვა და რასაკვირველია, მათ მოსაზრებასაც ანგარიშს უწევენ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, ექნება თუ არა გავლენა უკრაინას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

გია ვოლსკის თქმით, საქართველო ყველა მონაცემით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სამართლიანი განხილვის პირობებში უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას მხარდაჭერა არ ექნება.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები იღუპებიან ევროპისთვის. ეს არის თემა, რომელიც მუდმივად მუსირებს ბრიუსელში, ამ სტრუქტურებში. საქართველოს ყველა მონაცემით აქვს უკეთესი პოზიცია, ვიდრე უკრაინას, მოლდოვას და ბევრ სხვა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. უკეთესი მონაცემები აქვს მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს მართლმსაჯულება, კორუფციის დამარცხების საკითხი თუ ინსტიტუტები და მთავრობის გამჭვირვალეობა, კრიმინალთან ბრძოლა, გენდერული თანასწორობის საკითხები. სამართლიანი განხილვის პირობებში უკრაინის პოლიტიკურად ანგაჟირებულ პოზიციას შესაბამისი გამოძახილი და მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კიდევ ერთ კითხვაზე, დააფიქსირებს თუ არა უკრაინა საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხზე ნეგატიურ პოზიციას, ვოლსკიმ აღნიშნა:

„ნეგატიური პოზიცია უკვე დააფიქსირა. უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი და ახლანდელი წევრების გაერთიანებული ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი განვითარდეს. ამას არასდროს მალავდნენ და არც ახლა მალევენ. ხელისუფლების შეცვლა, მეორე ფრონტის გახსნა და პროცესების ისე განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ინტერესებს, მათ შორის სამხედრო თუ ეკონომიკური დაპირისპირება რუსეთთან, არის მექანიზმები, რომლებსაც ლობირებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, უკრაინაშიც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.