Home Blog Page 1761

,,ეს ქალბატონი ითხოვდა ჩემს გასამართლებას”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „დროების“კითხვებს პალატიდან წერილობით უპასუხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელით თუ არა გადაწყვეტილებებს თქვენთან მიმართებით მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან? საქართველოს ექსპრეზიდენტმა უპასუხა:

„არგუმენტები, რომელიც პრეზიდენტს აქვს, ჩემს არ გაშვებასთან დაკავშირებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. თავი დავანებოთ იმას, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად მარტის აქციებისა, უკრაინაშიც და რეგიონშიც ყალიბდება ქართველების პასიურობის და მონობასთან შერიგების სტერეოტიპი. მე ზუსტად ვიცი რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ საჭიროა, ლიდერობა, ორგანიზებულობა და ქართველი ერი კიდევ აჩვენებს თავისუფლებისთვის ბრძოლის კლასს.

დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ არ სჯერა [სალომე ზურაბიშვილს] ჩემს მიმართ შეთითხნილი საქმეების, იმ სისტემის მიერ, რომელსაც თვითონ უცხადებს უნდობლობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის ქალბატონია, რომელიც ითხოვდა ჩემს გასამართლებას „მძინარე ცხინვალზე თავდასხმისთვის“. ის იძახის, არ შეიძლება ჩემი გაშვება, სანამ ყველა „საქმე“ არ მივა ბოლომდე, მაგრამ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია სასჯელის აღსრულების გადავადება , მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

,,ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს”- ქადაგიძე

„ფინანსური მაქინაციების გამო რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა”- ასე ეხმიანება ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებას, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს. “კლასიკური ავანტიურა! ჯერ ერთი, რომ ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს… და მეორე, ფინანსური მაქინაციების გამო,რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა… უკაცრავად, მისტერ! შემთხვევით სხვაგან ხომ არ მოხვდით? რა სქემებს ხლართავთ და რა ავანტიურას აგორებთ, ეს ქვეყანა თვალში ხომ არ გეპატარავებათ?! სადაც გინდათ, რომელ სასამართლოშიც გინდათ იქ იდავეთ და დაიცავით თქვენი კლიენტის უფლებები, მაგრამ ფინანსური მაქინაციებისთვის დაკავებული, პოლიტ-დევნილად გაასაღოთ არ გამოგივათ! ცოტა ჭკუას მოუხმეთ…”- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Twitter-ი Meta-ს სარჩელით ემუქრება

კომპანია Meta-ს მიერ ახალი სოციალური ქსელი Threads-ის გაშვების შემდეგ, Twitter-ი Meta-ს სარჩელით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაადანაშაულა კომპანია სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აყვანის გზით.

კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ Meta ჩართული იყო „Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში“.

წერილზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა: „კონკურენცია კარგია, თაღლითობა არა“.

 

მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანთან უკრაინაში არსებული ვითარება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება განიხილა.

მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებით იმუქრება, რადგან კრემლის თქმით, არ დაკმაყოფილდა რამდენიმე მოთხოვნა საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის გაგზავნის შესახებ. კონტრაქტს ვადა 17 ივლისს ეწურება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 8 ივლისს განაცხადა, რომ დაიყოლიებს რუსეთს, ანკარასა და გაეროს შუამავლობით დადებული შეთანხმება სულ მცირე სამი თვით გაახანგრძლივოს.

ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან „აზოვის“ ხუთი მებრძოლის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნებაც განიხილა.

ოფიციალურმა პირმა ანკარას განუცხადა, რომ ის მიჰყვებოდა „დესტრუქციულ კურსს“ და ამ ნაბიჯებს, შეიძლება მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

,,2008 წელს დავალება ჩვენთანაც იყო, აღადგინეთ ფრენებიო”- გაიაშვილი

„იმედის კვირა“ თამაზ გაიაშვილს და საქართველოს ავიახაზების თანამშრომლებს შეხვდა. მათ გაიხსენეს რა გზა გაიარა ქართულმა ავიაკომპანიამ და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი.

გაიაშვილი ამბობს, რომ კარგად ახსოვს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები თბილის შესასვლელებთან იდგნენ, როგორ სთხოვდნენ მას ბილეთებს ქვეყნიდან გასაქცევად ისინი, ვინც ახლა ეკონომიკურ-ტურისტული და სოციალური მიზნებით მოსკოვში საქართველოს ავიახაზების რეისებს აკრიტიკებენ.

„შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადამიანების გვარებს. თავის გულში ჩაიხედონ. ენას რომ ატლიკინებენ, ჯობია ქვეყნის ირგვლივ გაერთიანდნენ“, – ამბობს გაიაშვილი.

მან ასევე გაიხსენა როგორ მოსთხოვა ომიდან რამდენიმე თვეში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთთან ფრენების აღდგენა.

„ერთ-ერთი დავალება ჩვენთანაც იყო, აღადგინეთ ფრენებიო. გაკოტრებული იყო ძალიან ბევრი კომპანია, რუსეთის ნავიგაციის ვალები იყო დარჩენილი 6 მილიონი თუ რაღაც. ფრენების აღდგენისთვის მოგვთხოვეს – ეს ნავიგაციის ვალი თუ არ გადაიხადეთ, ისე ფრენებს ვერ აღადგენთო. არ გვქონდა ასეთი თანხები, მაგრამ მომიწია კრედიტის აღება, იმიტომ რომ იქით კეზერაშვილი, იქით ვანო. მოკლედ, მეტი გზა არ დაგვიტოვეს, უნდა გადაგვეხადა ეს ფული. გადავიხადეთ ეს ფული, მერე რუსეთში ბევრი ვიმუშავეთ, რომ აღდგენილიყო ფრენები“, – იხსენებს გაიაშვილი.

,, მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო”- ბოჟაძე

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი „გვიმტკიცებენ“ მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იმავეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი ,,გვიმტკიცებენ” მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იმავეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან. ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებას, მეტი დამაჯერებლობისთვის უცხოელი ადვოკატის განცხადება ჭირდება, გეგონება თაღლითი და მატყუარა არ შეიძლება უცხოელიც იყოს, ასე იყო სახვა შემთხვევებშიც: მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები გაავრცელო, ერთი-ორი ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსიც ტვიტი ან/და პოსტი იყიდო და ეგ არის, უცოდველი კრავის იმიჯი ,,გარანტირებული” გაქვს! თუმცა სიმართლეს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე, დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს, მაგრამ მანამდე არავის უნდა მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება!“, – წერს ბოჟაძე facebook-ზე.

,,ქართული პოლიტიკური კაბადონი, თუ მედია-სივრცე ახალი ვარსკვლავის გაბრწყინების მოლოდინში”- გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას ეხმიანება, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

ამასთან დაკავშირებით გია გაბრიჭიძე აზიარებს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის“ მიერ მოპოვებულ მასალას, რომლითაც, გიორგი ბაჩიაშვილის Facebook გვერდზე მის მიერ დაწერილი არცერთი პოლიტიკური ხასიათის საჯარო განცხადება არ ფიქსირდება.

“ქართული პოლიტიკური კაბადონი, თუ მედია-სივრცე ახალი ვარსკვლავის გაბრწყინების მოლოდინში. „გიორგი ბაჩიაშვილს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან ….“, – ეს სიტყვები კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატს ეკუთვნის. საკმაოდ საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ საკმარისია, რომ ან პოლიტიკური პარტია დააარსო, ან ტელევიზია (არასამთავრობო ორგანიზაცია და გაზეთი ვერ “ქაჩავს”) და დაცვის ხაზი მარტივდება და “პოლიტიკურ მრწარმსზე”, ან მედია-მენეჯერზე ზეწოლით იფუთება. “საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ დაინტერესდა, რა სახის საჯარო პოლიტიკური აქტივობებსა თუ განცხადებებს შესაძლოა გულისხმობდეს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები თავადაც არ წარმოუდგენიათ”. უჰ, კაი რამეა “პოლიტიკური მრწამსი”- წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

ერთი „ქილერაა“ პოლიტდევნილი და მეორე ბაჩიაშვილი” – ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქართველიშვილის თქმით, ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მრწამსის გამო იდევნება, უსაფუძვლოა. ის პარალელს ავლებს ალექსანდრე მუხაძისთვის („ქილერა“) პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებასთან და აღნიშნავს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე საქმეში რაიმე სახის დევნაზე საუბარი სიცრუე და დეზინფორმაციაა.

„პირდაპირი ასოციაცია შეიძლება არ იყოს, მაგრამ ხელწერაა ერთი: 2022 წლის 25 თებერვალი, კიევი, უკრაინა, საათებია ომამდე – მაგრამ იცლიან და ქართველ ჯალათ ალექსანდრე “ქილერა” მუხაძეს ანიჭებენ „პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსს“. სასამართლო განჩინებაში ვკითხულობთ: „საქართველოში მმართველი ხელისუფლების მიერ თავისი ანტირუსული პოზიციისთვის დევნის გამო“. ერთი „ქილერაა“ პოლიტდევნილი და მეორე – ბაჩიაშვილი. ერთი „ქილერას“ ანტიპუტინისტური განცხადება (პოსტი, სტატუსი) დამანახონ და მის მიმართ მაბულინგებელი „რუსოფილიური“ კომენტარი, და მეორე – ბაჩიაშვილის ოპოზიციური ან „ელპიჭიტისეული“ ნიშნით ჩაგვრის მაგალითი. არ არსებობს ბუნებაში არც ერთი, არც მეორე. არსებობს მხოლოდ ტოტალური სიცრუე, დეზინფორმაცია, ცილისწამება და უსამართლობა – რომლის ყოველ ჯერზე მოგერიება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ტრადიციულად „რუსულ კვალს“ ატარებს”, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

რატომ ცრუობს გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი

„გიორგი ბაჩიაშვილს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან ….“, – ეს სიტყვები კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატს ეკუთვნის.

რობერტ ამსტერდამი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ დაინტერესდა, რა სახის საჯარო პოლიტიკური აქტივობებსა თუ განცხადებებს შესაძლოა გულისხმობდეს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები თავადაც არ წარმოუდგენიათ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის“ ჟურნალისტებმა გიორგი ბაჩიაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციები შეისწავლეს და აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილი არცერთი პოლიტიკური ხასიათის საჯარო განცხადება არ ფიქსირდება, უფრო მეტიც წლების განმავლობაში ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს ძირითადად მისი კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესახებ ინფორმაციას უზიარებდა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ წარმოგიდგენთ კოლაჟს, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს მოიცავს.

სროლა კასპში – დაჭრილია 2 ადამიანი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდები სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდარის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გერმანიაში ერითრეის კულტურის ფესტივალზე არეულობა მოხდა

გერმანიაში ერითრეის კულტურის ფესტივალზე, პოლიციასა და ფესტივალის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ, მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ფესტივალზე მომხდარი შეტაკებების მონაწილე 100 პირი დაკავებულია.

მედიის ცნობით, არეულობის შედეგად  26 პოლიციელი დაიჭრა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა, მომიტინგეებმა ბოთლები და ქვები დაუშინეს პოლიციას, დააზიანეს რამდენიმე მანქანა და ზოგიერთმა მათგანმა დამცავი ჯებირები გაარღვია.

ცნობისთვის, ერითრეის კულტურის ფესტივალი გისენში 2011 წლიდან იმართება.  ფესტივალის მოწინააღმდეგეები არიან ერითრეის მოქალაქეები, რომლებმაც სამშობლო დატოვეს და ქვეყნის ხელისუფლებას ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ფესტივალს გერმანიაში ერითრეის მთავრობასთან დაახლოებული ორგანიზაცია მართავს და ის პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ბოლო წლებში გერმანიამ თავშესაფარი მისცა ბევრ ერითრეელს.

თავდასხმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში “მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოკითხვა დასრულდა. დეა მამისეიშვილმა და ზურა ჩხირკვიამ გამომძიებლის კითხვებს უპასუხეს და უამბეს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ და რა ვითარებაში დაესხნენ მათ თავს მოძალადე ჯგუფები, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და “მთავარი არხის” კუთვნილი ტექნიკის ტექნიკის დაზიანება სცადეს.

“გამომძიებელი ნამდვილად მონდომებული იყო. ყველა კითხვა დამისვა და მეც, რა ინფორმაციაც მქონდა ამომწურავად მივაწოდე მას. ასევე დავუდასტურე, რომ მზად ვართ მივაწოდოთ კადრები, რისი საჭიროებაც ფაქტია, რომ იქნება თუ დაიწყო მოკვლევა, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ საერთო ჯამში რას გააკეთებს ეს სამსახური არის დამოკიდებული “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ნებაზე და აქ ნაკლებმნიშვნელოვანია ინდივიდუალური ადამიანების პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველაფერი ისევ და ისვე ხელისუფლებას უნდა მივანდოთ, ფაქტია, რომ იყო ძალადობა, მუქარა და ჟურნალისტურ საქმიანობის ხელისშეშლა, თუმცა ამ ფაქტს დაინახავს თუ არა ხელისუფლება, დაველოდები ალბათ და ძალიან მალე გამოჩნდება” – ამბობს დეა მამისეიშვილი.

რაც შეეება მოძალადეების იდენტიფიცირებას  სამართალდამცავ უწყებას მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ.

შეგახსენებთ, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალი ჯგუფები ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.