Home Blog Page 1754

“ნელი კონტრშეტევა უკრაინელების განწყობას აფუჭებს” – The Washington Post

თითქმის 18 თვის განმავლობაში უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუს დამპყრობლებს და მხარს უჭერს თავის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ომით დაღლილობა ნელ-ნელა გროვდება, – წერს გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით ნელი კონტრშეტევა უკრაინელების განწყობას აფუჭებს.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ წელს შეძლეს გამარჯვების მოპოვება კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში, რამაც უკრაინელებს ძალა მისცა მძიმე ზამთარში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები გადაეტანათ.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკრაინელი ოფიციალური პირები და მათი დასავლელი პარტნიორები საუბრობდნენ მომავალ კონტრშეტევაზე, რომელიც, როგორც იმედოვნებდნენ, ახალი იარაღისა და წვრთნების წყალობით ომის მსვლელობას შეცვლიდა. მაგრამ კონტრშეტევის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, ფრონტზე მცირე შესამჩნევი პროგრესის ფონზე ერთიანობისა და უსაზღვრო სტაბილურობის ნარატივმა რღვევა დაიწყო“, – ნათქვამია სტატიაში.

„დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია და სახლში დაბრუნების გზას ვერ ხედავს. რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების სერიის გამო, ქვეყნის ყველა კუთხეში მშვიდობიანი მოსახლეობა დაუძლურდა“, – წერს ამერიკული გაზეთი.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უკრაინელები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ კარგი ამბები, უბრალოდ არ იღებენ მათ.

ქალმა, რომლის ქმარი ომიდან ფეხის გარეშე დაბრუნდა, The Washington Post-თან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს, რომ კონტრშეტევა უფრო აქტიური იყოს.

„მინდა, რომ ფასი, რომელიც მათ [ჯარისკაცებმა] გადაიხადეს, გონივრული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც მათ გაიარეს, უბრალოდ უსარგებლო გამოდის“, – აღნიშნა მან.

ამასთან, მისი ქმარი აცხადებს, რომ ჯარში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის ფრონტზე აღარ დაბრუნდება.

„ყველა მიჰყავთ და წინა ხაზზე აგზავნიან სათანადო მომზადების გარეშე. არ მინდა უმოტივაციო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა“, – განაცხადა მან.

The Washington Post-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ [უკრაინელი] ხალხი ძირითადად გაბრაზებულია რუსეთზე, მათ ასევე არ ეშინიათ უკრაინის, კერძოდ, კორუმპირებული ჩინოვნიკების კრიტიკის.

როგორც ზოგიერთი ჯარისკაცი ამბობს, ადამიანები, რომლებიც ომიდან სარგებელს იღებენ, „წინა ხაზზე უნდა გააგზავნონ“.

ასევე, ხალხი ხშირად აკრიტიკებს მათ, ვინც ახლა მხიარულობს, ომის მიუხედავად.

„ყველა ამ მოცეკვავე და გაღიმებულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ჩემი შეყვარებულის მსგავსი ჯარისკაცები იმყოფებიან თხრილებში [როტაციის გარეშე] და ყოველდღე ცეცხლის ქვეშ არიან“, – თქვა გოგონამ, რომლის შეყვარებული ახლა ფრონტზეა.

“რიკოთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიები საერთაშორისო ტენდერით, დონორების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ შეირჩა” – გიორგი წერეთელი

„რიკოთის მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ესენია – მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ყველა სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის შერჩევა, მათი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. ყველა შერჩეული კომპანია არის მაღალი კვალიფიკაციის და საერთაშორისო დონის,“-აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის რევიზია გააკეთეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა. რევიზიის შემდგომი დასკვნა იყო დადებითი. რევიზიის პროცესში მონაწილეობდნენ ბრიტანელი, ავსტრალიელი, იტალიელი, გამოცდილი სპეციალისტები. პროექტის სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები შეირჩა შესაბამისი წესების დაცვით.

გიორგი წერეთელმა ჩინურ კომპანიებსა და მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობენ ფრანგული, თურქული და კორეული საზედამხედველო კომპანიები. სამშენებლო სამუშაოებს კი, აწარმოებენ გამოცდილი კომპანიები და არცერთი სამშენებლო კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებისას, არ იყო სანქცირებული.

„2019 წლიდან მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება და ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანთ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ საერთაშორისო დონის კომპანიები, ასევე, მათ ზედამხედველობენ საერთაშორისო კომპანიები, რომელშიც  დასაქმებულები არიან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტები. ეს კომპანიები შერჩეულია ღია ტენდერის საფუძველზე, რომელშიც სხვა ქვეყნების კომპანიებიც იღებდნენ მონაწილეობას. გაიმარჯვეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც დააკმაყოფილა დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული პირობები. ამ დონორებთან შეთანხმებით გაფორმდა ხელშეკრულებებიც. კიდევ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით, ყველა კომპანია, რომელიც შერჩეულია რიკოთის უღელტეხილზე, კონტრაქტის გაფორმების პერიოდში, არ იყო შავ სიაში,“-განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი წერეთლის განმარტებით, როგორც შესყიდვის პროცედურები, ისე გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად აუცილებელი კრიტერიუმები შეთანხმებული იყო საერთაშორისო საფინანსო (დონორ) ორგანიზაციებთან. შესაბამისად, აბსურდული და უსაფუძვლოა ყველა ბრალდება, მათ შორის კორუფციულ გარიგებებზე.

“როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ხარ, სიმართლეს წერ” – გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველის დასკვნაზე

სახალხო დამცველის ეს დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ხარ და როგორც ექიმი, ისე აფასებ პაციენტს, ანუ ობიექტურად, მაშინ რეალობასა და სიმართლეს დაწერ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალსა და წინა სახალხო დამცველს შორის ჩანს, რომ წინა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, რის გამოც მის მიერ დაწერილი დასკვნები ნდობას არ იწვევდა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია. შესაბამისად, თუკი, მისთვის კვების დეფიციტის განზრახ შექმნით მისი ოჯახი იმანიპულირებდა, ამას ვერავინ უშველიდა დედამიწის ზურგზე – ვერც ევროპის ჰაერი და ვერ ვერაფერი. ეს დასკვნა განსხვავებულია წინა დასკვნებისგან, როდესაც თავად სახალხო დამცველი იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და პირდაპირ ამბობდა, რომ სააკაშვილის ადვოკატი იყო და არა – სახალხო დამცველი. გასაგებია, ამ შემთხვევაში მის მიერ მოწვეული ექიმი-ექსპერტები რას დაწერდნენ. ამიტომ, ეს არის ის რეალობა, რაც საბოლოოდ დაიწერა და აღიარეს ამ კონსილიუმის ექიმებმაც.“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში, კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში“ მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.

“მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს”

მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირალებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა , – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება.

ცისკარიშვილის თქმით, ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში მიატოვა.

“უდიდესი ტრაგედია მოხდა შოვში! დაღუპულების ოჯახებს მიღმა, დანარჩენებსაც უძლიერესი ტკივილი მოგვაყენა. ყელში ბურთი გვეჩხირება, როდესაც წარმოვიდგენთ, რა წამება გამოიარეს სუფთა ჰაერზე, ულამაზეს ბუნებაში დასასვენებლად ჩასულმა ადამიანებმა.

ამ დროს რას ფიქრობს და რაზე ზრუნავს კოლექტიური ქოცი: როგორ “გააპრავოს” თავისი უმოქმედობა და დანაშაულებრივი გულგრილობა. როგორ წარმართოს “პიარი” ისე, რომ ხალხს დააჯეროს – „აბა, ჩვენ რა ვქნათ სტიქია ყველგან ხდება”. როგორ აირიდოს პასუხისმგებლობა და წარმოაჩინოს, თითქოს მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

მოდით, ამ ბოლო პუნქტზე შევჩერდეთ. რეალურად ესაა მთავარი. საწყის ეტაპზე ქოც-პიარის მანქანა ჩაირთო შემდეგი მიმართულებით: ღვარცოფი მოვარდა, ხალხი მყისიერად დაიხოცა რა მნიშვნელობა ჰქონდა დღე მივიდოდით, თუ ღამე; ვერტმფრენით, თუ ურმით – ყველა წამიერად დაიღუპა. ტყუილი!!! ყველამ გავიგეთ, ვნახეთ, მოვისმინეთ, რომ ყოველ წუთს ჰქონდა მნიშვნელობა და ქოცმა ადამიანები გასაჭირში, ტანჯვაში უბრალოდ მიატოვა.

გავიდა 2-3 დღე და წარმოიშვა ახალი კითხვები: ღვარცოფი ასე თავისით, მოწმენდილ ცაზე, მდინარის წინასწარი შეგუბების გარეშე ხომ ვერ გაჩნდებოდა?! ამაზე რუსის მარიონეტულმა რეჟიმმა მოქოქა ახალი, აბსოლუტურად აბსურდული პროპაგანდა კლდეების და მყინვარების უცაბედ ნგრევა, დნობასა და მოვარდნასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით ზღაპრები!! ისევ მხოლოდ იმისთვის, რომ ვერ შეედავო რამის გაკეთება, მოსწრება, შეტყობინება, განგაშის ატეხა და ხალხის ევაკუაცია შესაძლებელი ხომ იყოო?!! სინამდვილეში კი, საქმე იქნებოდა ძალიან მარტივად, სამწუხაროდ ტრივიალურად, ანუ შემდეგნაირად:

სტიქიის წინა დღეებში ძლიერად წვიმდა, მდინარე ბუბასწყალი ადიდდა, ქვებით, მორებით, ლამით, ნაგვით სადღაც სოფლის თავზე კალაპოტი ჩახერგა და დაიწყო შეგუბება; ამას დაემატა მაღალ მთაში შემორჩენილი თოვლის და ყინულის დნობით გამოწვეული დამატებითი წყლის ნაკადი, რამაც ეს ხელოვნური “ტბა”, შეგუბება კიდევ უფრო გაზარდა. რაღაც მომენტში, ანუ 3 აგვისტოს დღისით არსებულმა “ჯებირმა” წყლის მასა ვეღარ შეაკავა, დანარჩენი ჩვენი თვალით ვიხილეთ.

შემორჩენილი თოვლის ამბავი მგონი გასაგებია, მაგრამ გარემოს დაცვის ოროსანი იურისტების გასაგონად (მაინც რომ ჰქონდეთ სამომავლოდ ინფორმაცია):

ზაფხულში ნებისმიერი მყინვარი დნობის პროცესს განიცდის (მათი ზომა ჰექტრობით არა, მხოლოდ კუბური განზომილებით შეიძლება აითვალოს). უბრალოდ ახალი სიცივეების დადგომამდე (სექტემბერ-ოქტომბერში) ბოლომდე დადნობას ვერ ასწრებს. ამიტომ ჰქვია მყინვარი და ამიტომაა მთაზე სულ თეთრად.

საქართველოს განედზე და კლიმატურ პირობებში მყინვარები, ანუ მუდმივი ყოველი და ყინული ზღვის დონიდან 3,700-3,800 მეტრზე იწყება. ალპებში თითქმის ერთი კილომეტრით დაბლიდან.

შემდეგ ლექციაზე, ალბათ -მთაში რატომ ცივა , იმის ახსნა მოგვიწევს ამ ბნელი, უცოდინარი და ქოცი ოროსნებისთვის.

რომ შევაჯამოთ! მონიტორინგის სისტემა, რის აწყობასაც 5 წლის წინ დაგვპირდნენ, რა მიზნითაც დასავლეთმა ამ ნაძირალებს მილიონობით ლარი გამოუყო, ხოლო ამათი კორუფციული მადის და მხოლოდ პიარსა და პროპაგანდაზე ფოკუსირების გამო არაფერი გაკეთდა, მყისიერად აღმოაჩენდა მდინარეზე მიმდინარე პროცესებს და ხალხის ევაკუაციაც დროულად მოხდებოდა”, – წერს პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში.

“სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ, ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას” – გიორგი წერეთელი

ბოლო დღეებია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და ადამიანების მიერ გააქტიურდა ნეგატიური განცხადებები რიკოთის უღელტეხილის შესახებ. ცდილობენ, შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

„გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.

მთლიანობაში, რიკოთის უღელტეხილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. ესენია: მსოფლიოს ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათივე მეთვალყურეობის ქვეშ შერჩეული იქნა საპროექტო ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო ნდობის საპროექტო ორგანიზაციები არიან. აღნიშნული დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა პროექტის ხელახლა გადახედვა, რევიზია, რომელმაც დადებითი დასკვნა გასცა. ამაში მონაწილეობას იღებდა არაერთი სპეციალისტი და გამოცდილი ადამიანები – ბრიტანელები, ავსტრალიელები, იტალიელები. შესაბამისი დონორი ორგანიზაციების წესით მოხდა ყველა კომპანიის შერჩევა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთლის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ჩინური კომპანიები, რომლებთანაც კონტრაქტია გაფორმებული, სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებოდნენ.

„სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ შესაბამისი გამოცდილების ჩინური კომპანიები. მინდა, ხაზგასმით და პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ როცა ხელშეკრულება გაფორმდა, არცერთი ეს კომპანია არ იყო სანქცირებულთა სიაში. მათთან კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაფორმდა, რაც შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან ყველა პროცედურა შეთანხმდა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ამასთან, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილის გზის მშენებლობის პროცესში კორუფციული გარიგება არ მომხდარა და ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს.

„რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს. 97 ხიდი, 51 გვირაბი შენდება ერთად და კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით ვერცერთი ადამიანი ვერცერთ ფაქტს ვერ მოიყვანს. კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არცერთი კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა. ყველა კომპანია, მათ შორის, საპროექტო ორგანიზაციები, საზედამხედველო ორგანიზაციები და მშენებლობის განმახორციელებელი ორგანიზაციები შერჩეული არიან დონორთან შეთანხმებით“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

“პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ზელენსკიმ უნდა მიიღოს” – მეთიუ მილერი

ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს. ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ინიციატივას.

მუჰამედ ბინ ზაიდმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები დუბაიში კლიმატის კონფერენციაზე მიიწვია და მათ პირისპირ შეხვედრა შესთავაზა.

მეთიუ მილერის თქმით, როდესაც საკითხი უკრაინის მომავალს ეხება, გადაწყვეტილება, პირველ რიგში, კიევმა უნდა მიიღოს.

“საჭიროების შემთხვევაში პაციენტს შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

როგორც იქნა, მოხდა ჩვენი აზრების თანხვედრა, – ასე გამოეხმაურა ზურაბ ჩხაიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დასკვნას.

„აქ იგულისხმება ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლების პერიოდულად გაუარესება, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია ისევ და ისევ კვების კომპონენტთან. დღევანდელ დასკვნაში კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს უკავშირდება პროტეინდეფიციტურ მდგომარეობას, ანუ შიმშილს. რაც შეეხება კონკრეტულ დეფიციტს, დიახ, ესეც ალბათ ცოტა საკამათოა. შეიძლება ეს ნევროლოგის შეფასებაა, მაგრამ დინამიკაში ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.

პაციენტი ნაკლებად აქტიურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გადაადგილდეს აქტიურად და გადაადგილდება ძირითადად დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე“, – აცხადებს ჩხაიძე.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში“ მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.

შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი მირიან ჭელიძე სამხედრო პატივით დაიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, პოლიციის მაიორი – 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძე, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, სამხედრო პატივით დაიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე შსს-ს წარმომადგენლებმა გააცილეს.

„მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა – შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ბუთხუზმა, იოსებ ჭელიძემ , ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების” დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება” – ბოკუჩავა

„ქართული ოცნების” დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება, – ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის თაობაზე.

“ივანიშვილი ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი სფეროს სრულ, აბსოლუტურ და უპირობო კონტროლს ცდილობს. ჩვენ ამას მათ შორის კულტურის სფეროში ვხედავთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

“შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს – ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებული პირებიდან ერთის ძმას, პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების მიზნით საქმის შესწავლას დაჰპირდა.

ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება შეწყალებასთან, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს პირადად, საქმის განხილვის საფუძველზე.

როგორც არაერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნეთ, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება არც არანაირ ზეწოლასა და არც რეკომენდაციებს. ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა და არ ნაწილდება არც მის მრჩეველზე და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელზე.

ნათელია, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენებასთან, არამედ პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან. ეს ყოველივე წარმოადგენს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთ ფორმას.

რაც შეეხება მათ, ვინც ელოდება შეწყალებას, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გაიცემა არც წინასწარი ინფორმაცია და არც არანაირი დაპირებები შეწყალებასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნამაჰვანჰესის საქმეზე ჯგუფური ძალადობისთვის მსჯავრდებულმა ირაკლი ჭელიძის ძმამ დაადასტურა, რომ შეწყალების თემაზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან. მისი თქმით, პატიმრის ციხიდან დასახსნელად საქმის შესწავლას ოჯახს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი ანგი ხუციშვილი დაპირდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6315 ლარი გახდა

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9015 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8709 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში!” – რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძე, რომელსაც 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, სოციალურ ქსელში შოვის ტრაგედიას ემოციური სტატუსით ეხმიანება.

რამაზ დავლაძე: „გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები”,

„არც კი ვიცი, საიდან დავიწყო და სად გავჩერდე! აღარც კი მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში! ჯერ იყო სახლში მყოფი ჩემი ლამაზი ოჯახის ტრაგედია, ჩემი მეზობლები. შემდეგ ჩვენი გმირი მაშველები, შემდეგი კი ულამაზესი და მშვენიერი შადრევანთან მოთამაშე მარიტა!

ახლა კი დასასვენებლად მყოფი ჩვენი ძმები, დები და შვილები! ნუთუ ამ ყველაფერს დასასრული არ უნდა ჰქონდეს! ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს! მაშველებო, თქვენ ხართ გმირები, გვეამაყებით მთელს საქართველოს!“ – წერს რამაზ დავლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.