Home Blog Page 1753

,,ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ტაშ-ფანდურა მიკვირს”- თამაზ გაიაშვილი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც გაიაშვილი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით არ გაჰკვირვებია.

გაიაშვილის განცხადებით, „მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა“.

„უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს“, – აცხადებს გაიაშვილი.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის თქმით, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მისი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.

„რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა. აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ. მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ კადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია კეთილსინდისიერად ვემსახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება“, – ნათქვამია თამაზ გაიაშვილის განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

პრიგოჟინის ამბოხებამ აჩვენა, რომ დასავლეთს არ სურს პუტინის დამხობა – Politico

რუსეთში ბოლოდროინდელმა ამბოხების მცდელობამ დაამტკიცა, რომ რამდენადაც არ უნდა სძულდეს მსოფლიო ლიდერებს ვლადიმერ პუტინი, მათ არ სურთ რუსეთის პრეზიდენტის მოულოდნელად გადაყენება, – ამის შესახებ  Politico წერს.

მედიის ცნობით, დასავლელ ლიდერებს ძალიან ეშინიათ რუსეთის ფედერაციაში შესაძლო არასტაბილურობის, რომელიც პუტინის დამხობას მოჰყვება.

ამასთან, დასავლეთს სძულს პუტინი, მაგრამ ურჩევნია ის დარჩეს ხელისუფლებაში.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა, მაგრამ ამავდროულად არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლას არ აპირებს. როგორც ჟურნალისტებს ვაშინგტონში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს, თეთრ სახლს ძალიან ეშინია, რომ პრიგოჟინის მსგავსი ფიგურა კრემლში პუტინის ადგილს დაიკავებს.

„რეჟიმის ცვლილება, რომელიც მოხდება ძალადობრივი პროცესით, ასევე, სავარაუდოდ, გამოიწვევს სხვა ავტორიტარულ ლიდერს, რომელიც შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე პუტინი“, – აღნიშნა ამერიკის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეა კენდალ-ტეილორმა.

დასავლეთისთვის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის უზარმაზარი ბირთვული არსენალის შენარჩუნება არსებული რეჟიმის დაცემის შემთხვევაში. ასევე არსებობს შიში, რომ პუტინის ხელისუფლების დაშლამ შეიძლება გააძლიეროს სეპარატისტული მოძრაობები რუსეთის შიგნით.

გამოცემის თქმით, აშშ, ასევე, შიშობს, რომ მისი ღია მხარდაჭერა რუსეთში დიქტატურის დამხობის მომხრეების დისკრედიტაციას მოახდენს.

ევროპული ქვეყნების ლიდერები, ცხადია, იგივე პოზიციას იკავებენ. მაგალითად, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ცოტა ხნის წინ უარყო, რომ დასავლეთს რუსეთში ქაოსი სურს.

„პირიქით, არასტაბილურობა რუსეთში არასტაბილურობას ქმნის ევროპაში. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული“, – განაცხადა მან.

ისრაელის მეკარეს პენალტების მოგერიებაში მატჩამდე მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარა (ფოტო)

ისრაელის მედიის ცნობით, მეკარე დანიელ პერეცს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან პენალტების სერიაში დაეხმარა წინასწარ მომზადებული ინფორმაცია, რომელიც სამწვრთნელო სტაფმა მიაწოდა – ინფორმაციას Sport5.co.il ავრცელებს.

„დინამო არენაზე“ გამართულ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში დანიშნული პენალტების სერიისას, ისრაელის ნაკრების მეკარე დარტყმამდე კარის უკან ფურცლებს ათვალიერებდა. მან გამოიცნო გიორგი გაგუას დარტყმის მიმართულება და ბურთი მოიგერია. მეხუთე პენალტზეც მიმართულებას მიხვდა, მაგრამ საბა ხვადაგიანმა ბურთი ძელს მოარტყა.

„მას ეს კიდევ ერთხელ გამოუვიდა – ნახეთ, რა დაეხმარა ისრაელის ნაკრების მეკარეს გადამწყვეტი პენალტის მოგერიებაში. დანიელ პერეცი პოპულარული გახდა მას შემდეგ, როდესაც ირლანდიასთან პენალტების სერია მოაგებინა ისრაელის ნაკრებს და ახალგაზრდულ ევროზე გაიყვანა. ამ თამაშის შემდეგ მან აჩვენა ჩანაწერი, სადაც მითითებული იყო, რომელი მიმართულებით უმიზნებდნენ მეტოქის პენალტების შემსრულებლები.

საქართველოს წინააღმდეგ ევრო 2023-ის მეოთხედფინალში, დანიელ პერეცმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა და რამდენიმე წუთში ჩანაწერი ისევ გამოჩნდა. მესამე ქართველის (გიორგი გაგუას) პენალტზე პერეცი მარჯვენა მხარეს გადახტა. ფურცელზე ზუსტად ასე ეწერა“ – წერს ისრაელის გამოცემა Sport5.co.il.

 

რა ხდება სადგურ მარელისთან, სადაც რკინიგზის ლიანდაგზე მეწყერი ჩამოწვა – ფოტოები

სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე“ – ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

,,ელემენტარული პრინციპია, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უმრავლესობის წევრების მიწვევა და შემდეგ, თხოვნა არ მისვლის შესახებ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, უპატივცემულობაა.

„საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში. ჩემთვის ეს არის ელემენტარული და გამოვდივარ იქიდან, რომ ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც, ეს უნდა იყოს ელემენტარული პრინციპი – პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. როდესაც ეს პრინციპი დარღვეულა, მათ შორის, ოპოზიციის მიმართაც, ყოველთვის გვქონდა და გვექნება რეაქცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ – რამაზ სვანაძე

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ თაობის იმედი უნდა გქონდეს.

„მიჭირს საუბარი, წაგება თამაშის ნაწილია, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა. მათი მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი მაიმედებს. თამაშის შემდეგ მადლობა გადავუხადე ევრო 2023-ზე გატარებული თითოეული დღისთვის.

რაც შეეხება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს, ხვალინდელ თამაშზე ვართ დამოკიდებული. დღეს შეტევაში მეტი სითამამე და დამაგვირგვინებელი მოქმედებები დაგვაკლდა.

მაგრამ მეოერცაა, დაღლილები ვიყავით ფიზიკურად, ბიჭებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. მათ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, ჩვენს სტაფს, ფეხბურთის ფედერაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თაობის იმედი უნდა გქონდეთ“, – აღნიშნა რამაზ სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პორტუგალია დაამარცხა, შემდეგ ბელგიასა და ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6131 ლარი გახდა. კურსი, რომელიც  მოქმედებდა, 2.6177 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8342 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.8591 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავი შეიკავეთ მანიპულაციური ქმედებისგან და ეცადეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიცია, თუ სათქმელი. სწორად დასვით კითხვები, შეეცადეთ, კომპრომისით და დიპლომატიით იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან.

კურო

საყიდლებთან დაკავშირებით, აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, იყიდეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და იყავით უფრო ყაირათიანი.

ტყუპები

შეგიძლიათ, განმარტოვდეთ და გააანალიზოთ შექმნილი ვითარება. საჭიროა, მეტი იაქტიუროთ და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი სურვილები და ინტერესები. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ დრო და საკუთარი ძალები.

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა გაქვთ, საქმეებსაც დროულად ასრულებთ, ივარჯიშეთ, მიიღეთ კონტრასტული შხაპი. მხიარული განწყობა და ღიმილი უნდა იყოს დღეს თქვენი მეგზური, ახლა თქვენთვის წარმატებული პერიოდია!

ლომი

მეტი ურთიერთობებია საჭირო მეგობრებთან და ახლობლებთან, რათა შესაძლოა, მათგან მიიღოთ ღირებული რჩევა,  თუ როგორ გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები.

ქალწული

დღეს, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანით იქნებით დაკავებული, ახლა თქვენი შესაძლებლობები  განსხვავებული და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია. ემოციები გააკონტროლეთ.

სასწორი

დღეს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ატმოსფეროა თქვენს ირგვლივ. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

მორიელი

ეცადეთ, ირგვლივ კომფორტული გარემო შექმნათ, გათავისუფლდით ყოველივე ზედმეტი და ძველისგან, ამგვარი ქმედება გაათავისუფლებს საჭირო ადგილს სიახლეებისთვის, აგიმაღლებთ განწყობას და შეგმატებთ თავდაჯერებულობას.

მშვილდოსანი

ყური მიუგდეთ შინაგან ხმას. არ გადადოთ შეხვედრები, ნუ დაიზარებთ მოლაპარაკებების გამართვას, თუ ეს თქვენს მომავალს ეხება. საღამოს, სწორი არჩევანი იქნება, მეგობრებთან დასვენება.

თხის რქა

მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტს, ახლა ახლობლებთან ურთიერთობები და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ნუ აჰყვებით ჭორებსა და მითქმა-მოთქმას.

მერწყული

პირად ურთიერთობაში წარმატება გელოდებათ, ოპტიმისტური განწყობით უფრო წინ წახვალთ. მოერიდეთ დიდ ფინანსურ დანახარჯს.

თევზები

ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და თქვენი ცხოვრებაც უფრო ნათელი ხდება. აქტიურობა, დიპლომატია და კომპრომისები, დღეს, წარმატების მომტანია.

საქართველოს საპატრიარქო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი.

„ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებულ „ლგბტ კვირეული“, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.

მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.

ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.

ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებითვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია – საქართველოს რკინიგზა

„ხვალ 2 ივლისის დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო!

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა.

შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია – მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ხვალ, დილის 8 საათამდე ყველა რეისი გაუქმებულია, სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.

 

 

 

,,ეს არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ”- პაპუაშვილი

უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო პირველი მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინაშე, იმ სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. „სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ამაზე ბევრი საუბარი ალბათ არ ღირს. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და სანქციებს, მგონი, ეს საკითხი ერთწლიანი დეზინფორმაციების შემდეგ, მათ შორის ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა, დახურეს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა. მათ მადლობები უხადეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც, არა მხოლოდ უზრუნველყო ის, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებს ან ეჭვს წარმოშობს საქართველოს მეშვეობით სანქციების გვერდის ავლაზე, არამედ პირიქით, იქით ეხმარება, რომ ევროკავშირიდან, თუ სხვა ქვეყნებიდან გამოპარული ტვირთები ჩერდება საქართველოს საზღვარზე. 1 300 ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა ჩვენს საზღვარზე. კითხვა არავის უჩნდება, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენს საზღვართან სანქცირებული ტვირთები თუ კომპანიები. ამიტომ, საქართველო არა მხოლოდ იცავს პირველივე დღეს ნათქვამ სიტყვას, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, არამედ აქეთ ეხმარება სხვა ქვეყნებს, რომ რასაც ყურადღება ვერ მიაქციეს, დაცვის მექანიზმებს გამოპარული ტვირთებიც კი გააჩეროს. ამიტომ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თავისთავად ეს და მეორე მხრივ, ის შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ სანქციების საერთაშორისო კოორდინატორების მხრიდან, აჩვენებს, რომ საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

,,პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი”- დეგნანი

ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე.

„როგორც ევროკომისიამ განაცხადა, სამი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და ეს ნიშნავს, რომ რჩება ცხრა რეკომენდაცია, რომელიც არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ შესასრულებელი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზღვრული. ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, ყველა მონაწილე პირი, როგორც შემუშავებაში, ასევე შემდგომ ამ რეკომენდაციების განხორციელებაში. კარგი დასაწყისია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა უფრო მეტი სამუშაო არის შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.