Home Blog Page 1751

“ამ დროისთვის, გეოლოგების მიერ შემოწმებულ 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა” – ლანჩხუთის მერი

ამ დროისთვის, გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას,- ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდებისა და წყალმომარაგების აღდგენის კუთხით სამუშაოები გრძელდება.

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ვერ დაიწყო.

,,დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შედარებით მშვიდი სიტუაცია გვაქვს. გზების 90% გახსნილია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე უბანი, სადაც გეოლოგები ჯერ შესვლას არ გვირჩევენ. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება გაზიფიცირებას, გვრჩება უბნები, სადაც გეოლოგები გვეუბნებიან, რომ შესვლა არ შეიძლება. ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ დღეებში დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და ორშაბათიდან დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რაც მასშტაბური იქნება. სოფელ ხორეთთან დროებით დამაკავშირებელი საფეხმავლო და სამანქანე ხიდი უკვე მოეწყო. ამ დროისთვის გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. სასწავლო პროცესი ვერ დავიწყეთ მხოლოდ სამ საჯარო სკოლაში: ჩოჩხათში, შრომის უბანსა და ნინოშვილში,“- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

“ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია” – ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის საგარეო უწყებამ დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ პროცესში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიჰო მარტინის განცხადებით, ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს დუბლინში მინისტრ დარჩიაშვილს ვუმასპინძლე, რაც საქართველო-ირლანდიის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, განგვეხილა ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. ევროკავშირის წევრობამ ირლანდია ძალიან შეცვალა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას. მივესალმები საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების კავშირია. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს, განაგრძოს საჭირო რეფორმების განხორციელება ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შესაბამისობაში ყოფნისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა ევროპის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა, პიტერ ბურკემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ევროკავშირის გაფართოება, ვინაიდან ამით ჩვენ უფრო უსაფრთხო კავშირს მივიღებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მოქალაქეებისთვის. ასევე, ძალიან გამიხარდა, როდესაც მინისტრმა მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოვადგენთ იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა. ვიცი, რომ საქართველო დაუღალავად შრომობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის. ასევე ვიცი, რომ გასულ კვირას შედგა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში. მაქვს ინფორმაცია ვიზიტის შემდგომი პროგრესის შესახებაც. ირლანდია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერია. რასაკვირველია, ამისთვის კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 13-14 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიას ეწვია, რა დროსაც შეხვედრები გამართა ირლანდიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებათა წარმომადგენლებთან.

“გუშინ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით” – ირაკლი ღარიბაშვილი

გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს მმართველ პარტიას რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თვის ბოლომდე ყველაფერი იქნება გაკეთებული და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ.

„გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით. ასევე ჩვენ პარტიასთან, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა ამ პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს მმართველ პარტიას რეაგირება. მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება. ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, შედარებით, უკრაინა, მოლდოვა. კარგად ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ევროპის კონტინენტზე და იმ შედეგების, იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ დსა პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ”, – განაცხადა პრემიერმა.

“მთავრობის ვალი შემცირებულია” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა შევახსენო ყველას, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი.

„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდობა საკუთარ თავს და საკუთარ ხელებს, ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე” – შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ფრაქცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზში შესვლას არ გეგმავს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ვერდიქტი არა პარლამენტის გადაწყვეტილება, არამედ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს. მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, ვის მიეცით მანდატი, ვინ წარმოგადგენთ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდში მყოფ ადამიანებს არ ენდობიან? საკუთარ თავს არ ენდობიან, რომ იქ შემთხვევით ხელი არ წაუცდეთ და ღილაკს თითი არ მიაჭირონ? ყველას ვამშვიდებ, არავინ არავის გადაბირებას არ აპირებს. რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, ეს მეასეხარისხოვანია სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით. მთავარი ამ საკითხში არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო რასაც იტყვის, ის იქნება ვერდიქტი. და თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თან უხეშად, განზრახ შეიჭრა სხვა სახელისუფლებო შტოს უფლებამოსილებაში, მიითვისა სხვისი უფლებამოსილება. ამას თუ დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, ამაზე დიდი განაჩენი და ვერდიქტი პრეზიდენტისთვის არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“დღეს დაიწყო ოფიციალურად სწავლა და მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ დღეს დაიწყო  ოფიციალურად უკვე სწავლა და მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამაზე.
„აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ასეულობით სკოლის, 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას და რომელიც უკვე დაწყებულია. დაკონტრაქტებულია და  რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი დაწყებულია, როგორც აღვნიშნეთ. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ასევე, ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია. ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სკოლებში, ბაღებშიც, ყველგან. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბოლო  10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა  დაგვხვდა, ამიტომ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპებით”, –  აღნიშნა პრემიერმა.

შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ

შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ.

ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას. 32 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ

სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება აქვს.

„ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“პატიმარ სააკაშვილს და მის ადვოკატებს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ” – გურამ მაჭარაშვილი

პატიმარ სააკაშვილს და მის ადვოკატებს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„თურმე საგრანტო ხაზები ჰქონდა სააკაშვილს სამინისტროებში გახსნილი. პირადი ვოიაჟებისთვის, მასაჟისტებისთვის და ა.შ. თუ სამთავრობო სამსახურის ბიუჯეტიდან საკუთარი ოჯახის წევრებს სწავლის ფულს უხდიდა, თავის მასაჟისტებს, თავდაცვის ბიუჯეტიდან მილიონებს იხდიდა. კოლუმბიაში ალბათ ევროინტეგრაციის საკითხებზე ჩადიოდა. პატიმარ სააკაშვილს და მის ადვოკატებს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობასაც მედია არ ასახელებს.

„ენბისის“ ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, სად გაიმართება ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა.

მედია წერს, რომ თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა ბოლოს ივლისში, ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე გაიმართა.

უკრაინელებმა ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, ანდრეევკა კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად დაიბრუნეს.

„თავდასხმის ოპერაციების დროს დონეცკის ოლქის ანდრეევკას დასახლება აიღეს, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ბოგდანოვკას რაიონში რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობებს არ წყვეტენ. გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კლიშევკის რაიონში შეტევითი ოპერაციების დროს ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს.

გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023- 2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„დღეს, 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. ყველა პირველკლასელს სკოლაში საინტერესო, დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე წლების გატარებას ვუსურვებ.

პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თითოეულმა მოსწავლემ, ცოდნასთან ერთად, მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება. მე და ჩემმა გუნდმა ზოგადი განათლების განვითარების კუთხით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ სკოლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი დაფასება წარმოადგენს. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სადაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების მიღებას“, – ნათქვამია ამილახვარის მილოცვაში.

2023-2024 სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 000-ზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.