Home Blog Page 1751

თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა

ტელეარხ ТНТ-ის გენერალურ დირექტორს და კრემლის პროპაგანდისტს თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბერ სმადიაროვმა განაცხადა.

ყაზახეთის ხელისუფლება აღშფოთებულია თინა კანდელაკის განცხადებებით, რომელშიც მან ყაზახებს შეურაცხყოფა მიაყენა.

აიბერ სმადიაროვის განცხადებით, “ყაზახეთი ასეთ რამეს არავის არასოდეს პატიობს”.

“შესაძლოა, მას არც მოუნდეს ყაზახეთში ჩამოსვლა, მაგრამ თუ დააპირებს, არ შემოუშვებთ”, – თქვა მან.

16 იანვარს კანდელაკი გამოეხმაურა ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რკინიგზის სადგურებისთვის რუსული დასახელებების ყაზახურით ჩანაცვლების თაობაზე.

“როგორც ბალტიისპირეთის გამოცდილება აჩვენებს, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. აქაც ყველაფერი ნელნელა დაიწყო, შემდეგ დახურეს რუსული სკოლები, აიღეს საბჭოთა ძეგლები, აკრძალეს რუსული ენა და ბოლოს, პენსიონერები სიცივეში გამოაგდეს”, – წერდა მაშინ კანდელაკი ტელეგრამის არხზე.

მოგვიანებით, კანდელაკი კიდევ უფრო შორს წავიდა და ყაზახებს “მანქურთები” უწოდა.

გასული წლის ოქტომბერში, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აწარმოებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეესტრს, რომლებიც უარყოფითად საუბრობენ ყაზახეთზე. ასეთ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

“ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც – ეს არის მავნებლობა”

ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც – ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მხრიდან ქართული ეკლესიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უკიდურესი მავნებლობაა.

„ქართული ეკლესიის წვლილი ამ ქვეყნის ისტორიაში, იდენტობაში, კულტურაში არის შეუფასებელი. ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მისი აღმსარებლობის მიუხედავად, ცხადია. თუ ვინმე ან ერთი მხრიდან ან მეორე ან ნებისმიერი მხრიდან ქართულ ეკლესიას პოლიტიკური მიზნით იყენებს, ეს არის უკიდურესად მავნებლობა სახელმწიფო ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ნებისმიერი მხარე – არჩევნებისთვის გამოიყენებს ვინმე, იდეოლოგიურად იქნება წინააღმდეგი და ამის აგიტაციას მოახდენს, ან პოლიტიკური დაკვეთით გამოიყენებს თუ რა, მგონია, რომ ყველა მავნებლობით არის დაკავებული,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

“თბილისის დინამოს” შეძენის არც ინტერესი მაქვს და არც შესაძლებლობა -კახა კალაძე

დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა.

„„დინამოს” გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება, რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება, პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე, უბრალოდ, ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს, უბრალოდ, გამაოგნებელია. მე მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ თავისი წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ, ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია. მე პირდაპირ ვიტყვი, ვიდრე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომ ის სიამაყე, რაც გააჩნია ქართულ ფეხბურთს დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ნისლი და გზებზე ლიპყინული

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

“გადახედეთ ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ” – გია ვოლსკი

ოპოზიცია რა ფორმაში და რის ფორმაშია? ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს გადახედეთ, როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ქვეყნისთვის არცერთ ეტაპზე არანაირი პოზიტივი არ შეუქმნია.

„წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და სისტემა შექმნეს, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას და მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წარმართვას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა. დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა. ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ?“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის განმავლობაში, ბიურომ, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო.

მათივე ინფორმაციით, მათ შორის, ბიურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში, ასევე დაინტერესდება შემდეგი უწყებების დასაქმებულთა ქონებრივი დეკლარაციებით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“; საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; კომუნიკაციების ეროვნული კომისია“; ცენტრალური საარჩევნო კომისია; „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორი“, „საქართველოს განვითარების ფონდი“, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; საპენსიო სააგენტო; სატყეო სააგენტო; შემოსავლების სამსახური; თვითმმართველი ერთეულების მერები.

იხილეთ იმ პირთა ჩამონათვალი, ვის ქონებრივ დეკლარაციასაც ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში შეამოწმებს.

“წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შემოსულა – ეს ძალიან დიდი ტყუილია”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. კეთილი ინებეთ და საზოგადოებას მოუხადეთ ბოდიში, რომ ცრუ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. რაც შეეხება წერეთლის გამზირს, სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, დღე და ღამის განმავლობაში. ასფალტის საფარი ქვედა ფენებში უკვე დაგებულია. შემდეგი სამუშაოები იქნება ტროტუარის მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა და შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება. როგორც საზოგადოებას დავპირდით, იანვრის ბოლოს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გამზირზე გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – გამორიცხავს თუ არა, რომ აღნიშნული პროექტით საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თბილისის მერი პასუხობს, რომ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა და მუნიციპალიტეტის მერიას დასამალი არაფერი აქვს.

„თუ ვინმე დაინტერესდება, ყველას გავცემთ პასუხს. დასამალი არაფერია, ყველა ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მიღება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ასე რომ, პრობლემა და დასამალი ნამდვილად არაფერია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

2024 წელს დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება – ლადო ბოჟაძე

“ქართუს” არცერთი წამით არ შეუწყვეტია საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, მაშინაც კი როცა ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციები დაეკისრა. ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ფონდს გადასცა, სწორედ ფონდი ,,ქართუ” მართავს ყველა კომპანიას და მიღებულ შემოსავალს ისევ ქველმოქმედებაში ხარჯავს, – წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი განაპირობა და ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და მისდამი ხალხის მხარდაჭერა რადიკალებმა კარგად იციან, სწორედ ამიტომ ებრძვიან მიუღებელი მეთოდებით.

„ბიძინა ივანიშვილის 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლას, ,,ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში დამარცხება და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასვლა მოყვა. შემდგომში მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი განაპირობა, 2024 წელსაც დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება, სწორედ ამიტომ აგრძელებს ომის და ღალატის პარტიის მართვადი მედია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ტყუილით და დეზინფორმაციით ფონდი ,,ქართუს” წინააღმდეგ ბრძოლას.

სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში განხორციელებული პოლიციის და ჯარის რეფორმა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, საჯარო მოხელეების გაზრდილ ხელფასს ფონდი ,,ქართუ” იხდიდა, აშენდა სამების ტაძარი, მოხდა სხვა უამრავი ტაძრის აშენება თუ რეაბილიტაცია, განხორციელდა სკოლების, თეატრების და სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, ყველაფრის ჩამოთვლას ეს პოსტი ვერც დაიტევს. ფონდი ,,ქართუს” არცერთი წამით არ შეუწყვეტია საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, მაშინაც კი როცა ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციები დაეკისრა. ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში არსებული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ფონდს გადასცა, სწორედ ფონდი ,,ქართუ” მართავს ყველა კომპანიას და მიღებულ შემოსავალს ისევ ქველმოქმედებაში ხარჯავს.

საერთო ჯამში დახარჯულია 3 000 000 000 დოლარზე მეტი, 9 000 000 000 ლარზე მეტი, თუმცა რასაც ბიძინა ივანიშვილი 2011 წლამდე აკეთებდა ქველმოქმედება ყოფილა და 2021 წლის შემდეგ ,,ქველმოქმედებით ფულის შოვნა”, ასეთია ნაცური ლოგიკა და პროპაგანდა. პოლიტიკაში დაბრუნების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ქონებას კვლავ ფონდი ,,ქართუ” მართავს და ყველა თეთრი მხოლოდ ქველმოქმედებას, მხოლოდ სიკეთეს, მხოლოდ საქართველოს განვითარებას მოხმარდება. რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და მისდამი ხალხის მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ებრძვიან მიუღებელი მეთოდებით, თუმცა როგორც ფონდი ,,ქართუს” საქმიანობა გაგრძელდება კიდევ მრავალი წელი, ისე გაგრძელდება ,,ქართული ოცნების” გამარჯვება და ,,ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება ყველა დონის არჩევნებზე! – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები შესაძლებელია, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც გახდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ კანონპროექტი შეიტანა.

ამის შესახებ მან უკრაინის ერთიანობის დღის 105 წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებისადმი მილოცვაში განაცხადა.

„დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების შეტანას და ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მან თქვა, რომ ცვლილება საშუალებას მისცემს “ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა, გარდა აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებისა”.

„ყველა, ვინც ემიგრაციის სხვადასხვა ტალღის პერიოდში იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მიწა, და აღმოჩნდა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, აზიის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში. ყველა, ვინც მშობლიური ქვეყნიდან ასობით და ათასობით კილომეტრის დაშორების მიუხედავად გვეხმარება”,- თქვა მან.

გარდა ამისა, მან გაიხსენა უცხოელი მოხალისეები, რომლებიც უკრაინის დასაცავად დადგნენ.

“ყველა, ვინც იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, როგორც მშობლიური სამშობლოსთვის. და უკრაინა მათთვის ასეთი გახდება. ყველასთვის, ვინც გრძნობს, რომ უკრაინაში ყოფნა ნიშნავს სახლში ყოფნას. არა ტურისტებივით, არამედ მოქალაქესავით. უკრაინა, რომლის თავისუფლებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით უკრაინელების უფლებისთვის. და შესაბამისი გადაწყვეტილება არის ასეთი თავისუფლების ერთ-ერთი ელემენტი, ასეთი უფლების რეალიზაციის ერთ-ერთი შესაძლებლობა,“ – თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან

“ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია” – კალაძე ფონდ „ქართუს“ შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის ადრესატი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ფონდის შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

„ეს ახალი არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცით, რა დამოკიდებულებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია, რაც დღეს არ დაწყებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ძალიან ბევრ ტყუილს და სიბინძურეს. აქვთ მცდელობა, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ტალახი ესროლონ ამ ადამიანს.

ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რამდენი საქველმოქმედო პროექტი აქვს განხორციელებული, მილიარდობით დოლარი აქვთ დახარჯული მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტზე. როდესაც ხარ წარმატებული და ასეთ უმნიშვნელოვანეს საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებ, რა თქმა უნდა, არის შემოტევები, რომ როგორ დაგაზიანონ, როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა კალაძემ.

თიბისიმ 2024 წელი ტესტერთა დღით დაიწყო

თიბისი ტესტერების დღე შიდა ღონისძიებაა ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირებიისავტომატიზაციის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისთვის. უკვე მეორე წელია რაც თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი იკრიბება შიდა ტესტირების დღის ღონისძიებაზე, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს საინტერესო მიღწევებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს უზიარებენ, რომელზეც წლის განმავლობაში იმუშავეს.

წელს ღონისძიებაზე ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაზე, ეჯაილისდაწყებიდან დღემდე და კომუნაში გააზიარეს პროგრესი, ახალი მიდგომები და საინტერესო მიღწევები, შეაჯამეს წელი, ისაუბრეს პროცესების გამჭირვალობაზე და მათ მნიშვნელობაზე.

Ღონისძიებას წინ უძღოდა შეჯიბრი, რომლის მიზანიც თიბისიში არსებული გამოწვევების გადაწყვეტა და ყოველდღიური პროცესების გამარტივებაა. Ფინალშიგადასულმა გუნდებმა ტესტერების დღეზე გააზიარეს თავიანთი ხელსაწყოები და ჟიურის მეშვეობით გამოვლინდა გამარჯვებული.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექთანამშრომლებისთვის ცოდნის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარება და შეჯიბრების საშუალებით ახალი გამოცდილების შეძენა.

თიბისიში ხარისხის მიმართულება 180 თანამშრომელს ითვლის. რომლებიც მუდმივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და შიდა თუ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებებში ჩართულობით ამარტივებენ ადამიანების ყოველდღიურობას.

 

R

“ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, ამის აღსაწერად სიტყვები არ არსებობს”

ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.

ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტერიალზე ასევე მიწვეული არიან ისრაელის, არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და არაბთა ლიგის გენერალური მდივანი.

„ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად, რა დროსაც ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის, საკვების, მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი ბომბების ქვეშ. ყოველდღე დიდი რაოდენობის მოქალაქეებს კლავენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს? ეს არის საკითხი, რომელსაც მინისტრები დღეს განიხილავენ, ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპზეა შესაძლებელი.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი „სამშვიდობო“ პროცესზე და საუბარი უნდა დავიწყოთ უფრო კონკრეტულად „ორი სახელმწიფოს გამოსავლის“ პროცესზე, რადგან შესაძლებელია, არსებობდეს ბევრნაირი მშვიდობა. რა სახის მშვიდობაზე საუბრობთ თქვენ? მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთება გვსურს. ის, რისი გაკეთებაც გვსურს, არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავალი, ასე რომ, ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ასევე არის უკრაინის საკითხი.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთში გამოსავლის ძიებაში, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. პირველი, ვისთანაც დღეს საუბარი გვექნება, არის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ მინისტრებთან განვიხილავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას. მოგვიანებით ასევე იქნება თავდაცვის მინისტრების ცალკე შეხვედრა ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების განსახილველად. ნუ იღელვებთ, უკრაინელებმა არ უნდა იღელვონ, ევროპის მხარდაჭერა ისევ მტკიცედ გრძელდება“, – განაცხადა ბორელმა.