Home Blog Page 1748

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესები საფრთხის შემცველი არ არის.

„მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ეს იყო მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია”- სარჯველაძე

რიკოთის პროექტთან დაკავშირებით ოპოზციის პრეტენზიები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის.

პარლამენტის ადამიანის უფლეფათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპონენტებს არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, მოსახლეობაში პანიკის დათესვა და მნიშვნელოვანი პროექტების დაზიანებაა.

როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც რიგი პოლიტიკოსები იყენებენ.

“ირაკლი ქარსელაძემ კარგად გამოაჩინა, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, მან გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილი იყენებს. პოპულისტური მიზეზებით, შესაძლოა ნახეს მიზეზი რის გამოც შეიძლება პანიკა  იოლად დათესონ. ამ მანიპულაციის ფონზე, სპეკულაციას ყოველგვარი შანსი მოუსპო ირაკლი ქარსელაძის განცხადებებმა. აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ რაიმე ბრალდებას არავითარი მიზეზი არ გააჩნია.  პრაქტიკულად თვითმიზნად აქვთ გამოცხადებული, რომ სადმე რამე კონტრარგუმენტი მონახონ, რომლითაც დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას. ეს იყო მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია და ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტების გარკვევის სურვილთან,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

 

,,კიევის მიერ ყირიმზე შეტევების მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება”- ზახაროვა

ყირიმის ხიდის სიახლოვეს დღეს აფეთქებების ხმები ისმის. ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ ხიდზე რვა აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ასევე ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ხიდის სიახლოვეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მუშაობდა. შეტევა, სავარაუდოდ, ერთობლივად საზღვაო და საჰაერო დრონების და რაკეტების გამოყენებით განხორციელდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, „კიევის მიერ ყირიმზე შეტევების მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს ათ ლოკაციაზე ასრულებს

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე მეცხრე დღეა აქტიურად არის ჩართული ძებნა-შველის სამუშაოებში. დღეს დილიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობენ. სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკის და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შესაბამის მითითებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით იღებს.

,,ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია”- ანჯეი დუდა

რადგანაც აშშ-ში ზოგიერთი მემარჯვენე პოპულისტი უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის, Washington Post-ის კოლუმნისტი, მარკ ტისენი პოლონეთის პოპულისტური კონსერვატიული მთავრობის ლიდერის, ანჯეი დუდას აზრით დაინტერესდა და ჰკითხა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელმა კონსერვატორებმა უკრაინას.

„ეს ძალიან მარტივია. ახლა რუსული იმპერიალიზმის შეჩერება იაფია, რადგან ამერიკელი ჯარისკაცები არ იხოცებიან, მაგრამ თუ რუსულ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, ამისთვის ძალიან დიდი საფასურის გადახდა იქნება საჭირო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანჯეი დუდამ ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. „ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალიზმის აღორძინებას, დაწყებული 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრით“, – განაცხადა მან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებაა 2014 წელს რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და მისი მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და მთელი ცენტრალური ევროპის მიმართ.

„ვლადიმერ პუტინი და მისი ახლობლები ოცნებობენ მეფეების ძალაუფლებაზე და მეფის ტერიტორიის აღდგენაზე. ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ რუსეთის წინსვლა უკრაინაში, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა

კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს.

„კალინინგრადის ოლქში სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ორადგილიანი თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. ეკიპაჟი დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

„ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“ – მიხეილ სააკაშვილი

“თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა”- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი❗️

თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა;

თუ ჩემი დანაშაულია, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების, თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში წინსვლის ხორცშესხმა, მაშინ, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო საკუთარი ხალხის წინაშე❗️

თითოეული თქვენგანისგან უამრავ წერილს და გამოხმაურებას ვკითხულობ.

მინდა ყველას გთხოვოთ, მოვემზადოთ და ერთად  შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!“- წერს სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid026yBHJscgSvoTp98tmMSM3cVitCWN8uAG6iULhgoM1oNwrFPUhReSGLetyRgzaKJal

“ბევრი გაბრაზებულია რატომ არ იღებენ კანონს დეზინფორმაციის შესახებო?! -ედიშერ გვენეტაძე

“ბევრი გაბრაზებულია რატომ არ იღებენ კანონს დეზინფორმაციის შესახებო?! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე.

“ბევრი გაბრაზებულია რატომ არ იღებენ კანონს დეზინფორმაციის შესახებო?! რატომ ხდება ამდენი ცილისწამების და სიბინძურის ფრქვევა ტელევიზიებითო?! რატომ ხდება ის რომ მეხუთე კოლონის აგენტების ხელში(ნაცების) არის ბიზნესები და თანამდებობებიო?!

რატომ არ ხდება ანტიდისკრიმინაციული კანონის უარყოფაო! რატომ არ იღებენ კანონს ლგბტ პროპაგანდის შესახებო?!
რატომ არ ხდება ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობებიო!….

გეტყვით, ჩვენ და საერთოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ამ 30 წლის განმავლობაში ადგილობრივ მედროვე-მოღალატეთა ხელით მოგვაქციეს ნეოკონოლიალიზმის უღელქვეშ!

და მიმდინარეობს მართვის ამ სისტემის მოდერნიზება და დახვეწა!  ამის მაგალითებია: თავს მოხვეული არაერთი ომი, რომლებშიც უზარმაზარი ფული აშოვნინეს და მერე “შესტიორკებად” გაიხადეს ადგილობრივი ახლად უკვე მეხუთე კოლონად ქცეული ე.წ.ცალ ფეხზე მოხტუნავე სუბიექტები!

მოდით გულწრფელად ვაღიაროთ! დაწყებული 1992 წლის 6 იანვრიდან საქართველო ჩამოაყალიბეს და ჩამოყალიბდა ტიპიურ ნეოკოლონიალურ ქვეყნად მმართველობის აპრობირებული, დახვეწილი, მოდერნიზებული ელემენტებით!
2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა ძირითადმა ძალამ შეხედა არსებულ რეალიებს და ნელ-ნელა, მეთოდურად დაიწყო ხალხის შეგუება იმაზე, რომ მომზადებულიყო ერი რათა ჩვენი “თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!”
ამას შეხვდა და ხვდება გაღმა-გამოღმა-შიგნიდან უდიდესი წინააღმდეგობები!
ნახეთ! მოიგონეთ! როგორ ერთი მეორის მიყოლებით გაიძურწნენ პატრონების დაძახებით ე.წ. რესპუბლიკელები და სხვა დღემდე იმათ ძუძუს მიმჯდარი მოღალატე-გამყიდველი-გათახსირებული კოლაბორაციონისტები!
ნახეთ ერთი მეორეს მიყოლებით ქვეყნის პირველი პირების უსუსური და….
საქციელები!

და როგორც კი დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ გზების ძიება და რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაზე თავს მოხვეული ნეოკონოლიალიზმისაგან თავდასახსნელად!

იმავე კოლონიზატორებისაგან მხარდაჭერილმა და გრანტებით გამძღარ-გაქსუებულებმა ძალებმა მოუწყვეს ის, რაც მოუწყვეს ხელისუფლებას და შედეგად მიიღო ქვეყანამ 7-8 მარტის მოვლენები! ახლა კიდევ ეუთო/ოდირის გაღმიდან დაკვეთილი დასკვნა…

მოკლედ მიმდინარეობს ბრძოლა ვინ ვის?! ანუ დავრჩებით ქართველებად და შევინარჩუნებთ ქართულ სახელმწიფოს თუ გავქრებით ისტორიისაგან, ისე როგორც არაერთი ჩვენისთანა და ჩვენზე ბევრად მეტი(რიცხობრივად) ერი გამქრალა!
ამიტომაც ახლა პოზიორობა ე. წ. ოპოზიციონერობით ნიშნავს საქართველოს მტრობას და მის განადგურებას!
გაიხსენეთ, როგორი სიტუაცია დაგვიყენეს 1991 წლის 22 აგვისტოდან დაწყებული!

რომელიც დღემდე გრძელდება და რომელმაც დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები, გაანადგურა დემოგრაფია და იავარქმნა ეკონომიკა! სიმართლე თუ გნებავთ ეგაა! და მომავალში დიდი, დიდი, ვიტყვი ყველას ერთად უდიდესი გამოცდა გველის! მაგრამ გვჯეროდეს! საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაა!

ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს და ქართველი ხალხის გადარჩენისათვის სამართლიანია და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!”-წერს გვენეტაძე.

ომის 535-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

ომის 535-ე დღეს უკრაინაში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ცხელ წერტილებად კვლავ კუპიანსკის, ბახმუტის, მარინკის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მდე შეტაკება მოხდა.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. საჰაერო და საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა გაზრდილია ზაპოროჟიის, დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით.

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი 31 წლის პოლიციის კაპიტანია.

დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

რუსთავში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ყოფილ მეუღლეებს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა და ყოფილმა ქმარმა ქალს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაჭრილი ქალი „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თავს”-ალექსანდრე ლორთქიფანიძე

დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თავს, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიმძიმს ამჟამად საერთოდ რაიმეზე წერა, შოვის ტრაგედიის შემდეგ, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ.

ტელეფონში მსხვერპლი ბავშვების ფოტო გადმოვწერე და გაღვიძება-დაძინებისას ვუყურებ, მგონია, რომ ჩემი ვალია მახსოვდეს, ვგრძნობდე, განვიცადო და ეს გლოვა დიდხანს არსად წავა.. ვისაც OCD-ის ნიშნები გამოუცდია, იცის რასაც ვგულისხმობ.

ფეისბუქზეც, დიდი ხანია, ისედაც აღარ შემოვდივარ.

მაგრამ მთელ ამ მიზეზთა მიუხედავად, შეუძლებელია ორი სიტყვა არ დავწერო მწერალთა სახლის ამბებზე.
ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმაც კი არ იცის, რომ ორი წელია მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ.

ამ ორი წლის განმავლობაში დანარჩენ წევრებთან, ჩემზე კიდევ მეტად კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად არაერთი ისეთი პროექტის მომზადებაში მივიღე მონაწილეობა, რაც ქართულ ლიტერატურას უდავოდ წაადგება. ქართული წიგნების უცხოური თარგმანები, უცხოური წიგნების ქართული თარგმანები, საერთაშორისო ფესტივალები, წიგნის ბაზრობები, თბილისის ლიტერატურული ფესტივალი და ა.შ. ჩემი წვლილი საერთოდ რა მოსატანია, მწერალთა სახლის გუნდი აკეთებდა ამ ყველაფერს, გუნდი, რომელიც იმდენად კომპეტენტურია ამ საკითხში, რომ აბსოლუტურად, ბრმად ვენდობი.

როდესაც თანამედროვე ქართული ლიტერატურის მდგომარეობაზე მეკითხებიან, ყოველთვის დიდი იმედით აღვსილი ვპასუხობ ხოლმე, რომ ძალიან კარგი ძვრებია, მსოფლიო ნელ-ნელა ინტერესდება ქართველი ავტორებით, ჩნდება მეტი კონტაქტები და ა.შ. და მთელი აი ეს განწყობა ამ ადამიანების დამსახურებაა. საქმეს აკეთებდნენ წყნარად, ზედმეტი ხმაურის გარეშე, სიყვარულით და ენთუზიაზმით, სამეთვალყურეო საბჭოც ანალოგიურად, მათ კვალზე.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბოლოდროინდელი გამოცოცხლება დიდწილად არის ნატა ლომოურის გუნდის დამსახურება, მათი ზრუნვის შედეგი, რათა საქართველო მსოფლიო ლიტერატურული ოჯახის მნიშვნელოვან წევრად ქცეულიყო. ამ გუნდს ჰქონდა მწერლების აბსოლუტური ლეგიტიმაცია. ვინმე იკითხავს, რომელი მწერლებისო.

გეტყვით, მე არ მეგულება საქართველოში მწერალი თუ ლიტერატორი, რომლისთვისაც მწერალთა სახლის კარი დაკეტილი იყო, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების ადამიანს ეთმობოდა ადგილი, მწერალთა კავშირსაც თავისი დრო და სივრცე ჰქონდა და უკავშიროებსაც, ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც, აქ სახლი ედო აბსოლუტურად ყველას, ვისაც წიგნის სიყვარული აერთიანებს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნატა, ლელა, მაიკო, თეკლა, სოფო, ნინო, ყველას, ვიღაც აუცილებლად გამომრჩება და ბოდიშს ვიხდი. ოდესმე თუ ნობელი საქართველოში წამოვა, ამაში თქვენი შრომაც იქნება ჩადებული, დარწმუნებული ვარ.

პირადად ჩემი, როგორც მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს იწურება, თუმცა ჩემთვის ეს პირობითია, რადგან დღეიდანვე უარს ვამბობ და აღარ მივიჩნევ აღნიშნული საბჭოს წევრად თავს.

აქ ნატაზე და ქეთიზე არაა, არც ნატას ვიცნობდი ახლოს, როცა საბჭოში მიმიწვია და არც ქეთი დუმბაძეს ვიცნობ ნორმალურად, პოლიტიკური პრეფერენციებიც ადამიანების შეფასებისას ჩემთვის მეათეხარისხოვანია, შეიძლება ვიღაც გამიწყრეს კიდეც, აბა ქოცი, აბა ნაცი.. არ მაინტერესებს, ადამიანებს ამით არ ვაფასებ.

შესაძლოა ჩემი ნაკლია. იყოს. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია თუ ვინ იქნება მწერალთა სახლის დირექტორი, ოღონდ მთავარია ორი რამ:

1. ადამიანების დაფასება. როდესაც გუნდს ფასდაუდებელი წვლილი აქვს თანამედროვე ლიტერატურული პროცესების დაძვრაში, მართლაც მწერლების სახლის, ულამაზესი და თავისუფალი სივრცის შექმნაში, ასეთი ადამიანები რაღაც ენამწარე პასკვილების ადრესატები არ უნდა ხდებოდნენ, პირიქით ასეთ ადამიანებს ხელს უნდა უწყობდნენ, ხოლო მათი სამუშაო ვადის დასრულება მადლობითა და პატივისცემით უნდა აღინიშნებოდეს.

2. მწერლების ლეგიტიმაცია. ნებისმიერი თანამდებობა და სტატუსი პირობითია, თუ სფეროში მომუშავე ადამიანთა ლეგიტიმაცია არ ახლავს თან. მხედართმთავარი, რომელსაც ჯარი არ აღიარებს, ანდა საფეხბურთო მწვრთნელი, რომელსაც გუნდი არ უჯერებს, მხოლოდ სახელებია და დაცლილია შინაარსისგან.

უშინაარსო სტატუსები მომავალს არ ქმნიან.

ქართულ ლიტერატურას კი აუცილებლად ექნება დიდი და ბრწყინვალე მომავალი”, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

“გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს”- პრემიერი

გილოცავთ დიდგორობას – საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია.

„1121 წლის 12 აგვისტოს ქართველმა ერმა, დიდი დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. „ძლევაი საკვირველმა” დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოში. ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. ახალ გამარჯვებებს, მშვიდობას, გაერთიანებას, გაძლიერებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს