Home Blog Page 1745

ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა

ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Seznam Zprvy ჩეხეთის ფინანსურ-ანალიტიკურ სამმართველოზე (FAU) დაყრდნობით იტყობინება.

FAU-ში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისები დაშვებულია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. შემთხვევების უმეტესობა ატომური ენერგეტიკისა (37%) და ფარმაცევტიკის (45%) სფეროებს უკავშირდება. კომპანიების დასახელებები და დამატებითი დეტალები უცნობია.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია CEZ-ი, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები „ტემელინი“ და „დუკოვანი“ ეკუთვნის, რამდენჯერმე ითხოვდა გამონაკლისის დაშვებას. CEZ-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომპანიას მსგავსი შინაარსის „ათამდე მოთხოვნა აქვს გაგზავნილი“.

Seznam Zprvy წერს, რომ გამონაკლისის დაშვების მიზანი იყო ის, რომ კომპანიას რუსულ ინჟინირინგის კომპანიებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. CEZ-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნები ეხებოდა ატომური ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს MSA და Skoda JS. MSA ადრე შედიოდა TMK-ს შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც სანქცირებული ბიზნესმენი დმიტრი პუმპიანსკი იყო. Skoda JS კი წარსულში რუსული ОМЗ-ს სტრუქტურაში შედიოდა.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა

რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან, მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობას ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა და საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს და ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, თუმცა, დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები ამ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად მოგახსენებთ, რომ ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა.

გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე დღევანდელი, ახალი მოცემულობით მაგალითად თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი, არა მარტო მინისტრები, ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ანუ, ყოველთვიურია უკვე ინტერპელაციები, რომლებიც შემოღებულია რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პირველ რიგში ოპოზიციის ხელში, თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციით შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში.

„მაგალითად, ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა მინისტრს. ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა დაუშვებელია; საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითისთვის, დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი, ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, შემცირდა პასუხის გაცემის ვადები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე, აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა – ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე რეგლამენტში დაიხვეწა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე და ესეც დაზუსტდა, სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში. ანუ, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა და პრაქტიკაზე დადებითად აისახება.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება, რაც პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. თქვენ გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ა.შ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. დაახლოებით ერთ საათში კენჭისყრის დასრულებიდან, 20 საათზე სრულდება კენჭისყრა როგორც მოგეხსენებათ, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ხარჯების წლიური ზედა ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, აქაც გავყევით ოდირის რეკომენდაციებს, გაორმაგდა ჯარიმები, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ასევე დადგინდა ხანდაზმულობის ახალი ვადები ასევე ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება, ყველა წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე საარჩევნო კოდექსში. ასევე საუბნო კომისიის ხელმძღვანელობა აირჩევა საოლქო კომისიის მიერ, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც შესრულდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, რაც იყო ასევე ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

„გადათვლას რაც შეეხება, აქაც ავტომატური გადათვლა იქნა შემოღებული, დისბალანსების შემთხვევაში, თუ დისბალანსი აღემატება, 5 ბიულეტენს, ან არის, -10 ბიულეტენი ამ შემთხვევაში ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი. არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის სადაც არ ვრცელდება ელექტრონული კენჭისყრა. მარკირება შემოღებული იქნება, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას, ესეც არის მნიშვნელოვანი სიახლე და დაკვირვების ნაწილში დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს, მაშინაც როდესაც არ არის საარჩევნო პერიოდი – ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. ანუ, საარჩევნო რეფორმის კუთხითაც ხედავთ რომ არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული და მე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, პირველი ეტაპი, 10 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად, სამ ეტაპად წარიმართება.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გავლა.

პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 15 ივლისის 24:00 საათამდე. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს ქულას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, მარტოხელა მშობლების შვილი, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, ან ნაშვილები ბავშვები, სამხედრო მოსამსახურეების შვილები, საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე რეგისტრირებული ბავშვები, ვინც დედაქალაქშია რეგისტრირებული. 17 ივლისს, დილით 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 23 ივლისს, 24:00 საათამდე.

რეგისტრაციის მესამე ეტაპია საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც 25 ივლისს, დილით 10:00 საათზე დაწყება. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება 2 წელი“, – აღნიშნა კალაძემ.

ველისციხეში კაცმა ორი მეზობელი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“ექსპლუატაციის სტატუსი, 2020 წლის აგვისტომდე აშენებულ 400-მდე შენობას მიენიჭა, 700-მდე ობიექტის საქმე კი განხილვაშია” – კალაძე

ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ექსპლუატაციის სტატუსის არმქონე შენობებში ცხოვრობენ, მიმდინარე თვის 27 რიცხვამდე შეუძლიათ მერიას მიმართონ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2 წლის წინ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, შენობებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა ავტოსადგომების რაოდენობასთან, სიმაღლის რეგულირებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული დარღვევები აქვთ, ექსპლუატაციაში მაინც მიიღებენ.

კახა კალაძის თქმით, კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ, ექსპლუატაციის სტატუსი 400-მდე შენობას მიენიჭა და 700-მდე ობიექტის საქმე ახლაც განიხილება.

„იცით, რომ დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემასა და გამოწვევას დაუსრულებელი ობიექტების მშენებლობა წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, შენობების მშენებლობა დასრულებული იყო, თუმცა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ათეულობით წლების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ შენობებში, რომლების ექსპლუატირებული არ იყო. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო უკანონო მშენებლობა იმ მიზნით, რომ კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ, ასევე, გადამეტებული k1 და k2 კოეფიციენტები, ნებართვისაგან განსხვავებული პროექტით მშენებლობა და ა.შ. ეს, პირველ რიგში, პრობლემა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს კორპუსებში ცხოვრობდნენ. ქონებას მშენებარე ობიექტის სტატუსი ჰქონდათ, რაც იურიდიულად სრულფასოვანი მფლობელობის უფლებას მათ არ აძლევდა. ასევე, იქ მცხოვრები ადამიანები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ამ ამხანაგობების განვითარების მიმართულებით არსებული პროექტებით ვერ სარგებლობენ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ორი წლის წინ, პარლამენტში, საქართველოს სივრცით-დაგეგმარებით, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღონ ისეთი შენობებიც, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა აქვს რაღაც დარღვევები, მაგალითად, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და სხვა. მიუხედავად ამისა, ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკიდან გამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ. ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში 400-მდე ობიექტი მივიღეთ და განხილვის პროცესში 700-მდე საქმეა.

მერიაში განცხადებების წარმოსადგენად ადამიანებს 2 წელი ჰქონდათ. მიმდინარე თვის 27 რიცხვში ეს ვადა იწურება და მათ, ვისაც ამ შესაძლოებით არ უსარგებლიათ, შეუძლიათ შეაგროვონ შესაბამისი დოკუმენტები და მოგვმართონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ნებისმიერ აგრესიას სამოქალაქო აქტივიზმს ეძახიან და თქვენი ტელევიზიები ამას პოზიტიურ კონტექსტში აშუქებენ”- კობახიძე ჟურნალისტს

“იმის თქმა, რომ 12 რეკომენდაციიდან შესრულდა მხოლოდ 3 არის მანიპულაცია. ყურადღებით რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ 12-დან 3 არ შესრულებულა. სიღრმისეული ინფორმაციაც იმისთვის წარმოგიდგინეთ, რომ ასეთი მშრალი ციფრებით არ გესაუბრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ევროკომისიამ იქვე წარმოადგინა 18 პუნქტი, რაც სამომავლოდ არის გასაკეთებელი. თუ ამ 18 პუნქტს ჩავუღრმავდებით, ნახავთ, რომ მთლიანობაში, ხარისხობრივად რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. ეს დასტურდება საიდან: 18 პუნქტია, საიდანაც 13, 14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას. რაც შეიძლება დღემდე გაკეთებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ამ პრეზენტაციიდან ჩანდა.

რაც შეეხება ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას და კონკრეტულად მშვილდაძის შემთხვევას – ჩვენ გავაკეთეთ არაერთი განცხადება, რომ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მე ყველას მოვუწოდე, ნუ შეაქვთ თავისი წვლილი აგრესიის გაღვივებაში, პოლარიზაციაში. მნიშვნელოვანია ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმს ეძახიან ნებისმიერ აგრესიას. მაგალითად, იყო აჭარაში შემთხვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა უმაღლეს საბჭოში და მას თავზე ჩამოამხეს ნაგვის ურნა. თქვენი ტელევიზიები ამას პოზიტიურ კონტექსტში აშუქებდნენ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისდა, რომელიც მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ გამოისყიდა.

„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ დაგეგმილი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოვახდინეთ ადგილმონაცვლეობა, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა მერიას და აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობას დაუბრუნდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 2025 წლის 1-ელი ივლისისთვის.

„აღნიშნული ტერიტორია ისტორიულად საჩოგბურთო კორტებს წარმოადგენდა. 2021 წელს გამოცხადდა აუქციონი, რომელიც მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას – ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, მესაკუთრეს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვა და იწყებს მშენებლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს”-კობახიძე

ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საერთო პოლიტიკურ გარემოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის საკითხს ბოროტად იყენებს, რათა პოლარიზაცია გააღვივოს.

„ხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის, თვეების განმავლობაში მთავარი თემა, რაზეც რადიკალური ოპოზიცია აგებს პოლარიზაციის კამპანიას, სწორედ კანდიდატის სტატუსია. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემასაც კი ბოროტად იყენებენ, რათა პოლარიზაცია გააღვივიონ. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, რომლითაც აღვივებენ პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის ავტომატურად შეცვლის ამ მდგომარეობას. ბოლომდე ვერ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ არსებით ცვლილებას შეიტანს იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან. ამ კუთხითაც უნდა გვქონდეს იმედი, რომ საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებშია სიმშვიდე, ქვეყანაში არ ირსებობდეს პოლარიზაცია.

„უხეშ რიტორიკას რაც შეეხება, ძალიან რთული საკითხია, ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. როცა მეორე მხრიდან, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ხან პრორუსულს გეძახიან, ხან რუსულს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შეუძლებელია, ამ ყველაფერს პასუხი არ გასცე. აქედან გამომდინარე, რთული საკითხია პრობლემის მოგვარება. სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, რომ არ ჰქონდეს პოლარიზაცია, ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის არა მარტო ობიექტური ინტერესი, არამედ ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, სიმშვიდე ხელისუფლების სუბიექტურ ინტერესებშია. აქედან გამომდინარე, ნათელია, ვის აწყობს პოლარიზაცია. რასაც ეძახიან პოლარიზაციას, სინამდვილეში არის რადიკალიზმი. პოლარიზაცია არის ტერმინი, რომელიც უბრალოდ პასუხისმგებლობას ანაწილებს ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე. სინამდვილეში, პრობლემა არის რადიკალიზმი. ოპოზიცია როცა გეძახის რუსს, პუტინისტს და ასე შემდეგ, შენ იძულებული ხარ, უპასუხო. სამწუხაროდ, ასე გრძელდება. ეს პროცესი არის ჩაკეტილი წრე. არ ვიცი, როგორ უნდა გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველა შემთხვევაში, ძალიან დადებით როლს შეასრულებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება

სულ ცოტა დრო რჩება 7 ივლისამდე, როდესაც თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება. კონფერენციის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და დარეგისტრირდით კონფერენციაზე აქ: https://changeinspire.ge/#about-conference

R

“უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი” – ირაკლი კობახიძე

უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი – ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს მოუწოდა დატოვოს ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზნით.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაში და ახლა იმავე ხელისუფლების წარმომადგენლები მისი უკრაინისთვის გადაცემას ითხოვენ, რაც კობახიძის შეფასებით, ასევე შეურაცხმყოფელია.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში მარტივი მიზეზის გამო, რომ თემა ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში, დღესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს, თუმცა ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

“ხომ გახსოვთ ის კადრები, სააკაშვილი სახურავზე რომ დააკავეს?”- ამირან სალუქვაძე

“უაღრესად შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ზელენსკის გადაწყვეტილება ჩვენი ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე

უკრაინის პრეზიდენტის,ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს,  სადაც ზელენსკი სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

“სააკაშვილი, ზელენსკი…
უაღრესად შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია ზელენსკის გადაწყვეტილება ჩვენი ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით.

უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, რომ ერთადერთი საელჩო იყო, რომელიც კიევის ალყის დროს აგრძელებდა საქმიანობას და ეს იყო არა საელჩოს, არამედ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. ამერიკამაც კი თავისი საელჩოს ევაკუაცია მოახდინა და ლვოვში გადაიტანა.

თუ ოპოზიცია ხარ, ხელისუფლებასთან ბრძოლა შენი დანიშნულებაა, მაგრამ როცა ებრძვი სახელმწიფოს, მის ინტერესებს და პრესტიჟს, მე-5 კოლონა ხარ.

ეს მათი მისამართით, ვისაც სიხარული მოგანიჭათ. არცაა გასაკვირი, როცა წინაპრების და ჩვენი თანამედროვეობის გმირების სისხლით გაჟღენთილ მიწას, ქვების გროვას უწოდებთ.

ზელენსკის კომენტირება არც ღირს.

რაც შეეხება სააკაშვილს, ერთ თვეში სტრასბურგში ორი საქმე წააგო. ერთი ეხებოდა მის ყოფნას ვივა მედში და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას, რაზეც უარი მიიღო, მეორე კი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს დროს მის დაკავებას.

ჰოდა, ასეთი კითხვა მაქვს. ხომ გახსოვთ ის კადრები, სახურავზე რომ დააკავეს?

აი ეს საქმე წააგო ახლა, ერთი თუ ორი კვირის წინ. ამ საქმეში ხომ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობდა?

საინტერესოა უკრაინის ხელისუფლებამ რატომ არ შეაშველა ერთი სიტყვა, რომ პოროშენკომ სააკაშვილი უკანონოდ დააკავა?
ანუ, რა გამოდის, უკრაინამ 2017 წელს კანონიერად დააკავა და საქართველომ ორგზის მსჯავრდებული და სამგზის ბრალდებული, რომელიც ფარულად შემოიპარა, უკანონოდ დააპატიმრა? სადაური ლოგიკაა?
საპატიმროში, ანუ ვივა მედში ყოფნის სამართლებრივი შეფასება დადო სტრასბურგმა.
განაჩენებს არც ასაჩივრებენ, არც აღიარებენ, ხალხს ბოდიშს არ უხდიან. ფიქრობენ ხალხს ყველაფერი მოეჩვენა და მათ მიმართ უსამართლო პრეტენზიები აქვთ.
ვკითხულობ პოსტებს, კომენტარებს, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს სააკაშვილიო. მდგომარეობამდე მიიყვანეს სერგო თეთრაძე, სულხან მოლაშვილი და უამრავი სხვა. გამოუფინეთ ახლიდან ფოტოები. სააკაშვილს ვინმე თითით ეხება, ან კვების, ან მკურნალობის უფლებას უზღუდავს? 24 საათიანი ვიდეო თვალთვალის ქვეშაა. მოწამვლა არ დადასტურდა. დადეთ ვიდეო, რომ კლინიკაში ცუდად ექცევიან და პირველი დავუჭერ მხარს მის გამოშვებას. თუ ეს ასე არაა, დანარჩენი სამართლებრივი დავის საკითხია.
არავის ციხეში ყოფნით არ ვხალისობ, გინდათ სააკაშვილი იყოს, გინდათ ქარდავა, გინდათ სხვა ვინმე. ხალისობა ის იყო, საღამოს რომ იკრიბებოდა ღამის მთავრობა და ხალხის ჩაგვრის ისტორიებით ხალისობდნენ. სხვათაშორის, ქარდავა და მისი კოლეგები რომ სხედან, სააკაშვილის ბრალია და არა მხოლოდ მისი. მისი შექმნილი და წახალისებულია როგორც სიტყვიერად, ისე თანამდებობებით, მედლებით და ორდენებით. ეს ისე…”-წერს სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძე.

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სოფელი სამება იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.