Home Blog Page 1736

“პედოფილიაზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაუქმდეს” – ანა დოლიძე

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითვალისწინებს

’’ჩვენი ხელწერა არის საქმეზე ფოკუსირება და ხალხის საკეთილდღეოდ საკანონმდებლო წინადადების წარდგენა. ჩვენ პარტიას აქვს ამოცანა საქმე, საქმიანი წინადადება და წნეხი ქართულ ოცნებაზე. ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ეხება პედოფილიას.  გამოცემა ,,ნეტგაზეთს’’ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა ძალიან კარგი სტატია, სადაც კარგად ჩანს თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით.  29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.  მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში პროკურატურას უჩნდება აზრი გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და ქუჩაში დატოვოს  პედოფილი. 5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა , მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში.  სასჯელი ზომაც ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალი, რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ კორუფციასთან ან სხვა რამესთან.  შესაბამისად,  ჩვენი  ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას.’’– აცხადებს ანა დოლიძე.

“ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი”-ირაკლი ზარქუა

ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას წალენჯიხაში გიორგი მუმლაძისა და ლევან ხაბეიშვილის ფრთის დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ზარქუას თქმით, „ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი“.

„ჩემი ხაბეს წინააღმდეგ შეთქმულებას აქვს ადგილი, ცუდას რად უნდა მტერობა, ამას გეტყვით. ხაბე, გამაგრდი, გიტევენ, მაგრამ ვიცი, რომ შენც მედგრად დგახარ და აბა, შენ იცი. სხვათა შორის, ხაბეს ისევ ჰყავს 17-კაციანი ამალა, გუშინ ვიხილე, „ვივამედთან“ მივიდნენ. შემორჩენილი ჰყავს ჩემს ხაბეს ის 17-კაციანი ამალა და მას ერთი კაცი არ უნდა დააკლდეს. რა გითხრათ, ხაბე რომ თავმჯდომარეა და მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია, თემა დამთავრებულია. ხაბე რომ თავმჯდომარეა, იმაზე მეტად პარტია რა უნდა დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

თიბისიმ, USAID-თან პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შემსწავლელი ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. თანამშრომლობის მემორანდუმს თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” დირექტორმა დევიდ ბლოოდმა 5 ივლისს თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე მოაწერეს ხელი. ღონისძიების ფარგლებში თიბისი ბანკისა და USAID-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა ისაუბრა.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის”, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ICT სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ტრენინგ-პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. კურსები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, რაც კურსებს ხელმისაწვდომს გახდის რეგიონის ბენეფიციარებისთვის და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნება iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე.

კურსების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში, დასაქმდნენ თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში.

„თიბისისთვის განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. არაერთი წელია თიბისი აკადემია, სხვადასხვა მიმართულებით, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს უქმნის დაინტერესებულ ადამიანებს. ამჯერად კი USAID-თან თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს ICT მიმართულებით კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების როგორც მომზადებას, ასევე გადამზადებას დღეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ თიბისიში და ჩვენს პარტნიორი ორგანიზაციებში”. – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
აღსანიშნავია, რომ ორ კურსზე – iOS დეველოპმენტი და TOT დაწყებულია რეგისტრაცია. რეგისტრაცია მიმდინარეობს თიბისი აიტი აკადემიის  ვებ-გვერდზე.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიურ მიმართულებებში.

R

“უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია” – მიხეილ სარჯველაძე

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მორალური თვალსაზრისით პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ, ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„აშკარად შეიმჩნევა, რომ პრიორიტეტების ახლებურად გადალაგება ხდება, ამ შემთხვევაში უკრაინის მხრიდან. როგორც ჩანს, პრიორიტეტების კონფიგურაცია შეიცვალა და ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე უფრო ღირებული სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა გახდა. ეს რა მიზნებს შეიძლება ისახავდეს, ამაზე დასკვნების გაკეთება ჩვენს საზოგადოებას არ გაუჭირდება. ეს გადაწყვეტილება არათუ გასაკვირი იყო, არამედ ყველას უჩნდება კითხვები, მათ შორის იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ელჩი, რომელიც ღირსეულად იქცეოდა და უკრაინაში საკუთარი სამსახური ერთი დღეც არ დაუტოვებია, რაც ვაჟკაცური ჟესტი იყო უკრაინის მხარდასაჭერად, როცა კიევს შეიძლება ყველაზე მეტად უჭირდა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და მორალური თვალსაზრისით გადაწყვეტილებას პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ. ამ ყველაფერს კარგი სახელი მოეძებნა – ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიქნებით.

ალბათ მცდელობა გვექნება, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები არც უკრაინის ინტერესებში არ არის და არც საქართველოსი, არც ევროპის. ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ჩვენ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, თუმცა შედეგი მხოლოდ ჩვენს მცდელობაზე დამოკიდებული ვერ იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, მზად არის, უკრაინა მისთვის მიცემულ ვადაში დატოვოს.

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო.

ახალი რეგულაციით, პოლიცია შეძლებს კამერის, მიკროფონის, „ჯიპიესის“ და სხვა მოწყობილობების გააქტიურებას ტელეფონებში.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ერიკ დიუპონ-მორეტი ამტკიცებს, რომ ეს გავლენას მოახდენს მხოლოდ „წელიწადში ათეულობით საქმეზე“.

ლეპტოპების, მანქანების და სხვა დაკავშირებული ობიექტების, ასევე ტელეფონების დაფარვით, ღონისძიება იმ დანაშაულებში ეჭვმიტანილთა, რომლებიც ისჯება, მინიმუმ, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით,  გეოლოკაციის დადგენას გახდის შესაძლებელს. მოწყობილობები ასევე შეიძლება დისტანციურად გააქტიურდეს ტერორისტულ და ორგანიზებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ხმისა და სურათების ჩასაწერად.

დებულების ნებისმიერი გამოყენება უნდა დაამტკიცოს მოსამართლემ, ხოლო მეთვალყურეობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ექიმები, ჟურნალისტები, იურისტები, მოსამართლეები და დეპუტატები არ იქნებიან ლეგიტიმური სამიზნეები.

“თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა” – რომან გოცირიძე

სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს, – ასე აფასებს პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ანგარიშს, რომელსაც პარლამენტი ხვალ განიხილავს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დოკუმენტში გარე საფრთხეებთან დაკავშირებით ნახსენებია უცხო ქვეყანა და არა რუსეთი.

„არის ერთი ასეთი დებულება, რომ თურმე სუს-მა თავიდან აიცილა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტივობა და რომელი ქვეყანაა ეს, არ ასახელებს. თუ რუსეთია, ახსენონ პირდაპირ რუსეთი, მაგრამ რუსეთს არ ჰგავს, რადგან თურმე მერე სუს-მა აიცილა ამ რომელიღაც უცხო ქვეყნის ინტერვენცია ანუ შემოჭრა საქართველოში. რომ იტყვიან – „გვარს არ დავასახელებ და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეო“, ასე არ ასახელებენ რომ რუსეთია, მაგრამ მერე თურმე სუს-მა აიცილა „მეორე ფრონტის“ გახსნა – ეს სიტყვა არაა გამოყენებული, მაგრამ ასე იკითხება. „ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური განცხადებების გამეორებაა. ანგარიშის მოსმენისას გამოვკითხავ დაწვრილებით, რა იგულისხმება ამაში, ვინ აპირებდა პროვოკაციას და ვინ აპირებდა საქართველოში შემოჭრას. სადაც საკითხი ეხება რუსეთს, ირიბად არის ნათქვამი და არ არის ნახსენები, ვინ და რა იგულისხმება.

რაც შეეხება სახელმწიფო თანამდებობის პირის მოსალოდნელ ლიკვიდაციას, ნათლად უნდა იყოს ნათქვამი, ვინ არის ეს პირი, დაუნიშნეს თუ არა დაცვა, რატომ, რა მოტივით, შიდა არეულობის მოწყობა უნდოდათ, თუ ამ პირის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ და ბოლოს და ბოლოს ვინ არის, ვინც მოკვლას აპირებდნენ. აგერ, „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდაო ევროპას და ამერიკას და ამიტომ შესაძლებელია ორაზროვნად იქნას წაკითხული, ბუნებრივია, აქ უნდა იგულისხმებოდეს რუსეთი, თუ სხვას არ გულისხმობენ,“ – განაცხადა გოცირიძემ.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.

“უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა” -გიორგი კახიანი

“ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვნახეთ, მძიმეა და, ბუნებრივია, დიპლომატიურ ურთიერთობებზე პოზიტიურად ვერ იმოქმედებს. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, ყველასთვის ცნობილია, ეს თემა არის დახურული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან მიმართებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, კითხვები არ არსებობს ქვეყნის შიგნით და ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით არ არის კარგი ნაბიჯი.

„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლო და ყოვლად უსაფუძვლოა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაც არის ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისთვის ცნობილია და კითხვები ამაზე მგონია, რომ არ ჩნდება. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტად გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ღირსეულ დამოკიდებულებას, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ გვაქვს, მით უმეტეს, რომ ომის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომელიც გვქონდა და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები მეტი აღარ იქნება და პირიქით, გადაიდგმება ნაბიჯები, რაც გაამყარებს ჩვენ ურთიერთობებს. ასეთი ნაბიჯი, რაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ვნახეთ, მძიმე ნაბიჯია და, ბუნებრივია, დიპლომატიურ ურთიერთობებზე პოზიტიურად ვერ იმოქმედებს, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ ხდება ეს, რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა, ყველასთვის ცნობილია, ეს თემა არის დახურული. მასთან მიმართებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და, აქედან გამომდინარე, ის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა, იცით, რომ სამკურნალო დაწესებულებაშია და იქ იხდის სასჯელს. კითხვები არ არსებობს ქვეყნის შიგნით და ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით არ არის კარგი ნაბიჯი”, – განაცხადა კახიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.

“გიორგი ბაჩიაშვილმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა” – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

„ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის – 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

“სააკაშვილის მთავრობის ყოფილ წევრთა უტიფრობა უკიდეგანოა”- გია აბაშიძე

თუ როგორ „იხეირა“ და „ამოისუნთქა“ საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ თანაოკუპანტი ნაცრეჟიმის დროს, ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას განცხადებას, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთში დასავლური ფირმების მუშაობის შეწყვეტით, საქართველო იხეირებდა, „არა-რუსული მთავრობა რომ ჰყოლოდა“.

აბაშიძის თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების დროს, რომლის წარმომადგენელი ლომაიაც იყო, რუსეთმა ის მაქსიმუმი მიიღო საქართველოსგან, რაც სურდა.

„თუ როგორ „იხეირა“ და „ამოისუნთქა“ საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ თანაოკუპანტი ნაცრეჟიმის დროს, ისტორიის სამარცხვინო ფურცელია.

სააკაშვილის მთავრობის ყოფილ წევრთა უტიფრობა, იქნება ეს ალექსანდრე ლომაია თუ სხვა უსამშობლო ნაცსექტანტი, უკიდეგანოა. ამ მოღალატე სუბიექტების სამარცხვინო დამსახურებით, აგრესორმა კრემლმა მიიღო ის მაქსიმუმი, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნისგან.

სამწუხაროდ, ახლა გვიწევს ძალიან გრძელ, შედეგზე ორიენტირებულ დანაღმულ ბილიკზე სიარული ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისთვის და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ნაცმანქურთების ობსტრუქციის მიუხედავად“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„თიბისი ლიზინგი“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულია

„თიბისი ლიზინგმა“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გაიმარჯვა. როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „აღნიშნულის მიზეზი 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციების წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველი ეროვნული ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციების გამოშვებაა. აღნიშნული ემისია „თიბისი“ კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.

„ემისიის ფარგლებში, „თიბისი ლიზინგმა“, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან მეორე მხარის მოსაზრება მიიღო კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით. მეორე მხარის მოსაზრების თანახმად, „თიბისი ლიზინგის“ მწვანე ობლიგაციების ჩარჩო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP) სრულ შესაბამისობაში მოდის.

კომპანია ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირისაგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან – Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

„თიბისი ლიზინგის“ მიერ განხორციელებული ტრანზაქცია პროგრამის ფართო სტრატეგიულ მიზნებს შეესაბამება, რაც საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას.

ფასიან ქაღალდს 3-წლიანი ვადა აქვს და ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი არის თბილისის ბანკთაშორის განაკვეთი პლუს 2.75% მარჟა.

„მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას და გაზრდის ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ქართული ლიზინგის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს – ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“,-განაცხადა „თიბისი ლიზინგის“ მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ნუგზარ ლოლაძემ“.

(R)

“უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს”- გია ვოლსკი

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება უსამართლო და უსაფუძვლოა.

„უკრაინის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილება არის მიღებული. ეს, უსამართლოსთან ერთად, უსაფუძვლოცაა, რაც საკმაოდ გამაღიზიანებელი და გულდასაწყვეტია. უკრაინაში კარგად იციან, თუ რაოდენ მძლავრი პოლიტიკური, სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს საქართველოსგან ყველა კრიტიკულ მომენტში. უკრაინისთვის საგანგებო თემაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ამას არც მალავენ. საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო და მოხალისეების წასვლას ორგანიზება არ გაუკეთა და უკრაინამ ელჩი მაშინ გაიწვია, როცა აშკარა პოლიტიკურ თემებზე საუბარი საერთოდ არ იყო. „შავ ხვრელებთან“ ყბადაღებული თემები მოიგონეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა. შემდეგ კი, ახალი ვერსია „მოხარშეს“ – სააკაშვილის „მოწამვლის“, რომელმაც ასევე არ იმუშავა და მას სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.

ახლა მცდელობაა იმის, რომ როგორმე საქართველოს სტატუსი არ მიეცეს, რათა ამან საზოგადოებაში დაძაბულობა გამოიწვიოს და დესტაბილიზაციის ახალი ტალღა წარმოიშვას. ეს იმდენად აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური განცხადებებიც არაა საჭირო. „ნაცმოძრაობა“ ამას უკვე ღიად აცხადებს“,–  განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, მზად არის, უკრაინა მისთვის მიცემულ ვადაში დატოვოს.