Home Blog Page 1735

„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა”- ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი განცხადებით, სიცხადე და გამბედაობა საუკეთესო თავდაცვა და გზაა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამით სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, ნატო-ს სამიტის კონტექსტში, რომ “გაურკვევლობა სისუსტეა.”

„სიცხადე და გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება.

როგორც ზელენსკი აცხადებს, აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე.

ეს უპრეცედენტო და აბსურდულია – როდესაც არ არის დადგენილი კონკრეტული დროის ჩარჩოები ნატოში უკრაინის მოწვევისთვის და გაწევრიანებისთვის და როდესაც ამას ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება უკრაინის მოწვევისთვის გარკვეულ „პირობებზე“… ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზაობა არც უკრაინის მოწვევისთვის და არც მისი გაწევრიანებისთვის ალიანსში ანუ, ნატოში უკრაინის წევრობა რუსეთთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგნად რჩება, რუსეთისთვის კი ეს შემდგომი ტერორის გაგრძელების მოტივირების საშუალებას ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

,,ზელენსკი ზედმეტად შორს მიდის”- „პოლიტიკო“

პოლიტიკოს“ ცნობით, დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ბოლო განცხადებებით, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს, ზედმეტად შორს მიდის.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამ, რომელშიც ის ალიანსს გაუბედაობაში ადანაშაულებს, ვილნიუსში მიმდინარე სამიტის მონაწილეების გაოგნება და დაბნეულობა გამოიწვია.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ნატო-ს სამიტის კომუნიკეს სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ ალიანსი უკრაინის მიწვევას მაშინ შეძლებს, როდესაც მოკავშირეები ამას დათანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ კომუნიკეში წარმოდგენილმა ფორმულირებამ უკრაინის ლიდერის აღშფოთება გამოიწვია. მან აბსურდი უწოდა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტში უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ვადა არ არის მითითებული.

ზოგიერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკვე გააკეთა კომენტარი ზელენსკის ამ განცხადებაზე.

„მე კრიტიკულად ვარ განწყობილი ბევრი ასპექტის მიმართ, კერძოდ, ეს ეხება ზოგიერთი მოკავშირის პოზიციას, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის გათვლილი და უსამართლო მიდგომაა“, – უთხრა პოლიტიკოს ცენტრალური ევროპის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, მან ასევე დაამატა, რომ „ზელენსკი ძალიან შორს მიდის“.

ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ გასაგებია, უკრაინის ლიდერის გძნობები.

„მისი იმედიგაცრუება გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ ომს. კომუნიკეს შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში მოკავშირეებმა უნდა მიაღწიონ“,  – განაცხადა „პლიტიკოს“ წყარომ.

უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს მიიღებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს მოკავშირეებისგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს მიიღებს.

„ჩვენი ალიანსი ერთიანია, რომელიც ძალიან პრაქტიკული გზით გამოავლენს უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის წევრობის ფაქტის ჩათვლით“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„ვფიქრობ, ყველამ მკაფიოდ განაცხადა, მათ შორის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ ომის დროს წევრობა არ შეიძლება შედგეს, მაგრამ მათ მიაღწიეს რეალურ პროგრესს და ალიანსი დასახავს შემდგომ რეფორმებს, რაც აუცილებელია ამ გზის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

,,მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ განეწყონ”- თალაკვაძე

უკრაინა დღეს იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვის, აქედან გამომდინარე, უკრაინა არა მხოლოდ პრიორიტეტულ ყურადღებასა და მხარდამჭერ გზავნილებს, არამედ, მე თუ მკითხავთ, გაცილებთ მეტსაც იმსახურებს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში „მაპის“ გარეშე გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ქართული ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო განცხადებები გაკეთდა.

„როგორი უსინდისო განცხადებები კეთდება ზოგიერთ ოპოზიციონერის მხრიდან. ისინი ამტკიცებენ, ვითომ საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა აინტერესებთ. მაგრამ სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობას ეუბნებიან – აი, ნახეთ, უკრაინის საკითხი დაჩქარებულად განიხილებაო და საქართველოსი არ განიხილებაო. ანუ, ადამიანებს ეუბნებიან – უკრაინის შეგშურდეთო და უკრაინის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში აბსოლუტურად უარყოფით და ნეგატიურ განწყობას ნერგავენ. პრაქტიკულად მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ განეწყონ. აი ასეთ მავნებლურ საქმეს აკეთებენ ისინი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის” – მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატოში უკრაინის გაწევრიანება პოლონეთის ინტერესებში არ შედის.

მისივე თქმით, ნატოში უკრაინის არმიღების მიზეზს პოლონეთის ხელისუფლების სურვილი – ამ ქვეყნის დასავლეთი ნაწილის მიტაცება წარმოადგენს.

“პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გაუფორმებელი საზღვრებით უკრაინა ნატოს არ სჭირდება. პოლონელი პოლიტიკოსების ეს სურვილი თვალსაჩინოა, ისინი ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ, თუ რატომ არ იღებენ უკრაინას ალიანსში” , – განაცხადა ზახაროვამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8478 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8372 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“საქართველოს ჯარი გამოყენებული არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს”

საქართველოს ძლიერი ჯარი უნდა ჰყავდეს, რომელიც გამოყენებული არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს. ეს ცვლილებები თავდაცვისუნარიანობასთან არაფერ კავშირშია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, შემოთავაზებული „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვისუნარიანობას, ფაქტობრივად, დაანგრევს.

„მთავრობას ბინების მშენებლობას ავალდებულებს, მაგრამ არ ავალდებულებს, იარაღი იყიდოს. წვევამდელების გაწვევა მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ იფიქრონ არა ჯარზე, არამედ წინასაარჩევნოდ ახალგაზრდებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ჰქონდეთ. ასევე, კანონპროექტში დისკრიმინაციაა ჩადებული – იმისათვის, რომ „ბიბლიურ თავისუფლებას“ შეეხონ, ცვლილებები ყველა კონფესიას ეხება და მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ, ჯარში არ წავიდნენ. ამ კოდექსის ნაკლოვანებაზე შეიძლება, დღეები ვილაპარაკოთ და ეს რომ არ მოხდეს, „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა და პროცედურებს არღვევს. ჩვენ მართლა ჯარი უნდა გვყავდეს და ადამიანები სამწლიანი ციხით არ უნდა დავაშინოთ, რომ ჯარში წავიდნენ. არ გვინდა, რომ იძულება იყოს, ჯარში ადამიანები ნებაყოფლობით უნდა მიდიოდნენ. ეს ყველაფერი ისე უნიჭოდ გააკეთეს, რომ ცვლილებების მიღებას მარტში აპირებდნენ, ახლა ივლისია და ვერ მიიღეს. ყველაფერზე წავიდნენ – ეთიკისა და პროცედურების ნორმები დაარღვიეს. კანონს, მუხლების ნაცვლად, თავებით განვიხილავთ. ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა, ხალხს სიმართლე დაენახა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“ვიდრე სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ივანიშვილს ექნება მიტაცებული, ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით!”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე წელიწადზე მეტია, „რუსული ოცნება“ ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით – მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე ნატო-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება.

კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას.

ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო „რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით! ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა – ნატო-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს!

გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია – არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა „ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი „რუსული ოცნება“! – აცხადებს ოქრიაშვილი.

“დღეს იქნება ეს თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება”-ლაშა დარსალია

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი იწყება. მოლაპარაკებების მონაწილეები შვეიცარიაში უკვე იკრიბებიან.ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს .

„ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გრძელდება ის დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ახორციელებენ. შესაბამისად, ამ ფონზე წარიმართება მოლაპარაკებების ეს რაუნდი.

როგორც კი დევნილთა თემა დადგება, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის შლის რაუნდს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს იქნება ეს თუ ხვალ, რუსეთს მოუწევს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ამაში განსაკუთრებული როლი უკავია ჩვენი პარტნიორების პოზიციას. ცალკე მინდა ხაზი გავუსვა იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს პარტნიორების მხრიდან აქვს.

ამ წუთას საქართველოს მოქალაქეების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა არის დაკავებული. რუსეთი პერიოდულად აკავებს ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს, იყენებს ამას როგორც ზეწოლის მექანიზმს და შემდგომ რამდენიმე მათგანის გათავისუფლება უნდა წარმოაჩინოს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცალსახად პროვოკაციული მიდგომა და პროვოკაციული მიდგომა ზოგადად“, – აცხადებს დარსალია.

“ექსპერტიზის თანახმად, ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტი აღმოჩნდა”

ექსპერტ ალექსანდრე დადიანიძის განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტი აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ შსს-ს თანამშრომელმა, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარმა ექსპერტმა ალექსანდრე დადიანიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოწმის სახით წარსდგა.

მისი თქმით, საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა ჩატარდა.

„ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ლაზარე გრიგორიადისის კეპი, ჰუდი, ფეხსაცმელი და ქურთუკი, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ ქურთუკზე იყო ნავთობპროდუქტი აღმოჩენილი. ქურთუკი თავიდან ბოლომდე არის გამოკვლეული“, – განაცხადა ალექსანდრე დადიანიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ვისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა – ვიდეო

ისლანდიაში, ნახევარკუნძულ რეიკიანესზე ვულკანმა ამოხეთქა. კრატერიდან ამოფრქვეული მასა, ქვეყნის დედაქალაქიდანაც ჩანს.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურების ცნობით, ვულკანის გააქტიურებას წინ ძლიერი მიწისძვრა უძღოდა. სტიქიის გამო, ავიარეისები გადაიდო.

“შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს”

კრემლში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შვედეთის ნატო-ში შესვლას ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. პესკოვი ამბობს, რომ საპასუხოდ რუსეთი მიიღებს ზომებს, რომლებიც იქნება ანალოგიური იმ ნაბიჯებისა, რომლებიც იგეგმება ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უკვე დამდგარი ფაქტის კონტექსტში.