Home Blog Page 1719

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, უწყებაში საელჩოს წარმომადგენელი მივიდა.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები)  ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე გაჩენილი ხანძრის გამო, 4 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ცეცხლი ტყის მასივში უკვე ორი დღეა მძვინვარებს, რომლის ლოკალიზებას სამაშველო ავიაცია და 300 ერთეული სახანძრო ბრიგადა ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

სტიქიასთან გამკლავებას ძლიერი ქარი და ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს. ხანძარმა უკვე 5 000-მდე ჰექტარი ფართობი მოიცვა.

სტიქიის ზონასთან ახლომდებარე დასახლებებში, 13 სახლი განადგურდა.

საქართველოს დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

დღეს, 17 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

წერეთლის ქუჩაზე წყალი სახლებში ღამით 04:00 საათისთვის შევარდა. დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

წყალმა პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. დაიტბორა გზები და ტროტუარები.

“ზელენსკის ვეტყოდი, კმარა – პუტინს ვეტყოდი – თუ შეთანხმებას არ დადებ, უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებით”

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში კონფლიქტს 24 საათში დაასრულებს.

მისი თქმით, ძალიან კარგად იცნობს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ტრამპის მტკიცებით, ზელენსკისთან საუბარში კონფლიქტს ერთი ფრაზით დაასრულებს: „მე ვეტყოდი ზელენსკის: “კმარა, შეთანხმება უნდა დადო”.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ეტყოდა, რომ თუ მოსკოვი შეთანხმების გაფორმებას არ დასთანხმდება, მაშინ ვაშინგტონი კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს კიევს.

„მე ვეტყოდი პუტინს, თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მას ბევრს მივცემთ. მივცეთ უკრაინას იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე მიუღია. შეთანხმებას ერთ დღეში დავდებ, ერთ დღეში“, – აღნიშნა ტრამპმა.

ომის 509-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

რუსულმა ძალებმა ხარკოვს ერთ დღეში მესამედ შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ოკუპანტები კვლავ დარტყმას ახორციელებენ ხარკოვის ოლქზე. იყავით თავშესაფრებში!”- წერს სინეგუბოვი „ტელეგრამზე“.

მანამდე რუსებმა ხარკოვს С-300 ტიპის რაკეტებით ორჯერ დაარტყეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ყველა მათგანი ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელია.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.

ამასთან, გენშტაბის რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რის შედეგადაც დაშავებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კომუნალური და ადმინისტრაციული შენობები, ასევე კერძო ავტომობილები.

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 48-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა “საგანგებო ინციდენტის” გამო შეჩერებულია. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და ყველა პასუხისმგებელი სამსახური მუშაობს.

აქსიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევთან განიხილა.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხიდზე ორი აფეთქება მოხდა.

ყირიმის ხიდს ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალების მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.

“ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს “

ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. პროვოკაციების მოწყობა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების და რუსეთისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა, – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

„ასეთი პროვოკაციების შექმნა, რომელსაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა“, – განაცხადა გუმენიუკმა.

შეგახსენებთ, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა „საგანგებო ინციდენტის“ გამო შეჩერებულია. ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი, დედა და მამა, დაიღუპა, მათი ქალიშვილი კი – დაშავდა.

საქართველოში პოლონეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩს ელოდებიან. დიპლომატი საგარეო უწყებაში 09:30 საათზე მივა.

ელჩის უწყებაში დაბარება, კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც, ქართული მხარის ინფორმაციით, პოლონელმა ექიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტისაგან აღებული ნიმუშების გატანა მალულად სცადა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა.

 

უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

“თუ უნდათ სამი სააკაშვილი მოიყვანონ, ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს, კარგად ახსოვს მათი მმართველობა”-ნიკუშა შენგელაია

თუ უნდათ სამი სააკაშვილი მოიყვანონ, ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს, კარგად ახსოვს მათი მმართველობა, ამიტომ გავისტუმრეთ 2012 წელს, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში ოპოზიციაზე განაცხადა.

„სააკაშვილის გადაცემის თემა, რა მოწოდებითაც უკრაინის პრეზიდენტმა მოგვმართა, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მისი კანონის უგულებელყოფა.

ეს არის სცენარის ნაწილი, რისთვის უნდათ, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ვუწოდებთ „ომის პარტიას“, აქვთ სურვილი, რომ საქართველოში შეცვალონ არსებული ხელისუფლება და მოიყვანონ ხალხი, რომლებიც მათი სურვილების ამსრულებლები იქნებიან, მაგრამ ხედავენ რეალობას, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი აქვთ, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ალბათ ამიტომ ისევ დაუბრუნდნენ სააკაშვილს.

ფიქრობენ, რომ ელექტორატის მხრივ მას უფრო დიდი ელექტორატი აქვს, მაგრამ მე შემიძლია ვუთხრა აქედან, რომ თუ უნდათ სამი სააკაშვილი მოიყვანონ, ქართველ ხალხს ამნეზია არ სჭირს, კარგად ახსოვს მათი მმართველობა, ამიტომ გავისტუმრეთ 2012 წელს როცა ყველაფერი ხელთ ჰქონდათ და არანაირი შანსი არ აქვთ ახლა“, – განაცხადა შენგელაიამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 ივლისს ქუთაისში +26 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +24გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +24გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +25, ღამის ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +19, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

რა იდო ქაღალდში, რომელიც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან გამოიტანა

რა იდო ქაღალდში, რომელიც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან გამოიტანა? – როგორც კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, ეს იყო თმისა და ფრჩხილის ნიმუში.

ნადირაძე იხსენებს ამ დღესაც. კერძოდ, მისი თქმით, ექიმმა პირველი გამოსვლის შემდეგ კვლავ მოითხოვა სააკაშვილთან შესვლა და დამშვიდობება, რა დროსაც მან ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო, ხოლო გამოსვლისას, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო ქცევა შენიშნეს და უთხრეს, რომ თავადვე გაეხადა ფეხზე, რა დროსაც აღმოჩენილი იყო სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუში.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ნიმუშების შესახებ სხვა ვარიანტები გავრცელდა, რაც სიმართლე არ არის.

რა წერია კინოცენტრის შესახებ გაკეთებულ აუდიტის დასკვნაში

კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი სოსო სუთიძე „იმედის კვირასთან“ კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ კინოცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ 2021 წელს გაკეთებულ დასკვნას ეხმაურება.

დასკვნა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კინოცენტრში არსებულ სიტუაციას ეხება, რომელმაც არაერთი დარღვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც 2022 წლის მარტში პროკურატურამ გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო.

„აუდიტის დასკვნაში იყო საკმაოდ მრავალფეროვანი ხარვეზები, რომელიც შეეხებოდა როგორც სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვას, ასევე გარკვეული საკითხები შეეხებოდა კომისიების მუშაობას და ხარვეზს მათ მუშაობაში. ასევე იყო საკითხები, რომელიც შეეხებოდა ისეთ პროექტებს, რომელიც გარკვეული ხარვეზების გამო არ იქნა დისკვალიფიცირებული კონკურსიდან და მოხდა მათი შემდგომში დაშვება ამ კონკურსზე და უფრო მეტიც, მათ გაიმარჯვეს ამ კონკურსში. იყო შემთხვევები, როდესაც იყო დისკრიმინაციული მიდგომა კონკურსანტებს შორის“, – აცხადებს სუთიძე.