Home Blog Page 1718

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 18 დეკემბრის ღამეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული ხუთივე Shahed-ის დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკოახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 დეკემბერს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღე და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -2, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

პრემიერი დღეს მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, 14:00 საათზე დაიწყება.

მთავრობის მეთაური 2023 წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობას შეაჯამებს, ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებაზე მიწვეულები იქნებიან მედიის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს პრემიერი ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს წარადგენს.

გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურა მარტივდება

გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიგრაციის შესახებ შეთანხმებას აფორმებს, ამ მიზნით კი თბილისში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნენსი ფესერი ჩამოვა.

აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს, რომ დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება, თუმცა ასევე გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავშესაფარს უფრო მალე მიიღებენ – ანუ მათ საქმეებს უფრო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავენ.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ კვალიფიციურ იმიგრაციას და ამავდროულად გვაქვს სავალდებულო შეთანხმება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის უფლება, დაბრუნდებიან უკან“, – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფესერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ ამ ქვეყნების მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფილ იქნას. სწორედ უსაფრთხო ქვყნის სტატუსის გამო ბერლინში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკურ დევნას არ ექვემდებარებიან.

თურქეთმა ვაშინგტონს მოუწოდა გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს მოუწოდა, მოსთხოვოს ვაშინგტონს, გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდასხმები ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ცეცხლის სრული შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, რათა დაიწყოს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპის გადაწყვეტაზეა დაფუძნებული“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

გამოცემა აღნიშავს, რომ თურქულმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი, მოითხოვა ცეცხლის სრული შეწყვეტა და ისრაელის ლიდერების გასამართლება საერთაშორისო სასამართლოში ომის დანაშაულებისთვის, ამასთან გააკრიტიკა დასავლეთის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.

რა მდგომარეობაა გზებზე უამინდობის გამო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ17-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„მუდმივად ვართ პიარული დარტყმის ქვეშ ”- ნიკოლოზ ჩხეტიანი ფონდ „ქართუს“ პროექტებზე

როგორც ჩანს, გეგმა-გრაფიკი აქვს შესაბამის მედია-საშუალებებს და გარკვეული პერიოდულობით აცხობენ ახალ-ახალ, ვითომ სენსაციურ ამბებს სიუჟეტებში, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „იმედის კვირას“ დენდროლოგიური პარკის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

„მუდმივად ვართ პიარული დარტყმის ქვეშ – ერთი წუთით არ ჩერდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ჩანს, გარკვეული რაღაც გეგმა-გრაფიკი აქვს შესაბამის მედია-საშუალებებს და გარკვეული პერიოდულობით აცხობენ ახალ-ახალ, ვითომ სენსაციურ, ასე ფუთავენ, ამბებს სიუჟეტებში.

ორგანიზაცია „ახალი სერვისის“ ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის პირადი დახმარებების საკითხის მოგვარება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლებისთვის, ნათესავებისა და მეგობრებისთვის. ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოჯახი მკაფიოდ მიჯნავს იმ ქველმოქმედებას, რასაც ახორციელებს ფონდი „ქართუ“ თავის პროექტების მიერ და თავისი ოჯახის პირად თემებს. თან ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა, რომ საგადასახადო რეგულირებით სრულად ყოფილიყო ეს მოგვარებული. არ ყოფილიყო არანაირი ზედმეტი კითხვა. ეს ორგანიზაცია, ამ წლების განმავლობაში, ამის გარდა სხვას არაფერს არ ასრულებდა. პირველ რიგში, ეს კარგად ცხადყოფს, ოჯახის დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი – ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას, ძალიან მაღალ მორალურ სტანდარტს და იმას, თუ როგორ მიჯნავენ ისინი საქველმოქმედო პროექტებსა და თავისი ოჯახის პირად თემებს, სხვადასხვა სახის დახმარებას, რასაც ისინი თავის ახლობლებს უწევენ“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

დენდროლოგიური პარკი, ისე როგორც ფონდ „ქართუს“ ყველა საქველმოქმედო პროექტი, წლებია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებების სამიზნეა. მათ ფეიკნიუსების ახალი ტალღის მიზეზად დენდროპარკისთვის კენიიდან ბაობაბების ტრანსპორტირება გამოიყენეს. ოპოზიციურმა მედიებმა ამ თემით სკანდალის შექმნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კენიიდან ფოთამდე 8 ბაობაბის ჩამოტანის შემდეგ სცადეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხეები კანონდარღვევით შეისყიდა, რამაც კენიის მოსახლეობაც კი აღაშფოთა.

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, საახალწლო ბიუჯეტი და ხარჯები დაგეგმო – გაიხსენეთ, რომ ფულს თვლა უყვარს! თუ კოლეგების დახმარება გჭირდებათ, უთხარით. მათი პრაქტიკული რჩევები ცხოვრებას გაგიადვილებთ. შეიძლება, უახლოესი გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, რადგან აღმოჩნდება, რომ მისი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ.

კურო

რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ და პრობლემების გადაჭრა განსხვავებული ხერხებით სცადოთ. 18 დეკემბერს ბედმა სიურპრიზები მოგიმზადათ, მაგრამ შეიძლება ყველა არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოხდარს ისე შეხედოთ, როგორც ახალ შესაძლებლობას და თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

ტყუპები

ამ დღეს სწრაფი რეაგირება და იმპროვიზაცია მოგიწევთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი პრინციპები უნდა დაიცვათ და დებატებში პოზიციები არ დათმოთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან ახალი დავალებები მიიღოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ, არ აჩქარდეთ და მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან რთული იქნება. საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას ნუ ეცდებით – თუ თქვენს ოპონენტს თქვენი არ სჯერა, მასზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ.

ლომი

ფინანსური საკითხების გადაჭრისას საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. დღევანდელი ურთიერთობა თქვენთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. შესაძლოა, შემთხვევით საინტერესო იდეა მოისმინოთ. პროფესიონალებთან საუბარი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ – ყურადღებით მოუსმინეთ რას გეუბნებიან, კოლეგებთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით და ეს დღეს ნაყოფიერად ჩაივლის.

სასწორი

გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, ამ დღეს ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ. კამათში ნუ ჩაერთვებით და მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ცუდი განწყობა სამუშაო საკითხებზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება გაგაოცოთ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით მალე აზრი შეგეცვალოთ. თუ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და საქმეს შეუდექით. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი

იდეა, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ თქვენი გეგმები გამოცდილ ადამიანებს გაუზიაროთ და მათგან პრაქტიკული რჩევები ან სასარგებლო შენიშვნები მიიღოთ.

თხის რქა

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ორ დღეში ყველაფერს ისევ სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი განცდების და იდეების გაზიარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას კი უნდა მოერიდოთ – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მათ საკუთარი გეგმების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უამბოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა რთული საქმის დაწყების ან უკვე დაწყებულის დასრულებისთვის. დაიმახსოვრეთ ყველა იდეა, რომელიც დღეს თავში მოგივათ. ახალი ნაცნობობა დადებით ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის ამ დღეს არ გიღალატებთ.

,,ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით”- პაპუაშვილი

„იმედის კვირა“ ევროპარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით დაინტერესდა, რომელიც ევროპული დემოკრატიის ფარული უცხოური გავლენებისგან დაცვის კანონპროექტსაც მოიცავს.

უკვე ცნობილია, რომ ევროპული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ისეთ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, როგორიც ეს ამერიკულ კანონში გხვდება. რითაც ის მსგავსია საქართველოში გაზაფხულზე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებით გამდიდრებულმა ქართულმა „ენჯეოებმა“ და რადიკალურმა ოპოზიციამ მათ მიერ კონტროლირებადი მედიის დახმარებით „რუსულის“ იარლიყი მიაკერეს.

ამ თემაზე „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ესაუბრა.

„ამ პროექტის იდეა წამოვიდა ამერიკული „ფარადან“. გვახსოვს დისკუსიები, სულ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო ეს დისკუსია ევროკავშირში. ვნახეთ, რომ სიტყვა-სიტყვით [გადმოთარგმნილ] ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი და დააჯერეს გარკვეული ჯგუფი. ვნახეთ, რომ ამ პროექტის მიღება იყო თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ​ საქართველოსთვის. ფატალიზმამდე მიიყვანეს ეს ყველაფერი.

ევროკავშირის დირექტივის ამ პროექტში არსად არის ნახსენები რუსეთი, როგორც ერთადერთი სამიზნე ამ რეგულაციის. თავისთავად, იგულისხმება ნებისმიერი მესამე ქვეყანა, ევროკავშირის მიღმა ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფულს დებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში.

მარტიდან მოყოლებული რამდენიმე თვე გავიდა. დღეს ვიცით დადასტურებით, რომ არიან დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, ფარავენ ამას. მათ შორის უკვე აშკარაა, რომ ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებსაც ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული სტატიებიც გაიხსენა, რომლებიც ლობისტური კამპანიების მიერ იყო შეკვეთილი.

„შტურმი იყო და ყალბი ნარატივები ყალიბდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ სამინისტროს, სასჯელაღსრულების ერთ დაწესებულებასა და ხელისუფლებას. მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი იყო, თითქოს ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პატიმრებს აწამებენ“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.

18 დეკემბერი წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეა

18 დეკემბერს,  მართლმადიდებლური სამყარო საბაობას აღნიშნავს.  V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი  439 წელს კაბადოკიაში  დაიბადა.  იგი 8 წლის ასაკიდან შეეხიზნა მონასტერს, ჩვიდმეტი წლისა ბერად აღიკვეცა. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

წმიდა საბა  ოცდაათი წლის ასაკამდე თეოქტისტეს სავანეში იმყოფებოდა მორჩილად, შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან  საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო  ხუთი წელი.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო. მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.

წმიდა საბა დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. მან  უდაბნო ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“. გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო. მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა.  უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბამ  წინასწარ  განჭვრიტა  საკუთარი აღსასრულის  მოახლოება. დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა”, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს  მშვიდობით  შეჰვედრა  სული  უფალს.

,,კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის”- კობახიძე

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ყველა დაბრკოლების დაძლევა და ამაში განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, თუ როგორ მოქმედებდა ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, როგორ მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, როგორ აწარმოებდნენ ისინი აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ახორციელებდნენ იმ პროცესის საბოტაჟს, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს იყო ძალიან სერიოზული დაბრკოლება. ვიცით, რომ მათ ასევე ჰყავთ საკუთარი ლობისტები ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანებიც ჩართული იყვნენ ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციაში. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ყველა დაბრკოლების დაძლევა და ამაში განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ღაზაში ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება მოძრავი მანქანებიდან დაიტაცა

ეგვიპტიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაფაში მანქანებს მოსახლეობა გაეკიდა და საკვების ყუთები მოძრავი სატვირთოებიდან გადმოიღეს. ზოგი კი მიწაზე დაყრილი ყუთებიდან იღებდა საკვებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევა დღეს არაერთხელ მოხდა და ამბობენ, რომ მშიერი ხალხი სატვირთოებს აჩერებს და საკვებს პირდაპირ ადგილზე იღებს, რის გამოც დახმარების განაწილება მოსახლეობაში რთული ხდება.