Home Blog Page 1716

რუსებმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბეს

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ავიაციის გამოყენებით სკოლის შენობა დაბომბეს.

„დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა“, – განაცხადა პროკუდინმა.

მისი თქმით, რუსებმა სოფელი ნიკოლსკოეც დაბომბეს, რის შედეგადაც 52 წლის მამაკაცი დაშავდა.

ხერსონის ოლქის დნიპროს რაიონში პარკის დაბომბვას კი 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა – პესკოვი

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. აღნიშნულით პესკოვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ნატო-ს ზღვა, ის, რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა“.

“აშშ-ის საელჩოს უმთავრესი ინტერესი სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა”

აშშ-ის საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის ფაქტი, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სავიზო შეზღუდვები დაუწესა, თავისთავად სასამართლოს დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფაა და ერთი შეხედვით, რაიმე დამატებით მსჯელობას არ საჭიროებს.

„თუმცა, მიგვაჩნია, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რომლის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მძიმე შეფასებას იმსახურებს. იმ პირობებში, როცა ოთ ქართველ მოსამართლეს მტკიცებულების გარეშე სჯიან, საელჩოს და ენჯეოების ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტად რჩება ყოფილი მოსამართლე – მამუკა ახვლედიანი, რომლის კორუფცია პირდაპირ ხელის გულზე დევს.

გასულ დღეებში, ტელევიზიებმა კიდევ ერთხელ გაავრცელეს ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის ცნობილი აუდიოჩანაწერი, სადაც გვარამია ახვლედიანს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით 6 მილიონი ლარიდან წილს პირდება. ამ ჩანაწერის ავთენტურობა თავად გვარამიამ დაადასტურა და თქვა, რომ „სისტემის მამხილებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ თანხის შეთავაზება, მისი გადმოსახედიდან, ნორმალური მოვლენა იყო. ფაქტია, რომ გვარამია იმ დროისათვის მოქმედ მოსამართლეს დიდი ოდენობით ქრთამს სთავაზობდა, რაც ერთმნიშვნელოვნად უხეში კორუფციული ქმედებაა.

სახელმწიფო დეპარტამენტისა და კელი დეგნანის სტანდარტით, თავისთავად ეს ფაქტი უკვე იქნებოდა საკმარისი საფუძველი მამუკა ახვლედიანის დასანქცირებისთვის, თუმცა, ვხედავთ, რომ ახვლედიანი კვლავაც მათ ფავორიტად რჩება. მიზეზი მარტივია – ახვლედიანს საელჩო და ენჯეოები სასამართლოს დისკრედიტაციისა და სასამართლო კორპუსის გახლეჩის მიზნით დღემდე აქტიურად იყენებენ.

გვარამიას და ახვლედიანის საუბრიდან მალევე, ეს უკანასკნელი რამდენიმემილიონიანი ქონების მესაკუთრე გახდა, რაც ყველა სტანდარტით, მისი კორუფციული საქმიანობის უტყუარი მტკიცებულებაა. კერძოდ, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლის თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2016 წელს 2 400 000 დოლარად შეიძინა სპორტსკოლა „ოლიმპი“. გადასახდელი თანხის წყაროდ მან ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოტანილი სესხი მიუთითა და თქვა, რომ ბანკი მას „პირადი ავტორიტეტის გამო“ ენდო. ვისაც შეხება ჰქონია საბანკო კრედიტებთან, დაგვერწმუნება, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება კრედიტის ოდენობას და ყოველთვიურად დასაფარი თანხა პირის ყოველთვიურ შემოსავალს მნიშვნელოვნად არ აღემატება, საბანკო კრედიტს არავინ მოგცემთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ახვლედიანმა საბანკო კრედიტი მხოლოდ ფულის გათეთრების ინსტრუმენტად გამოიყენა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 800 ათასი დოლარი ნაღდი ფული ახვლედიანმა გამყიდველს საბანკო კრედიტის გამოტანამდე ჯერ კიდევ სამი კვირით ადრე გადაუხადა.

ამ ფონზე, უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა – რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელის გულზე დევს? მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, სახელმწიფო დეპარტამენტს და საელჩოს მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება.

ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს. მისი უმთავრესი ინტერესი კი, სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რაც ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თიბისიმ საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

 

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში აგრო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც ადგილობრივ ბიზნესებს  შესაძლებლობა ჰქონდათ სრულყოფილად გაეცნოთ, თუ რა საბანკო პროდუქტები  და  სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.

 

ღონისძიებები მარტსა და აპრილში გაიმართა გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში. პანელურ დისკუსიებში თიბისისთან ერთად მონაწილეობდნენ  წარმომადგენლები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: სოფლის განვითარების სააგენტო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და კომპანია აგრო-კომი.

შეხვედრებს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები, ასევე, საშუალო და მსხვილი ფერმერები და სტარტაპერები ესწრებოდნენ.

„ჩვენი შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, მათი ინფორმირება იმ მასშტაბური პროექტების და შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ თიბისი ბანკი სთავაზობს პარტნიორ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოვონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი.  თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად მარტივია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც  პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება,“ – შოთა გონგლაძე, თიბისი სახელმწიფო პროექტების მართვის  ხელმძღვანელი.

თიბისი პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ – შეღავათიანი აგრო კრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს პროგრამების ფარგლებში – სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა „საკრედიტო საგარანტიო სქემა)“ და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის  ძლიერი სოფლის პროგრამით: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.

 

შეხვედრებზე მისულმა მეწარმეებმა და ფერმერებმა ყველა ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 „ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისკენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის, ეს არის  ბიზნესის დაწყება, განახლება, გადაიარაღება გაფართოება და ა.შ. ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დღეს ბიზნესების გაძლიერებისთვის — ასეთებია პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი სესხის უზრუნველყოფისთვის და სხვა.  –  ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„რეგიონებში ასეთი შეხვედრები კარგი  საშუალებაა იმისა, რომ კერძო სექტორი  და სახელმწიფო უფრო აქტიურად საუბრობდეს და უფრო მეტად ცვლიდეს ერთმანეთში ინფორმაციას.  ჩვენ მათ მოვუყევით იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო სთავაზობს ფერმერებს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, დამსწრე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, რაც სახელმწიფო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს საშუალებას გვაძლევს, რომ იმ პროგრამებში, რომლებსაც ერთობლივად ვახორცილებთ ან შეიძლება მომავალში დავნერგოთ, სწორად გავითვალისწინოთ მეწარმეების სატკივარი თუ საჭიროებები,“ – მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

 

„სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს ემთხვევა. ამიტომ ჩვენი განმცხადებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სასესხო პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ ბანკში და პირიქით, თიბისის კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ მეტი ჩვენი საგრანტო კონკურსების და ზოგადად, პროექტის საქმიანობს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან  ურთიერთობა. ამ პროგრამის დიზაინი კი ისეთია, რომ ბიზნესის გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს,“ — ვერიკო ხომერიკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენელი.

 

გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს მხარდაჭერას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს  და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.

 

“ვეცადოთ, გამოვასწოროთ ცოდვები სინანულით, აღსარებით და შევწიროთ მადლობა უფალს”

არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება, ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის საიდუმლო სერობის ხსენება, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ, დიად და გამორჩეულ მოვლენას, ევქარისტიის საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგენას უფალი იესო ქრისტეს მიერ.

როდესაც წმინდა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, სულიწმიდის ძალით და მადლით, იგი უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად, როდესაც აკურთხა,

განტეხა და პური და ღვინო გარდაქმნა თავის წმინდა სისხლად და ხორცად. და აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით ვუერთდებით იმ საიდუმლო სერობას, იმიტომ რომ ღმერთში არ არსებობს დრო. ამრიგად ჩვენ გადავლახავთ დროსაც, მანძილსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, ვხდებით თანამონაწილენი იმ ერთადერთი საიდუმლო სერობისა. ყოველი წირვა არის გაგრძელება, არის მონაწილეობა იმ საიდუმლო სერობაში.

თქვენ იცით, რომ ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს როგორც მადლიერებას, ასევე ნიჭსაც. მართლაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებაზე დიდი ნიჭი რა შეიძლება იყოს?! ეს არის ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ღმერთმა მოგვმადლოს, ვინაიდან ჩვენ თავად მაცხოვარს ვუერთდებით ამ საიდუმლოთი, როგორც მან თავად ბრძანა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემშია და მე მასში“. და როგორც ასწავლიან წმინდა მამები, ღირსი იოანე დამასკელი და სხვა მამები, ჩვენ წმინდა ზიარების შედეგად წილმქონენი ვხდებით ქრისტეს სისხლისა, ქრისტეს სხეულისა და ქრისტეს ღვთაებისა. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობენ წმინდა მამები და ჩვენ ყველა ვხდებით ქრისტეს სხეული, შესაბამისად, ერთი მეორესაც ვეზიარებით, ამიტომ ეწოდება ამ საიდუმლოს ზიარება. მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ასევე ამბობს: „ჩვენ ვხდებით ქრისტეს თანამესხეულენი“, ე.ი. მისი სხეული, მისი სისხლი ხდება ჩვენი სისხლი და მისი ხორცი ხდება ჩვენი ხორცი.

აი, ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოგეხსენებათ, რომ ეს საოცარი თანაზიარება იწყება დედამიწაზე, მიწიერ ცხოვრებაში, წმინდა ევქარისტიაში და გრძელდება მარადიულად ცათა სასუფეველშიც. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საიდუმლოებას ჩვენი ცხონებისთვის, ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამიტომ, როცა ჩვენ ვემზადებით წმინდა ზიარებისთვის, კარგად უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი, რამდენად შეესაბამება ჩვენი ცხოვრება სახარების მცნებებს, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რომ არ მოხდეს ისე, როგორც წერდა პავლე მოციქული: „ჩვენ ჩვენს სხეულებს, რომლებიც ქრისტეს ასონი არიან, ვართმევთ ქრისტეს და მეძავის ასოებად ვაქცევთ”. ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ეზიარება, მაგრამ არ ცხოვრობს სახარების მცნებებით და ამით, რა თქმა უნდა, არღვევს ამ თანაზიარებას და საკუთარ თავს აკლებს ამ საოცრად დიდ ბედნიერებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ყოველი წირვა, ყოველი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, გამოვცადოთ, შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად ვცხოვრობთ სახარების მიხედვით. ვეცადოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვები სინანულით, აღსარებით და შევწიროთ მადლობა უფალს, რომელმაც ღირსი გაგვხადა ამ დიდი საიდუმლოების, ვინაიდან არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება. ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან მშვიდობას, სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, რომელსაც ადამიანი მიაღწევს მხოლოდ წმინდა ზიარების მეშვეობით.

ამრიგად, ძმებო და დებო, ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ვევედროთ მას, რომ შეგვეწიოს სახარების მცნებების აღსრულებასა და ისეთი სულიერი მდგომარეობის მიღწევაში, რომელზეც წერდა წმინდა პავლე მოციქული, როცა წერდა: „მე აღარ ვცოცხლობ, არამედ ამიერიდან ცოცხლობს ჩემში უფალი იესო ქრისტე“, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით მისით, ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარშიქადაგებისას.

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

„ნავალნი იდუმალი დაავადებით იტანჯება, რომელიც შესაძლოა „ნელი მოქმედების საწამლავი“ იყოს“

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იდუმალი დაავადებით იტანჯება, რომელიც შესაძლოა, „ნელი მოქმედების საწამლავი“ იყოს“, – ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 აპრილს ღამით ღამით ნავალნისთვის კუჭის მწვავე ტკივილის გამო სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, ბოლო 8 კვირაში კი ნავალნიმ 8 კილოგრამი დაიკლო.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს, კლავენ ნელა, რათა ნაკლები ყურადღება მიიპყროს“, – განაცხადა იარმიშმა.

კრემლის განცხადებით, ნავალნის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მას არ აქვს და ეს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.

“კარგია, ჰელენ, ევროპენსიონერების ფული?!“ – ლაშა გეგეჭკორი

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ლაშა გეგეჭკორი, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ელენე ხოშტარიას პარტია „დროასთვის“ ფულადი შემოწირულობებია ნაჩვენები.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, ხოშტარიას განცხადება, რომ მას კეზერაშვილისგან თანხა არასდროს მიუღია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ელენე ხოშტარიამ, კეზერაშვილისგან 1 თეთრი არ მიმიღია არასდროსო და დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის ცოლის ძმაა, თუ ჩემი…კარგია, ჰელენ, ევროპენსიონერების ფული?!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეაჯამეს. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ვალუტის კურსი, სექტორული ტენდენციები და 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს.

 

ბოლო პერიოდში სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილე ბის ხარჯზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.

 

ამასთან, მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, რომლებისთვისაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები მუშაობენ – საერთაშორისოა,  29% – ქართული, 22% – კი რუსული.

 

ასევე გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 15% კი – 1-2 წლის განმავლობაში განიხილავს საქართველოს რეზიდენტობას.

 

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს – 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში – 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს – 2.60, 2024-ში კი – 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს – 2.91, 2024 წელს კი 3.08 არის ნავარაუდები. თიბისი კაპიტალის ლარის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.

 

რომ შევაჯამოთ, თიბისი კაპიტალის 2022 წლის დეკემბრის მაკრო-სექტორული მიმოხილვის შემდეგ: ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი შემცირდა, მიგრანტების გადინება წელს ნაკლებ სავარაუდოა, ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი „წონასწორულ” ნიშნულს გასცდა.

 

რაც შეეხება თიბისი კაპიტალის სექტორულ განახლებას, 2023 წელს სამომხმარებლო სექტორის ყველა ქვედარგში (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) დანახარჯების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აღნიშნული პროდუქციის გაზრდილი მოხმარებით, მიგრანტების დასახლებითა და ტურიზმის ძლიერი აღდგენით იქნება გამოწვეული.

 

2023 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე მეტი დანახარჯი სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე – 21.8 მილიარდი ლარი, შემდეგ კი გარეთ კვებაზე – 4.6 მილიარდი ლარი მოდის. გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ხარჯვა სწორედ სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიმართულებით გაზიარდა. 2023 წლის მონაცემებით,  აღნიშნული მონაცემი 2022 წელს – 18.6 მილიარდ ლარს, 2021 წელს კი 13.6 მილიარდ ლარს შეადგენდა. სამომხმარებლო სექტორში მოსახლეობის დანახარჯების ზრდის ტენდენცია 2023 წელს შენარჩუნდება და 15%-ით გაიზრდება.

 

მიგრანტების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის მსგავსად, 2023-შიც 115 000-ია, თუმცა მიმდინარე წელს, მათი დანახარჯებში წილის 5.8%-მდე –  1.66 მილიონ დოლარამდე მატებაა მოსალოდნელი.

 

2023 წლის პირველ კვარტალში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კვლავ მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ხარჯვის მაჩვენებელს. სასტუმროში გადახდები და გარეთ კვება არარეზიდენტებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალშიც უმსხვილეს ხარჯვით კატეგორიად რჩება.

 

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, სასტუმროზე გაწეული დანახარჯების უმეტესი ნაწილი მოდის ბიუჯეტური – 03 ვარსკვლავის რეიტინგის მქონე სასტუმროებზე. საქართველოს დიდ სასტუმროებში ფასის ზრდის ტენდენცია 2023 წლის პირველ თვეებშიც გრძელდება და 2023 წელს ფასი დოლარში, 2019 წლის დონეს გადააჭარბებს.

 

2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს. თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ – 30%, ქირის ფასის ზრდამ კი 125% შეადგინა, რისი ძირითადი ფაქტორებიც  მაღალი ამონაგები, კურსის გამყარება, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და მიგრანტების ქვეყანაში დარჩენაა.

2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისში და ბათუმში შეძენილი ბინების წილი გაიზარდა, რაც პანდემიის დასრულებამ, მიგრაციამ და მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების 7% რუსეთის მოქალაქეებმა,  9% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ბათუმში გაყიდული ბინების 24% – რუსეთის მოქალაქეებმა, 30%  კი – სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

 

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეაშესაბამისად, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით. საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასისა და გაყიდვების რაოდენობის კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. ბინების ქირის ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაიკლებს. ბინების გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1%-ით მოიმატებს. ბინების გაყიდვები კი, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 3%-ით დაიკლებს.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

“ლიმბახის” ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ – ქარმა წაიღო მილიონი დოლარი” -ნინო ფოჩხუა

“ლიმბახის” ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მოწამვლის შესახებ კამპანია თავიდანვე რთული დასაჯერებელი იყო. მისი განცხადებით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული, ამიტომ, სპეკულაციები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს და სააკაშვილმა საკვების მიღება უნდა განაახლოს.

„მთელი ეს კამპანია ეტყობა გათვლილი იყო იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც მოკლებულია ელემენტარულ აზროვნებას. აბა როგორ შეიძლება დაიჯერო ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, როცა შეხედავ შვილთან მისულ დედა გიულის ცივი ჭადით, ერთი კიტრით და სალათის ფურცლით ხელში, რომელიც მშვენივრად ერგება პატიმარს. მოწამლულიც ვყოფილვარ და კიტრი კი არა, ერთი ყლუპი წყალიც ვერ დამილევია.

“ლიმბახის” ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, მიშა არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული და ურჩიეთ დაიწყოს საკვების მიღება და დაასრულონ სპეკულაციები.“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

“სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე”- დიმიტრი გვრიტიშვილი

22-30 აპრილს დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი წერს.

როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, მისი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“ – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე.

ნორვეგიის მთავრობა რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს გააძევებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ მოქმედებდნენ.

„მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებას ევროპაში, რამაც რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა გამოიწვია“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის დონის შესამცირებლად და ამ გზით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.