Home Blog Page 1715

“ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს” – გიორგი გახარია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” შემოსვლა.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს.

„ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ გვერდზე.

“საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის” – ვიოლა ფონ კრამონი

რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”, -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე”.

“ყველა მოღალატე დაისჯება!” – კახა ოქრიაშვილი

“თბილისის მერის, ბატონი კალაძის განცხადებით, იგი მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ – რუსი. ამით მან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის”, – ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ერთი შეხედვით, კალაძე ე.წ. პოლიტიკური ბეცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია – ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.

ყველა მოღალატე დაისჯება!” – წერს ოქრიაშვილი.

უნდა გადავიდეთ შეტევაზე ბევრად უფრო ინტენსიურად, შეტევის დროა! – სააკაშვილი

“სრულად ვეთანხმები ნიკა გვარამიას-  ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

უნდა გამოვიდეთ მოპასუხის პოზიციიდან და გადავიდეთ შეტევაზე ბევრად უფრო ინტენსიურად.
შეტევის დროა!” – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციული ფლანგი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოპასუხის რეჟიმშია და ის ვერ ქმნის დღის წესრიგს.

გვარამია აცხადებს, რომ 2024 წლისთვის ქართული ოცნება ქვეყანას დააყენებს არჩევანის წინაშე – რა სურს ქართველ ხალხს – რუსეთი თუ დასავლეთი.

“ანტიდასავლური რიტორიკის აღმავალი ხაზია და ეს არ გაჩერდება, გამორიცხულია, რომ გაჩერდეს, ჟანრის კანონებს ეწინააღმდეგება ეგეთი რამ. არ გაჩერდება არცერთ შემთხვევაში და მივა იქამდე, რომ ჩვენ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში. საქართველოს როცა ვამბობ, მე წარმომიდგენია, რომ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევს ქვეყანაზე მომავალში, რამდენიმე წელიწადში, მაქსიმუმ 10-ში. სასურველია, რომ 5-ში. თუმცა, ეს რეალისტურია. ამ გადაწყვეტილების მიღება როდის მოგვიწევს, ვნახოთ, როდის დააყენებს ამ მომენტუმს “ქართული ოცნება” და აყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ყველაზე ძლიერია და ოპოზიცია ყველაზე სუსტია. ეს შეიძლება მოხდეს წელს, ეს შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, ეს შეიძლება მოხდეს 2024-ზე. 2024-ზე ეს დანამდვილებით მოხდება. ამიტომ, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მე ვფიქრობ, და დამხვდა ის, რომ ამისთვის მაინც და მაინც მზად არ ვართ.

ძაღლის თავი მარხია იქ, რომ ჩვენ მხარეს დღის წესრიგი არ არის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს კვლავ ვიტყვი, მე არა ვარ ქართველ პოლიტიკოსებზე დაბალი შეხედულების. ეგ არის, ზოგადად, პრობლემა ჩვენთვის. ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში და მოპასუხეები მე ვფიქრობ, ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ან ისე უნდა უპასუხო, რომ წააქციო მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ეს ვერ შევძელით,” – აცხადებს გვარამია.

უცხოური ვალუტის კურსი პირველი აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6322 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6322 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6433 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9054 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9060 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ, ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით, ახალი ენერგიით”, – წერს ხოფერია Facebook-ზე.

ხოფერიას თქმით, ამიერიდან სამინისტროს მისი კოლეგა – ნანა გაბელია უხელმძღვანელებს.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0h3SQV3bz4fhGWdbmbEJFuW2Xqbpv1AbWuMiUx4qvPgQ5aRWQTjANS8DqqqMBWmAYl&id=100001103923806&ref=embed_post

“ვიმედოვნებ, რომ ჩინეთში ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.

„ცალკე მსურს აღვნიშნო ქართული ღვინო. მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის აკვანია. ჩემი ქვეყნის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია 8000 წელს ითვლის. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უძველესი დროიდან განვითარებული მეთოდები არ მიტოვებულა და დღემდე გამოიყენება მეღვინეობაში. მისი კულტურული მნიშვნელობის დასტურად და UNESCO-ს პრინციპების შესაბამისად, თიხის ჭურჭელში – ქვევრში – ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძვირფასო მეგობრებო ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა მეღვინეობაში, არქეოლოგიური აღმოჩენებით, ის 8000 წლით თარიღდება. საქართველოს უძველესი ტრადიციები და მისი ღვინის კულტურა გადაჯაჭვულია ქვეყნის ეროვნულ იდენტობასთან.

ქვეყნის გამორჩეული ტრადიციები განპირობებულია 525-ზე მეტი ძირძველი ვაზის ჯიშის საოცარი მრავალფეროვნებით, რომელთაგან 10 გაშენებულია ჩინეთის ტერიტორიაზე, ნინგციას რეგიონში.

ბაზრის პოტენციალი, ეკონომიკური სარგებელი და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთს აქცევს ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილად. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთში. ქართველი მეღვინეების გაზრდილი ჩართულობა საერთაშორისო გამოფენებში იმას ცხადყოფს, რომ ქვეყანა ერთგულია ჩინეთის ბაზარზე ყოფნის გაფართოების იდეისადმი და თან ხაზს უსვამს ქართული ღვინისადმი მზარდ ინტერესს. ჩვენ მოუთმენლად ველით აქ დამსწრე ქართული ღვინის კომპანიებს მიერ ურთიერთობების დამყარებას, ბრენდის ცნობადობის გაზრდას და საბოლოო ჯამში გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებლებსა და ასევე გაზრდილ საბაზრო წილს ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას, როგორც აღიარებულ და ღირებულ არჩევანს ჩინელ მომხმარებლებს შორის.

დასასრულისკენ, ნება მომეცით განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის მოწოდებული დახმარება გაუწიოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციით დაინტერესებული ბიზნესის წარმომადგენლებს. 2014 წელს ჩვენ დავაარსეთ ქვეყნის მოწინავე დაწესებულება – „აწარმოე საქართველოში” – რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს სააგენტო მოქმედებს როგორც შუამავალი უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის და გთავაზობთ უახლეს ინფორმაციაზე წვდომას, თან ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას სამთავრობო ორგანოებთან. ის ფუნქციონირებს როგორც ყოვლისმომცველი „ერთი ფანჯრის” სისტემა და მზადაა მხარი დაუჭიროს ინვესტორებს მთელი საინვესტიციო პროცესის განმავლობაში.

პრინციპში, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე სარგებლობს საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი გარემოთი და ყველა იმ მხარდაჭერით, რასაც ჩვენი მთავრობა სთავაზობს კერძო სექტორს. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობაში და ქვეყანაში უხვად-არსებული ბიზნეს შესაძლებლობები გავაცნოთ მათ. მივესალმებით ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს, ხოლო „აწარმოე საქართველოში” მზადაა დახმარება და მხარდაჭერა გაუწიოს ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამეწარმეო შესაძლებლობებში გარკვევას ცდილობენ.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით. ჩემი ქვეყანა არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.

საქართველო არის „სარტყელისა და გზის” ინიციატივისა და შუა დერეფნის უცილობელი კვანძი. შესაბამისად, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოვიწვიო ჩინური კომპანიები, შეისწავლონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით, მათ შორის ისეთი სარგებლით, რომელიც მოაქვს (პირველადი, გადამამუშავებელი და საკომპლექტაციო) წარმოების საქართველოში გადმოტანას ან/და გაფართოებას.

ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავმჯდომარე, დღეს მოკლედ წარმოვადგინე ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, უზარმაზარი პოტენციალი და ძალისხმევა ჩვენი ეროვნული ინტერესების ჩინეთთან – ამ დიდებულ ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან – ასამაღლებლად და მის ბიზნეს სექტორთან პარტნიორობით სარგებლობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ღირებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ორმხრივია და საშუალებას მოგვცემს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები დიდი შემართებით გამოვიყენოთ.

ვიმედოვნებ, ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ, გრძელვადიანი მეგობრობის გასაძლიერებლად და ჩვენი ერისთვის ნათელი ხვალინდელი დღის შესაქმნელად”, – განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება”- პრემიერი

საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

„ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები.

არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი”, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან.

უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას.

ძვირფასო მეგობრებო, გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან – ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან – ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ხსენებული გზამკვლევი მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას.

ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოჯისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციებს.

ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, – განაცხადა პრემიერმა

ბოლო ექვს თვეში რუსეთში 502 მილიონი დოლარის მიკროჩიპები შეიტანეს

„რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, ბოლო ექვს თვეში რუსეთში სანქციების გვერდით ავლის 502 მილიონი დოლარის ღირებულების ორმაგი დანიშნულების დასავლური კომპანიების წარმოებული მიკროჩიპები შეიტანეს.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვიორსტკას“ მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს ის სქემები, რომლითაც რუსეთში სანქცირებული პროდუქტები ხვდება.

მათი ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში რუსეთის მთავრობამ განაბაჟა ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული ორმაგი დანიშნულების ჩიპები, რომელთა ღირებულებაც 155 მილიონ დოლარს აღემატება. ეს ჩიპები გამოიყენება რაკეტების წარმოებისთვის. სტატიაში ჩამოთვლილია ისეთი ამერიკელი კომპანიები Analog Devices Inc, Xilinx. Microchip Technology, Texas Instruments.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთში ანალოგიური ჩიპები კიდევ ასობით კომპანიას შეაქვს.

მათივე ცნობით, რუსეთში ასევე ხვდება სხვა სანქცირებული პროდუქციაც, რომელიც აუცილებლია, რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის. მათ შორის დანადგარები, რომლებიც იტალიაში და გერმანიაშია წარმოებული.

ასევე ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთში შეაქვთ მილიონობით დოლარის ღირებულების, დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები, რომლებიც რუსულ მსხვილ ავიაკომპანიებს ესაჭიროებათ.

გამოძიების მიხედვით, რეექსპორტის მთავარ წერტილებს წარმოადგენს ჩინეთი, ჰონგ კონგი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და უზბეკეთი. ხოლო იტალია, გერმანია და ესტონეთი სანქცირებული პროდუქციის რუსეთში მიწოდებას პირდაპირ ახორციელებენ.

საგამოძიებო სტატიაში ნახსენებია საქართველოც. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ბიზნესმენი ამბობს, სომხეთიდან რუსეთში სახმელეთო გზით სანქცირებული პროდუქციის გასატანად, ირჩევენ არა საქართველოს არამედ ირანს, საიდანაც ეს პროდუქცია კასპიის ზღვით ჩააქვთ ასტრახანის პორტში.

„ასეთი რთული მარშრუტი ჩნდება, რადგანაც სომხეთს რუსეთთან საზღვარი არ აქვს. ხოლო საქართველოში სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტთან დაკავშირებით შეიძლება, გაჩნდეს პრობლემები“, – ამბობს გამომძიებელ ჟურნალისტებთან საუბარში კომპანია „რაით ფლოს“ ლოჯისტიკის სპეციალისტი.

გამოძიებაში აღწერილია ის სქემა, რომლითაც სანქცირებული პროდუქცია რუსეთში ხვდება. ის ასე გამოიყურება: მესამე ქვეყნებში არეგისტრირებენ კომპანიას, რომელიც შიდა ბაზარზე საჭირო პროდუქციას გამოისყიდის ან თავად უკვეთავს მას მწარმოებელს და რუსეთში რეექსპორზე გააქვს. ასეთ კომპანიებს არეგისტრირებენ, როგორც რუსები, ისე უცხოელებიც. თუმცა, უცხოელი დამფუძნებლის ვარიანტი უფრო სანდოა, რადგანაც ზოგიერთი მომწოდებლები ამას ყურადღებას აქცევენ.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, „ვიორსტიკი“ გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთში შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ჩიპებიდან დაწყებული ტურბორეაქტიული ძრავით დასრულებული. მათივე ცნობით, სქემებში, რომლებიც მესამე ქვეყნებზე გადის, მონაწილეობენ დასავლური კომპანიები, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ევროპულ და ამერიკულ სანქციებს წარმატებით უვლის გვერდს.

“მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, კრუიზის ქალაქებიდან ამოღებულია ბათუმი” – ლევან ხაბეიშვილი

ევროპული კრუიზის ნაცვლად, მივიღეთ რუსული კრუიზი ბათუმში, ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურთ, საქართველო გადააქციონ რუსეთის უკანა ეზოდ, გუშინ საღამოდან ვიხილეთ გმირი ბათუმელების, აჭარლების, ადგილობრივების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ადამიანების გმირული პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, სახალხო დამცველმა უნდა შეისწავლოს ყველა იმ ადამიანის დაზიანება, რომლებიც ბათუმის პორტში მიმდინარე აქციისას დააკავეს.

„განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იაქტიურეს და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროისთვის დაკავებულია პუტინის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანი. აქედან 10-მდე არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, არიან სამოქალაქო აქტივისტები, არიან რიგითი მოქალაქეები. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს ციხეში უშვებდნენ. აქედან მოვუწოდებ, თუ რამე ასეთი ინსტიტუტი არსებობს სახალხო დამცველის, ხანდახან ხმას თუ ამოიღებს, კარგი იქნება, შეისწავლოს თითოეული ადამიანის დაზიანება. ადგილზე ვუყურეთ ამ ყველაფერს, როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად დგებუაძე, ბესელია, მაღრაძის ტროიკა ჩვენს მოქალაქეებს. მინიმალური გამარჯვება უკვე მოპოვებულია, ამ კრუიზის ქალაქებიდან ამოღებულია ბათუმი. ჩამოვა თუ არა კიდევ ორ კვირაში, ეს არავინ იცის, თუმცა სიიდან რომ ამოიღეს, ეს უკვე კარგია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოგვიწევს, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ანწუხელიძის მკვლელებს საქართველოში ია-ვარდით ვერ დახვდებიან.

„ყველა ჯერზე, ხმელეთით შემოსულსაც გააპროტესტებს ქართველი ხალხი, ზღვით შემოსულსაც და თვითმფრინავით შემოსულსაც. თქვენ გინახავთ ყველა სახის პროტესტი ხმელეთით შემოსულ პუტინისტებზეც, ზღვით შემოსულ პუტინისტებზე და ცით შემოსულ პუტინისტებზეც. ანწუხელიძის მკვლელებს ამ ქვეყანაში ია-ვარდით ვერ დახვდებიან, ამას უნდა შეეგუოს რუსული პარტიაც. გემი კანონდარღვევით შემოვიდა. ვნახე უმძიმესი კადრები რუსული კრუიზის გემზე ქართველი პოლიციელების, წარმოუდგენელი რამეა, რა ესაქმებოდათ საქართველოს მოქალაქეების დამცველებს და კანონის დამცველებს რუსულ კრუიზზე, იქ იცავდნენ პუტინისტებს, რუსებს და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს იმას, რომ პუტინი ტერორისტია, ჩვენს ოკუპაციას, ანწუხელიძის მკვლელობას, ტერიტორიის მითვისებას და ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, აქ ფიანდაზად ეგებიან. ყველა ასეთი ტექნიკური უკანონობა ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პირადი დაპირება მიცემული პუტინისთვის, რომ აქ ფიანდაზად გაეგებიან ყველა პუტინისტს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით.

„საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების ხაზგასასმელად, უვიზო მიმოსვლის უფლებას ვანიჭებთ 98 ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა 50 სხვა ქვეყნიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში უვიზო მიმოსვლის კომფორტით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. საქართველო გთავაზობთ მიმზიდველ შეღავათებს მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და გამარტივებული ბიუროკრატიით, რაც მას მიმზიდველ დანიშნულების ქვეყნად აქცევს ინვესტორებისთვის, რომლებიც დიდ სარგებელს ეძებენ. უაღრესად მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის გარდა, დაინტერესებულ კომპანიებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ისეთ მიმზიდველ მექანიზმებს როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტი. საქართველოში მოქმედ და ექსპორტზე ორიენტირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს ვთავაზობთ შეღავათებს ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს (მხოლოდ 5% საშემოსავლო გადასახადი (ზოგადად არსებული 15% განაკვეთის ნაცვლად) და 5% მოგების გადასახადი. (ზოგადად არსებული 20% განაკვეთის ნაცვლად).

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა.

გასულ წელს დავამტკიცეთ საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030. ეს არის მასშტაბური ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის განვითარების ხედვას. ეს შორსმიმავალი პერსპექტივა აქცენტირებულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.

ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გააჩნია და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით. ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ. დღესდღეობით. საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ერთ-ერთი ყველაზე.

შემდეგი სტატისტიკა ნათლად ასახავს ჩვენი პროგრესის მტკიცებულებას. ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკისა და გაზრდილი აქტივობის წყალობით მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10.1 პროცენტია 2022 წელს, წინა წლის 10.5%-იანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. ეს დადებითი ტრაექტორია გრძელდება 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 7.6 პროცენტია.

სამომავლო პერსპექტივასაც გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2023 – 2028 წწ.) პროგნოზირებული ზრდის ტემპით -5.1%”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე”- ოთარ შამუგია

ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

„ხაზი მინდა გავუსვა პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს. თქვენ იცით, რომ შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა მიმართულებით. დღეს გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნესსექტორი. აქ არიან ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც, წლებია, ახორციელებენ ღვინის ექსპორტს ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარზე. ბოლო წლებია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ ბაზარზე. შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით ოთხი მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში, თუმცა ეს პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ისე  სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე და ჩვენს პარტნიორებთან, ბიზნესსექტორთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ექსპორტი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.