Home Blog Page 1714

,,უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი”- პატრიარქი

უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

„ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…

ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!

სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!

უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.

გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.

ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.

და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.

„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!

ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში”- ილია მეორე

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას.

„ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს. ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს“,-ნათქვამია ეპისტოლეში.

,,პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია”- შალვა პაპუაშვილი

სულიერების კრიზისი მეტ-ნაკლებად არის სამყაროში და მას გარკვეულწილად ტექნოლოგიებიც უწყობენ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც პატრიარქი აღნიშნავს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია“.

პაპუაშვილის თქმით, პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია.

„ევროპის ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებაზე როცა ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ ადამიანზე, ინდივიდზე. ადამიანი და ინდივიდი არის სწორედ ქრისტიანობის ამომავალი წერტილი. აქ არის მთავარი თანხვედრა ქრისტიანობისა და თანამედროვე ევროპული კულტურისა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ექმნება საფრთხე. ინდივიდი რაღაცნაირად ზავდება მასაში, აღარ ჩანს მისი განსაკუთრებულობა, მას ანაცვლებს სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებები. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არის ნაწილი განვითარებისა, მაგრამ ადამიანების, ინდივიდების სულიერებასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მხრივ პატრიარქის ეპისტოლე დასაფიქრებელია ყველა ამ მიმართულებით, ვინაიდან ტექნოლოგიებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანს და არა, ჩაანაცვლოს ისე ადამიანი, რომ მას ღირებულება დაეკარგოს. მთავარი ღირებულება და ფასეულობა სამყაროში არის ადამიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილი“- ირაკლი კობახიძე

ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც ილია მეორე აღნიშნავს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია“.

„ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, პროგრესი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რისკები როდესაც არსებობს, ამაზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელია. ამაზე იყო საუბარი პატრიარქის ეპისტოლეში“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილი“.

„საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

,,იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია”- პრემიერი

იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

მთავრობის მეთაური ქრისტესშობას სრულიად საქართველოს ულოცავს.

“ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს!

მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით  და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!”, – აღნიშნავს პრემიერი.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ისსაქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი)

მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, – წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.

ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში…

მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?

ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, – ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, – თავის თავზე ორიენტირებული.

ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება – გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები – მოხმარების საგნად ქცეულნი. ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც” მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი. ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, – თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ. ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული.

როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:

„შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს.144,13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს.21,29) და სხვა. მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.

შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:

ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა. სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო. ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა. ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს გაუცხადა დაფარული. ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, – ვერცხლის, მუცელი და თეძოები, – სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, – რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.

ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.

ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენიმეჯერ იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, – ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.

მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, – გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.

და მართლაც, ნაბუქდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2.45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.

ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი – უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.

იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.

მისი წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.

„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.

შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ.12, 17-18).

თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას. ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.

კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი; ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს – მართლმორწმუნეს. შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.

ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.

* * *

ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.

სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.

მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, – ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.

დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.

ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.

ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.

ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.

* * *

ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, – ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.

უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა. ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომები სიბრძნის ულევი წყაროა.

გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.

გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17- 21).

მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველსაგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა. ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ. კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.

როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად. ამიტომაც დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას. იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.

ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელბს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ…

ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!

სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!

უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.

გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.

და კიდევ, – ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს. „უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი),

ამინ! ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი, ქრისტეშობა, 2024

9 იანვრიდან ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო 9 იანვრიდან კვლავ შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 8-9 იანვარს დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ხოლო 9 იანვრიდან გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 8 იანვარს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება, 9 იანვრიდან კი გაწვიმდება და აცივდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 8 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება, 9 იანვრიდან კი ნალექიანი ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 8 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 9 იანვრიდან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 9 იანვარს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 9 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 9 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III ბეთლემში ჩავიდა

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III ბეთლემში ჩავიდა, სადაც ის მაცხოვრის შობის ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბეთლემში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ბეთლემში დღეს მომლოცველებისა და ტურისტების სიმცირეა. წელს ბეთლემში არ არის არც საშობაო დეკორაციები.

წელიწადის ამ დროს ბეთლემში ჩვეულებრივ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც შობის ღამეს აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოთ.

“ლოცვა ღვთისადმი შეწყალების, დახმარებისა და შუამდგომლობისთვის”:

“მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას.

ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს. ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაანთავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ განმირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ.

ენტონი ბლინკენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

თურქეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ Anadolu იტყობინება.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ ქალინი და აშშ-ის ელჩი ჯეფრი ფლეიკი, განიხილეს ღაზის სექტორში შექმნილი სიტუაცია, ნატოში შვედეთის გაწევრიანება და თურქეთისთვის F16 ტიპის გამანადგურებლების გაყიდვა.

მანამდე ბლინკენმა პირისპირ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან.

თურქეთის შემდეგ ენტონი ბლინკენი საბერძნეთს, იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, იორდანეს დასავლეთ ნაპირს და ეგვიპტეს ეწვევა.