Home Blog Page 1711

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის იანვრის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის იანვრის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი.

„გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია დეკემბერში 3.6%-მდე შემცირდა.

ნოემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა.
უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 50.8% შეადგინა. ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა.

საგარეო სექტორი

იმპორტი – ნოემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 7.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტი კი ზომიერად გაიზარდა.

ექსპორტი – ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 1.8%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების არსებითი ცვლილება არ ყოფილა, წინა თვესთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს” – ჯოზეფ ბორელი

გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ისრაელ-პალესტინას კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.

„ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ პრინცი ფეისალი 22 იანვარს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

“2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება” – რატი ბრეგაძე

2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„2023 წლის დეკემბერში, გაეროში, გენერალური მდივნის მოადგილესთან გვქონდა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ საქართველოში საჯარო სერვისების განვითარებაზე მიმართული რეფორმები.

ახალი წლის დადგომასთან ერთად კი მივიღეთ ბატონი ლი ჯინჰუას წერილი, რომლითაც გვემცნო, რომ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო სერვისებზე გაეროს მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში ჩატარდება!

მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი სახელმწიფოს ასეთი დიდი ქმედითი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მძლავრი მოტივაციაა.

დიდი სიხარულია, რომ ათასობით საჯარო მოსამსახურის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის გაწეული შრომა უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული და დაფასებული.

გაეროს მსოფლიო ფორუმზე ყველა კონტინენტის წარმომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნას საჯარო სერვისებზე და გაჩნდება ახალი იდეები, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

საქართველო ნიჭიერი და მონდომებული ადამიანების ქვეყანაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.
წინ ბევრი გამარჯვებაა“, – წერს ბრეგაძე.

ბოლნისში ავტომობილი ძმებს დაეჯახა, ორივე ადგილზე დაიღუპა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გზაზე ძმებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

“ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს” – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ღაზაში ომის სწრაფად დასასრულებლად „დიდი შვიდეული“ ისრაელთან ერთად მუშაობს , – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ერთ მიზანს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება წარმოადგენს, მეორეს კი ისრაელის მთავრობაზე ზეწოლა, რათა მან ღაზაში სამხედრო ოპერაციები დაასრულოს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების თავიდან დაწყება.

ანტონიო ტაიანიმ დევიდ კამერონთან და კატრინ კოლონასთან სატელეფონო საუბრისას „დიდი შვიდეულის“ მიერ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩინეთში თოვლისგან დამზადებული ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს

ჩინეთში თოვლისგან დამზადებული ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი მიმდინარეობს. ჰარბინის პროვინციაში საუკეთესო ნამუშევრის ტიტულის მოსაპოვებლად, 12 ქვეყნიდან ჩასული მოქანდაკეები იბრძვიან.

ყინულის ქანდაკებების საერთაშორისო კონკურსი, ჰარბინის ყინულის და თოვლის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს.

ღონისძიება პანდემიის შემდეგ წელს პირველად იმართება. ფესტივალთან დაკავშირებით ჰარბინის პროვინცია რეკორდული რაოდენობის ტურისტს მასპინძლობს.

“ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ნეთანიაჰუ ისრაელ-ლიბანის საზღვართან მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა და ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, თუ რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

იაპონიაში, მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებში დიდთოვლობაა

იაპონიის მიწისძვრისგან დაზარალებულ რაიონებში დიდთოვლობაა. უამინდობამ იშიკავის პრეფექტურაში, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გაართულა.

ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ მიწისძვრისგან დაზიანებულ შენობებს, რადგან ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ და თოვლის მაღალმა საფარმა შესაძლოა მათი ნგრევა გამოიწვიოს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის იშიკავის პროვინციაში მიწისძვრის დროს 168 ადამიანი დაიღუპა, 323 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურები უხვ ნალექს ვარაუდობენ, რაც გზებზე მიმოსვლის შეფერხებასა და სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას გაართულებს.

გერმანია საუდის არაბეთისთვის Eurofighters-ების მიწოდებაზე დაწესებულ ემბარგოს ხსნის

გერმანიის მთავრობა აღარ იქნება წინააღმდეგი საუდის არაბეთს Eurofighters-ის გამანადგურებლები მიაწოდონ და ასევე, არ შეეწინააღმდეგება ბრიტანეთის გეგმებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარე სამეფოში აღნიშნული გამანადგურებლების ექსპორტი განახორციელოს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბარბოკმა განაცხადა.

ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში.

მისი თქმით, ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი და გერმანია ამისთვის ერ-რიადის მადლიერია.

ცნობისათვის, დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის Eurofighter-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე, რომელსაც ლონდონი და ბერლინი ერთობლივად აწარმოებენ. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებული არიან ჩართულები.

უცხოური ვალუტის კურსი 9 იანვრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9408 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9310 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.

ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი დაიღუპა

ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვისამ ტავილი, ჯგუფის ელიტარული რადვანის ძალების ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილზე სოფელ მაჯდალ სელმში დარტყმა განხორციელდა.

შეგახსენებთ, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, სეიედ ჰასან ნასრალამ რამდენიმე დღის წინ ისრაელი გააფრთხილა, რომ ლიბანში სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყოს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს კიდევ 948 მილიონი გრივნის გაფლანგვაში დასდეს ბრალი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს 948 მილიონი გრივნის გაფლანგვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება.

გარდა ამისა, ბრალი წარედგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მატერიალური უზრუნველყოფის ცენტრალური სამმართველოს ყოფილ უფროსს. თავდაცვის უწყების სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ქონების გაფლანგვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ედებათ ბრალად.

გამოძიების მტკიცებით, ეჭვმიტანილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეისყიდეს 50 000 ჯავშანჟილეტი, რომლებიც ხარისხითა და დამახასიათებლებით არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და მათი ჯარში გამოყენება არ შეიძლებოდა. შესყიდვა განხორციელდა არარეზიდენტი კომპანიისგან, რომლის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის მოქალაქეები არიან. გენპროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად სახელმწიფოს 948 მილიაონი გრივნის ოდენობის ზარალი მიადგა.

ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია, მესამეს ადგილმდებარეობის დასადგენად ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.

23 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვისას 1.5 მილიარდი გრივნის მითვისების მცდელობის გამო.