Home Blog Page 1710

რუსები ხარკოვს დრონებით დაესხნენ თავს

რუსულმა ძალებმა ხარკოვს „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.

„ოკუპანტებმა ხარკოვს „კამიკაძე” დრონებით შეუტიეს. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე საგანგებო სიუტუაციების სამსახურები მუშაობენ”, – აცხადებს ოლეგ სინეგუბოვი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთს მოვუწოდებთ, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეწყვიტოს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ისინი, ვინც უკვე წაიყვანა, სახლებში დააბრუნოს.

“ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ინციდენტი, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ომში, არის უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაცია რუსეთში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს სასტიკი ქმედებები და დააბრუნოს უკრაინელი ბავშვები“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების რწმუნებულის, მარია ლვოვა-ბელოვის განცხადებით, 2022 წელს უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 700 ათასზე მეტი ბავშვი იქნა გაყვანილი.

როინ შავაძე არაადამიანურად დახვრიტეს

ყოფილი პოლიტპატიმარის, დაჩი ცაგურიას თქმით, ომიდან დაბრუნების შემდეგ როინ შავაძე ძალიან უკმაყოფილო და განაწყენებული იყო და მას დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა რაღაცების ლაპარაკი, თორემ ამის გამო მკაცრად დაისჯებოდა.

მისი თქმით, როინ შავაძე არაადამიანურად დახვრიტეს.

„როინ შავაძე როდესაც დაბრუნდა ომიდან, ის ძალიან უკმაყოფილო და განაწყენებული იყო. დასაშინებლად მივიდნენ, დაემუქრნენ და მოსთხოვეს, რომ შეეწყვიტა რაღაცების ლაპარაკი, თორემ ამის გამო მკაცრად დაისჯებოდა. წაიყვანეს შემდეგ და არაადამიანურად დახვრიტეს. ბრძოლა არ ჰქონდა გამოტოვებული და ლამის ყველა მისიაში მონაწილეობდა, უამრავი მედალი ჰქონდა მიღებული“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები დღეს გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეს დაიწყება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის საკუთარი შედეგის ნახვას აბიტურიენტები 10:00 საათიდან შეძლებენ.

ამისთვის აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

“კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს”-, მარჩინ პშიდიჩი

პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. ამის შესახებ განცხადება პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ჟურნალისტმა მას სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთის გავლით ექსპორტის საკითხზე, რაზეც პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შემდეგი პასუხი გასცა: „კარგი იქნებოდა, კიევს დაეწყო იმ როლის დაფასება, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ითამაშა ბოლო თვეებსა და წლებში“.

ამ განცხადება გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში. როგორც ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, კიევი კატეგორიულად უარყოფს ცალკეული პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობას, „თავს მოახვიონ პოლონეთის საზოგადოებას უსაფუძვლო შეხედულება, რომ უკრაინა პოლონეთის დახმარებას არ აფასებს“.

მისივე თქმით, უკრაინა ყოველდღიურად დე ფაქტო უხდის მადლობას პოლონეთს და სხვა მოკავშირეებს, როდესაც უკრაინელი სამხედროების აგრძელებენ ფრონტის დაცვას.

„ჩვენი დახმარება შეიარაღებით არ არის ქველმოქმედება, არამედ არის ინვესტიცია პოლონეთის უსაფრთხოებაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ.

რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს ხმელეთით და სამდინარო ტრანსპორტით ახორციელებს. პროდუქციის ექსპორტის სახმელეთო მარშრუტი პოლონეთზე გადის.

მანამდე პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ ვარშავა ითხოვს, ევროკავშირთან შეთანხმებით უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთი მზადაა, უკრაინული პროდუქციის იმპორტი ცალმხრივად აკრძალოს.

ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე, დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის – თეთრი სახლი

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „უგუნური და უპასუხისმგებლოა“ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის კომენტარი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიმართოს ბირთვულ იარაღს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

თუმცა, თეთრი სახლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს მჭიდრო მონიტორინგს რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვერ ხედავენ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, კოლეგის არყოფნის გამო დიდი მოცულობის სამუშაოს მარტო შესრულება მოგიწიოთ, თუმცა მენეჯმენტს თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება.

კურო

ფრთხილად იყავით, რაღაცის დაკარგვის რისკი ძალიან რეალურია. ეს შეიძლება რაღაც კონკრეტული, მაგალითად, მაგიდიდან გამქრალი კალამი ან დაკარგული დოკუმენტები იყოს ან რაღაც უფრო აბსტრაქტული, მაგალითად, დაკარგული შანსი ან ავტორიტეტი იყოს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

ტყუპები

დღის განმავლობაში შესაძლებელია ნებისმიერი სიურპრიზი – ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია მოულოდნელი მიმართულებით განვითარდება. სიურპრიზები შეიძლება სასიამოვნოც იყოს და უსიამოვნოც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე თქვენს ცხოვრებაში ჰაერის ახალ ნაკადს შემოიტანს.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, როგორიც ადამიანების ზედაპირულობა და უყურადღებობაა. თქვენ გარშემო მყოფები სერიოზულ საკითხებს ზედმეტად მსუბუქად აღიქვამენ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. საეჭვოა, რომ ვინმეს დარწმუნება და სიტუაციის შეცვლა შეძლოთ, ამიტომ მოთმინება მოიკრიბეთ – ეს ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

ლომი

დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს – მთელი დღე სადღაც გარბიხართ და მაინც აგვიანებთ. სამსახურში დაგვიანება, პაემანზე დაგვიანება, პროექტის დაგვიანებით ჩაბარება – დაგვიანება ამ დღის სავიზიტო ბარათია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ.

ქალწული

გაითვალისწინეთ, რომ კამათში, ჭეშმარიტების გარდა, შეიძლება ყველაფერი დაიბადოს! სამაგიეროდ, ატმოსფერო ისე დაიძაბება, რომ ყველაზე მარტივი საქმეების მოგვარების ძალა აღარ დაგრჩებათ. გარშემომყოფების პროვოკაციების მიუხედავად, კამათსა და დებატებში არ უნდა ჩაერთოთ, რადგან თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, სიტუაციის გამოსასწორებლად დიდი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება გარშემომყოფთაგან ვინმემ ინიციატივა წაგართვათ. სამომავლოდ, მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული. თუ პოზიციებს დათმობთ, შეიძლება ძალიან ინანოთ. ასე რომ, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ. შინაგანად მოემზადეთ, რომ კონკურენტებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოთ.

მორიელი

ამ დღეს შრომითი მიღწევებისთვის განწყობილი არ ხართ. პირიქით, მოდუნებული ხართ და მომნიშვნელოვან საქმეებსაც კი დაუდევრად ეკიდებით. ამ დღეს თქვენი ლოზუნგია – „ნუ გადადებთ ხვალისთვის, რაც შეიძლება ზეგ გააკეთო“. ასე რომ, თუ დასვენების შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. საქმის გაკეთებას მაინც ვერ ახერხებთ და დასვენება არ გაწყენდათ.

მშვილდოსანი

სამუშაო რეჟიმში შესვლა გიჭირთ, მაგრამ თუ მოახერხეთ, ძალიან ნაყოფიერი დღე გექნებათ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ დილა ვარჯიშით დაიწყოთ და კონტრასტული შხაპით გააგრძელოთ. ეს აპათიის დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს დროს მაქსიმალურად აჭიანურებთ, რომ საქმის დაწყება დააგვიანოთ, მაგრამ როდესაც დაიწყებთ, მისი დასრულებისთვის გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა დროს. სავარაუდოდ, იპოვით მიზეზს, რომ საქმის დაწყება სამომავლოდ გადადოთ და სწორადაც მოიქცევით – სხვა დღეს ამას უკეთ გააკეთებთ.

მერწყული

ამ დღეს სხვებისგან დამოუკიდებლად, საკუთარ თამაშს წამოიწყებთ. სიტუაცია თქვენგან პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას მოითხოვს, ამიტომ სხვა ადამიანების ინტერესები ავტომატურად, მეორეხარისხოვანი გახდება. მთავარია გონივრულად და დახვეწილად იმოქმედოთ და ჭორების და ინტრიგების დონეზე არ დაეშვათ.

თევზები

ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია, მოსვენებას არ გაძლევთ და მთელ დღეს გამდიდრების გეგმებს ადგენთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ გრანდიოზული პროექტების განხორციელება არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, თქვენი გამდიდრების გეგმები უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

1 აგვისტოს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 აგვისტოს  თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

ინფორმაციას ,,თელასი” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, თამაზ თოხაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, ფოთის, ცემის, ვლადიმერ ვორონინის, თევდორე მღვდლის,  სოხუმის,  ცაბაძის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, გორის, იროდიონ ევდოშვილის, მაიაკოვსკის, სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, არჩილ ქურდიანის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ილია სუხიშვილის  ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს, გულუას და I ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის  I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩებისმოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსულმა არმიამ 180 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა

უკრაინაზე ცხრადღიანი იერიშის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის 180 000 ტონა მარცვლეულის მოსავალი, 26 პორტში ინფრასტრუქტურული ობიექტები და ხუთი სამოქალაქო გემი გაანადგურა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერში“ ავრცელებს.

მოხსენების თანახმად, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქებისა და მარცვლეულის საწყობების დაბომბვით სამხედრო დანაშაულების მორიგი სერია ჩაიდინა.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ შიმშილის თამაშები და ახლავე უზრუნველვყოთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“გასაკვირია, რომ “ნაცების აქციას” უწოდებს ქართველი ხალხის აქციას”- ნუკრი შოშიაშვილი  კელი დეგნანის განცხადებაზე

„ხალხის ძალის” წევრი, ნუკრი შოშიაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ბათუმის პორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის თქმითაც „არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსეთიდან ჩამოსულ ხალხს, ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში”.
შოშიაშვილის თქმით, პირველ ყოვლოსა, ისაა გასაკვირი, რომ ელჩი  ,,ნაცების აქციას,, უწოდებს ქართველი ხალხის აქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აქციას ლეგიტიმაციას აძლევს.
მისივე თქმით, კრუიზში სამხედრო დამნაშავეები, ტერორისტები, დასანქცირებული პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ, გასაგები იქნებოდა ასეთი პოზიციები, მაგრამ იქ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც დასვენება უნდოდათ.
„ამერიკელი ელჩები, სხვადასხვა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები და ოფიციალური წარმომადგენლები წლებია გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, მშვიდობის შექმნაზე, ეთნო ნაციონალისტური და ქსენოფობიური განწყობებისა და აზრების მიუღებლობასა და მავნებლობაზე. არაერთ ლექციაზე ვყოფილვარ, სადაც ოფიციალურ ამერიკის წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ მტრობის მიუხედავად, იმ ამბების მიუხედავად, რაც მოხდა 90-იანებში (იგულისხმებოდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) თქვენ უნდა შეძლოთ წყენის გადალახვა და ახალი ურთიერთობების დაწყება, სადაც მნიშვნელობა არ ექნება თქვენს ეთნიკურ იდენტობას, არამედ ურთიერთობა იქნება ადამიანის უფლებებზე დამყარებული.  ასე გვასწავლიდნენ ჭკუას 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა როდესაც ქართულმა საზოგადოებამ გადალახა ის ქსენოფობიური, ეთნონაციონალისტური მიდრეკილებები, რასაც სამწუხაროდ, 90-იანებში ჰქონდა ადგილი, ახლა იმის ნაცვლად, რომ წინ წავიდეთ, გვაბრუნებენ ისევ ამ ქსენოფობიურ ჭაობში.
მე ცოტა მიკვირს ელჩის მიერ ასეთი განცხადებები. პირველ რიგში ისაა გასაკვირი, რომ ნაცების აქციას (და მასზე მიჯაჭვული მოძრაობების) უწოდებს ქართველი ხალხის აქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ აქციას ლეგიტიმაციას აძლევს. იმ კრუიზში სამხედრო დამნაშავეები, ტერორისტები, დასანქცირებული პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ, გასაგები იქნებოდა ასეთი პოზიციები, მაგრამ იქ იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც დასვენება უნდოდათ. როდესაც ამართლებ უბრალო ტურისტზე იერიშის მიტანას, მაშინ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას როგორღა ვაშენებთ?
ეს არის პერიოდი, როდესაც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ლეგიტიმაციას აძლევს ისეთ რადიკალ ნაციონალისტურ განწყობებს, რომელიც ტურისტებს დასდევს მათი ეთნიკური ნიშნით. ასეთი საზოგადოება და ასეთი პოლიტიკური ცხოვრებაა დასავლური ღირებულებები? მგონი, რომ არა.
ამიტომ, პირველი, რასაც დიდი სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, არის ის, რომ იმას, რასაც ქადაგებს და რასაც იცავს, პირველი დამცველი და მაგალითი სწორედ ის იყოს. როდესაც ასე არ არის, იწყება ამ ყველა იდეალის შელახვა. დღეს უკვე სასაცილოდ არ ყოფნით ადამიანის უფლებები, რადგან ხალხმა იცის, რომ პირველი დამრღვევები ადამიანის უფლებების სწორედ ის ხალხია, ვინც გაცხადებულად ამბობს რომ უფლებების დამცველია.
ეს კი ქმნის იმ კრიზისს, რაშიც ჩავარდა გლობალური ლიბერალიზმი, როდესაც ცინიზმმა გადააჭარბა ყოველგვარ საზღვარს, ხალხმა დაკარგა ყველანაირი რწმენა ლიბერალური ღირებულებებისადმი. ეს კრიზისი საბოლოოდ მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.”- წერს ნუკრი შოშიაშვილი.

აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო -ზურაბ აზარაშვილი

ის აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო. ამ ცვლილებებით, შევეცადეთ, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გაგვესწორებინა, რომ უფრო ცხადად და მკაფიოდ ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტების ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიანი მომსახურება , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შედის.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი კლინიკების დაფინანსების ნაწილში და სახელმწიფო მზადაა, პაციენტების ხარისხიან მკურნალობისთვის ადეკვატური ტარიფები გადაიხადოს.

„მხოლოდ ამის მოწესრიგებისკენ არის მიმართული თითოეული ცვლილება და ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს, ჯანდაცვის პოლიცია იქმნება, სრულიად შეუსაბამოა. ამაში თავადაც დარწმუნდებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება – საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტო შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება.

რეგულირების სააგენტოს, ასევე, ექნება უფლებამოსილება, პაციენტის/მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმება ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. ინსპექტირების დაწყების პარალელურად, რეგულირების სააგენტო, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს – ინსპექტირება და სასამართლოსთვის შეტყობინება იქნება პარალელური პროცესი.

კანონში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმიც გაჩნდა, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ. ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სადავო თანხა დაკავდება, სასამართლოში დავის პერიოდში.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი – ლევან ხაბეიშვილი

სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, ანაკლიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის იდეაზე – ქალაქ ლაზიკის დაარსებაზე ისაუბრა.

„ყველამ კარგად იცის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა, ძალიან დიდი იდეა – ლაზიკა. ჩვენ არ ვისაუბრებთ წარსულში, ჩვენ გეტყვით რას გავაკეთებთ მომავალში აქ, ლაზიკაში. ლაზიკა იქნება საქართველოში მეორე ქალაქი დედაქალაქის შემდეგ, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც 30 მლრდ ეკონომიკა იქნება, ლაზიკა იქნება ქალაქი, სადაც ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეიქმნება და ლაზიკა იქნება ქალაქი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სამეგრელოში არც ერთი ოჯახი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის გარეშე არ დარჩეს, შეიქმნას დოვლათი და ჩვენმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად. ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის ოცნება არის, რომ საქართველოდან გაიქცნენ ჩვენი მოქალაქეები და ასეთი არის 250 ათასი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გავიდა ქვეყნიდან და უკან აღარ დაბრუნდა. აღარ ვლაპარაკობ იმ ასი ათასობით ემიგრანტზე, რომლებიც მიდიან, შემდეგ რამდენიმე თვე ჩამოდიან და ისევ მიდიან სამუშაოდ.

საუბარია ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და დედაქალაქის მესამედი რომ დაიცალოს და წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამდენი ადამიანია გაქცეული და რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა შექმნა მაფია, სისტემა, სადაც მხოლოდ მისი გარემოცვა ჭამს, ძარცვავს ამ ქვეყანას, წურბელასავით აზის და დანარჩენებს გვეუბნება ან შეეგუეთ, ან მონები იყავით, ან გაიქეცით , ” -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის მთავარი არქიტექტორი.

„მთავარი დაპირება, რაც მინდა, გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მთავარი არქიტექტორი სოხუმში ყველაზე დიდი აეროპორტის. სოხუმი იქნება ყველაზე განვითარებადი ქალაქი ევროპაში და ამას ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ. მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით ხმა გავაგონოთ პრეზიდენტ სააკაშვილს, თავისუფლება მიშას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.