Home Blog Page 17

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

ნიკას ამბავი ტექნოლოგიების მიმართ მუდმივი ინტერესით იწყება, როდესაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, პირველად ააწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. ამის შემდეგ მისი ცნობისმოყვარეობა ყოველ ნაბიჯზე ეძებდა უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს – ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად შეესწავლა.

ეს შესაძლებლობა კი ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. გამარჯვებულები კი AI საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ პეკინში, სადაც საქართველო პირველად წარდგა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა გლობალურ ასპარეზზე.

„ოლიმპიადაზე გასამარჯვებლად უნდა გქონდეს შემართება, ინტუიცია და თვითრწმენა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი სწავლითა და მუშაობით შეიძენ. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსი მოგცემს საკუთარი თავის ისეთ რწმენას, რომელიც წარმატებამდე გარდაუვალად მიგიყვანს“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ცოდნა ოლიმპიადამდე ჰქონდა, გლობალურ კონკურენციაზე ასპარეზობამ მისცა თვითრწმენა, შექმნას თავისი ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, კოდის წერა, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრა, ინტუიცია მანქანურ სწავლებაში – ნიკას აზრით, იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ ამბებს ქმნის.

„ოლიმპიადამ მომცა შესაძლებლობა არა მხოლოდ ეფექტურად გადამეწყვიტა პრობლემები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არამედ დამენახა, როგორ შეიძლება პატარა იდეა გადაიქცეს რეალურ პროტოტიპად, რომელსაც ფართო საზოგადოება გამოიყენებს. ოლიმპიადის შემდგომ, დავიჯერე, რომ შემიძლია პროფესიონალურად დავიწყო მუშაობა და სამომავლო საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგს დავუკავშირო .”

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია, ნიკა ურჩევს:თუ მზად ხართ ცოდნის შესაძენად, საკმარისია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, თუმცა თუ გსურთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა მათემატიკური მექანიზმებისა და მანქანური სწავლების მოდელების შესახებ და, გარდა ამისა, შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ პროექტზე, მაშინ ეს ოლიმპიადა არის ადგილი, სადაც ეს აუცილებლად მოხდება.”

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.

(R)

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს. მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად რუსთავში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფილიალში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნები იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. 30 სექტემბერს გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

“კანდიდი” – სკოლა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

სკოლა „კანდიდის“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც დავით და მაია ქვრივიშვილებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები განათლების სფეროსკენ მიემართათ. სახელწოდება ვოლტერის ნაწარმოების ინსპირაციით შეარჩიეს.

„ჩვენთვის „კანდიდს“ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ის სიწმინდესა და სითეთრეს ნიშნავს“, – განმარტავს სკოლა „კანდიდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ქვრივიშვილი.

 ,,კანდიდი” არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება – ეს არის ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას, პიროვნული ზრდის პროცესს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას სწავლობს.

„ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სისტემა აგებულია როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალურ აქტივობებზე. საათობრივი გაძლიერებული დატვირთვა და დამატებითი შეთავაზებები გვაქვს. მაგალითად, სამი ტიპის უცხოურ ენას ვთავაზობთ მოსწავლეებს; STEM-ის მიმართულების საგნებს გაძლიერებულად ვასწავლით; კემბრიჯის გამოცდებზეც გაგვყავს, რათა ენობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. გარდა ამისა, გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, გუნდური სამუშაო სივრცეები და ა. შ.“, – ამბობს მაია ქვრივიშვილი.

 „კანდიდში“ განათლება გულისხმობს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღების, პროფესიული ორიენტაციის, გუნდური მუშაობისა და თვითშეფასების უნარების განვითარებას. პედაგოგები არ შემოიფარგლებიან საგნის სწავლებით – ისინი არიან მოზარდების განვითარების მეგზურები და ფსიქოლოგიურად გადამზადებული მენტორები.

„კანდიდში“ ბავშვებს ასწავლიან, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, შრომა შედეგს იძლევა და თითოეული წარმატება პირადი ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესში კი მასწავლებლები ქმნიან უსაფრთხო, მოტივაციურ და მზრუნველ გარემოს, სადაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი ადგილი.

„ამ ყველაფრის მისაღწევად და განსავითარებლად ძლიერი ფინანსური პარტნიორის ყოლაა საჭირო; ჩვენ შემთხვევაში, ეს როლი თიბისიმ შეითავსა. უკვე წლებია, ფინანსურ საჭიროებებს თიბისის მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ. გარდა მოგებიანი პირობებისა, აღსანიშნავია სწრაფი რეაგირება და მომსახურების მაღალი დონე. თიბისი რომ არა, ფიზიკურად ვერ შევძლებდით აქამდე მოსვლას“.

ამ ეტაპზე, „კანდიდი“ ორ შენობას აერთიანებს. ორივე მათგანი ტექნოლოგიურადაა აღჭურვილი, რაც მაღალი დონის გაკვეთილების ჩატარებას უზრუნველყოფს.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედიასკოლა“ წარმატებით დასრულდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო.

საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გადასცეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ.

„საარჩევნო მედიასკოლის“ სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია, როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეებს ინფორმაცია და საკუთარი გამოცდილება შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში, ცესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოწვეულმა ექსპერტებმაც გაუზიარეს.

პროექტი ცესკო-სა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე, ცესკო-ს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში განხორციელდა.

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ პარტნიორებს ლიკვიდობის მართვის ახალი შესაძლებლობები წარუდგინეს

თიბისი კაპიტალმა და თიბისი აქტივების მართვამ მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს, რომლებიც ფულადი სახსრების უფრო მომგებიანად და ეფექტიანად მართვას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ლიკვიდობის მართვის ახალი სერვისი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მათზე მორგებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. სერვისი მოიცავს: კომპანიების ფულადი სახსრების ანალიზს, მათზე მორგებული საინვესტიციო პორტფელის შექმნასა და მართვას.

ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდებში თანხის დაბანდება განვითარებულ ბაზრებზე დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ ინსტრუმენტებში ინვესტირება კომპანიებისთვის უფრო მოქნილი, დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ტრადიციულ აქტივებში. საქართველოში კი ბიზნესი თანხის განსათავსებლად ძირითადად საბანკო დეპოზიტებს ირჩევს. კერძოდ, ბიზნესი თავისუფალი ფულადი რესურსების მხოლოდ 2%-ს აბანდებს ფასიან ქაღალდებში, უდიდესი ნაწილი კი – საბანკო დეპოზიტებშია განთავსებული.

წლიდან-წლამდე ქვეყანაში ახალ საინვესტიციო ინსტრუმენტებზე მოთხოვნა იზრდება. თიბისი კაპიტალის სერვისების მეშვეობით დღეს ბიზნესს შეუძლია, ინვესტირება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში განახორციელოს და მრავალფეროვანი პროდუქტებით ისარგებლოს, როგორებიცაა: საბროკერო სერვისები, მხარდაჭერა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, კვლევები და პროფესიონალური კონსულტაციები.

თიბისი აქტივების მართვამ კორპორატიული კლიენტებისთვის გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო ფონდების უპირატესობები წარადგინა: ფონდები მომხმარებლებს ექსკლუზიურ წვდომას აძლევს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფილი სესხების პორტფელზე, რომლითაც შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის მიღება დივერსიფიცირებული რისკით. თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების შემოსავლიანობამ ბოლო 12 თვეში უძრავი ქონების გაქირავებითა და ობლიგაციებით მიღებულ შემოსავლიანობას გადააჭარბა; მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში კი მოსალოდნელი სამიზნე მომგებიანობა 8.5-9.5%-ის ფარგლებშია.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. კომპანიებმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და პროდუქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში ეხმარებათ.

(R)

პრემიერ-მინისტრი დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.

სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.

მანამდე კი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად დანიის მეფისა და დედოფლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერი ელიზაბეტმა სამიტის მონაწილე ლიდერებს კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში უმასპინძლეს. პრემიერი კოპენჰაგენში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შედიან.

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პროფესიული უნარების საჯაროდ დემონსტრირება და გარშემომყოფებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება კარიერულ წინსვლასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება, ამიტომ შეგიძლიათ, თავს შოპინგის ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კურო

ნურაფერს დაგეგმავთ – ამ დღეს მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ გამუდმებით მათთან ადაპტირება და ინტუიციურად მოქმედება გიწევთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დროდადრო დაისვენეთ, რომ კვირის ბოლომდე ძალა შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წესები და შეთანხმებები არ დაარღვიოთ და პირადი ინფორმაცია სხვებს არ გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ვარსკვლავები მხარს გიჭერენ, ამიტომ თქვენს პასუხისმგებლობის აღება და რთული საკითხების მოგვარება ნუ შეგეშინდებათ. საკუთარი ვალდებულებები ისე შეასრულეთ, რომ წესები არ დაარღვიოთ. მაშინ აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასოთ. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.

კირჩხიბი

დაძაბული და აქტიური დღეა. უამრავი ამოცანის გადაჭრა და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება მოგიწევთ. განსაკუთრებული უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ქველმოქმედება თქვენი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ასე გააგრძელეთ, მაგრამ ნურც საკუთარი თავი დაგავიწყდებათ. გირჩევთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი პროცესები აკონტროლოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ და უარს ნუ ეტყვით. სხვების დახმარება თავდაჯერებას შეგმატებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. მარტოხელა ლომი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს და ურთიერთობა დაიწყოს. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

ქალწული

უარი თქვით ნებისმიერ სარისკო საქმეზე და საეჭვო შეთავაზება არ მიიღოთ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უპირატესობა ნაცნობ სამუშაოს მიანიჭეთ და წესების მიხედვით იმოქმედეთ. მაშინ დღე მშვიდი და წარმატებული იქნება. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. შესაძლოა, წარსულის გახსენების გარდა, გართობასა ან მოგზაურობასთან დაკავშირებული გეგმებიც განიხილოთ.

სასწორი

პასუხისმგებლობა და დისციპლინა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვან პროექტში შესანიშნავი შედეგი მიიღოთ. შესაძლოა, ნათესავს ან ოჯახის წევრს თქვენი დახმარება დასჭირდეს. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და მასთან წახვიდეთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ და ექსპერიმენტებს მიმართოთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება ისწავლოთ. ეცადეთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ საქმეში, რომელიც თქვენს ავტორიტეტსა და კარიერაზე იმოქმედებს. იყავით თავაზიანი, ნუ მოახდენთ ზეწოლას მოწინააღმდეგეზე, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად, თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

მშვილდოსანი

გამუდმებით მოწუწუნე და აგრესიულმა ადამიანებმა შეიძლება დილიდან განწყობა გაგიფუჭონ, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ მხიარული და კეთილგანწყობილი ადამიანების წრეში იტრიალოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ – გარემოებები სწრაფად იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სასურველია, რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და საღამოს მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან ჯობია თავი შეიკავოთ.

თხის რქა

ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარება და დამატებითი შემოსავლის წყაროების ძებნა მოგიწევთ. მოერიდეთ საფულის გახსნას, თუ აუცილებელი არ არის და ფულის დაგროვება დაიწყეთ. საღამოს სასურველია მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს წარმატებისთვის მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა და მოთმინება გჭირდებათ. ეცადეთ, დრო და ენერგია ყველა დავალებაზე თანაბრად გაანაწილოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. კონფლიქტების ასაცილებლად უმჯობესია, ურთიერთობა შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ.

თევზები

ამ დღეს დამკვირვებლის პოზიციას უნდა დასჯერდეთ და მიმდინარე მოვლენებში არ უნდა ჩაერიოთ – ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების უყურადღებობამ ან გულგრილობამ ძალიან გაგაბრაზოთ. ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

“არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა”-Deutsche Welle

„არარატის მთა სომხეთის სახელმწიფო სიმბოლიკიდან თანდათან გაქრება. ქვეყნის  ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე და მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში  “არარატის მთა და სომხეთის “მეოთხე რესპუბლიკა” (ავტორი – არშალუის მღდესიანი).

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

„სომხეთში ეროვნული იდენტურობის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

არარატის მთა და სომეხი მესაზღვრეები

2025 წლის პირველი ნოემბრიდან არარატის მთის გამოსახულებას, რომელიც სომხეთისათვის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს, სასაზღვრო სამსახური აღარ გამოიყენებს.

არარატის მთას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზე მდებარეობს, სომეხი ხალხისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბიბლიის მიხედვით, სწორედ არარატის მთის მწვერვალზე გაჩერდა ნოეს კიდობანი მსოფლიო წარღვნის შემდეგ, რის გამოც მთა ყველა ქრისტიანისათვის წმინდა გახდა და აღორძინების სიმბოლოდ იქცა. არარატი გამოსახულია სომხეთის სახელმწიფო გერბზე ნოეს კიდობანთან ერთად, რაც ხაზს უსვამს მთის როლს სახელმწიფოს სიმბოლიკაში და ეროვნულ იდენტობაში. არარატის მთა ასევე ითვლება შთაგონების წყაროდ სომეხი პოეტებისა და მწერლებისთვის, მხატვრებისთვის… არარატის მთას მთავარი ადგილი ეთმობა სომხურ მითებში და ლეგენდებში.

მართალია, არარატის მთა ამჟამად თურქეთის იდგირის ილში (ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრაში) მდებარეობს, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი სომეხი თვლის, რომ მთა და მიმდებარე ტერიტორია მაინც სომხეთის მიწა-წყალს წარმოადგენს

არარატის მთა და მმართველი პარტიის წესდება

სასაზღვრო სიმბოლიკის ცვლილების პარალელურად, მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო თანხმობამ“ თავისი წესდებაც შეცვალა. დოკუმენტიდან ამოღებული იქნა ფორმულირება, რომელიც პარტიის ლოგოტიპს უკავშირდება (ხელის ჩამორთმევა არარატის მთის სილუეტზე).

ცოტა ხნის წინათ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ეროვნული სიმბოლიკებისა და ნარატივების ტრანსფორმაცია „აუცილებელი და გარდაუვალი გზაა საგარეო საფრთხეების შესამცირებლად“. მისი თქმით, ცვლილებების ღია განხილვა ქვეყნის შიდა მდგრადობას უზრუნველყოფს.

და მაინც, მთავრობის მიერ 11 სექტემბერს მიღებულმა დადგენილებამ რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სიმბოლიკიდან არარატის მთის გამოსახულების ამოღების თაობაზე ფართო რეზონანსი გამოიწვია. მართალია, გადაწყვეტილებას არ ადევს გრიფი „საიდუმლო“, მაგრამ ის ისეთ საკითხთა პაკეტში იქნა შეტანილი, რომლებიც საზოგადოებისთვის განმარტებას არ საჭიროებენ, თანაც პრესაში ინფორმაცია უკვე „პოსტ-ფაქტუმ“ გამოქვეყნდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და თურქეთთან მომლაპარაკებელი კომისიის თანათავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სიმბოლიკის გაუქმების გადაწყვეტილება ანკარის მოთხოვნით არ მიღებულა და საერთოდ, სომეხ მესაზღვრეთა შტამპზე არარატის მთის კონტურები მხოლოდ 2000-იანი წლების შუახანებში გაჩნდა, მანამდე კი რუსული სიმბოლიკა გამოიყენებოდა.

„მეოთხე რესპუბლიკა“: უარი წარსულზე მომავლის უზრუნველსაყოფად?

სიმბოლიკის გადახედვის პროცესი, როგორც სომეხი ექსპერტები და კომენტატორები განმარტავენ, უფრო ფართო კონცეფციის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „მეოთხე რესპუბლიკის“ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანიას მიერ არის შემოთავაზებული. ამ კონცეფციას ხშირად „რეალურ სომხეთს უწოდებენ და გამიზნულია დღევანდელი რეალობისა და ისტორიული წარმოდგენების გასამიჯნავად, ანუ იგულისხმება, რომ ისტორიული ხედვები არ უნდა იყოს ამჟამინდელი სახელმწიფოს ნარატივის საფუძველი.

ნიკოლ ფაშინიანმა ახალი წესების შემოღება მმართველი პარტიის ყრილობაზე, 20 სექტემბერს გამოაცხადა – მისი თქმით, „მესამე რესპუბლიკა“ (1991 წლიდან) წარსულს ჩაბარდა, ქვეყანა თავისი განვითარების ახალ ფაზაში შევიდა – „მეოთხე რესპუბლიკაში“ – რომლის განმასხვავებელი ნიშანია მშვიდობა სომეხი ერისათვის. ახალი ერა დაიწყო აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციით, აგრეთვე ვაშინგტონში 8 აგვისტოს ხელმოწერილი წინასწარი სამშვიდობო ხელშეკრულებით. ნიკოლ ფაშინიანმა „მეოთხე რესპუბლიკის“ შექმნა თავისი პარტიის ხელისუფლების სტრატეგიულ ამოცანად გამოაცხადა.

კრიტიკა და საზოგადოებრივი რეაქცია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს სომხური საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მთავრობა ამით ცდილობს თავისი მცდარი, უპასუხისმგებლო და უპატიებელი ნაბიჯები გაამართლოს, რომლებიც ტერიტორიების დათმობაში გამოიხატა.

ოპოზიციური პარტიის „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის მოადგილის ლევონ ზურაბიანის თქმით, მომხდარი ამბები ხალხის მოტყუებას და კვამლის ფარდის შექმნას ნიშნავს – ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ განცდილი კატასტროფისათვის, რომელიც მან ქვეყანას თავს დაატეხა. იგი სამომავლოდ, ალბათ, კონსტიტუციაშიც შესწორებას შეიტანს, რასაც აზერბაიჯანი ითხოვს. იგივე განაცხადა „დოიჩე ველესთან“ საუბარში ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ დეპუტატმა ქრისტინე ვარდანიანმაც.

საქმე იმაშია, რომ სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულა შეიცავს 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრინციპებს, რომელიც, თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის სტატუსსაც განსაზღვრავს, როგორც სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენელ ნაწილს – 1989 წლის 1 დეკემბერს მიღებული დადგენილების საფუძველზე. ოფიციალური ბაქო ამაში ტერიტორიულ პრეტენზიებს ხედავს.

„წარსულის გაუფასურება“

კავკასიის ისტორიის დირექტორი, სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი „დოიჩე ველესთან“ საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ე.წ. „მეოთხე რესპუბლიკის“ ჩამოყალიბების თაობაზე 2026 წლის წინასაარჩევნო კამპანიისათვის მზადებას ნიშნავს –  შეიქმნება თეზისები, რომლებიც წინასაარჩევნო ბრძოლის საფუძვლებში ჩაიდება.

„ძირითადი სლოგანი, რომლის ხალხის ყურამდე მიტანას მთავრობა ცდილობს, შეიძლება ასეთნაირად ჩამოყალიბდეს: „ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ყველა დანარჩენი კი ომისათვის“. ანუ მთავრობა მშვიდობის გარანტიას იძლევა და ამიტომ მას მხარი უნდა დაუჭირონ“, ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი და ხაზს უსვამს ფაშინიანის კონცეფციის პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ასპექტს: „ეს არის იმ კულტურაზე უარი და იმ ყველაფრის გაუფასურების მცდელობა, რაც ადრე იყო შექმნილი“.

პოლიტოლოგის თქმით, ეს არის არამხოლოდ სომხეთის საბჭოურ ისტორიაზე უარის თქმა, არამედ საერთოდ, დამოუკიდებელი სომხეთის უარყოფასაც ნიშნავს, რომელსაც მმართველი პარტიის თვალში ნეგატიური ხასიათი აქვს. „ფაშინიანი თავის ოპონენტებს ძველი სისტემის წარმომადგენლებად, წარსულის გადმონაშთებად თვლის. ისტორიის უარყოფის საფუძველზე იქმნება ახალი „ნამდვილი“ იდეოლოგია, რომელიც, ხელისუფლების გათვლებით, არჩევნებში მათი გამარჯვება უნდა უზრუნველყოს“, – ასკვნის ალექსანდრე ისკანდერიანი.

წყარო:

,,დოკუმენტებში, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია, არ არსებობს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ზანგეზურის დერეფანი“- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დოკუმენტებში, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია, არ არსებობს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ზანგეზურის დერეფანი“.

„ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი და პარაფირებული დოკუმენტები და როდესაც ისმის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ამ დოკუმენტებში არ არის, მაგალითად, „ზანგეზურის დერეფანი“, ჩვენ გვიჩნდება კითხვა: საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა?“ – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „არაფერი მსგავსი არ არის“ და აღნიშნა, რომ საჭიროა დაზუსტდეს, რაზეა საუბარი.

„თუ აზერბაიჯანში, მაგალითად, ასე უწოდებენ გზას გორადიზ-ზანგელანი, მაშინ ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ეს გვაღელვებს თუ არა? სომხეთის შემთხვევაში, სახელწოდებების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სომხეთი, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში – აზერბაიჯანი. ეს დაფიქსირებულია ამ დოკუმენტშიც, რადგან ჩვენ ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხებლობა“, – განმარტა მან.

ფაშინიანის თქმით, აღნიშნული გამოთქმა „აშკარად ანერვიულებს“ სომხურ საზოგადოებას, რის გამოც ჩნდება კითხვა, „რატომ გამოიყენება ეს გამოთქმა, იმისთვის, რომ ნერვები მოუშალონ ადამიანებს?“

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სომხეთის ტერიტორიის სხვაგვარი განსაზღვრება არ შეიძლება იყოს, და ის, რაც მე ვთქვი, ლეგიტიმურია“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 2 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7252 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა.

კალასი: ევროკავშირში ჯერჯერობით არ არის ერთობა კიევისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემის საკითხზე

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ჯერ არ უჭერს მხარს გეგმას, რომლის მიხედვითაც დასავლეთში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვები გამოყენებული იქნება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის დასაფინანსებლად.

თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს იმაზე, რომ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს.

კალასი მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას იმ რეპარაციების ანგარიშში, რომელიც საბოლოოდ, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას რუსეთმა უნდა გადაუხადოს.

„თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ამ [რუსულ] აქტივებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ტვირთი ჩვენს გადასახადის გადამხდელებს დააწვებათ“, – განაცხადა კალასმა კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე.

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა, რომ უკრაინას მიეცეს 140 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი რამდენიმე ტრანშად, ევროპის ცენტრალურ ბანკში დეპოზიტის ანგარიშზე შენახული გაყინული რუსული სახსრების ხარჯზე.

მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს

3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე  (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი – მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი.

Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან.

ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას – მევლუდ მელაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, საქართველოში პროფესიული ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია უკავშირდება. საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი და ათობით საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებული – ეს მისი შედეგების არასრული ჩამონათვალია.

ბოლო წლებში კი, მევლუდმა მთელი ენერგია დრიფტისკენ მიმართა – ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დისციპლინისკენ.

აღსანიშნავია, რომ მევლუდ მელაძემ დრიფტში მონაწილეობა 42 წლის ასაკში დაიწყო; სწორედ იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის აღიარება დაიწყო და პირველივე რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკუთარი თავისა და იმის რწმენა დაეხმარა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.

დრიფტის პოპულარიზაციისთვის, მისი ძალისხმევითა და მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა „ლილო არენა“ – პროფესიონალური დრიფტის სარბოლო ტრასა, რომელიც დღეს უკვე არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ ახალგაზრდა თაობისათვისაც განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.

თიბისისთვის პრიორიტეტია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს; თამამი ნაბიჯებით, თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ და სრულად გათავისებული აქვთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია – მთავარია გჯეროდეს.

(R)