Home Blog Page 17

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8563 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9929 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0278 ლარი შეადგინა.

FinOps თიბისიში – ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ.

თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.

პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, კომპანიას მისცა ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება.

თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, თიბისის ტექ გუნდის წევრები FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ.

კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, თიბისიმ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის – Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე” – იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

(R)

სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? რა თქმა უნდა, საქართველოში – UFC-ის პრეზიდენტი

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა პრესკონფერენციაზე საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„ყველგან ჩასვლა გვსურს. რამდენიმე ადამიანი აქტიურად გვარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. ეს ლოგიკურია, რადგან სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? – საქართველოში, რადგან ამ ქვეყნიდან შერეულ ორთაბრძოლებში ნიჭიერი ადამიანები გამოჩნდნენ და ბუნებრივია, ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა“, – განაცხადა დანა უაითმა.

საქართველოს შერეულ ორთაბრძოლებში ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს. საჩემპიონო ქამრები მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ მოიპოვეს და შემდეგ ქამრების დაცვაც მოახერხეს.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენაში.

სახელმწიფო რადიოსთან საუბრისას ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ მიუღებელია.

„მიუღებელია, რომ უკრაინა უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარებაზე ცენტრალური ევროპისკენ, რითიც იწვევს გაზის ფასების ზრდას, რაც, თავის მხრივ, ყველაფრის, მათ შორის საწვავის გაძვირებას იწვევს. ამიტომ სხვა არჩევანი არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზულად და მკაცრად ვთქვათ – თუ ისინი ამას არ შეცვლიან, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთ. ისინი თუ არ შეასრულებენ პირობებს, ჩვენ არა მხოლოდ დავაყენებთ სანქციების გაუქმების საკითხს, არამედ გავაუქმებთ კიდეც მათ“, – განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ ევროკომისიამ უზრუნველყოს ისეთი პირობები, რომლებიც არ დააზარალებს უნგრელი მოქალაქეების ინტერესებს და არ გამოიწვევს ფასების შემდგომ ზრდას.

სანქციების განახლება საჭიროებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვან თანხმობას ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

 “ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთში მიმდინარე აქციების ორგანიზების უკან “ქართული ლეგიონი” დგას”- რობერტო ფიცო

უკრაინასთან დაკავშირებული „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ეროვნული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, – განაცხადა ფიცომ.

ჩვენ გვინდა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული შედეგები, ამისთვის აქტიურად ვიმუშავებთ -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავის უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას.

„არავის მოუნდება ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორიც იყო კანვასის ტრენინგი. გახსოვთ, მაშინ განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრენინგებს USAID-ის დაფინანსებით, კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე, ასეთ დეტალებზე იყო იქ საუბარი. რა თქმა უნდა, არავის უნდა ასეთი დეტალების გასაჯაროება, არავის არ უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა ჩვენს ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას. რეალურად იყო რევოლუციის ოთხი მცდელობა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ძალიან გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული შედეგები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის, ამისათვის ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ახალი არჩევნები დაგვინიშნე კი არა, უნდა ვითხოვდეთ, “მთავრობა გადადგეს”-პეტრე ცისკარიშვილი

„ახალი არჩევნები დაგვინიშნე“ კი არა, უნდა ვითხოვდეთ, „მთავრობა გადადგეს“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, უნდა მოსუფთავდეს ველი, ახალი ცესკო, ახალი სუს-ი, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირით დაკომპლექტდება – ასეთ გარემოცვაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.

„ჩატარდება, რა თქმა უნდა, როდესაც ესენი წავლენ, ბუნებრივად ჩატარდება. გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, თვე-ნახევრის წინაც ვამბობდი, „მოდი, ბიძინა, ჩანიშნე არჩევნები და კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე არჩევნები“ – ეს აბსურდული მოთხოვნაა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

ცისკარიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ამაზე წავა თუ არა „ქართული ოცნება“, ეს გამოჩნდება – წავა და წავიდეს, პირიქით, მეტი პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი საქმის მეტი წარმოჩენა, რეალურად, ვინ ებრძვის ამ რეჟიმს, ბოლო 12 წელია, ეს ყველაფერი გამოკრისტალდება, ვინ არის მათი მთავარი ოპოზიცია, ესეც უკეთესად გამოჩნდება. ჩვენ გაგვიხარდება, თუ ამ საქმეს მოკიდებენ ხელს, როგორც იმუქრებიან“.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს და სააკაშვილის განცხადებას, რომ „ყველაფერი დასრულებული იქნებოდა მშვიდობიანად, თავად რომ გარეთ იყოს“, ცისკარიშვილის თქმით, ყველაფერი კარგად მიდის, დემონსტრაციებმა მუხტი შეინარჩუნა და ივანიშვილის სისტემის წევრობიდან ადამიანების გამოყვანის ამოცანა უნდა ამოძრავებდეს ახლა ყველას. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ ამოცანის შესრულებაში სააკაშვილს ბადალი არ ჰყავს.

„ყველაფერი კარგად და ლოგიკურად მიდის. მეტიც, განცვიფრებული ვარ, ორ თვეზე მეტია, ამ აქციებმა, დემონსტრაციებმა მუხტი შეინარჩუნა, ყოველდღიურად ქუჩა იკეტება და რუსთაველზე ათასობით ადამიანი დგას. საჯარო რიტორიკაში ცდილობენ, ეს გააუბრალონ და ხან 500 კაცს ახსენებენ, ხან – ფულს უხდიანო და ზღაპრებს უყვებიან მხარდამჭერებს. ის ადამიანებიც, რომლებმაც არჩევნებამდე დაიჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ მიდის, უკვე იმედგაცრუებულები არიან. იმ ვერტიკალის თვალსაზრისით, ვინც ჯერ კიდევ ირიცხება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წევრად, ამ ადამიანების შემოცლა, შემოფრცქვნა და გამოყვანა ბიძინა ივანიშვილის სისტემის წევრობიდან, არის ის ამოცანა, რომელიც, ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციას, ქუჩაში მდგომ ხალხს, ოპოზიციურად და ანტიქოცურად განწყობილ ყველა ადამიანს ახლა უნდა ამოძრავებდეს. ამ ამოცანის შესრულებაში, მე ვფიქრობ, მიშას ბადალი არ ჰყავს. სწორედ ის მოახერხებდა ამ მიზნის მიღწევას ყველაზე სწრაფად, ეფექტურად, უკეთესად. შეიძლება, ასიდან ასივე ვერ გადმოიყვანო აქეთ მხარეს, მაგრამ ივანიშვილის, მისი ვიწრო გარემოცვის მარტო დატოვების საქმეში მიშას წვლილი იქნებოდა განუზომლად დიდი. მან თქვა, „დავტოვებდი მეფეს მარტოს და შიშველს“, ანუ ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება, საჯაროდ არ აღიარონ და ვერ დამეთანხმონ ჩვენი სხვა კოლეგა ოპოზიციონერები, მაგრამ გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ ივანიშვილის ძალაუფლებიდან გაშვების საქმეში მიშა სააკაშვილის როლი იქნებოდა განუზომლად დიდი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში -ირაკლი კობახიძე

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელისგულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში.

„რეალურად, მათი დანაშაულები დევს ხელისგულზე. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოს 2004-2012 წლებში, ეს იყო ადამიანების მკვლელობა, 150 ადამიანი, ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, ეს იყო ადამიანების წამება, ციხეებში რა ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ყველამ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი, ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება. გახსოვთ, რა მოხდა „რუსთავი 2“-თან, „იმედთან“ დაკავშირებით, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტოტალური მონოპოლია დაამყარეს მედიის სფეროში. ეს ხომ ხელისგულზე არსებული დანაშაულებია და მთავარი დანაშაული მაინც არის, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად და 400-ზე მეტი ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელისგულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რათა მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, თუ რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია.

„რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ. საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა და ამის გამო ის გაჰყვა არა ევროკავშირის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში – ირაკლი კობახიძე

როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

„რეალურად, ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად ამის გამო „დაგვსაჯოს“. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და ასევე, კონკრეტულად მის რეზოლუციებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი – ირაკლი კობახიძე

ჩვენ რასაც ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რისთვისაც გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკიო რუბიოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც: „პუტინმა ჩაიდინა საშინელება, მაგრამ არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დავაჯერეთ, თითქოს უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს.

„არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, ასიათასობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკული მოვლენისგან. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში -ირაკლი კობახიძე

ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს. ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ბუნებრივია, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტრამპის პოზიციაა, უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობას გულისხმობს და ერთ-ერთი მხარის მაქსიმალური მიზნების მიღწევით არ დასრულდება-მარკო რუბიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობას გულისხმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ომის დასრულებას დრო დასჭირდება. 

ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტ მეგი კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.

„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ, თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე საფასურს იხდის და როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.

„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალური მიზნების მიღწევით და ბევრი მძიმე სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გახდეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.