Home Blog Page 17

 სახელმწიფო გადატრიალებას და სხვას არაფერს ემსახურება ე.წ. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტია“ თავისი „ტექნიკური მთავრობით“, რომელიც შეთანხმებულია დასავლეთის გლობალურ ომის პარტიასთან -ედიშერ გვენეტაძე

უცხო ძალებისა და ადგილობრივი მეხუთე კოლონის მიერ მზადდება ბოლო 33 წლის მანძილზე რიგით მესამე პუტჩი და სახელმწიფო გადატრიალება, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სწორედ სახელმწიფო გადატრიალებას ემსახურება სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტია“ და „ტექნიკური მთავრობა“, რომელიც შეთანხმებულია დასავლეთის „გლობალურ ომის პარტიასთან“. გვენეტაძის თქმით, ამის შესახებ თავად ზურაბიშვილმა ისაუბრა, რომელიც პუტჩის მეთაურად გარე ძალებმა დანიშნეს.

„ძვირფასო მეგობრებო!

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

აქვე მოგახსენებთ, რომ სამწუხაროდ საქართველოში უცხო ძალებისა და ადგილობრივი მეხუთე კოლონის მიერ დაანონსებულია, მზადდება ბოლო 33 წლის მანძილზე რიგით მესამე პუტჩი და სახელმწიფო გადატრიალება. საუბედუროდ ამ პროცესს ნებსით თუ უნებლიეთ მხარს უჭერს მოსახლეობის უმცირესი, მაგრამ მაინც ნაწილი(გარედან დაფინანსებული არასამთავრობოების ოჯახის წევრები, მოტყუებულ-გაბრიყვებული მოზარდები, ხელისუფლებაზე ცალკეულ გარემოებათა გამო განაწყენებულები)-გაიხსენეთ, ზუსტად ასე იყო 1991-1992 წწ-ში.

მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებას და სხვას არაფერს ემსახურება ე.წ. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტია“ თავისი ე.წ. „ტექნიკური მთავრობით“, რომელიც შეთანხმებულია დასავლეთის გლობალურ ომის პარტიასთან. ამის შესახებ დღისით, მზისით მსოფლიოს თვალწინ გაახმოვანა მომავალი პუტჩის მეთაურად გარედან დანიშნულმა, აწ უკვე უკანონოდ ცნობილმა პრეზიდენტმა.

ხაზგასმითაა აღსანიშნავი, ე. წ. „ტექნიკური მთავრობა“, სხვა არაფერია თუ არა 1991-1992 წლებში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგად შექმნილი ჯერ სამხედრო, ხოლო შემდეგ სახელმწიფო საბჭო. თუ რა მოუტანა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხს 1991-1992 წწ. და 2003 წ. გადატრიალებებმა საყოველთაოდაა ცნობილი:
სამოქალაქო დაპირისპირებები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, საკუთარ სამშობლოში 300 ათასი ლტოლვილი, ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, პატიმრების წამება. ოკუპანტისადმი ტერიტორიების გაფორმება…

მომავალი პუტჩის შემთხვევაში საქართველოს და მის მოსახლეობას ელოდება:

„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონის“ მომენტალურად გაუქმება;

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება;

საქართველოს ომში ჩაბმა და სრული განადგურება.

ანუ ვინც ვერ იგებს ზემოთჩამოთვლილს იმათთვის-რაც გიშრომიათ, გიშენებიათ, შეგიქმნიათ ერთ წუთში იმის გაცამტვერება.

ისმის კითხვა:

სად წერია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტში კონსტიტუციაში ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შესახებ?

რამდენად კანონიერია კონსტიტუციით ზეპარტიული პრეზიდენტის მიერ, ორბელიანების სასახლეში 26 ოქტომბრისათვის ფაქტობრივად პუტჩის ცენტრის დაანონსება და გადატრიალების ცენტრის შექმნის მცდელობა?

მე არავის ვაშინებ, მაგრამ ვაფრთხილებ უახლოეს დღეებში საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქართველ ხალხს ელოდება უმძიმესი დღეები და უდიდესი გამოცდა.

ამიტომ, ვფიქრობ საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი, პრაქტიკულად უკანონობის დამწყები და მოქმედი უკლებლივ ყველა პირი, მაშინვე მომენტალურად უნდა გახდეს სახელმწიფო ორგანოების ზრუნვის საგანი.
უფლის კვართი და ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს სრულიად საქართველოს!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება -განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები – ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ.

პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება.

აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.

მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის გმირთა ხეივანი FIABCI-Georgia-ს ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

ბათუმში, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას, „FIABCI-Georgia Prix d’ExcellenceAwards 2024”-მ უმასპინძლა. „FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024″-ის ნომინაციაში – საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა, ბათუმის გმირთა ხეივანმა გაიმარჯვა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს სპეციალური პრიზი FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა რამონ რიერამ გადასცა.

საქართველოს უძრავი ქონების საუკეთესო პროექტები ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა. დაჯილდოებაში მონაწილეობა უძრავი ქონების სფეროს 150 წარმომადგენელმა მიიღო.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში: საუკეთესო საცხოვრებელი შენობები, სასტუმრო, მრავალფუნქციური კომპლექსი, საკურორტო ზონები, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობა და ა.შ.

გამარჯვებულ კომპანიებს პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წარდგენის და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.

2023 წლის გამარჯვებული, კატეგორიაში „საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა” – „აჭარაბეთ არენა“ გახდა.

ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მმართველი კოალიციის დაშლის გამო ისლანდიაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ბიარნი ბენედიქტსონმა განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია დაიშალა და ქვეყანაში 30 ნოემბერს რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე ბენედიქტსონმა ამის მიზეზად დაასახელა მზარდი უთანხმოება სამ მმართველ პარტიას შორის თავშესაფრის მაძიებლებსა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

Პრემიერ-მინისტრის თქმით, ორშაბათს იგი შეხვდება ისლანდიის პრეზიდენტს, ჰალა თომასდოტირს პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, არჩევნები უნდა ჩატარდეს პარლამენტის დათხოვნის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 45 დღეში.

ბენედიქტსონი, მემარჯვენე „დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერი, აპრილში  ისლანდიის პრემიერ-მინისტრად კატრინ იაკობსდოტირის შემცვლელად მას შემდეგ აირჩიეს, რაც ამ უკანასკნელმა გადადგომისა და პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

კოალიციურ მთავრობას, რომელიც შედგება „დამოუკიდებლობის პარტიის“, „ცენტრისტული პროგრესული პარტიისა“ და მემარცხენე „მწვანეებისგან“ ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამის მიზეზი ვულკანის ამოფრქვევები გახდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები. ამ მოვლენამ ზეწოლა გაზარდა ეკონომიკაზე, რომელიც ისედაც მაღალი ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების პრობლემის წინაშე იდგა.

 საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია არის ყველაფრისთვის მზად და ხელისუფლებაში როგორმე დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი -ვლადიმერ ბოჟაძე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროვოკაციებისთვის ემზადება. კომენტარი ამ თემაზე „ქართული ოცნების“ გლდანის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ გააკეთა.

„ბოლო ორი კვირა იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი – საარჩევნო პერიოდი მაქვს მხედველობაში და სამართალდამცავი ორგანოები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია არის ყველაფრისთვის მზად და იმისთვი, რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ყველაფერზე არის წამსვლელი, მათ შორის არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე, სისხლისღვრაზე“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ქართული ღვინო დღემდე რჩება აღმოჩენად ბრიტანელი მომხმარებლების უმეტესობისთვის -ღვინის მაგისტრი სარა ებოტი

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე „Walk-around Tasting“ ბრიტანელი სტუმრები 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.

„ჩვენს ჯგუფს აქვს ფანტასტიკური გამოცდილება და მათ ნამდვილად მოსწონთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება და ხარისხი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი არსებითად გაიზარდა და გაყიდვების ზრდა ახლაც გრძელდება. ქართული ღვინო დღემდე რჩება აღმოჩენად ბრიტანელი მომხმარებლების უმეტესობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უძველესი ღვინის კულტურა, სწრაფად ხდება ცნობადი და ქართული ღვინის ტურიზმიც სულ უფრო პოპულარულია“, – აღნიშნა კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 245 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კალიფორნიის შტატში, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში მოხდა.

როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცს იარაღი და ყალბი საშვი ჰქონდა.

ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან -თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს და განვითარებას. ციფრებს ჩავხედოთ, ნუ დავუჯერებთ ნურავის, მათ შორის, ნურც – მე. ქვეყანა 12 წლის თავზე არის მინიმუმ 12-ჯერ წინ, ვიდრე მანამდე იყო, – განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

“ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს დამაჯერებლად და 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას. ქართველების, მავნებლების ის პატარა ჯგუფი – პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტად სამწუხარო, ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება, მაგრამ ამისგან ჩვენი ქვეყნისთვის ვერაფერი ცუდი შედეგი ვერ დადგება – ეს არის ჩემი პროგნოზი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრად, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო -თეა წულუკიანი

ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ.

„მინისტრის თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვიყავი, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ დაწყებული არ იყო ის გაუგონარი დარტყმები, რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა. ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი. ელჩმა გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, ამ ხალხს დააფინანსებთო. ეს იყო ძალიან პატარა სია, რომელშიც იყო ყველა, ვისაც ხედავდით და ხედავთ, დღეს რომ ყვირის და უკმაყოფილო იყო ჩემი მმართველობით, ახლა უკვე „ქართული ოცნებით“. ავუხსენი, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რადგან ქართული კულტურა მხოლოდ ეს ხუთი-ექვსი ადამიანი არ არის, გაცილებით ფართოა. როდესაც ვუთხარი, რომ სიაში ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც, მაგალითად, ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, გაკადნიერდა და მითხრა: „თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა, იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის“. საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა, რეალურად, დიალოგი წავიყვანე ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის. ამით ვცდილობ, აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ – კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და ჩვენ აქედან გავთავისუფლდით.

საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ და ეს იქნება სწორი. სწორედ ამას ითვალისწინებს ვენის კონვენცია, სადაც დიპლომატებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქცევის წესები უწერიათ, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. 

„ჰეზბოლას“ თავდასხმას ისრაელში 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.

BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე.

„ჰეზბოლაში“ ასევე აზუსტებენ, რომ თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

„უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება“, – აღნიშნა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.
დვალმა კი განაცხადა, რომ გუნდმა უკრაინასთან თამაშის შემდეგ ძალები აღიდგინა.

„მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ყვითელი ბარათების გამო მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. 3 ტურის შემდეგ „ჯვაროსნები“ 6 ქულით ჯგუფში ლიდერობას ჩეხეთთან იყოფენ.

შეხვედრა 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.