Home Blog Page 1696

“2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 162 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 24.6 პროცენტით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2022 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.5 პროცენტს.

უწყების მონაცემებით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2022 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 195.4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 20.9 პროცენტით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 489.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 12.8 პროცენტით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. 2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6.3 პროცენტით და 45.8 ათასი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურნენ, რაც 61.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.5 პროცენტს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9 ათასი, ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2 პროცენტს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა და პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.

გასულ წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით.

“ფაქტია, რომ თბილისის მერიას გადაწყვეტილი აქვს ეს მავნებელი პროექტები გაიტანოს, ვაპირებთ დავის სასამართლოში გაგრძელებას”

ფაქტია, რომ თბილისის მერიას გადაწყვეტილი აქვს რომ ეს მავნებელი პროექტები გაიტანოს, საუბარია 2 მილიონ მ² მშენებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს თბილისს ურბანულად, საცობების, პარკირების პრობლემა კიდევ უფრო მძიმე იქნება ამ ქალაქში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობა ჰყავთ და სხვა ბერკეტი არ რჩება, ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი დავა სასამართლოში გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს სხვა საკითხებთან ერთად, ურბანული დაგეგმარების კომისიის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო პროექტებიც განიხილება. ოპოზიციონერები თბილისის მერიას ურბანულ გენოციდში ადანაშაულებენ და კახა კალაძეს საკრებულოში იბარებენ.

მმართველი გუნდის განცხადებით კი, ოპოზიციონერები და მათი პოზიციის გამტარებლები განაშენიანების რეგულირების გეგმებს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.

თიბისის განაწილება უკვე ონლაინ შოპინგის დროსაც ხელმისაწვდომია

თიბისი ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებაზე და დღეიდან, მათ უკვე შეუძლიათ გაანაწილონ თანხა პარტნიორი ობიექტების, როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში გადახდისას.

თიბისის განაწილება არის გადახდის ალტერნატიული შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც ნივთის ღირებულების გაყოფა შეგიძლია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთის და დამატებითი საკომისიოების გარეშე.

თიბისიმ განაწილება 2022 წლის დეკემბრიდან დანერგა და დღემდე გადახდის ეს მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. თუ აქამდე განაწილების გამოყენება მხოლოდ ფიზიკურ სივრცეებში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე თანხის განაწილება ონლაინ გადახდისასაც არის შესაძლებელი.

​პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს წინასწარ დამტკიცებული განაწილების ლიმიტი.  ლიმიტის შემოწმება და დამტკიცება ციფრულ ბანკში, შეთავაზებების გვერდიდან არის შესაძლებელი.

თუ ლიმიტი უკვე დამტკიცებული გაქვს, განაწილებით გადახდას პარტნიორ ობიექტებში მარტივად შეძლებ.

ამისთვის, ონლაინ შოპინგისას:

  • აირჩიე პარტნიორი ონლაინ მაღაზია;
  • შეარჩიე სასურველი პროდუქტი და გადადი ყიდვაზე;
  • გადახდის მოთოდად აირჩიე თიბისი განაწლება;
  • შენი ციფრული ბანკიდან დაასკანერე QR კოდი;
  • აირჩიე თიბისი განაწილება;
  • გაეცანი და დაეთანხმე წესებს და პირობებს;
  • სასურველი პროდუქტი უკვე შენია;

ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას:

  • ციფრული ბანკიდან დაასკანერე QR კოდი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ტერმინალზე გამოჩნდება;
  • QR-ის დასკანერების შემდეგ გაეცანი ძირითად პირობებს და დაეთანხმე ხელშეკრულებას;
  • ტერმინალზე დაიბეჭდება ქვითარი, რაც იმას ნიშნავს რომ განაწილება დასრულებულია.

სარგებლობის ძირითადი პირობები:

 

  • განაწილების ლიმიტი – 100-დან 5000 ლარამდე
  • განაწილების ვადა – 4 თვე
  • ​საპროცენტო განაკვეთი – 0%​
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 0%​
  • გაცემის საკომისიო – 0%​
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო – 0%

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა.

R

“სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე” – პაპუნა მარგველიძე

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და ასევე, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის  31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 პირი იდენტიფიცირებულია.

„სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ მაშველების მიერ ამოყვანილ იქნა ორი გარდაცვლილის ცხედარი, რომელიც იდენტიფიცირების მიზნით, გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე . ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია და ველოდებით სამი გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და ასევე, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე“, – განაცხადა მარგველიძემ.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აღდგენილია ორი ხიდი – ერთი კურორტ შოვის შესასვლელში, მეორე მდინარე რიონის გადასასვლელთან, გლოლის შემოსასვლელში. ასევე, ახალი გზა იქნა გაჭრილი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ე.წ. კაცხის წყლის მიმართულებით, საიდანაც გადმოვიყვანეთ სტიქიის შედეგად დარჩენილი დაახლოებით 50-ზე მეტი მანქანა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, თავად გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზში, შენაკადებში მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების წმენდა და აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში და ასევე, ელექტროენერგია მომარაგება სტიქიიდან რამდენიმე დღეში იქნა აღდგენილი სოფელ გლოლის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძე.

“ყირიმში ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს”- მიხაილო პოდოლიაკი

ყირიმში სამხედრო და სამოქალაქო ოკუპანტების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის საკითხზე კომენტირებისას პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ასეთი ახალი ამბები “რა თქმა უნდა, ძალიან კარგ ემოციებს იწვევს.”

„მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ბევრი სამოქალაქო პირია, რომლებიც ასევე ოკუპანტები არიან, ისინი მოვიდნენ და უკრაინის მოქალაქეების საკუთრება და შენობები დაიპყრეს. ანუ, იმას ვგულისხმობ, რასაც რუსეთი სულ აკეთებს, როდესაც ამა თუ იმ ტერიტორიაზე მიდის, რომელსაც იპყრობს, ის ცდილობს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩაანაცვლოს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამ შემთხვევაში რუსეთი თავისი გადასახლებული პირების ხარჯზე იპყრობდა, რომლებიც ყირიმში თავისი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩაჰყავდა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ბოლო ინციდენტები ადასტურებენ, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიების გათავისუფლებაში არ გაჩერდება და ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებს.

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და 255 ვაზნა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს დაბადებული ლ. კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.გ. – ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი. ხოლო ლ.კ. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.ც. სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 31 ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1969 წელს დაბადებული, ო.ზ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, “გეკო”-ს ტიპის შაშხანა და ვაზნები ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული მ..ა. და 1961 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 9 მჭიდი, 91 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და ხელყუმბარა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, წყალტუბოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1971 წელს დაბადებული ო.რ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული გ.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პისტოლეტი, 1 მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღეს. ხოლო, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.გ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი”, 3 მჭიდი და 7ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს” – პენტაგონი

შშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა მიწა-ჰაერი კლასის რაკეტამ ჩამოაგდო.

„ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პრესაში გავრცელებულ ცნობას, რომ თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ ჩამოაგდო“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მან ასევე არ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ან იყო ეს ავიაკატასტროფა თუ განზრახ ჩადენილი მკვლელობა.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ არაერთ თეორიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა ესროლეს.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ წინასწარია, განხილვის პროცესშია და შეფასების შეცვლა გამორიცხული არ არის.

ამასთან, The Wall Street Journal-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფა თვითმფრინავში ბომბის აფეთქებამ ან სხვა დივერსიამ გამოიწვია.

დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მან ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა.

ციხეში პროცედურები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ტრამპს ციხეში თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ასევე ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის გოლფის კლუბიდან ატლანტაში გაემგზავრა, რათა ფულტონის ოლქში ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადებულიყო.

შეგახსენებთ, ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე.

ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.

ამასთან, ფულტონის ოლქის შერიფის ოფისმა ფოტო გაავრცელა, რომელიც ტრამპს ციხეში მისვლის შემდეგ გადაუღეს.

25 აგვისტო ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბევრი შრომა მოგიწევთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, მით უფრო, თუ საქმე ფინანსებსა და ქონებას ეხება. თავი შეიკავეთ გარიგებების დადებისა და ახალი ვალდებულებების აღებისგან.

სხვა ადამიანების გავლენით საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე უარი არ უნდა თქვათ. სასიამოვნო ნაცნობობა გელით, მაგრამ ახალი ურთიერთობები სასურველზე ნელა ვითარდება, რაც ძალიან გაღელვებთ.

კურო

იღბლიანი დღეა, მაგრამ დაწყებული საქმის დასრულებისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, შეგიძლიათ როგორც პროფესიული, ასევე პირადი საკითხები განიხილოთ.

მიმდინარე დავალების შესრულებას ადვილად გაუმკლავდებით, რადგან პიროვნულ ხიბლს ოსტატურად იყენებთ და ხალხის კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ. ცოტაოდენი ძალისხმევა და დღევანდელი ოპონენტი შეიძლება საუკეთესო მეგობრად იქცეს.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება მოულოდნელი სიახლის გამო სასწრაფოდ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, მცირე ფინანსური ზარალიც გელით.

მოერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას, თუმცა უკვე მიცემული პირობის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. სავარაუდოდ, ოჯახური უთანხმოების დასრულებას შეძლებთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან – მალე ფული ძალიან დაგჭირდებათ. პროფესიული ამოცანები იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად საკუთარ თავს მოფიქრების და სიტუაციის შეფასების დრო უნდა მისცეთ. მოიშორეთ დრომოჭმული სტერეოტიპები და ცრურწმენები. ძლიერმა გრძნობამ, რომელიც დღეს გეწვევათ, შეიძლება ბედნიერება მოგიტანოთ.

ლომი

თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, უკმაყოფილებას სახალხოდ გამოხატავთ. ამან შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უთანხმოება გამოიწვიოს, მაგრამ სასარგებლოც იქნება – ბევრი გაუგებრობა გაირკვევა და ძველი პრობლემები მოგვარდება.
თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად.

ქალწული

დღე მშვენივრად იწყება. დილას რთულ საქმეებთან გამკლავების გარდა, სასარგებლო კავშირების დამყარებასაც შეძლებთ. გარშემომყოფები ხალისით შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ თხოვნას.

დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით – შესაძლებელია საყვარელი ადამიანის მოქმედებამ გაგაბრაზოთ, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია.

სასწორი

ამ დღეს რთულ დავალებას ადვილად გაუმკლავდებით და არახელსაყრელ გარემოებებშიც კი სარგებელს ნახავთ. ერთადერთი პრობლემა ცუდი განწყობაა, რომელმაც შეიძლება მთელი დღე გაგიფუჭოთ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველ ადამიანებთან – ეს დადებით ემოციებს მოგიტანთ, რაც ახლა ძალიან გჭირდებათ.

დღის მეორე ნახევარში შეიძლება საინტერესო გეგმები და იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც მალე განხორციელდება.

მორიელი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. უამრავ საქმეს ისე გაუმკლავდებით, რომ დაღლას ვერ იგრძნობთ. ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ინტუიცია გიკარნახებთ, ვისთან შეიძლება ურთიერთობა და ვისთან არა.

გირჩევთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ფული იმაზე დახარჯოთ, რაც ნამდვილად გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, თუმცა მეორე ნახევარში კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით.

ცხოვრებისეული გამოცდილება სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხალისიანი განწყობისა და ოპტიმიზმის წყალობით ადამიანებს მარტივად იზიდავთ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერი სირთულის ამოცანას დამოუკიდებლად უმკლავდებით და კოლეგების დახმარება არაფერში გჭირდებათ. ასე ჯობს, რადგან დახმარებისთვის მიმართვას აუცილებლად პრობლემები მოჰყვება.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა, მაგრამ თქვენი გონივრული კომპრომისის დამსახურებით საქმე კონფლიქტამდე არ მივა.

მერწყული

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება – პროფესიული ამოცანების გარდა, პირადი პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. მთავარია, არ გადაიღალოთ – სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება და შეიძლება ძალების აღდგენა გაგიჭირდეთ.

დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ურთიერთობას და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს გპირდებათ. მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი გელით. საღამოს განხორციელებული შესყიდვები წარმატებული იქნება.

თევზები

ამ დღეს მცირე სირთულეები გელით, თუმცა ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდებით. დღის დასაწყისში არ არის გამორიცხული კოლეგებთან უთანხმოება და გუნდში სირთულეების წარმოშობა. გირჩევთ, დამოუკიდებლად იმუშაოთ, სასურველი შედეგის მიღწევა ასე უფრო ადვილია.

“მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გია ხუხაშვილმა თავი ამაყად იგრძნოს?” – ზურაბ ქადაგიძე

მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გია ხუხაშვილმა თავი ამაყად იგრძნოს? – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მეგობრობას იბრალებს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველომ, როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური კუთხით, ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად და მათ დახმარებას კვლავ განაგრძობს იმ ფონზე, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინიდან ლტოლვილებს შეუწყვიტა დახმარება, ზოგ ქვეყანაში კი მათ აღარ იღებენ.

„თვალსაჩინოებისთვის: საქართველომ მიიღო უკლებლივ ყველა დევნილი, გაუხსნა სკოლები, დაუნიშნა სოც-დახმარება, შეუერთდა და დააფინანსა ასობით საერთაშორისო რეზოლუცია, ჰუმანიტარული ტვირთით ერთ ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც უკრაინას დაეხმარა, მაშინ როცა ევროპაში არც სოც-დახმარებას აღარ აძლევენ და ზოგიერთი ქვეყნიდან ლამისაა გამოყარონ ლტოლვილები…

მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გია ხუხაშვილმა თავი ამაყად იგრძნოს?

„ცალმხრივი“ მეგობრობაო, ახსენა ბატონმა ხუხამ და ეს იცით რომელი კაცია? მისი მეგობრობა კვერცხის ბიზნესით რომ იწყება და ფინანსური მაქინაციებით მთავრდება. მორალთან ნაკამათებია და ღირსება მევახშის ვალივით გასხვისებული აქვს!

მოკლედ, იმ ქართული ფილმის გმირივითაა ხუხაშვილის საქმე:

– რა ვუყოთ კოჭაძეს?
– დაანებეთ თავი ნამდვილი სულელია და მაგ სულელისთვის არ ღირს ნერვების მოშლა…

ჰო და რა ვუყოთ ხუხას? ამ აზროვნების ადამიანისთვის არ ღირს ნერვების მოშლა…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

“ბელარუსში, „ვაგნერის“ ბანაკში კარვების დემონტაჟი მიმდინარეობს” – „დოიჩე ველე“

ბელარუსში, მოგილიოვის ოლქში, „ვაგნერის“ ბანაკში კარვების მესამედი უკვე დაიშალა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ვარცელებს. როგორც გამოცემა წერს, სატელიტური სურათების თანახმად, ბანაკის ფართობი ჯერ კიდევ პრიგოჟინის დაღუპვამდე დიდი ხნით ადრე შემცირდა.

დემონტაჟის პროცესი, გამოცემის ცნობით, პირველ აგვისტოს დაიწყო. 28 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ბანაკში 300-მდე კარვიდან დაახლოებით 35 დაიშალა. ხოლო, ქალაქ ოსიპოვიჩის მახლობლად მდებარე ბანაკში სიტუაცია მუდმივად იცვლება.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ჯერ უცნობია დატოვეს თუ არა დაქირავებულებმა ბანაკი.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ოსიპოვიჩის რაიონის სოფელ ცელიეს ბანაკიდან „ვაგნერელების“ გაყვანას სადამკვირვებლო პროექტი „ბელარუსკი გაიუნი“ არ აფიქსირებს. ამავდროულად, გასულ ღამით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინებების შემდეგ, ინტერნეტში შეფერხებები დაფიქსირდა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სადამკვირვებლო პროექტ „ბელარუსკი გაიუნის“ მიერ მოპოვებული სატელიტური სურათების მიხედვით, ბელარუსის სხვა საწვრთნელი ან სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე ახალი კარვების ბანაკები არ აშენებულა.

“პრიგოჟინის გარეშე „ვაგნერის“ ჯგუფისგან მომავალი საფრთხე მხოლოდ გაიზრდება” – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ „ვაგნერის“ ჯგუფზე კონტროლს უშუალოდ კრემლი გადაიბარებს და ეს მას პოტენციურად უფრო საშიშს გახდის.

„ვაგნერის“ ჯგუფი უშუალოდ პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა. ყველამ თავად უპასუხოს კითხვას: საფრთხე გაიზრდება თუ შემცირდება? ჩემთვის ეს საკითხი რიტორიკულია“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მორავეცკის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ, „ვაგნერის“ ჯგუფი შემდგომშიკიდევ უფრო იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისა და თავდასხმებისთვის.