Home Blog Page 1691

,,პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსქტირმენტი, მაგრამ …”- ვახუშტი მენაბდე

პროცედურული ომი ლეგიტიმური ინსტრუმენტია, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში უკანონობასთან გვაქვს საქმე – რეალურად კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი! – ასე აფასებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, კენჭისყრის წინ რეგისტრაციის არგავლის გზით არ მისცეს ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

მენაბდის თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი ფორმალურად პროცედურული ომია, თუმცა რეალურად კონსტიტუციის დარღვევაა.

“ისინი ოპოზიციას უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს მისთვის უზენაესი კანონით მინიჭებული პრეროგატივით – ნებისმიერ საკითხზე წამოიწყოს გამოძიება, დასვას კითხვები შეაფასოს მიღებული პასუხები.

პროცედურული ომი არის ლეგიტიმური ინსქტირმენტი, რომელსაც დეპუტატები იყენებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში კი უკანონობასთან გვაქვს საქმე”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი ორჯერ არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრის წინ რეგისტრაციას არ გადის, ტაბლოზე კი მხოლოდ ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა ფიქსირდება. შედეგად კენჭისყრის პროცესი ორჯერ ჩაიშალა, მათ შორის კენჭი ვერ ეყარა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.

,,არ მივეცით საშუალება, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ამ პროცესს დააზიანებს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი “ქართული ოცნების” პირობებში მიიღოს და ყველანაირად ცდილობს, ამას ხელი შეუშალოს.

“წლის ბოლოს ევროკავშირმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მისცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთხელ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვეცა და უსამართლოდ, ეს თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით დამტკიცდა, და სხვას რას შეიძლება ემსახურებოდეს ახლა სასამართლოს თემაზე კომისიის შექმნა, თუ არა საბოტაჟს და თუ არა იმ მიზანს, რომ “ნაცმოძრაობას” და მთელ მის კლასტერს ვერ წარმოუდგენია, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს აკეთებენ ამის გამოსარიცხად.

მტკიცებულებების გარეშე გისანქცირებენ, კი ბატონო, შევარბილოთ, როგორც მათ გააკეთეს და ვთქვათ, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებენ ქართველ მოსამართლეებს და შენ, ოპოზიციონერი რომ გქვია, ნაცვლად იმისა, რომ დადგე ქვეყნის გვერდით და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე ეს დაუშვებელია, პირიქით – ამის საფუძველზე ამბობ, რომ ჩვენ აწი უნდა შევქმნათ მტკიცებულებები და უნდა შევქმნათ კომისია. ვინმეს მიგაჩნიათ, რომ მათ კომისიის შექმნა იმისთვის უნდათ, რომ მათ სასამართლოში მიღწეული პროგრესი დაადასტურონ? არა, პირიქით, რა თქმა უნდა, სჭირდებათ იმისთვის, რომ დაადასტურონ, თითქოს სასამართლოში ხდება უბედურება, როცა ეს ასე არ არის – პირიქით,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას სამი მიზანი აქვს – ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, სასამართლოზე გავლენის მოპოვება და მოსამართლეებზე შურისძიება.

“სასამართლომ კიდევ ერთი სასარგებლო საქმე გააკეთა ამ ქვეყანაში – ოპოზიციამ, რომელიც საძებარი იყო, სხდომებზე არ დადიოდა, 8 თვე ბოიკოტში იყო, როგორც იქნა, დაიწყო პარლამენტში სიარული და სხდომებზე დასწრება. ჩვენ არ მივეცით საშუალება, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სასამართლოს.

მათი სურვილი არ არის არც დამოუკიდებელი და არც თავისუფალი სასამართლო, არც რაიმე ობიექტურის დადგენა, სინამდვილეში, მათ აქვთ სამი ამოცანა, პირველი: ხელი შეუშალონ ევრო რეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, მეორე: ჩარევა სასამართლოში და იქ გავლენის როგორმე დაბრუნება, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა და მესამე: შურისძიება სასამართლოებზე და მოსამართლეებზე, რომლებმაც გაასამართლეს მათი დამნაშავე პოლიტიკური ლიდერები,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ისევ ვერ შეძლო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა – “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეთა სოლიდარობის ნიშნად არ გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა.

„თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა” – ნიკოლეიშვილი დეგნანს

„თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს – თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა,“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ამერიკის ელჩად წოდებულს, აწ უკვე პენსიონერების მძარცველის ადვოკატ – ქალბატონ კელი დეგნანს. თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს – თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა. თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ, რა დღეში ხართ,“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს. კელი დეგნანის თქმით, აშკარად მეტი ინფორმაციაა საჭირო.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და როგორც დეგნანი აცხადებს, ის დარწმუნებულია, აღნიშნული პროცესი დაიწყება.

,,ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები”- გია აბაშიძე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. აბაშიძე აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე, მეტი ინფორმაციაა საჭირო. როგორც გია აბაშიძე აცხადებს, აშშ-ის ელჩი „ფორმულას“ ტელეწამყვანების სტილში ცდილობს კეზერაშვილი გაამართლოს. „აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის “საადვოკატო მისიაც” მოირგო და “ქადაგებს” “ფორმულას” ტელეწამყვანის სტილში. თუ ევრომძარცველ კეზერაშვილს თურმე აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, უარგუმენტოდ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს ჩამოერთვათ მსგავსი უფლება? ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

,,რატომ გგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება”- ზაალ ანჯაფარიძე კელი დეგნანს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში“.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

„ახლა ხომ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე! წამოვიდა დაკვეთა, მოიძებნენ შემსრულებლებიც. ისე, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ვერაფერს ხვდება, თუ რა სცენარი ვითარდება,“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

,,ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არგუმენტი, რატომ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა”- სეფაშვილი

ოპოზიციის ნაწილს არ აქვს არგუმენტი, რატომ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. უბრალოდ, უნდათ და მორჩა – ეს არის მათი მიდგომა, – ამის შესახებ გადაცემა “ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს, ამ შემთხვევაში, ამერიკის მიმართ, რაც საშინელებაა, რადგან ამ დროს ადამიანი საკუთარ ქვეყანას, როგორც წარმონაქმნს, ისე აღიქვამს და ვალდებულებად მიიჩნევს, ამერიკის ნებისმიერ განკარგულებას დაემორჩილოს.

„გუშინ, განხილვაზე, უმრავლესობის მხრიდან მთელი რიგი კითხვები დაისვა. საუბარი იყო იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში აქვს სასამართლოს, ასევე, ხალხის მიერ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვის შესახებ. ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილმა კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცა. მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ცუდი შეფასებებიც გვაქვს მოსმენილი ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულიო, თუმცა ზუსტად არ გაგვაცნეს რაზე საუბრობდნენ. ისინი უბრალოდ შემოიფარგლებოდნენ ზოგადი საუბრებით, რომ თურმე ეს კომისია კარგია საქართველოს განვითარებისთვის.

ჩემი აზრით, ყველაზე საშინელი არგუმენტი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შეიძლება გაჟღერდეს, თეონა აქუბარდიასგან მოვისმინე. მან თქვა, რომ კი, ამ მოსამართლეებს დაუწესეს სანქცია, მაგრამ მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს და ახლა ჩვენ ამ კომისიის საშუალებით მტკიცებულებები უნდა შევქმნათო. სრული აბსურდი! ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს ამ შემთხვევაში ამერიკის მიმართ – რადგან ამერიკამ თქვა, ე.ი. შავით თეთრზე წერია; როგორც ამერიკა იტყვის, ისე იქნება და ა.შ.

ეს არის საშინელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რა დროსაც ადამიანი საკუთარ ქვეყანას, როგორც წარმონაქმნს, ისე აღიქვამს და ვალდებულებად მიიჩნევს ამერიკის ნებისმიერ განკარგულებას დაემორჩილოს.მართალია, აშშ-ს არგუმენტები არც ჰქონდა, მაგრამ მათ არც სჭირდებათ არგუმენტები, თუმცა რადგან ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავსვით კითხვა – რა არგუმენტებზე დაყრდნობით დაუწესდა ოთხ ადამიას სანქცია, იგივე, მოსამართლეებიც კითხულობენ და ერთ-ერთი მათგანი გასაჩივრებას აპირებს. ამ ყველაფრისთვის პასუხის გასაცემად, ქალბატონ აქუბარდიას აზრით, სრულიად პარლამენტი უნდა დაჯდეს, მოიძიოს ეს არგუმენტები და დადოს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

„გამონადენი თვალიდან, ქავილი და სიწითლე“- ჩხაიძე კორონავირუსის ახალ სიმპტომზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ვარიანტ Arcturus-ს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, დაავადება მაღალგადამდებია და ისეთი სიმპტომები ახასიათებს, როგორიც მანამდე, კორონავირუსის არც ერთ სხვა ვარიანტს არ ჰქონია – ესენია თვალის სიწითლე, ქავილი და გამონადენი თვალებიდან.

როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, დაავადება  დროის საკითხია, როდის შემოვა ის საქართველოში.

სხვა შტამებისგან ერთადერთი განმასხვავებელი სიმპტომი კონიუნქტივიტია – თვალის ქავილი, სიწითლე, თვალიდან გამონადენი, რაც დღემდე სხვა ვარიანტებს არ ჰქონია. ამას ერთვის ცხელება, თავის, ყელის ტკივილი და ხველა. დაავადება ბავშვებში შედარებით მაღალი ტემპერატურით და კონიუნქტივიტით ხასიათდება. ვფიქრობ, მისი შემოსვლა საქართველოშიც დროის საკითხია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ პორტალ „კვირას” პრესკლუბში გამართულ და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ბუსტერ დოზების გაკეთებაა რეკომენდებული. 

 

სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა

სუდანში, რეგულარულმა არმიამ ხართუმის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. სამხედრო თვითმფრინავების მოგერიება გასამხედროებულმა მებრძოლებმა სცადეს.

გამოცემა The New York Times წერს, რომ რეგულარული არმიის მიზანი აეროპორტის ტერიტორიიდან სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) განდევნა იყო.

ცნობისთვის, სუდანში, გასამხედროებულ მებრძოლებსა და რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება უკვე მეხუთე დღეა, გრძელდება.

19 აპრილის მონაცემებით, სუდანში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა.

სუდანში ჩარჩენილი ქართველების ევაკუაცია კი ამ დრომდე ვერ ხერხდება

,,ესაა შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს ბრალდებები კორუფციის შესახებ”- დეგნანი საგამოძიებო კომისიაზე

ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა.

კელი დეგნანის შეფასებით, ზოგადად საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად არის შექმნილი, ამიტომ არასდროს არ არის სასარგებლო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია საპარლამენტო სესიას ბოიკოტს უცხადებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია და წლების განმავლობაში ცნობილია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

“ჯერ საკუთარ პარტიაში შეუძლიათ გამოიძიონ როგორ ჩაიდეს სასამართლო სისტემა ჯიბეში”- ამირან სალუქვაძე

“ნაცმოძრაობის ლიდერებს, ექს-ჩინოვნიკებს მოაყოლეთ მაშინდელ სასამართლოსთან მათი ურთიერთობების მთელი ანატომია. რთულია, თუ რეალურად რაიმე სასიკეთოს გაკეთების სურვილი გაქვთ?,”- წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

“კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” საგამოძიებო კომისია რაში ესაჭიროება, როცა ჯერ საკუთარ პარტიაში შეუძლიათ გამოიძიონ როგორ ჩაიდეს სასამართლო სისტემა ჯიბეში.

სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი, მისი მოადგილეები, გენპროკურორი, შსს მინისტრები და მათი მოადგილეები, ყველანი ცოცხლები არიან. შეიკრიბონ საკუთარ ოფისში და გამოიძიონ როგორ, რა მეთოდებით, რა მიზნით ახდენდნენ სასამართლოზე ზეწოლას. ჩამოწერონ გვარები, ფაქტები, საქმეები…

მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე შეუძლიათ გამოიძიონ ვისი იდეა იყო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რათა სხვაგვარი განაჩენი ვერ დამდგარიყო, როგორ გაიტანეს საკანონმდებლო ცვლილება, ვინ მისცა ხმა და ა.შ.

ნაცმოძრაობის ლიდერებს, ექს-ჩინოვნიკებს მოაყოლეთ მაშინდელ სასამართლოსთან მათი ურთიერთობების მთელი ანატომია. რთულია, თუ რეალურად რაიმე სასიკეთოს გაკეთების სურვილი გაქვთ?

 

ასევე გამოიძიეთ ვინ, ვისი დავალებით და რატომ ითხოვდა 2013 წელს მოსამართლეთა ძველი შემადგენლობის დატოვებას.

ანუ, თუ მართლა რაიმეს გამოძიება გსურთ, ამისათვის არც პარლამენტის შენობა გჭირდებათ, არც მოსამართლეები, არც კომისია. ჯერ საკუთარ წიაღში გამოიძიეთ.

ეს რომ გააკეთოთ, მაშინ საკუთარ თავს უნდა გამოუტანოთ პოლიტიკური განაჩენი. შესაბამისად საკუთარი წარსულის წინააღმდეგ არც კომისიაში წახვალთ.

თქვენი ლიდერი ამბობს, თქვენც ასე ფიქრობთ, რა დროს გირგვლიანიაო, ხომ ასეა? მაშინ სასამართლოს რა მორალით ეხებით?

მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კეზერაშვილის მიერ კორუფციული გზით ნაშოვნი მილიონებით ანტი-კორუფციული მოძრაობა დააფინანსოთ. თქვენი მხრიდან სასამართლოს წიაღში ქექვა იგივეა, რაც კეზერაშვილის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

აი ამ მოსაზრებებს ვეყრდნობოდი, როცა დავწერე 2-3 დღის წინ, რომ კომისია თქვენ გჭირდებათ კლოუნადისთვის, სასამართლო სისტემის და პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად.

რა თქმა უნდა სასამართლოს ირგვლივ აჟიოტაჟი არის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი.

ესაა რეალობა, თორემ სასამართლო სისტემის კონკრეტული პერსონები ღრუბლებზე მახატია. ჯერ პოლიტიკური დამკვეთებიდან დაიწყეთ, ანუ საკუთარი თავიდან”- წერს ამირან სალუქვაძე.

https://www.facebook.com/salukvadzeamirani/posts/pfbid02vN3MBiTcfeyN3pbLPFBrrLsCha5rdc3KzW4qoRkpdxFAgLAFMviTahFC7vw7QvCBl

,,იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება”- დეგნანი კეზერაშვილზე

კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საშუალება არ მქონდა ქოლცენტრებზე BBC-ის გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა…. და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

“ოპოზიცია ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს“ – რატომ არ უნდა „ქართული ოცნებას“ საგამოძიებო კომისიის შექმნა

„ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ იგივე აღარ არის, რაც აქამდე იყო და კეზერაშვილის სკანდალის შემდეგ მით უმეტეს ვერ იქნება,“- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არეულობაა. თბილისში ნიკა მელიას პოლიტიკური ოფისის გახსნას 15 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ოპოზიციურმა პარტიამ თქვა, ყველას აქვს უფლება დამოუკიდებელი პარტია ჩამოაყალიბოს, თუმცა მიუღებელია ენმ-ის სახელით ამავე პარტიაზე თავდასხმები.

აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით), არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო. ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!,”- წერს ნიკა მელია.

ლევან ხაბეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის საკითხზე უნდა კონცენტრირდნენ.

„თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ, მითხარი. დავიღალე მართლა, აღარ შემიძლია. თავმჯდომარედ ამირჩია ხალხმა და პასუხისმგებლობა ხომ მაქვს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

აღნიშნული მოვლენების პარალელურად, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე.

„ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.

– რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის ორად გაყოფა? როგორ აისახება ეს მათ იმიჯზე და დაკარგავს თუ არა ამომრჩეველს?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ფიქსირებული ამომრჩეველი ჰყავს. აქ უბრალოდ ამ ამომრჩევლების გაყოფაზე იქნება საუბარი, ანუ ვინ რამდენ პროცენტს წაიღებს. ჩემთვის ისედაც, დღემდე გაუგებარია „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ უნდა დაუჭიროს კაცმა მხარი, მაგრამ ნახევარ მილიონამდე ადამიანია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათ მხარს უჭერს. საუბარი იმაზე, რომ ამომრჩევლების ნაწილი უარს იტყვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ძალიან საეჭვოა. სანამ იარსებებენ ძირითად ბირთვს მაინც შეინარჩუნებენ. დავუშვათ, თუ ორად გაიყოფა და მელია ცალკე გავა (ვფიქრობ, ჯერ არ გააკეთებს და არ გადადგამს ნაბიჯს) გაიყოფა იმ პროპორციით, როგორიც მელიას და ხაბეიშვილის მხარდაჭერა იყო. შეიძლება გადათამაშდეს კიდეც, რადგან ხაბეიშვილის დაპირებები „გამოკიდებული“ დარჩა. შესაძლოა, მელიას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვიდრე ხაბეიშვილს. მაგრამ თუ ლაპარაკი იმაზეა, რომ კეზერაშვილის ამბავი და სხვა მოვლენები მოხდება პარტიაში, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი უარს ეტყვის და ა.შ. – ასეთი მოვლენები არ განვითარდება. უფრო სავარაუდოა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა და შესაბამისად – ამომრჩეველიც. დღეს ეს გაყოფა რომ მოხდეს, ორივე ნაწილი არჩევნებში ბარიერს გადალახავს. 5% ბარიერის გადალახვის პრობლემა მათ არ უნდა შეექმნათ, მელია იქნება ეს, თუ ხაბეიშვილი.

– რატომ მოითხოვს ოპოზიცია დაჟინებით საგამოძიებო კომისიის შექმნას?

– ოპოზიცია ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს. შესაძლოა ამას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მოჰყვეს, მაგრამ არსებობს თვალსაზრისი, რომ ასე საკუთარი მოქმედების სტრატეგია და პროპაგანდა ააგოს. ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს ეს და სწორადაც იქცევა, რადგან მათი ვალი სწორედ ესაა. თან სასამართლოს თემა ყოველთვის მტკივნეული იყო და რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს თავის სასიკეთოდ?!

– „ქართულ ოცნება“ ეწინააღმდეგება საგამოძიებო კომისიის შექმნა. რატომ არ აწყობთ და რა შეიძლება მივიღოთ ამ კომისიის შექმნის შემდეგ?

– რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს კომისიის შექმნას – აქაც ძალიან ბუნებრივი თემაა, რადგან კომისია იმას მოახერხებს (თუ კარგად იმუშავა), რომ ამ 4 პირის მიმართ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს ამოიღებს და დადებს. თუ კომისია შეიქმნა ამაში დარწმუნებული ვარ. ისედაც შეუძლია რომ ეს ოპოზიციამ გააკეთოს, მაგრამ, როცა კომისია შეიქმნება, იქ უკვე ვალდებულებაა, რომ ყველა მათგანი მივიდეს და შესაბამის კითხვებს გასცეს პასუხი. თუ არასამთავრობო სექტორი აიღებს ან თუნდაც საპარლამენტო ჯგუფი, ვალდებულებაა უკვე იმის, რომ მივიდეს მოსამართლე და რომელიმე პირი, რომ მისცეს განმარტებები. ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ კომისია არ შეიქმნას და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გამოიყენებს, რომ მის შექმნას ბოიკოტი გამოუცხადოს და იზოლირება გაუკეთოს.

/ ნინო ოთარაშვილი /