Home Blog Page 1683

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

ვარსკვლავის გახსნამდე მარჯანიშვილის თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა. მსახიობს აღნიშნულ სპექკტაკლში შესრულებული მთავარი როლისთვის ორჯერ აქვს მიღებული პრემია მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

ზურაბ ყიფშიძეს აგვისტოში 70 წელი შეუსრულდა.

 

1976 წლიდან, ზურაბ ყიფშიძე კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: “როცა აყვავდა ნუში”, “სურამის ციხე”, “ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “დონ კიხოტი”, “მარტოხელა მონადირე”, “წუთისოფელი”, “ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: “შუშანიკის წამება”, “ჩვენი პატარა ქალაქი”, “მამა”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვ.

https://www.facebook.com/MarjanishviliDramaTheatre/videos/351075780847301

ფოთში სტიქიამ სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებულები და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.

ძლიერმა ქარმა, ასევე, დააზიანა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც, სადაც უკვე მოხდა დროებითი გადახურვის მონტაჟი.

„ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განხორციელდება სხვა სალიკვიდაციო სამუშაოები. მადლობა ყველა კომპანიას, რომლებიც მერიის სამსახურებთან ერთად ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის პროცესში“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს დროის უმეტეს ნაწილს უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას და აქტუალური საკითხების მოგვარებას დაუთმობთ. მოერიდეთ დებატებში ჩართვას და კამათს – თქვენს აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და ნერვებს ტყუილად მოიშლით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ ფეხით ბევრი იაროთ და სწორად იკვებოთ. სასურველია, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო დღისთვის ძალები აღიდგინოთ.

კურო

დღე შესაფერისია სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. გირჩევთ ურთიერთობებში სფრთხილე გამოიჩინოთ – შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვიღაცას თქვენი შურს და ჭორებს გივრცელებთ. ყოველი შემთხვევისთვის, მოერიდეთ საკუთარ იდეებზე საუბარს, რომ ვიღაცამ არ მიითვისოს. ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები

თუ ამ დრომდე სწორად იმოქმედეთ, ამ დღეს შეიძლება საკუთარი შრომის შედეგებით დატკბეთ იდეალური დღეა მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ლაპარაკის კარგი უნარი საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველს სწრაფად მიაღწიოთ. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.

კირჩხიბი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სასურველ შედეგებს უფრო სწრაფად მიაღწიოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და პარტნიორს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

ლომი

მშვენიერი დღეა სუფთა ჰაერზე ვარჯიშისა და ფიზიკური მუშაობისთვის. თქვენი სხეული ზრუნვას საჭიროებს. ეცადეთ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ავადმყოფობის პირველივე სიმპტომების დროს ექიმს ეწვიოთ ან პრევენციული ზომები მიიღოთ. ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით ან პირადი ურთიერთობებით, ეცადეთ ურთიერთობებში უფრო მოკრძალებული იყოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გარემოცვაში არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენ შესახებ სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ – ნუ იქნებით ძალიან გულწრფელი. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ბევრი საქმის დასრულებას შეძლებთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

სასწორი

გირჩევთ, საკუთარ გეგმებსა თუ იდეებს კარგად გადახედოთ და ახალი სიტუაციის შესაბამისად შეცვალოთ. გაუთვალისწინებელი გარემოებები გელით, როდესაც გრაფიკის შეცვლა და ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. რაც არ უნდა მოხდეს, პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი

არ ინერვიულოთ, თუ რამე ისე არ გამოდის, როგორც გეგმავდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და ჩანაფიქრის განხორციელების მეტი რესურსი გექნებათ. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა სტრესის შემცირებაში და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

მშვილდოსანი

სასურველია, რომ ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოვდეთ. ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და საერთო თემების პოვნა გიჭირთ. შეგიძლიათ ეს დრო დიდი ხნის უნახავი მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად გამოიყენოთ. ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და საყვარელ ადამიანებსაც გაახალისებთ.

თხის რქა

დაძაბული და ემოციურად რთული დღეა. უმცირესი წინააღმდეგობაც კი გაღიზიანებთ. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, თორემ თავად დაზარალდებით. მოერიდეთ აჩქარებას, რომელსაც უამრავი შეცდომა მოჰყვება და საქმეს გაგირთულებთ. თუ არჩევანის გაკეთების საშუალება მოგეცათ, ის აირჩიეთ, რაც კარგად იცით და საუკეთესოდ გამოგდით.

მერწყული

პოზიტიურ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას გაგიხალისებთ. ეცადეთ, მეტი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და თანამოაზრე აღმოაჩინოთ. ბოლო დღეების გადაღლამ შეიძლება თავი იჩინოს, ამიტომ გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

ემოციურმა ფონმა შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. ამის მიუხედავად, ეცადეთ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. თუ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგებით, მიზანს მიაღწევთ და თქვენთვის საჭირო პროცესებს დააჩქარებთ. გირჩევთ, ახლობელი ადამიანები, გაკრიტიკების ნაცვლად, ქათინაურებით გაანებივროთ.

პროკურატურა კახა აბუაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს” მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს – თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, შეაჩერეს ავტომანქანა და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით – 1,28 გრამს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 10.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას -პრეზიდენტი

არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა.

”არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტშია, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც.

იქ {საზღვარგარეთ} ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ამ იდენტობას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული.

„არცერთი სხვა ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, რომელში გაწევრიანებულებიც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან. ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი ორგანიზაცია. ისტორიამ იცის იმპერიები. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ, რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას. ვხედავთ და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ის მთავარი, რაც მივიღეთ, მაგრამ არამხოლოდ, „ერასმუსი“ არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სარგებლობს, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები. „ჰორაიზონ ევროპაც“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის სფეროს ნაწილისთვის. ჩვენ ვიყავით ფრანკფურტში, როგორც მასპინძელი ქვეყანა, დღეს ვართ „ევროპალიის“ მასპინძელი ქვეყანა. ის, რომ მეტი შეიძლება ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმათზე, ვინც ამ საშუალებას გვაძლევს, ზოგჯერ ჩვენ თავში ჩაკეტილები, ვერ ვახერხებთ გამოვიყენოთ ისე, როგორც საჭიროა.

ევროპა ასევე არის ჩვენი მომავალი, ეს არის საშუალება, რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ადამიანური რესურსის, პოტენციალის განვითარება. განვითარება ნიშნავს, არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, არამედ ნიშნავს პროფესიონალიზმს, იმ დარგების დაბრუნებას, რომელიც პრაქტიკულად ქრება საქართველოში. გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები – მეტი გვჭირდება. ძალიან ბევრი დარგია, სადაც ბევრად მეტი სპეციალისტი გვჭირდება. გავიარეთ შოვის ტრაგედია, ალბათ, ბევრად მეტი მყინვართმცოდნე გვჭირდება, 1-2 გვყავს და ასეთ ქვეყანაში წარმოუდგენელია. უამრავი გეოლოგი გვყავდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ასევე არიან გარემოსდაცვითი მცოდნეები, ყველა ეს მიმართულება, რაც ქვეყნის დაცულობას ნიშნავს, არის ის, რაც უნდა განვავითაროთ“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

“ნაციონალური მოძრაობა” მთლიანად დაშლილია, მხოლოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, თუმცა ეს კარგია, დრამატულად ეშვება მათი რეიტინგი-მამუკა მდინარაძე

პარტია არ არსებობს და მისი წევრი როგორ უნდა არსებობდეს, წარმოუდგენელია, ვერსაიდან გარიცხავენ და ვერც მიიღებენ, რადგან პარტია არ არსებობს, პარტია მთლიანად დაშლილია, სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კარგია ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება.

„ერთმანეთს რიცხავენ, ერთმანეთს ებრძვიან და ეს არის ბიუჯეტიდან მოპარული და შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში დატრიალებული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ არარსებულ პარტიასაც კი, რაღაც რეიტინგები აქვს შემორჩენილი, დრამატულად ეშვება რეიტინგი, მათი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევებითაც კი, დრამატული ვარდნა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტია პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს, ამაზეც არის ცალკე ბრძოლები, მათ შორის მათი ოლიგარქების კარზეც ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მეტ ქულას დაიწერს და ვინ უფრო გამოიჩენს რადიკალიზმში თავს. ეს პარტია იმის გარდა, რომ წარსულის მძიმე ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული. თუ ამ მავნებლობის ხარისხს ამცირებენ ხოლმე და არ ჩანან, შიდა დაპირისპირებებით არიან დაკავებული. ასეთი დრამატული სიტუაცია აქვთ, თუმცა ეს კარგია, რაც მეტი ასეთი მოხდება, უფრო აჩენენ თავის სახეს. ბევრი გულწრფელი ადამიანი შეიძლება, მხარს უჭერდეს, შესაბამისად, ამ ადამიანის რწმენისთვის, რომ კიდევ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერდე, ამ ადამიანების სამომავლო არჩევანისთვის კარგია. ისინი ამით თავის სახეს აჩენენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

რუსეთში მოქალაქეები უვადო მობილიზაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ

რუსეთში მოქალაქეები უვადო მობილიზაციის წინააღმდეგ გამოდიან. მობილიზებულების სახლებში დაბრუნების მოთხოვნით, ოჯახის წევრები პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე „გზა სახლისკენ“ გამოქვეყნებულ მანიფესტშია ნათქვამი.

„ჩვენ გვახსოვს, როგორ დადო პრეზიდენტმა პირობა, რომ რეზერვისტებს არ გაიწვევდნენ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი მოხალისეები ასრულებენ. შემდეგ კი, ჩვენი საყვარელი ადამიანები წაიყვანეს უკრაინაში. დაპირებები რეალურად ცრუ აღმოჩნდა. ბევრი არასდროს დაბრუნდება. მობილიზაცია საშინელი შეცდომა აღმოჩნდა. ჩვენ დაგვსაჯეს ჩვენი კანონმორჩილებისთვის. უმრავლესობისთვის სტაბილურობის შირმისთვის ჩვენი კაცები სისხლით იხდიან, ჩვენ კი – ჯანმრთელობით და ცრემლებით“, – ნათქვამია მიმართვაში.

„რამდენად აბსურდულია ყველაფერი, რაც ახლა ხდება. 2024 წელი პრეზიდენტმა ოჯახის წლად გამოაცხადა. ირონიულია იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები მამების გარეშე იზრდებიან, ბევრი კი, ობლად დარჩა. სატანისტი, კაციჭამია კი, რომელმაც პირველი პატიმრობის შემდეგ რეციდივი ჩაიდინა, თავისუფლდება ნახევარ წელში მას შემდეგ, რაც სერიოზული მკვლელობები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე გამოისყიდა“, – წერენ მობილიზებულთა ოჯახის წევრები.

ამასთან, მანიფესტში წერია: „როგორც ჩანს, ჩვენს სამშობლოს ათავისუფლებენ საზოგადოების ნაღებისთვის: მანიაკებისთვის, ლოთებისთვის, მიგრანტებისთვის, უზომოდ მდიდარი ჩინოსნებისთვის და მათი შვილებისთვის (რატომ არ არიან ისინი სანგრებში?). უარყოფითი სელექცია მოქმედებაში“.

კახა აბუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მსახიობ და რეპერ კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლომ პატიმრობის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატები კახა აბუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი, 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

როგორც აღინიშნა, კახა აბუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს, 11:00 საათისთვის ჩაინიშნა.

პროკურორის განცხადებით, კახა აბუაშვილმა აბსტრაქტულ ადამიანებზე ეჭვიანობის ნიადაგზე ქალს დანის ტარი ფეხში ჩაარტყა, შემდეგ კი მას დასახიჩრებით დაემუქრა. მისივე თქმით, დაკავების დროს, აბუაშვილის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანა და ნარკოტიკული საშუალება. ადვოკატის ინფორმაციით კი, აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება კახა აბუაშვილს არ ეკუთვნის.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მსახიობი კახა აბუაშვილი გუშინ დაააკავეს. პროკურატურამ მას ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინა ბრალი. კახა აბუაშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03 პროცენტით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 701.22 მლნ ლარით, 3.63%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, 0.64%-ით შემცირდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 49.67 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.16 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.09%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 19.74 პროცენტი შეადგინა.

“სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე – მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური”

სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები, კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდებით – სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე,- ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

„სერიოზული შტორმია ფოთში, ანაკლიასა და ზოგადად, სანაპირო ზოლზე. ტალღებმა ნაწილობრივ გაანადგურა ფოთის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, რათა პრევენცია მოვახდინოთ. ჯერ ადრეა საუბარი, თუ რა ზარალი მივიღეთ. არათუ უკან იხევს, პირიქით, სინოპტიკოსების ცნობით, გაძლიერდება სტიქიური მოვლენები და კიდევ უფრო ძლიერ შტორმს ველოდები“,- აღნიშნა გიორგი გუგუჩიამ.

“სრული ბარდაგია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ხდება” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

სრული ბარდაგია, რაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, აკვირდება პროცესს, როგორი კონფიგურაციით შენარჩუნდება „ნაციონალური მოძრაობა“.

„მაინტერესებს, როდის დამთავრდება. უკვე ნახევარი წელი თუ ცხრა თვეა, ეს გაუგებრობა გრძელდება, ძალიან ბევრი ყურადღებაა მიქცეული. შესაძლოა, ეს ახსნადია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამის გამო სხვა უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვერ ვლაპარაკობთ. რაც მთავარია, არ გვესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი კონფიგურაციით შენარჩუნდება ან ვის უნდა დაელაპარაკო. ასეთი კონფლიქტი როცა გაქვს პარტიაში და ვერ აგვარებ, შესაძლოა, მმართველი გუნდის, თავმჯდომარის და სხვა მმართველების ლეგიტიმურობის პრობლემა დადგეს. ვაკვირდები ამას, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დამთავრდება, თუმცა იმედია, სწრაფად დასრულდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

“პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა”

პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება“.

ხატია დეკანოიძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ, რომელსაც პროდასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია.

„ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო ეს განცხადება. განსაკუთრებით წერილობითი განცხადება პირდაპირ ეთერში, რომელიც ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა. არ ვიცი ეს იყო ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება თუ არა, ვინაიდან ამ მანიფესტს ძალიან ბევრმა ადამიანმა არ მოაწერა ხელი პარტიის შიგნით და ამ ადამიანების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ „ქართულ ოცნებას“, რომ განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ჩვენ და ოპოზიციამ ძალიან სერიოზული მაგალითი უნდა აჩვენოს, როგორ შეუძლია განსხვავებული აზრის მიღება და მათ შორის შიდა პარტიული დემოკრატია გაცილებით სხვა სტანდარტების უნდა იყოს, ვიდრე ეს არის ახლა დამკვიდრებული „ქართული ოცნების“ პირობებში. სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო მივიღეთ ამ გადაწყვეტილებით.

მე არ მესმის, რა არის სამართლებრივად „თავი ამოირიცხა“, სამართლებრივად ასეთი რაღაც არ არსებობს. ადამიანმა განცხადებით უნდა მიმართოს ან თვითონ უნდა იყოს ინიციატორი. „თავი გაირიცხა, პარტიის გარეთ დააყენა“ ასეთი სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

ეს ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში. ძალიან სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღო პარტიამ, რომელსაც პროდასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი“ და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა: „არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას…. არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]”.