Home Blog Page 1683

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დასავლეთ სანაპიროდან სამხრეთის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა.

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეამ კუნძულზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის გაფრთხილება გამოსცა, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ევაკუაციის განკარგულება დაბომბვას.

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯს გმობს და პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით, საარტილერიო ჭურვებს სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე არ შეუღწევია, რადგან ყველა მათგანი ორ ქვეყანას შორის ბუფერულ ზონაში დაეშვა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსები აცხადებენ, რომ ინციდენტს ქვეყნის მოსახლეობისთვის, ან სამხედროებისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, მათი თქმით, ამგვარი ქმედება ემუქრება მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე და ზრდის დაძაბულობას.

ბაღდადში აშშ-ის ავიაიერიშს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა

აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა.

პენტაგონის ინფორმაციით, ალ- ჯავარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აბუ თაკვა, რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.

პენტაგონის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ კიდევ ერთი წევრი დაიღუპა.

„არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. არანაირი ინფრასტრუქტურა და ობიექტი არ დაზიანებულა“, – აღნიშნა რაიდერმა.

აშშ-ის მიერ გუშინ ბაღდადში განხორციელებული ავიაიერიში ერაყის მთავრობაში საშიშ ესკალაციად და აგრესიად შეაფასეს.

უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს – რუსული მხარე

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებული 10 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო რამდენიმე ბინის მინა ჩაიმსხვრა და 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, თქვენს საიდუმლოს ფარდა ახადოს. ასეც რომ მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს სიტუაციის შეფასებაში შეიძლება შეცდეთ. საღამოს სასურველია, რომ საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ.

კურო

საკითხი, რომელსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ, სასწრაფოდ უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, ეს თემა დღესვე დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისა და ძველი გეგმების განხორციელებისთვის. თუ პარტნიორთან ურთიერთობაში სადავო საკითხები არსებობს, ეცადეთ, გულწრფელი საუბრით მოაგვაროთ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ.

ტყუპები

ამ დღის მოვლენები თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ეს სასარგებლოც კია. პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. გირჩევთ, დღის ჩვეული განრიგი არ შეცვალოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. ეცადეთ, დინებას მიჰყვეთ – პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებისა და პროექტების შედგენისა და თანამოაზრეებთან დებატებისთვის. გირჩევთ, მიმდინარე საქმის ყოველი წვრილმანი კარგად განიხილოთ – მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ვარსკვლავები მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და საიმედოს გახდის.

ლომი

ამ დღეს რაც არ უნდა აკეთოთ, ეცადეთ საკუთარ პრობლემებთან მარტო არ დარჩეთ. თუ მიმდინარე პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. შესანიშნავი დროა ნაცნობობისთვის – შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები გახდებიან. გამორიცხული არ არის, რომ მარტოხელა ლომებმა ნამდვილი სიყვარული იპოვოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს გაიგებთ, რომელიც გავლენას მოახდენს ყველა შემდგომ მოვლენაზე. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. კოლეგებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იქნება, როგორც გეგონათ.

სასწორი

ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მალე შეძლებთ. ამ დღეებში ნებისმიერ მიპატიჟებას დათანხმდით, სადაც კი საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი გექნებათ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ. თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

მორიელი

ახალი საქმე თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს, ამიტომ გირჩევთ, მთელი ყურადღება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც თქვენს ჩვევებსა და ყოველდღიურ განრიგში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ.

მშვილდოსანი

ინფორმაცია, რომელსაც მეგობრებისგან მიიღებთ, თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის. ეს სერიოზული შეცდომებისგან ან არასწორი გამოთვლებისგან დაგიცავთ. მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას და ისეთი დაპირების მიცემას, რომელსაც ვერასოდეს შეასრულებთ. ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

თხის რქა

მიზნის მისაღწევად პრინციპულად და თავდაჯერებულად მოქმედება და ძლიერი წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწევთ. გამოიჩინეთ პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ და ეცადეთ, მტრები არ გაიჩინოთ. აირჩიეთ თქვენთვის კომფორტული ტემპი და ნელ-ნელა, გეგმაზომიერად იმოქმედეთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა თამამი და პრინციპული მოქმედებებისთვის – ამ დღეს თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს მიაღწევთ. შესაძლოა, ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ, თუმცა პასუხის გაცემამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ და რისკები გამოთვალოთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება.

თევზები

ამ დღეს მცირე ძალისხმევით შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ შესანიშნავი შედეგი დადოთ იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს. პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. მთავარია, რომ სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ.

“ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა” – ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

ჯონ კირბის თქმით, აშშ-მა დაადგინა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტის გამშვები მოწყობილობა და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი 30 დეკემბერს გამოიყენა.

“ჩვენ მოველით, რომ რუსეთი გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეისგან მიღებულ დამატებით რაკეტებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

“უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების უზრუნველყოფა ნომერ პირველი პრიორიტეტია”

უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების უზრუნველყოფა ნომერ პირველი პრიორიტეტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში – სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განხორციელდა მასიური სარაკეტო დარტყმები, მუდმივი თავდასხმები „შაჰედებით“. აშკარაა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ეს საახალწლო დღესასწაულები, ამ წლის პირველი დღეები ჩვენი სულისკვეთების გასატეხად და შარშანდელი საფრთხის დასაბრუნებლად. ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, უკრაინის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იცავს უკრაინას და რუსული ტერორის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“უკრაინის დახმარების გარეშე მშვიდობა არ გვექნებოდა” – იტალიის პრემიერი

უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 4 იანვარს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიის მთავრობის მეთაურმა ნეგატიურად შეაფასა განცხადებები, რომ “ჩვენ არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს.”

“ჩვენ რომ გვექნა ის, რასაც ისინი გვთავაზობენ, ვინც ამბობს, რომ უკრაინას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაშინ მშვიდობა არ გვექნებოდა. შემოჭრა გვექნებოდა, მაშასადმე, ომი სახლთან უფრო ახლოს” , – განაცხადა მელონიმ.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტს დაარტყეს.

“დღეს დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლთან რუსული საოკუპაციო ჯარების ფორმირების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს განცხადებაში.

“ადამიანს როცა წვავდნენ, პოლიტიკოსებს უაზრო აზრები აწუხებდათ, ამის მერე დროშის დაწვაზე აღარც წამიკითხავს და არც მაინტერესებს”

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობ იაკობიშვილს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ევროკავშირის დროში დაწვასთან დაკავშირებით შესაძლოა, სინოდის სხდომა შეიკრიბოს.

როგორც მეუფემ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს შეუჩერეს მოღვაწეობის უფლება. არ ვარ საქმის კურსში, არ ვინტერესდები. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, როგორ წვავენ დროშებს. განა ვიწონებ ან არ ვიწონებ საქციელს, ყველგან მინახავს და პოლიცია არც ჩარეულა. ერთი რამე ვიცი, ადამიანს როცა წვავენ, პოლიტიკოსებს ძალიან არასწორი და უაზრო აზრები აწუხებდათ, ამის მერე დროშაზე აღარც წამიკითხავს და არც მაინტერესებს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა მეუფე ლაზარე გრიგორიადისს, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი პასუხობს:

„აი, გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს. მამა რომ ჰყავდა დაჭრილი. დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია. ადამიანი უნდა გაწუხებდეთ, ადამიანს უნდა გააგებინოთ, რომ სინანული გაუჩნდეს და რასაც აკეთებს, ცუდი საქციელია. სისტემა იყო „ნაცების“ დროს, მე ვარ შემსწრე, როგორი სისტემა. მე ვიცი, რომ ადამიანს წვავდნენ და არასწორად აშუქებდით ტელევიზიები. რა მნიშვნელობა აქვს, ლაზარე იყო, თუ სხვა. წვავდნენ ადამიანს და არა მგონია, დროშა გაწუხებდეთ, არ დავიჯერებ მაგას. მამა არ დაჭრა მაგან? მოსაკლავად გაიმეტა საკუთარი მამა, უცხოსთან რამე რომ ჩაედინა, გასაკვირია? კიდევ ამართლებთ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მეუფემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, შეიწყალოს არამარტო ლაზარე, არამედ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.

„პრეზიდენტი აქვს თავის დისკრეცია, რომ შეიწყალოს, ის კი არა, სააკაშვილი რომ შეიწყალოს, მაგის უფლებაც აქვს. თქვენ მიესალმებით სააკაშვილის შეწყალებას? თუ ასე ტირილი გააგრძელა, არჩეული პრეზიდენტი იყო, ვაჟკაცებისკენ უფრო ვდგავართ, სუსტები რომ არიან, გაუგებარია“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

“ისრაელი ღაზაში ყველა მიზანს მიაღწევს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „რესპუბლიკელ“ სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ყველა მიზანს მიაღწევს.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ისრაელის მიზნები „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში არის „ჰამასის“ განადგურება, მძევლების გათავისუფლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ გახდება საფრთხე და ასევე “დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები ჩრდილოეთსა და სამხრეთში”.

რუსული მხარე ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყება

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “ტელეგრამ” არხები და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.

კერძოდ, ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. “გუბერნატორმა” მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს და “უკვე რამდენიმე საჰაერო სამიზნე იქნა ჩამოგდებული.”

მან აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი “ტელეგრამ” არხების ცნობით, ერთი უკრაინული რაკეტა უკვე ჩამოაგდეს, ხოლო მეორე სევასტოპოლში მდებარე სამხედრო ნაწილს მოხვდა. თვითმხილველების ცნობით, ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მიემართებიან.

ასევე, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებები გაისმა ევპატორიასთან, სოფელ უიუტნოესთან მდებარე საჰაერო თავდაცვის სამხედრო ნაწილში. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო ნაწილისკენ უკვე მიემართებიან სასწრაფო დახმარების მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განახორციელოს ყირიმში ობიექტებზე საავიაციო მართვადი რაკეტებით ტერორისტული თავდასხმა განახორციელოს”. მათი ცნობით, უკვე 10 რაკეტა ჩამოაგდეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო”- Reuters

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაშავდა.