Home Blog Page 1681

,,აშშ-ს საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს” – მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილმა ამერიკაში ტრენინგზე გამგზავრებული ქართველი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა. „ხალხის ძალის“ წევრს მიაჩნია, რომ საელჩო ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, შეერთებული შტატების საელჩოს სურს რომ კონტროლი დაამყაროს ქართულ მართლმსაჯულებაზე, პირდაპირ ერევა მართლმსაჯულებაში. ეს ფაქტიც ამის პირდაპირი დადასტურებაა. როდესაც საელჩო ამბობს, რომ ეს მოსამართლე არის კარგი და კეთილსინდისიერი, მეორე მოსამართლე კი არ არის კარგი და კეთილსინდისიერი, ანუ პრაქტიკულად ყოფს სიტუაციას, ეს არის აშკარა. სხვას კი არაფერს ვამბობთ. ელჩი გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ მოსამართლეებს ეუბნება: „შენ კარგი ხარ, იმიტომ რომ მიჯერებ, ამიტომ წაგიყვან ჩემთან ამერიკაში. ის ცუდია, იმიტომ რომ არ მიჯერებს და ამერიკაში ჩემთან არ წავიყვან“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის 10 წარმომადგენელს, ტრენინგზე მასპინძლობს. „შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, – ამ განცხადებით აჯამებს აშშ-ის საელჩო ქართველ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტს.

,, ერთადერთი კაცი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ბედნიერი იყო, ეს იყო კეზერაშვილი” – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, კეზერაშვილი იშვიათი გარეწარია და ამისთვის საზოგადოებას „ბიბისის“ გამოძიება არ სჭირდებოდა.

„კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის „ბიბისის“ გამოძიება. ერთადერთი კაცი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ბედნიერი იყო, ეს იყო კეზერაშვილი. მას შემდეგ რაც ჩვენი საწყობები რუსებმა  გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, კეზერაშვილმა ცხვარი ან ხარი დაკლა ბედნიერებისგან, იმიტომ რომ მანამდე რაც ჰქონდა მოპარული და შეჭმული, მიდი და გაიგე.

დავლურს ცეკვავდა ბედნიერებისგან, ისედაც კი ჰქონდა ჰეროინი მიღებული და ბედნიერი დარბოდა იმ დღეებში. აქ იყო და კეზერაშვილმა გაძარცვა ქართული ჯარი, ევროპაში წავიდა და გაძარცვა ევროპელი პენსიონერები“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

,,პატრუშევსა და გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ სავარაუდოდ დივერსიის გეგმა ჰქონდათ” – .„ვაის ნიუსის“

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ სავარაუდოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დივერსიისთვის გეგმა ჰქონდათ და მის განხორციელებას 5 მარტამდე ფიქრობდნენ. მაშინ, როდესაც პუტინი სავარაუდოდ ქიმიოთერაპიის მორიგ კურსს დაიწყებდა და საომარ მოქმედებებზე გავლენის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა, – ამის შესახებ საუბარია პენტაგონისთვის განკუთვნილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში, რომელიც „ვაის ნიუსისთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.

„წყაროს ცნობით, „იერიშის“ გეგმა… რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მიერ შემუშავებული სტრატეგია იყო პუტინის საბოტაჟისთვის“. წყარომ 22 თებერვალს მიანიშნა, რომ სავარაუდოდ, გერასიმოვი გეგმავდა, გაეგრძელებინა ძალისხმევა საბოტაჟისთვის. წყარო აღნიშნავს, რომ გერასიმოვი პირობას დებდა, „ჩაეგდო“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია 5 მარტისთვის, მაშინ როდესაც პუტინი სავარაუდოდ აპირებდა ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის დაწყებას და არ ექნებოდა შესაძლებლობა, გავლენა ექონია საომარ მოქმედებებზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მედიის ინფორმაციით, დაზვერვის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ამ მოსაზრების გავრცელების ავტორი უკრაინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც, თავის მხრივ, კრემლის მაღალჩინოსნებთან კავშირში მყოფი საკუთარი წყარო ჰყავს. ამ დოკუმენტებში არსად არის ნახსენები, რომ ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას აშშ-ის დაზვერვაც ადასტურებს, თუმცა დაზვერვის სააგენტომ, რომელმაც ეს ვარაუდი მიყურადების დროს მოისმინა, საჭიროდ ჩათვალა, ინფორმაცია პენტაგონის ხელმძღვანელობისთვის ეცნობინებინა.

,,ეს სერიოზული ბრალდებაა იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს” – სეფაშვილი კეზერაშვილზე

 

„როდესაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში, ამა თუ იმ კომპანიების მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვებისას, ყველა კვალი კეზერაშვილთან მიდის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მტკიცებულება, რომ ვინმეს კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეეძლოს, მაგრამ, არის ძალიან სერიოზული ბრალდება სწორედ იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილის ფინანსების წარმომავლობაზე კითხვა უკვე საერთაშორისო დონეზე დაისვა, ასევე საინტერესო ხდება, რა ფულს იღებენ მის მიერ დაფინანსებული პარტიები და მედიები.

„BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ეს ჟურნალისტური გამოძიება რამდენიმე ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. დავიწყოთ იმით, რომ BBC ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მედიასაშუალებაა, სადაც მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპი უმაღლეს დონეზეა დაცული. მათი მაუწყებლობის ქცევის კოდექსს გავეცანი იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტშიც, მაუწყებლობის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, რაც ასოცირების დღის წესრიგით იყო განპირობებული. BBC-ში მიუკერძოებლობის იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ გაგიკვირდებათ. ზედმეტად, ეპითეტის გამოყენების უფლებაც კი არ აქვთ საინფორმაციო გადაცემებში, იმის გამო, რომ მიკერძოებულობაში არ ჩაეთვალოთ და რაიმე პოზიცია არ დააფიქსირონ. აქედან გამომდინარე, როდესაც BBC ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების პროცესში, ამა თუ იმ კომპანიების მფლობელებზე ინფორმაციის შეგროვებისას, ყველა კვალი კეზერაშვილთან მიდის, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მტკიცებულება, რომ ვინმეს კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა შეეძლოს, მაგრამ, არის ძალიან სერიოზული ბრალდება სწორედ იმისთვის, რომ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება დაიწყოს.

გვახსოვს შარშან, გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად ანალოგიური ბრალდება იყო წაყენებული. ჩვენი გერმანელი კოლეგები სწორედ ამ საკითხს იკვლევდნენ და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს სამართალდამცველებთან თანამშრომლობდნენ. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მიღწევაა, რომ შეთანხმება გვაქვს დადებული, ასეთი ტიპის დანაშაულის გამოძიებისას ერთობლივად ვიმოქმედოთ. ველოდები, რომ ეს ყველაფერი მალე გაცილებით უფრო საფუძვლიანი იქნება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ამის თქმის საფუძველს თვითონ BBC-ის მაღალი სტანდარტი მაძლევს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ, რომ კეზერაშვილი წარდგა ქართული სასამართლოს წინაშე, სადაც ჯარისგან 5 მილიონი დოლარის არაკანონიერი გზებით მითვისება დაუმტკიცდა. სულ ცოტა ხანში კი ვიხილეთ კეზერაშვილის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც ის ამბობდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელევიზიებს აფინანსებს. ანუ, პირდაპირ მონაწილეობს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, ასეთი კითხვა მებადება: თავისთავად ცხადია, რომ მის მიერ მოპოვებული თანხები არის არაკანონიერი, ანუ ე.წ. შავი ფული. როგორ აფინანსებს ის ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს? შავი ფულით? ეს სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია და ასეთი საკითხების მოგვარების ერთ-ერთი საშუალება იყო ჩვენ მიერ ინიცირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, BBC-ის ამ სტატიამ ის ევროპარლამენტარებიც ამხილა, რომლებიც დავით კეზერაშვილს „მედიამენეჯერს“ უწოდებდნენ და მის მიმართ საქართველოში დაწყებულ გამოძიებას „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას“ უწოდებდნენ.

„აღსანიშნავია, რომ შარშან ივნისში გამოიცა, ე.წ. პოლიტიკოსების, ევროპარლამენტარების რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თურმე კეზერაშვილს დევნის ქართული ხელისუფლება და ეს არის საქართველოში თავისუფალი მედიის ხელყოფა და შეზღუდვა. მე მათ პოლიტიკოსებს საერთოდ არ ვუწოდებ, ისინი არიან ჩვეულებრივი მოსყიდული ადამიანები. ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლა კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ეს რეზოლუციები, რომელთაც ევროპარლამენტი იღებს, არის ძალიან დიდი სირცხვილის ლაქა ევროპარლამენტარების რეპუტაციისთვის. მათ არა მარტო მიიღეს ეს რეზოლუცია, არამედ მოახერხეს სხვა დეპუტატების აყოლიებაც, რაც ევროპარლამენტისთვის კიდევ უფრო დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, ეს თემა უნდა გაჟღერდეს ხოლმე იმ დიპლომატიურ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც საქართველო მონაწილეობს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკა კი უნდა იყოს ისეთი, რომ როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ცოტა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ ფაქტებს და ელემენტარულად გადაამოწმონ, მიღებული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება სიმართლეს.

გავიხსენებ პირველი რეზოლუციის მიღების ფაქტს, რომელიც, სხვათა შორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა, რომელიც საქართველოს კრიტიკით გამოირჩევა, მას ხელი არ მოაწერა იქიდან გამომდინარე, რომ საფუძველს ვერ ხედავდა. ასევე იყო საქართველოს შესახებ ანგარიში, რომელსაც თვითონ ავტორმა არ მოაწერა ხელი, იმდენი ცვლილება შევიდა თავდაპირველ ვერსიაში. ე.ი. ესე იგი ადრე ევროპარლამენტარები პატიოსნებასა და ობიექტურობას მეტად იჩენდნენ. ალბათ, კარგი იქნება, ამ მიმართულებით სვლას თუ გააგრძელებენ და ასე სასაცილოდ არ გაიხდიან თავს. თუ ადრე, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ეს რეზოლუციები სიმართლეს არ შეეფერებოდა და იურიდიული ტერმინი რომ ვიხმაროთ, „ჩვენი სიტყვა მათი სიტყვის საწინააღმდეგოდ“ იყო, ახლა გამოდის, რომ ჩვენი სიტყვა უკვე არა მარტო ჩვენ მიერ მოპოვებული ფაქტებით, არამედ უკვე ევროპის ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული გამოცემის, BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მოძიებული ფაქტებითა და არგუმენტებითაა გამყარებული. აღმოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად მართლები ვიყავით ამ სიტუაციაში. მათ თავის დროზეც იცოდნენ, რომ ტყუილზე აწერდნენ ხელს, მაგრამ შეგნებულად წავიდნენ ამაზე, რადგან ისინიც ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია აღქმები. მაგრამ ცრუ ნარატივზე, დეზინფორმაციასა და ტყუილზე აგებული აღქმების ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ როგორც წესი, ძალიან მალე გაცამტვერდება ხოლმე. ახლა ისიც ვიხილეთ, რომ ხუხულასავით ჩამოენგრათ თავიანთი რეზოლუციის მტკიცებულებები და ისიც, რომ მათ რეპუტაციას ისეთი ზიანი ადგება, რომლის ჩამორეცხვაც შეუძლებელია. როგორც ვამბობთ ხოლმე საქართველოში, სახელის გატეხას თავის გატეხა გერჩივნოსო. ფაქტობრივად, სახელგატეხილნი არიან ეს ევროპარლამენტარები. მართალია, არც მანამდე აკლდათ სახელის გატეხა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ საფუძვლიანად არის მათი რეპუტაცია შერყეული და ამიერიდან როგორი რეზოლუციაც არ უნდა „გამოაცხონ“ საქართველოს წინააღმდეგ, ქართულ საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდობა ექნება. ალბათ, დაიჯერებენ ისევ მათი მომხრეები, ან ისინი, ვისაც უნდა, რომ საქართველოს რეპუტაციას რაიმე ზიანი მიადგეს, ხოლო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივარი, რომელიც შეიძლება, ობიექტურად იყოს დაინტერესებული, რამე ცუდი ხომ არ მოხდა საქართველოში, უკვე ნამდვილად აღარ დაუჯერებს მათ შექმნილ ტყუილზე დაფუძნებულ რეზოლუციებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტში მიმდინარე მსჯელობასაც შეეხო და განმარტა, რომ კანონი პირდაპირ დავით კეზერაშვილს ესადაგება.

„პარლამენტი მსჯელობს დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ და კეზერაშვილი სრულად შეესაბამება ამ კანონის განმარტებას ოლიგარქიის შესახებ, რადგან კანონის განმარტების თანახმად, ოლიგარქია პიროვნება, რომელიც ფლობს დიდძალ ფულად სახსრებს, მედიას და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა. ეს არის ის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ადამიანის ოლიგარქობის სტატუსი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

,,სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა, უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლოა, აგენტები იყვნენ.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 44-დღიანი ომის მთავარი მიზანი იყო არა მთიანი ყარაბაღი, არამედ სომხეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„შეიარაღებულ ძალებზე გუშინდელი თავდასხმის დროს ხალხმა კვლავ განაცხადა, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა გადადგეს. ბოლოს და ბოლოს, მათ შეუძლიათ დაელოდონ ინციდენტის დასრულებას, მაგრამ არა, ახლავე უნდა მოხდეს… ეს არის მეხუთე სვეტის სტილი. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ჩვენი დემოკრატიის ზიანის მიყენების გარეშე. მაგალითად, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი თესავს პანიკას ჯარებში და ავალებს თავის ქვეშევრდომებს, დათესონ პანიკა, რათა ყველამ დატოვოს თავისი საბრძოლო პოზიციები, ან ქმნის პირობებს, რომ მტერმა უპრობლემოდ დაიპყროს ტერიტორიები. რატომ? არცერთი დანაშაული არ გაიხსნება, ვიდრე მოტივაცია არ გაირკვევა. შესაძლოა, ისინი სხვა ქვეყნის აგენტები არიან. ზემოდან უნდა მიეღოთ ბრძანება, ბრძანება მე უნდა გამეცა, მაგრამ არ გამიცია. ე.ი. კიდევ ერთი ზემდგომი ჰყავს, ბრძანება მიიღო და შეასრულა. თავად არ ამბობს, ვისგან მიიღო ბრძანება, რადგან უფრო მძიმე ბრალდებას მიიღებდა“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

რუსეთშიც ეგრე იყო, ტიპები სერიოზულად მსჯელობდნენ საიდან აქვს ფული ხადარკოვსკის – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.

„რუსეთშიც ეგრე იყო, პუტინთან ბრძოლის მაგივრად ტიპები სერიოზულად მსჯელობდნენ საიდან აქვს ფული ხადარკოვსკის. რით დამთავრდა ეს ყველამ ვიცით. ასე რომ სჯობს, სანამ დრო გვაქვს, ფოკუსი გავასწოროთ. დეტალებზე თავად დავით კეზერაშვილი საუბრობს და მე აღარ გადაგღლით. აღდგომა და ხვალეო. ბრიტანეთის სასამართლოს ყველა ვენდობით, თუ მივიდა სასამართლომდე საერთოდ საქმე.

პ.ს. ერთობ ვხალისობ ყოფილ მეგობართა მოშურნეობაზე“, – აცხადებს გიგი უგულავა.

,, მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთს უკანალზე კოცნის – საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის?”- ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტიმ, ემანუელ მაკრონი ჩინეთისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

„გადარეული სამყარო გვაქვს, რომელიც ფეთქდება და აშშ-ს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი. და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის. საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის?“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

9 აპრილს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა გახდეს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მიმდევარი.

,,გასაძარცვად ახლა პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ”- გიორგი გამსახურდია კეზერაშვილზე

გასაძარცვად ახლა პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ bbc-ის სტატიას, სადაც დავით კეზერაშვილზეა საუბარი.

„აურაცხელი რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უნდა მიეღო ქართულ ჯარს, ასევე გამართული ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები იმსახურებდნენ, წავიდა 2 კაცის – კეზერას და სააკაშვილის ჯიბეებში. ახლა კიდევ, გასაძარცვად პატიოსან ევროპელ პენსიონერებს გადასწვდნენ“, – წერს გამსახურდია.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

,,პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები, მცდარ ინფორმაციას შეიცავს უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ” – რეზნიკოვი

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები არა მარტო სიმართლეს, არამედ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ინფორმაციამ, რომელიც შეესაბამება სიმართლეს, დაკარგა რელევანტურობა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ დოკუმენტების გაჟონვა მიზანმიმართული ქმედებაა, რათა უთანხოება გამოიწვიოს კიევსა და მის მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით კი, აშშ-თან.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ გაავრცელა საიდუმლო მონაცემები იმ დროს, როდესაც უკრაინელი სამხედროები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევისთვის ემზადებოდნენ.

ევა კაილი ციხიდან გათავისუფლდა და შინაპატიმრობა მიესაჯა

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ციხიდან გათავისუფლდა და შინაპატიმრობა მიესაჯა. ყოფილმა ევროპარლამენტარმა გისოსებს მიღმა ოთხი თვე გაატარა.

ევა კაილი ამიერიდან შინაპატიმრობაში ელექტრონული სამაჯურით იქნება.

„მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა“, – განაცხადა ევა კაილის ადვოკატმა, სვენ მარიმ.

ბერძენი დეპუტატი 9 დეკემბერს დააკავეს. შემდეგ 44 წლის დეპუტატს ბრალი წაუყენეს კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში და წინასწარი პატიმრობის ფარგლებში ჰარენის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც მდებარეობს ბრიუსელის გარეუბანში.

ბრალდების მიხედვით, საქმე მოიცავს დიდ თანხებს და სოლიდურ საჩუქრებს, რომლებიც სავარაუდოდ გადაიხადეს კატარმა და მაროკომ ევროპული პოლიტიკის შემუშავებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ორივე ქვეყანა უარყოფს რაიმე სახის დარღვევას. ბელგიის პოლიციამ 1.5 მილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული ამოიღო სახლებისა და ოფისების ათობით ჩხრეკის შედეგად. ბრალდებას თავად ევა კაილიც უარყოფს.

,,ამ კანონს ისინი რეპრესიებისთვის გამოიყენებენ”- დეკანოიძე დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე

ანტიკორუფციული ბიურო არ არის დამოუკიდებელი და ვერ განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა. თუ სისტემური რეფორმა არ იქნება, დეოლიგარქიზაციის კანონს არანაირი ღირებულება არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სისტემური რეფორმა გულისხმობს რეფორმებს სასამართლოსა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობისთვის, ხოლო ამის არარსებობის პირობებში, ხელისუფლება კანონს რეპრესიებისთვის გამოიყენებს.

“ამ კანონმდებლობას ისინი გამოიყენებენ, როგორც რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვინც მათ უნდათ შერაცხონ ოლიგარქად და არა სისტემური რეფორმებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. დამოუკიდებლობის ხარისხი ანტიკორუფციული ბიუროსი, რომელიც განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი, არ არსებობს. არ არსებობს გარანტიები, რომ ეს არ იქნება პერსონიფიცირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის არანაირი რისკები არ არის მოხსნილი. მთავარი არის, რომ ის ვინც აპირებს განსაზღვროს ვინაა ოლიგარქი, არის ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ დაქვემდებარებაში, ვინც რეალურად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყნის განვითარების – არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობ,” – განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს. შესაბამისი ცვლილება, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტი მეორე მოსმენით გახილა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული.

კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს.

პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

ცვლილებების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ექნება ანტიკორუფციულ ბიუროს, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რომ გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.

პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე არ დასრულდება სამართალწარმოება.

პროექტით, პირს, ვისი ოლიგარქად მიჩნევის საკითხის განხილვაც მოხდება, ექნება საპროცესო და სამართლებრივი გარანტიები. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემები, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის, ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული.

აქედან გამომდინარე, ოლიგარქთა რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, ოლიგარქად ცნობილი პირის გვარი და სახელი, კონტაქტის დეკლარაცია და მითითება იმის შესახებ, რომ პირის ოლიგარქად ცნობა და რეესტრში შეყვანა თავისთავად არ მოწმობს, რომ ეს პირი დამნაშავეა ან სხვა სახის სამართალდამრღვევია.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კანონპროექტიდან ამოღებულია ოლიგარქად ცნობილი პირისთვის განსაზღვრული აკრძალვა: პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო კამპანიის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაფინანსების თაობაზე.

„შესაბამისად, ოლიგარქად ცნობილი და რეესტრში შეყვანილი პირისთვის ერთადერთ აკრძალვად დარჩა – პრივატიზების ობიექტის პრივატიზების პროცესში მყიდველად მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც უკავშირდებოდა უმწიკვლო საქმიან რეპუტაციას.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ხელახლა განვიხილავთ მეორე მოსმენით იმისათვის, რომ ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია აისახოს კანონპროექტში. მთავარი ამოცანაა, რომ 12-პუნქტიანი გეგმის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტი შესრულდეს.

ამ პუნქტის შესრულების მთავარ ინდიკატორად აღებული გვაქვს ის მიდგომა, რომელიც უკრაინამ თავის დროზე აირჩია – კანონის მიღების სახით საკითხის დარეგულირება და ეს უკრაინას ჩაეთვალა, იმ პუნქტის შესრულებად, რომელიც უკავშირდებოდა დეოლიგარქიზაციის საკითხს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.