Home Blog Page 1681

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

17 აპრილს დასავლეთ საქართველოში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და გვექნება კვლავ მაღალი ტემპერატურა.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი – კახეთის რეგიონში წვიმა, თბილისშიც დროგამოშვებით წვიმა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი არ იქნება. ერთადერთი, გორში შესაძლოა.“ – ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება.  მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები საფლავთა კურთხევასა და დიდუბობას აღნიშნავენ. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა “მეუფეო ზეცათაო…” სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ითქმის: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”.
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: “ქრისტე აღდგა!” – “ჭეშმარიტად!”, “ჭეშმარიტად აღდგა!”, “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე”.

„კრახი განიცადეს და განტევების ვაცს ეძებენ“ – მირდატ ქამადაძე

„კრახი განიცადეს და განტევების ვაცს ეძებენ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ „ენმ“-ს ახალ მენეჯმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მენეჯმენტის დაპირებები ტყუილი აღმოჩნდა.

„მოვიდნენ ცრუ დაპირებებით, ფაქტობრივად. ამ ხალხი მთავარი დაპირება რა იყო? რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიდნენ, უწყვეტი საპროტესტო აქციები იქნებოდა და გაიხსნებოდა 50 ახალი ოფისი. სამივე მიმართულებაში მათ კრახი განიცადეს, ძალიან სამწუხაროდ. ამ დროს ისინი ეძებენ განტევების ვაცებს, ეძებენ რაღაცა მიზეზებს, რომ იქნებ თავიანთი ეს წარუმატებლობა, რომელიც იმთავითვე იგრძნობოდა, რომ წარუმატებელი დაპირებები იყო, ვიღაცებს გადააბრალონ“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ჯო ბაიდენმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დღეს ჯილი და მე თბილ მილოცვებს ვუგზავნით ყველა ჩვენს მეგობარს მართლმადიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომლებიც აღდგომას აღნიშნავენ. დაე ქრისტეს მშვიდობა იყოს თქვენთან ახლა და ყოველთვის“, – წერს ბაიდენი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ცალმხრივი სავაჭრო მოქმედებები მიუღებელია – როიტერი

უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტზე პოლონეთისა და უნგრეთის მიერ დროებითი აკრძალვის დაწესების გამო, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სავაჭრო მოქმედებები მიუღებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ინფორმირებული ვართ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილებების შესახებ. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სავაჭრო პოლიტიკა არის ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენცია და შესაბამისად, ცალმხრივი მოქმედებები მიუღებელია. გამოწვევებით სავსე ასეთ პერიოდში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ყველა გადაწყვეტილების კოორდინირება და შეთანხმება“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მედიასაშუალებისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში.

შეგახსენებთ, პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალეს. შესაბამის გადაწყვეტილებას უკრაინის ორი მეზობელი ქვეყანა სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სექტორის დაცვით ხსნის.

საავადმყოფოში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება – The Guardian

თბილისის საავადმყოფოში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა ქრება, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული The Guardian მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

სტატიის ავტორი, შონ უოლკერი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო პუტინის ამბიციების შესახებ ჯერ კიდევ 15 წლის წინ გააფრთხილა, ახლა კი ის  საუბრობს წამებაზე მოსკოვისკენ მიმავალი რეჟიმის მხრიდან.

ვითხოვ პოლონეთში გადაყვანას, რადგან ცხადია, რომ ქართულ საავადმყოფოში მოვკვდები“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 

დამოუკიდებელი ექსპერტების ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა. დაკავების შემდეგ, მისი თქმით, მისი წონა განახევრდა 60 კგ-მდე.

შონ უოლკერი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შეფასებებზეც საუბრობს და
აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ბევრი პოლიტიკურ ვენდეტად მიიჩნევს.

„იმ ადამიანის პატიმრობა, რომელმაც თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დააყენა, საქართველოს ბევრი დასავლელი მოკავშირის მხრიდან განიხილება, როგორც მოსკოვის გავლენის ორბიტაზე დაბრუნების სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ პროდასავლურია, მის მთავრობას ბრალს სდებენ რუსეთის ბრძანებების ფარულად შესრულებაში“, – ნათქვამია სტატიაში. 

ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს

IIHF წელს რიგით 86-ე მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს ყინულის ჰოკეიში, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, რომელიც ამჯერად მე-2 დივიზიონის A ჯგუფში ასპარეზობს.
მეორე დივიზიონის A ჯგუფში ჩემპიონატი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16-22 აპრილს გაიმართება. მასპინძლების და საქართველოს გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ავსტრალია, ხორვატია, ისლანდია და ისრაელი.

დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ და დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 4:1 (2:0; 1:1; 1:0).

რამინ შამილიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) 109/111/113 კილოგრამი დაძლია და ატაცში ოქროს მედალი დაიმსახურა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს მედალია.

დღეს, 20:10 საათიდან ტურნირზე კიდევ ორი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს – მედლების მოპოვებას შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე შეეცდებიან.

ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი ამუშავდა

ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3 (OL3) ამუშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რეაქტორის ოპერატორ კომპანია Teollisuuden Voima-ზე (TVO) დაყრდნობით ავრცელებს.

ოპერატორი კომპანიის განცხადებით, რეაქტორი ფინეთის ელექტროენერგიის მოთხოვნის 14 პროცენტს დააკმაყოფილებს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება შვედეთიდან და ნორვეგიიდან იმპორტის შემცირება. როგორც მოსალოდნელია, ახალი რეაქტორი, სულ მცირე, 60 წელს იმუშავებს.

1,6 გიგავატის სიმძლარის რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. ის მშენებლობის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გახსნა ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ბირთვული ენერგია ევროპაში სადავო საკითხად რჩება. ფინეთში ახალი რეაქტორის ამოქმედება იმ ფონზე მოხდა, როდესაც გერმანია თავისი ბოლო სამი რეაქტორის მუშაობას აჩერებს, ხოლო შვედეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ახალ პროექტებს გეგმავენ.

რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი გასული წლის მაისში მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსულმა კომპანია „ინტერ რაომ“ განაცხადა, რომ მას მიწოდებული ელექტრონერგიის საფასური არ გადაუხადეს. მალევე, რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეწყვიტა.

„იმედს არ ვკარგავ“ – დაპატიმრებულმა WSJ-ის რეპორტიორმა მშობლებს მისწერა

ამერიკელმა ჟურნალისტმა, Wall Street Journal-ის რეპორტიორმა ევან გერშკოვიჩმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მშობლებს აშშ-ში 5 აპრილს წერილი მისწერა და აღნიშნა, რომ ის იმედს არ კარგავს.

„მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ. ვკითხულობ, ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო. დედა, შენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ციხის კვებისთვის მომამზადე. შვრიასა და ბურღულეულს მაჭმევენ. ეს ბავშვობას მახსენებს“, – წერს Wall Street Journal-ის რეპორტიორი.

რეპორტიორის მშობლებმა, ელა მილმანმა და მიხაილ გერშკოვიჩმა გასულ კვირას თქვეს, რომ ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და პოზიტიური შედეგის იმედი აქვთ.

„ეს არის ერთ-ერთი ამერიკული თვისება, რომელიც ჩვენ ავითვისეთ – იყავით ოპტიმისტური, გჯეროდეთ ბედნიერი დასასრულის, მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე მესმის, რაშიცაა საქმე“, – აღნიშნა მილმანმა.

ცნობისთვის,The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ გერშკოვიჩი აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.

WSJ-მა ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის დაკავების გამო, აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა.

,,ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაზეც პატრიარქი მიგვითითებს” – დიმიტრი ხუნდაძე

„კატეგორიული ტონი და აგრესიული მეტყველება მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს”. და იქნებ სწორედ ეს უნდა ჩვენს მტერსაც? იქნებ სწორედ ეს არის მიზანი იმისა, რომ საქართველოში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება? ესეც „რუ თავისუფლების“ შედეგია“, – საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის – ილია მეორეს ეპისტოლეს გამოეხმაურა.

„ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რაზედაც პატრიარქი მიგვითითებს -„ცრუ თავისუფლება“, რომელსაც მხოლოდ მონობაში მივყავართ“ „სულიერი მონობა ქართველებისთვის ეროვნულ მონობას ნიშნავს, რადგან ჩვენთვის რწმენა და სახელმწიფო განუყოფელია. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან ჩანს, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს ის, რაც გვაწუხებს ჩვენ და რა საფრთხის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.

„ცრუ თავისუფლება“ ზუსტი შეფასებაა იმ რეალობისა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ. როდესაც ცდილობენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით და გარეთ მართოს სხვამ, ეს არა მხოლოდ სულიერი მონობაა, ეს სუვერენიტეტის ხელყოფაა. როდესაც უფლება არ გაქვს, საკუთარ ქვეყანაში მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, ეს არათუ თავისუფლების, არამედ, ელემენტარული უფლების წართმევაა. თავისუფლებისათვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შემდეგ, დღესაც ჩვენი უწმინდესი ამაზე მიგვითითებს.

სააღდგომო ეპისტოლეში კიდევ ერთი აქცენტი გაკეთდა იმ საკითხზე, რაზედაც პოლიტიკოსები ვსაუბრობთ – „კატეგორიული ტონი და აგრესიული მეტყველება მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს“. და იქნებ სწორედ ეს უნდა ჩვენს მტერსაც? იქნებ სწორედ ეს არის მიზანი იმისა, რომ საქართველოში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება? ესეც „ცრუ თავისუფლების“ შედეგია, რომელმაც შესაძლოა ომის ქარცეცხლში გახვიონ ქვეყანა.

უწმინდესი ბრძანებს, რომ ომი მშვიდობის საპირწონედ, დიდი ბოროტებაა. ჩვენ სწორედ ამ ბოროტებას ვებრძვით უკვე ერთი წელია. თურმე ეკლესიაც იმავეს ხედავს და გრძნობს. ამავე საფრთხეს ხედავს ქართული საზოგადოებაც და როგორც არ უნდა ეცადონ ამის უარყოფას, ეს ყველასათვის ცხადია. სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს პატრიარქისგან, კიდევ ერთი დიდი შეგონებაა. დღეს უფლის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ.

მსურს მივულოცო მართლმადიდებლურ სამყაროს და ჩვენს სამშობლოს რწმენის და დიდების დღესასწაული! უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, მშვიდობა და რეალური თავისუფლება! ეროვნული ღირსებით და ძლიერი რწმენით გვეშენებინოს ის სახელმწიფო, რომელმაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქრისტეს მსგავსად ჯვარცმით, აღდგომითა და სულიერი ამაღლებით განვლო!“ – საკუთარ facebook გვერდზე წერს დიმიტრი ხუნდაძე.

,,ქვეყნის მართვა ყოველთვის ხდებოდა ეკლესიისა და ხელისუფალთა ერთობლივი ძალისხმევით”- თამარ ჩიბურდანიძე

„თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც გვაწუხებს ჩვენ და საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები“, – ასე გამოეხმაურა უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის მიგვითითებს იმაზე, რომ ეკლესია და პოლიტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

„საქართველოს არსებობის მანძილზე, ქვეყნის მართვა ყოველთვის ხდებოდა ეკლესიისა და ხელისუფალთა ერთობლივი ძალისხმევით, რწმენისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებით. ამჯერადაც ასეა. თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც გვაწუხებს ჩვენ და საზოგადოებას.

დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები. არ მოეწონებოდათ იმ განწყობებისა და ხედვების თანხვედრა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილსა და ქართულ ეკლესიაშია. ქვეყანა უმრავლესობით იმართება.

საბედნიეროდ, მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიის მრევლია და მათთვის მისაღებია ეპისტოლეს ყოველი სიტყვა. ეკლესია სულიერების მმართველია, რომელიც სახელმწიფოებრიობის საყრდენია. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ამჯერადაც თანამედროვეობის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს პასუხობს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სწორ გზას, საითაც უნდა ვიაროთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.