Home Blog Page 1681

დედაქალაქის მერია სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას იწყებს

დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი განისაზღვრება.

„დედაქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს მათთვის, ვინც საჭიროებს ენდოპროთეზირებას, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. სექტემბრიდან დავიწყებთ დედაქალაქში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამას, რაც მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაციის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობა ექნება.

„თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება ვაუჩერული სისტემით განხორციელდება. შესაბამისად, მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მსოფლიოს მასშტაბით, სახსრის ხელოვნური ანალოგით შეცვლის ოპერაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ეს თითოეული მათგანისთვის სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად ერთადერთი შესაძლებლობაა. ჩვენი მიზანია, ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ და ფინანსური ტვირთი შევუმსუბუქოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg მილიონობით მაყურებელსა და სოციალური ქსელების მომხმარებელს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გააცნობს. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე, წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„კამპანიის ფარგლებში, Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს, ამ მიზნით, პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმოგზაურებს. კამპანიის ფარგლებში განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ.

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg საქართველოს შესახებ ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს. საქართველოს შესახებ რეკლამა გავრცელდება სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok)

Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

https://sponsored.bloomberg.com/article/georgia-a-destination-that-offers-year-round-adventure

პაციენტის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია.

„მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11 აგვისტოს პაციენტი გარდაიცვალა. მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), ხოლო მეორე პირს 246-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 3 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულები სასამართლო დარბაზში დააკავეს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომის 511-ე დღე – რუსული ძალები კიევს დრონებით დაესხნენ თავს

უკრაინაში რუსული ძალების მიერ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის გამო, ფართომასშტაბიანი განგაში გამოცხადდა.

საოკუპაციო ძალებმა გამთენიისას, კიევის ოლქზე იერიში მიიტანეს, საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დრონები გაანადგურა.

“მთელი უკრაინისთვის რთული ღამეა. სამხრეთი, განსკუთრებით ოდესის ოლქი. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა, “შაჰედებით” კვლავ შეუტია დედაქალაქს“, – განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, თუმცა მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს და აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში.

ოკუპირებული ყირიმის ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ნახევარკუნძულის კიროვის რაიონში მდებარე სტაროკრიმსკის პოლიგონზე საბრძოლო მასალის საწყობი იწვის.

მისივე განცხადებით, უკრაინის ჯარმა საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყა, გრძელდება დეტონირება, რის გამოც გადაკეტილია მოძრაობა ტავრიდის გზატკეცილზე.

„პოლიგონთან ახლო მდებარე ზონიდან 4 დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუირება არის დაგეგმილი – ეს ორ ათასზე ადამიანზე მეტია“, – განაცხადა აქსიონოვმა.

რეგიონში ღამით 53 აფეთქება აღირიცხა. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესასა და ზაპოროჟიეში. გრძელდება კონტრშეტევითი ოპერაცია ფრონტის აღმოსავლეთ ხაზზე.

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის თავდაცვითმა ძალებმა წინ წაიწიეს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით. წინსვლის შესახებ იუწყებიან ბახმუტის მიმართულებითაც. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ავდეევკის მისადგომებთან.

 

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 2:38 საათზე, დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო.

რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, 04:54 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან 57 კმ-ში ქალაქ დმანისთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემები სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზე

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების შედგენილია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია აკერმანმა განახორციელა:

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანტებთან;

ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება;

საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით;

მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ CNN-თან;

კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად;

სააკაშვილის სიტუაციის შესახებ სტატიის მომზადება;

კომუნიკაცია ქართული პოლიციის მიერ სააკაშვილის წამების ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის გავრცელებისთვის;

კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანის, ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით;

კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლისთვის მასალების გადაცემის მიზნით;

მუშაობის გაგრძელება მაგნიტსკის სიისთვის ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით და მასალების გეგმური გავრცელება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არჩეულ ჩინოვნიკებთან, მათ შორის სენატორ ჯეიმს რიშთან.

ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში;

მუშაობის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და საქართველოში სასამართლოებში სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის მუშაობა ამ პროცესების სამართლებრივ დოკუმენტებზე და მასთან დაკავშირებულ მედიაგაშუქებაზე;

კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან და მცდელობა, დაერწმუნებინათ ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკ’კოლი გაეტარებინათ სანქციები საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ;

კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს თანამდებობის პირებთან თბილისში, საქართველოში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა მიეცათ პოლონელი ექიმებისთვის უფლება, ემკურნალათ სააკაშვილისთვის;

ნიუ იორკში ვიზიტის დროს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის მოწყობის მცდელობა, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით;

ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.

„აკერმანის“ დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, 2023 წლის 7 მარტს სატელეფონო კავშირი განხორციელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან, რა დროსაც განიხილეს და მოითხოვეს დახმარება, მათ შორის, წერილების გაგზავნის ფორმით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლთან, სააკაშვილის ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

რაც შეეხება „ჯიპი ინთერნეშენალის“ საქმიანობას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უზრუნველყო სტრატეგიული კონსულტაცია, სტრატეგიული კომუნიკაციები და საინფორმაციო საქმიანობა გიული ალასანიას მხარდასაჭერად, მიხეილ სააკაშვილისა და მისი იურიდიული გუნდის სახელით, სააკაშვილის ჯანმრთელობის სტატუსთან დაკავშირებით მეტი ინფორმირების მიზნით და ყოფილი პრეზიდენტის ჰუმანიტარული თუ სამართლებრივი საბაბით გასათავისუფლებლად მხარდაჭერის მოპოვებისთვის.

„სამუშაო მოიცავდა აშშ-ისა და საერთაშორისო მედიის ჩართულობასა და მონიტორინგს, თემების შემუშავებას განხილვებისთვისმედიაინტერვიუების ორგანიზებასა და დროდადრო მედიაში განცხადებების გავრცელებას. კომპანია ასევე პერიოდულად რთავდა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს, როგორებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ანალიტიკური ცენტრები, მესამე მხარის ლიდერები და ინფლუენსერები. დამატებით, კომპანია ასევე რეკომენდაციას გასცემდა, თუ რომელი დაინტერესებული მხარე ჩაერთოთ კონგრესთან, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან“, – ნათქვამია „ჯიპი ინთერნეშენალის“ დეკლარაციაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, კომპანია „ჯიპი ინთერნეშენალის“ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის გადახდილია 96 ათას 393 ამერიკული დოლარი. თანხის გადამრიცხავებს შორის არიან გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია „აკერმანი“. მათგან ყველაზე მსხვილი გადარიცხვა თემურ ალასანიამ განახორციელა თითქმის 32 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამასთან, კომპანია „აკერმანის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო ლობისტური საქმიანობისთვის თემურ ალასანიასგან, საერთო ჯამში, 75 ათას 451 დოლარი მიიღეს.

 

 

“მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა”- ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.

აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. “როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა მზად იყო მიეღო, რომ ომის დასრულება შესაძლებელი იყო დიპლომატიის გზით უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემით, მაგრამ ბუჩას გათავისუფლების შემდეგ ყველამ ნახა ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ძალადობრივი მკვლელობების კვალი. “ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი – ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული არმია დატყვევების ისეთივე გზებს იყენებს, როგორიც ნაცისტურმა გერმანიამ გამოიყენა, მაგრამ პუტინმა კიევი ვერ აიღო.

„ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის უბრალოდ სადისტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როდის გადაიყვანენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში

ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, ექიმებისგან დასტური როდესაც გვექნება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.

„მოწადინებული ვართ, ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს შესაბამის მდგომარეობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ სათანადო ჯანმრთელობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწადინებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, ვართ ჩვენ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის პატიმრობაში იმყოფება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ჩვენ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი შიმშილობის ეპიზოდები და ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა, რაც, რა თქმა უნდა, აუარესებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებდა, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად თავისუფლება მოეპოვებინა, თუმცა ეს მცდელობები კრახით დასრულდა, როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე მათთვის წარუმატებლად დასრულდა სტრასბურგის სასამართლოში დაყენებული ერთადერთი მოთხოვნა, რომ მომხდარიყო მსჯავრდებულის სამკურნალო მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იქნება, თუ არა, ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, პრემიერ-მინისტრად იყაროს კენჭი. ამის პასუხად, გვარამიამ განაცხადა:

„გამორიცხვით, თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ. არათუ ახლა, არც არასდროს გამომირიცხავს პრინციპში. ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვთქვა არასდროს – მე მარტო არასდროს არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, ჩემი ოჯახის წევრების გარეშე. ისინი უნდა იყვნენ ამაზე თანახმა, ჩემთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ სხვადასხვა ადამიანის აზრები ამასთან დაკავშირებით, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს მოგვიანებით, არჩევანს რომ გავაკეთებ, ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა“, – აცხადებს ნიკა გვარამია. 

,,პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება”- რატი ბრეგაძე

მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივცეთ სპეკულაციებს ფართო გასაქანი და სწორედ ამიტომ ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ისე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ… იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, მანამ, სანამ ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ტიპის სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

„მოკვლევას რაც შეეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ამ ფაქტს არ დავტოვებთ და გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს და დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და, რა თქმა უნდა, მის სამართლებრივ შეფასებასაც. თუმცა, როგორც გითხარით, ვცდილობთ, მივიღოთ პოლონური მხარისგან ოფიციალური განმარტება, იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებთ ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გონივრულ ვადას რაც შეეხება, არსად არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას არ დასჭირდება რამდენიმე დღის მეტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სტუმრობისას.

,,ეს ფაქტი დაუსაბუთებელი და უსამართლოა”- ღუდუშაური

თუ ამ ყველაფერს სამართლებრივი კრიტერიუმით შევხედავთ, ცალსახაა, რომ საქართველოსთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება [ბელგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება] რბილად რომ ვთქვათ არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ძალიან ამაზრზენია, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ცალკეული კოლეგები ამას ასე აღტყინებით და ფაქტების კონსტატირების დამახინჯებით აწვდიან საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა“, – აღნიშნავს ღუდუშაური.

 

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.

რას წერენ ჩაქვში დატრიალებულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში

დღეს, ჩაქვშიტრაგედია დატრიალდა.

5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო. ფაქტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამსვენებელი ეხმაურება და წერს:

,,დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში.
სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას…

სასტუმროს, კვალიფიციური მედპუნქტი რომ ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება…

სასწრაფო, 30 წუთის დაგვიანებით რომ არ მოსულიყო…

სასწრაფოს, თან რომ ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის, პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა…

ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობენ ბანაობას… რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?”, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ სურგულაძე.