Home Blog Page 1680

მარინ ლე პენი ოთხი წლის შემდეგ შესაძლოა, პრეზიდენტი გახდეს, თუ ხელისუფლება ვერ უპასუხებს გამოწვევებს – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი ოთხი წლის შემდეგ შესაძლოა, ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდეს და პრეზიდენტი გახდეს, თუ ამჟამინდელი მთავრობა ვერ უპასუხებს გამოწვევებს და არსებულ რეალობას უარვყოფს. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა  Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მარინ ლე პენი მოვა ხელისუფლებაში, თუ არ გვეცოდინება როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, თუ დავუშვებთ ტყუილის ნორმალიზებასა და რეალობის უარყოფას ვაქცევთ ჩვევად. თუ ჩვენ ვიტყვთ, რომ პრობლემები არ არის, ვინ მოიგებს?“, – უპასუხა მაკრონმა შეკითხვას, წარმოუდგენია თუ არა, რომ ოთხი წლის შემდეგ ხელისუფლებაში მარინ ლე პენი მოვიდეს.

მაკრონის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შედეგად მკვეთრად დაეცა.

მან აღიარა „შეცდომები საზოგადოებასთან კომუნიკაციაში“ საპენსიო რეფორმის მიღებისას, რამაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

14 აპრილს ემანუელ მაკრონის რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო. მაკრონმა მეორე დღეს ხელი მოაწერა კანონს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

“აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნას განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული. აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხალხისა და საქონლის თავისუფალი და ღია გადაადგილება. მოვუწოდებთ მხარეებს განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და არამეგობრული ქმედებებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 23 აპრილს აზერბაიჯანმა ყარაბაღისკენ მიმავალ გზაზე საგუშაგოს შექმნის შესახებ განაცხადა.

12 საუკეთესო მარანი კახეთში – Wander Lush

ემილი ლაში ავსტრალიელი “ბლოგერი” და მოგზაურია, რომელიც ხშირად წერს ქართულ ღვინის კულტურაზე, მევენახეობა-მეღვინეობაზე, ისტორიასა და ქვევრზე.

ამჯერად კი კახეთში 12 საუკეთესო მარანს ასახელებს და მკითხველს მათ ღვინოსა და იქ სტუმრობას ურჩევს.

სიაში პირველ ადგილს “აკიდო” იკავებს, რომელიც იყალთოს მონასტერთანაა ახლოს და საოჯახო, მცირე მეღვინეობაა: “აქაურობა გამორჩეულია მე-20 საუკუნის ულამაზესი სახლითა და საოჯახო მემკვიდრეობით, რომელიც მფლობელებმა ძველი, საოჯახო ფოტოებითა და კახური ხალიჩებით გააფორმეს” – წერს ავტორი.

შემდეგია “გიუაანის მეღვნეობა”, რომელიც საგარეჯოში მდებარეობს, თბილისიდან მხოლოდ 1 საათის სავალ გზაზე. “გიუაანში” ღვინო 1894 წლიდან იწარმოება, მარანი კი 2010 წელს დააარსეს. მათ 22 ღვინის სახეობას ბევრი ჯილდო აქვს აღებული, ავტორი კი მკითხველს “გიუაანის” ნახევრად-ტკბილ წითელს და მშრალ მანავს ურჩევს.

Wine Yard N1 – ეს მარანი ახალსოფელშია და ძალიან მყუდრო, სასიამოვნო და ლამაზი გარემოთი გამოირჩევა, აქ შეგიძლიათ რთველთან ერთად ჩურჩხელისა და თონის პურის მასტერკლასებსაც დაესწროთ.

“ვახო ოქრუაშვილის ღვინის მარანი” – ამ პატარა საოჯახო მარანში ქვევრის ღვინის დაყენების პროცესს დააკვირდებით: “ეს პირველი მარანი იყო, სადაც პირდაპირ ქვევრიდან გადმოღებული ღვინო დავაჭაშნიკე თიხის ფიალით, რაც ძალიან დასამახსოვრებელ მომენტად იქცა ჩემთვის” – წერს ავტორი.

“შალაურის ღვინის მარანი” თელავში მეგობრებმა დააფუძნეს. აწარმოებენ მხოლოდ ქვევრის ღვინოებს, მათ შორის კი წინანდლის მიკროზონის 30 წლის ვაზისგან – საფერავს. წითელი ღვინოები “შალაურის მარანში” 4 წლის განმავლობაშია დავარგებული და ყოველწლიურად 25 000 ბოთლს იწარმოება: “აქ უგემრიელესი კერძებია და შესანიშნავი ხედები, ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც ვყოფილვარ” – ვკითხულობთ სტატიაში.

“მეგობრების მარანი” 11 სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინით აღტაცებული მეგობრების დაარსებულია. Friend’s Cellar ძალიან ლამაზი ხედებითა და სადეგუსტაციო ოთახ-რესტორნით შილდაში მდებარეობს, ქინძმარაულის მიკროზონაში, ნეკრესის მონასტერთან ახლოს. მარანში ფოლადის ავზებსაც იყენებენ და ქვევრსაც. როგორც ვკითხულობთ, ავტორს განსაკუთრებით საფერავი მოეწონა.

“ღვარძელაშვილის მარანს” გიორგი ღვარძელაშვილი, ძველი, გამოცდილი მეღვინე მართავს, აქ ძალიან არომატულ, ბიო და დაბალი ინტერვებციის ღვინოებს გასინჯავთ. შეხვდებით წინანდლის მიკროზონის ვაზის ღვინოებს, მათ შორის ჟღიას, რომელიც საკმაოდ იშვიათია.

“საოჯახო მეღვინეობა ნასრაშვილი” კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის გზაზე მდებარეობს: “ღვინოები ძალიან სხეულიანი, არომატული და დახვეწილია, გავსინჯე თავკვერის მშრალი წითელი ღვინო და შავკაპიტო.” – წერს ემილი.

Temi Community Winery გრემში მდებარეობს. “თემი” დაახლოებით 70-მდე ადამიანს აერთიანებს. აქ აყენებენ მაღალი ხარისხის, ორგანულ ქვევრის ღვინოებს რქაწითელისა და საფერავის ვაზებისგან. ავტორი სტუმრებს შემოდგომასა და გაზაფხულზე სტუმრობას ურჩევს.

სტატიის დასასრულს კი “მეღვინეობა ხარებასა” და “კორპორაცია ქინძმარაულზე” საუბრობს. ორივეს აუცილებლად სანახავ ადგილად ასახელებს და ყველას ურჩევს მათ მონახულებას, ღვინის დეგუსტაციასა და მარნის დათვალიერებას.

წყარო

“საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს”

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ საქართველოზე საუბარს, გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას და უსაფრთხოების ვითარებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად.

„ჩვენ ვაპირებთ საქართველოზე საუბარს. გვექნება შეხვედრა, განვიხილავთ მის პერსპექტივას, უსაფრთხოების სიტუაციას. ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. უნდა გვახსოვდეს, რომ მას უსაფრთხოების სპეციფიური საკითხები უდგას, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკითხის განსახილველად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ქოლ-ცენტრების საქმის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.

შესაბამისი დადგენილების პროექტის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და პარტიის წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, პარტია უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს, რათა ხელისუფლებამ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის ბოროტად გამოყენებით პარლამენტის წევრების მიერ კონსტიტუციური უფლების რეალიზებისთვის უკანონო ბარიერების შექმნა ვერ შეძლოს.

პარტია „საქართველოსთვის“ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ფაქტია, რომ საერთაშორისო გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მივა. ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება მძიმე პოლიტიკური შედეგები, იმ რეპუტაციულ ზიანთან ერთად, რომელიც უკვე ყოველდღიურად გვიდგას იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან ხორციელდება და რის შედეგადაც ევროკავშირის მოქალაქეებს ასობით მილიონი დოლარს ჰპარავენ დღემდე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, რომ ამ მძიმე, კრიმინალურ „ქეისს“, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმისთვის იყენებს.

„საზოგადოებაში ლეგიტიმურად ისმის კითხვები, როგორ მოხდა, რომ საქართველოში უკვე მესამე წელია საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ უფრო მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა?! როგორ ვიგებთ ასეთ ფაქტებს უცხოეთიდან და არა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისგან?! რამდენად შესაძლებელია, ხორციელდებოდეს ამ მასშტაბის ორგანიზებული დანაშაული დედაქალაქში, ათასობით დასაქმებული პირის ჩართულობით და ამის შესახებ არ ფლობდეს ინფორმაციას არც ერთი სახელმწიფო უწყება?! ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის ხარჯზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულით მდიდრდებიან საერთაშორისო კრიმინალები და მათი გავლენიანი მფარველები სახელისუფლებო წრეებიდან და მათი ახლო გარემოცვიდან?!

ყველანი ვხედავთ, რომ ამ მძიმე კრიმინალურ „ქეისს“, პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თავდასხმისთვის იყენებს. ზოგიერთი ამით ცდილობს ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოპარული ფულის დაცვას და საკუთარი რეპუტაციის გადარჩენას, საერთაშორისო სანქციებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

ამიტომ, გთავაზობთ, პარლამენტში შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური ჩავარდნების გადაზღვევას და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ შესაძლო ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, დაადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედობის მიზეზებს, გამოავლენს ამ დანაშაულის ორგანიზატორებს და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ გავლენიან მფარველებს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

“მარიინკაშიც ცხელა, მაგრამ არა ისე, როგორც ბახმუტში – დგანან ჩვენები ყოჩაღად”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“სულ რაღაც 2 საათის წინ ოკუპირებულ სევასტოპოლში ურდოს ფლოტის წინააღმდეგ ჩვენებმა წყალზედა კამიკაძე დრონები გაუშვეს! იყო სერიოზული აფეთქებები; ვნახოთ, გათენდეს, გავიგებთ ახალ ამბებს! აკი გააფრთხილა კიდეც უკრაინის წარმომადგენელმა ნატალია გუმენიუკმა, მორჩა ყირიმში ქვიშაში თამაში, ბავოვნას ანუ აფეთქებების

სეზონი მოდის და მოემზადეთ ურდოსებოო!

აფეთქებები იყო გუშღამ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში და ურდოსიის ტერიტორიაზე ბელგოროდში!
დიდი კონტრშეტევის დაწყებამდე ჯერ კიდევ დროა. ვინც ნახა ზაპოროჟიეში სანგრებში რა მდგომარეობაა (წელამდე წყალში არიან ჩვენი გმირები), ის კი მიხვდება, რომ სანამ წვიმები არ გადაიღებს და გრუნტი არ გაშრება საკმარისად, რომ მძიმე ტანკები გადაადგილდეს, მანამდე შეტევა არ დაიწყება. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მინიმუმ 1 თვე მაინც არ დაიწყება შეტევა. იმავეს ამბობს ლეგენდარული გენერალი პეტრეუსი. 1 თვე მაინც არის საჭირო, რომ ნიადაგი მზად იყოს დიდი შეტევისთვისო.

ჩვენი #ბუკადეილი უკრაინაში ჯგუფიც მაგ ამინდს შესცქერის. ასე არასდროს ჩავჯდომივარ უკრაინის ამინდებს.

ამსიობაში, მინამ კონტრშეტევა დაწყებულა, სამხრეთში ძაან კაი კაი ამბებია. კი გვითხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალერმა, მოთმინება ძვირფასებო, მოთმინებაო, კი გავარდნენ ურდოსიკები და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ოლეშკების ტრაფარეტთან ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ურდოს სამხედრო ბოლგერებიც კი გეოლოკაციით აფიქსირებენ, რომ ჩვენები მიიწევენ ხერსონის ოლქის სიღრმეში და ათავისუფლებენ ახალ-ახალ ტერიტორიებს. ჩვენებმა უკვე დაიკავეს და გამაგრდნენ დაჩების ზონაში, რითაც მიუახლოვდნენ ოლეშკების პერიმეტრს. სამხრეთში დიდი ამბები გვექნება მალე, დიდიიი!

ფრონტის ამბებს რადგან მივადექით, გეტყვით, რომ ყველაზე რთული ვითარება ისევ ბახმუტშია. გვიტევენ ყველა მხრიდან – ჩრდილოეთში ო0506 ტრასის გადასაჭრელად, ცენტრში რკინიგზის ხაზიდან დასავლეთით და სამხრეთში ტ0504 ტრასაზე კონტროლის დასამყარებლად. ტრასები ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ აღარ გამოიყენება მომარაგებისთვის. თუმცა, ბახმუტი არ არის ალყაში და ბახმუტის გარნიზონს უწყვეტად მიეწოდება შეიარაღება და ყველაფერი აუცილებელი თავდაცვისთვის; გეგმიურად ხდება ცოცხალი ძალის როტაცია და დაჭრილების ევაკუირება. გენერალი სირსკი გუშინ ისევ იმყოფებოდა ბახმუტში. მისი განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ კვლავ კონტროლს ექვემდებარება.

მარიინკაშიც ცხელა, მაგრამ არა ისე, როგორც ბახმუტში. დგანან ჩვენები ყოჩაღად დასახლების ცენტრალურ ნაწილში;
ავდეევკა და უჰლედარზეც პზოციური ბრძოლები იყო;

კრემინნასთან არის გარკვეული ინტენსიურობა, მაგრამ არსებითი ცვლილებები ჯერ არ არის, ისევე როგორც პოზიციურობაა შენარჩუნებული სვატოვოსა და კუპიანსკის მიმართულებაზე;
საერთაშორისო რინგზე მაგარი გაილახა საფრანგეთში ჩინეთის ელჩი. ოფიციალურმა პარიზმაც შეუტია, პეკინმა დააფიქსიროს პოზიცია, ეს ელჩის ფრუტუნია თუ პეკინის პოზიციაო;

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა ასევე გამოხატა თავისი კრიტიკული პოზიცია და მოითხოვა სიცხადე პეკინისგან; მოკლედ, თუ რამდენად შარშია პარიზში ჩინეთის ელჩი, სავარაუდოდ დღეს გაირკვევა;

არ ეშვებიან საერთაშორისო მოთამაშეები ჩვენებისთვის მოწოდებებს, მოლაპარაკებები საჭირო იქნებაო; ჩვენების პასუხი იყო: გვაცალეთ ბატონო, დავჩეჩქვავთ ურდოს შეტევებში, გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს და მერე დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან გამარჯვების გასაფორმებლადო;

პუტლერის ჯაგლაგა ლავრაშა ნიუ იორკში ჟურნალისტების გარეშე გაემგზავრა. არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთო, დაიმუქრა პუტლერის ცხენტურა, თქვენ საქმესაც ჩვენ გავაკეთებთო, დაჰპირდა პროპაგანძილებს და გაგაზა ნიუ იორკში.

ბრძოლით კი ებრძვიან დასავლეთს, მაგრამ ჩვენებური რუსეთუმეების არ იყოს, გიჟდებიან ამ ევროპებში და ნიუ იორკებში შოპინგზე, დასვენებაზე და სეირნობაზე.

სანქცირებულ ქმრებსაც კი ეყრებიან, ოღონდ ევროპაში სპაში ჩაეწონ და მაღაზიებში იარონ!

ამიტომაა ეტყობა, რომ ბიზნეს ელიტა და უკვე პოლიტიკურიც სულ უფრო აქტიურად ეძებს კავშირებს უკრაინის სპეც.სამსახურებთან და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, არ უნდათ პუტლერის საფლავში ჩაყოლა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

თიბისის პარტნიორი კომპანიის „ყვარლის ღვინის მარნის “ ახალი სიცოცხლე პანდემიის შემდეგ

თიბისის მხარდაჭერით კომპანიამ „ყვარლის ღვინის მარანი“ პანდემიისგან შექმნილი პრობლემები გადალახა, წარმოება გააფართოვა და ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი სეხნიაშვილი „ყვარლის ღვინის მარანზე“ გვიყვება:

„ვიდრე საკუთარ კომპანიას დავაფუძნებდი, ამ სფეროში მუშაობის დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება მქონდა დაგროვილი და ზუსტად ვიცოდი იმ გამოწვევების შესახებ, რაც ღვინის ბაზარზე და ღვინის ტურიზმში არსებობდა. ეს გამოცდილება დამეხმარა, მოგვენიშნა კომპანიის ნიშა და სეგმენტი.

კომპანია „ყვარლის ღვინის მარანი“ 2017 წელს დავაფუძნეთ. ძველი მარანი გავაახლეთ, ახალი ქვევრები ჩავყარეთ და 2018 წლის სეზონისთვის მომხმარებელს საფერავის, რქაწითელის და მწვანეს ჯიშებისგან, ტრადიციული კახური მეთოდით დამზადებული, მცირე რაოდენობის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები შევთავაზეთ. ამ წელს დაახლებით 8000 ბოთლი ღვინო გამოვუშვით და ძირითადი გათვლა ქართულ ბაზარზე არსებულ უცხოელ მომხმარებელზე გვქონდა.

მომდევნო, 2019 წელს, უკვე 11 სახეობის 30 000 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, მცირე რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე, 30-იოდე მაღალი ხარისხის ღვინის მაღაზიაში ჩავაბარეთ, დიდი ნაწილი კი ექსპორტზე – ავსტრიასა და ჩინეთში გავუშვით.
პირველი ორი წელი ბიზნესი საკმაოდ კარგად აეწყო, თუმცა პანდემია ჩვენნაირი სტარტაპერებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა და ბიზნესის ფუნქციონირება 2 წლით შეაფერხა.
პანდემიის შემდეგ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. დასახმარებლად თიბისის მივმართეთ და მისი მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა სხვა ბანკს ჩავეხსენით და ყველა სამომავლო გეგმაც თიბისის დავუკავშირეთ.
დაწყებული გვაქვს მუშაობა და იგეგმება „მწვანეს“, „წინანდალის“, „ქისის“, „საფერავის“, „რქაწითელის“,“ ალაზნის ველის“, „ქინძმარაულის“, „მუკუზანის“, „მცვივანის“, ასევე ქვევრის ღვინოების – „რქაწითელის“, „ქისის“, „საფერავის“ ჩამოსხმა.

ამ ეტაპზე ევროპული ღვინისთვის საწარმო იჯარით გვაქვს აღებული. სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, შევისყიდოთ ევროპული ღვინის დასამზადებელი ტექნოლოგია და დანადგარები და უკვე საკუთარ საწარმოში ჩამოვასხათ ევროპული ღვინო.

ამჟამად მხოლო საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე ვმუშაობთ. საკუთარი საწარმოს გახსნისა და ევროპული ღვინის რაოდენობის გაზრდის შემდეგ კი ვფიქრობთ დაბალფასიანი სეგმენტის ათვისებასაც.“

(R)

მოსკოვი აჩქარებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსიფიკაციას – ბრიტანული დაზვერვა

კრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციები აიძულებენ მოსახლეობას, მიიღონ რუსეთის ფედერაციის პასპორტები, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი პასპორტებს უკრაინის ოკუპირებული ნაწილების „რუსიფიკაციის“ იარაღად იყენებს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ხერსონში მცხოვრებნი გააფრთხილეს, რომ ისინი, ვინც 2023 წლის 1-ელ ივნისამდე არ მიიღებდნენ რუსულ პასპორტს „დეპორტირებული“ იქნებიან და მათ ქონებას ჩამოართმევენ.

„რუსეთი სავარაუდოდ დააჩქარებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ბიუროკრატიაში ინტეგრაციას, რათა შემოჭრა წარმატებულად წარმოაჩინოს, განსაკუთრებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

“ჩვენმა ყმაწვილებმა გრიგოლ ფერაძე, ახალი ათონი და კინოშედევრი “ჯიმ შვანტე” რომ არ იციან, ვისი ბრალია – გოგა ხაინდრავა

“ჩვენმა ყმაწვილებმა გრიგოლ ფერაძე, ახალი ათონი და კინოშედევრი “ჯიმ შვანტე” რომ არ იციან, ვისი ბრალია  საინტერესოა?!”  -გადაცემა “წიგნის თაროს” ირგვლივ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე წერს:

“წიგნის თარო” – მშვენიერი გადაცემა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ფინალს ვუყურებ და გული მწყდება…

ჩვენმა ყმაწვილებმა მსოფლიო ისტორია ლიტერატურა და ხელოვნება კარგად იციან, შესანიშნავია! მაგრამ გრიგოლ ფერაძე, ახალი ათონი და კინოშედევრი

“ჯიმ შვანტე” რომ არ იციან, ვისი ბრალია, საინტერესოა?!”- წერს გოგა ხაინდრავა.

” მოსამართლეების დასანქცირებაზე მოვისმინოთ მტკიცებულებები”- თეა წულუკიანი

საქართველოს დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და ამ მიდგომაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის მიუღებელი სანქცირებები ხდებოდეს მტკიცებულებების გარეშე, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართველი მოსამართლეების აშშ-ის მხრიდან დასანქცირებაზე კომენტარისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ეს ერთი. ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში საუკუნეების მანძილზე ჩადებულია ძალიან ბევრი თაობის, ძალიან ბევრი ადამიანის, ქალისა თუ კაცის, სხვადასხვა ასაკის გოგოსა თუ ბიჭის ბევრი სისხლი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ ჩვენ ამ დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და უნდა ვუფრთხილდებოდეთ კიდე უკეთესად. აი, ამ მოფრთხილების მიდგომაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის მიუღებელი სანქცირებები ხდებოდეს მტკიცებულებების გარეშე. თორემ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, მზად ვართ, მოვისმინოთ მტკიცებულებები, განვიხილოთ ერთად და ვიმსჯელოთ მათ გარშემო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ზოგიერთი დესტრუქციაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის თუ პოლიტიკოსის მიერ, მჩხიბავობის შედეგად მოპოვებულ სხვადასხვა ინფორმაციასთან უნდა გვქონდეს საქმე, რაც დასანანია. რადგან ჩვენს პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორებს და მასთან ურთიერთობას ზუსტად ისე ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ სისხლით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა წულუკიანმა.

“საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ.

„ოპოზიცია რაზე წუხს, არ ვიცი, რა ადარდებთ, რატომ არ ვიძიებთ ამ საქმეს? ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული. ჩვენი ოპონენტები რატომ არ ღელავენ კეზერაშვილზე, რატომ არ ამბობენ და აკეთებენ კომენტარს, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ. რატომ არ აკეთებს ის ტელევიზია განცხადებას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით და ასე შემდეგ. ჩვენს კოლეგებს ოპოზიციაში ვურჩევდი, პირველ რიგში, ამ საკითხებით დაინტერესდნენ. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ კანონის ფარგლებში, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.
 “სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”, – წერს ზახაროვა
შეგახსენებთ, რუსეთი, 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.