Home Blog Page 1679

“პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი” – Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში და არ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას იქამდე, ვიდრე 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ პრესისასთვის გამართულ დახურულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ პუტინი არ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას იქამდე, ვიდრე არ გახდება ცნობილი, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, ეს არის არა მხოლოდ მისი პირადი აზრი, არამედ პოზიცია, რომელსაც პირთა ფართო წრე იზიარებს.

“გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ატარებს” – იენს სტოლტენბერგი

გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ატარებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ სამუშაო პროგრამაზე და სტრუქტურაზე, რათა შემდგომი რეფორმების განხორციელებაში დარწმუნებულები იყვნენ.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე მომავალი რეფორმების განხორციელების ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

„ნატო და უკრაინა უკვე ერთად მუშაობენ და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციებისა და კიბერთავდაცვის შესახებ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 ნოემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7129 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7129 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9705 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება მომავალი თაობის საქმეა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

კითხვაზე: ფიქრობს თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი ოდესმე კვლავ შეუერთდება ევროკავშირს? – ურსულა ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ ეს მომავალი თაობის საქმეს წარმოადგენს.

„ჩემს შვილებს გამუდმებით ვეუბნები, ეს თქვენ უნდა გამოასწოროთ. ყველაფერი რაც ჩვენ დავაშავეთ, თქვენ უნდა გამოასწოროთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1-ელ იანვარს შევიდა.

“ოპოზიციას ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგათ, ასეთ დროს ნაკლები სამუშაო აქვთ” – იაგო ხვიჩია

რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი თუ იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება ჯგუფში, რომელსაც მოფერებით სამუშაოს ეძახიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია სამუშაო პროცესში თუ არ ჩაერთვება, „ქართულ ოცნებას“ ექნება საშუალება, თქვას, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია.

„ჩვენ ამ შენობაში ყველა ოთახში დავდივართ, რაც არ უნდა შეხვედრა იყოს და აქაც შევივლით. როგორ გითხრათ, სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები-მეთქი, როცა არ ვიცით, სამუშაო ჯგუფი ჰქვია თუ არა იმას, რაც უნდა გაკეთდეს. რასაკვირველია, თუ სამუშაო ჯგუფი იქნება, ვიქნებით ჩართული, მაგრამ თუ სხვა ჯგუფი იქნება, იქაც შევივლი და ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რა ხდება იმ ჯგუფში, რომელსაც მოფერებით სამუშაოს ეძახიან. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, როგორც ვიცი, ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“ ბოიკოტი ერთხელ უკვე გამოადგა და თუ რაღაც გადგება, ხშირად უნდა გაიმეორო. მგონი, ასეთ ნარატივში არიან. ბოიკოტიც გამოადგათ, რაში? – ნაკლები სამუშაო აქვთ. ბოიკოტში როცა არიან, ნაკლები სამუშაო აქვთ. თუ სამუშაო პროცესში არ ჩაერთვებიან, „ქოცებს“ ექნებათ საშუალება, იძახონ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში, გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ.

„ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე”, – წერს სააკაშვილი.

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს” – საბა ბუაძე

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს. ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა, – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე საბა ბუაძემ „ლელოს“ ოფისის მიმდებარედ, რკინიგზის ბაქანზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირებები.

„ჩვენ ახლა ვდგავართ საქართველოს დედაქალაქის მთავარ სატრანსპორტო კვანძში. ესაა მილიონიანი ქალაქის ცარიელი ბაქანი, რომელიც ყველაზე კარგად აჩვენებს თუ როგორია ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა. ესაა სიცარიელე, ესაა წინა საუკუნის ინფრასტრუქტურა, ესაა განუხორციელებელი პროექტების სახელმწიფო.

„ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ თბილისს ექნებოდა მეტროს მიწისზედა ხაზი და თბილისი ამ ხაზით დაუკავშირდებოდა რუსთავს. ეს პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ჩვენ მოგვატყუეს.

„ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ ამ ბაქნიდან ივლიდა მატარებელი კახეთის მიმართულებით. ჩვენ მოგვატყუეს. „ქართული ოცნება“ დაგვპირდა, რომ იპოდრომის ტერიტორია იქნებოდა ახალი მწვანე სივრცე თბილისისათვის. ჩვენ მოგვატყუეს.

ჩვენ მოგვატყუეს როცა დაგვპირდნენ ხულო-ზარზმის დამაკავშირებელ გზას, როცა დაგვპირდნენ აყვავებულ წყალტუბოს. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაასრულა ვერცერთი მეგაპროექტი, რომელიც გააუმჯობესებდა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

„ლელო“ არის წარმატება. „ლელო“ განახორციელებს ყველა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს და შექმნის ქვეყანას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი მართლა ოცნებობს.

ჩვენ ვაქცევთ ქუთაისს ლოგისტიკურ ცენტრად, ჩვენ შევქმნით საფონდო ბირჟას, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვაქცევთ ცოდნას შემოსავლის მიღების საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომ გზად.

„ლელოს“ მეგაპროექტები არის საქართველოს სწრაფი გამდიდრების საფუძველი.

დღეს, „ლელო“ მოუწოდებს ყველას, შემოგვიერთდით და ერთად დავიწყოთ მუშაობა ამ პროექტების ისე მომზადებაზე, რომ მათი განხორციელების დაწყება ხელისუფლებაში მოსვლის პირველ კვირაშივე გახდეს შესაძლებელი.

„ლელო“ 4 წელიწადში შექმნის მდიდარ, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს. ჩვენი მეგაპროექტები ამის გარანტიაა“, – განაცხადა ბუაძემ.

ოზურგეთში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ოზურგეთი; ჩოხატაურის ქუჩა N 20. შპს. ”სააქიმო სამედიცინო ცენტრი”;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, ეს კლინიკის პირველი საქველმოქმედო აქციაა; უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის 149 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 149-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი;

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 148 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 13 080 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“ევროკომისია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წარდგენას 12 დეკემბერს გეგმავს” – „ევროაქტივი“

ევროკომისია 12 დეკემბერს გეგმავს, წარადგინოს დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი შემუშავებულია ევროპული დემოკრატიის დასაცავად, ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებასა და მესამე ქვეყნებთან მათ კავშირებზე გამჭვირვალობის ვალდებულების დაწესებით, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე ზეგავლენისკენ მიისწრაფვიან.

„ევროაქტივის“ ცნობით, კანონპროექტის წარდგენა თავდაპირველად 2023 წლის მეორე კვარტალისთვის იგეგმებოდა, თუმცა სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკამ ევროკომისია აიძულა ხანგრძლივი შეფასების ჩატარებისკენ და ინიციატივის წარდგენა რამდენჯერმე გადაიდო. ამგვარად, ევროპარლამენტის წევრებსა და ევროპული საბჭოს მინისტრებს კანონპროექტის განსახილველად მხოლოდ სამი თვე აქვთ.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამოქვეყნებამდე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთება გამოთქვეს. 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ „ევროპის სამოქალაქო საზოგადოება“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა ევროკავშირი“. სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ თავისუფლებებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა გამოხატვის თავისუფლება, პირადი მონაცემების დაცვა, კონფიდენციალურობა. ორგანიზაციებს მაგალითად მოჰყვათ უნგრეთი, სადაც, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შესახებ წესებს ვიქტორ ორბანის მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისთვის იყენებს, რომლებიც დემოკრატიულ, აკადემიურ თავისუფლებებსა და ლგბტ პირების უფლებებს იცავენ. განცხადების ხელმომწერები ასევე იხსენებენ ევროკავშირის კრიტიკას საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტების მიმართ. „მესამე ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივის გამოყენება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკუთარი ზომების გასამართლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტია, ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა მეტად წავიდეს წინ”

არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის მიერ გაცემულ ცხრა პრიორიტეტთან დაკავშირებულ სამუშაოებში, „ქართული ოცნება“ მაინც უზრუნველყოფს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანა წინ წავიდეს.

„ოპოზიცია იმასაც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, თუმცა ვხედავთ, რომ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და ეს არის სწორედ იმ ერთპარტიული მუშაობის დამსახურება, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან წარიმართა. რა თქმა უნდა, არ მინდა, დამსახურება დავუკარგო რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქციების სუბიექტები არ იყვნენ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფებში. ამიტომ, არსებითად, ერთპარტიულად განვახორციელეთ ის ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ახლა კანდიდატის სტატუსი გვენიჭება.

რაც შეეხება ცხრა პრიორიტეტს, შევთავაზებთ, მაგრამ ენდომებათ, ჩაერთვებიან, არ ენდომებათ, არ ჩაერთვებიან. ერთპარტიულად თუ მრავალპარტიულად, ჩვენ მაინც უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა მეტად წავიდეს წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ჩვენ, ერთპარტიულ თუ მრავალპარტიულ რეჟიმში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სამოქმედო გეგმაში კონკრეტული პუნქტების მიხედვით სხვადასხვა ვადაა გაწერილი, თუმცა გეგმა 2024 წელს არ სცილდება.

„უკრაინისა და მოლდოვის დასაწევი ჩვენ არაფერი გვაქვს. პირიქით, ორივე ქვეყანას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ვუსწრებთ წინ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოწესრიგდება დეკემბრის დასაწყისისთვისაც კი, ან გარკვეული საკითხები – დეკემბრის ბოლომდე. არის გარკვეული საკითხები, სადაც ვადები მითითებულია იანვრამდე, თებერვლამდე, არის გარკვეული საკითხები, რაზეც 2024 წლის ბოლომდე იქნება საჭირო მუშაობა. მაგალითად, ერთ-ერთია თვითონ არჩევნების ჩატარება. არჩევნების ჩატარება არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, სურათი გვეცოდინება წლის ბოლომდე. დეზინფორმაციასთან ბრძოლაც გაგრძელდება, დაიწყება აქედან და გაგრძელდება 2024 წლის ბოლომდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის კონკრეტული პუნქტების მიხედვით გაწერილი სხვადასხვა ვადა. ზოგიერთ შემთხვევაში არის ამა წლის დეკემბერი, ზოგიერთ შემთხვევაში – იანვარი. სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი, 2024 წელს არ სცილდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის” – თინა ბოკუჩავა

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის მნიშვნელოვანი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის, ესაა შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც, შესაძლოა, ეძებდნენ გზებს, გააგრძელონ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან, – ამის შესახებ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, “ნიკა მელიამ უარი თქვა ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, რითაც დატოვა საკუთარი თავი პარტიის მიღმა, თუ ის შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და სურს პარტიაში დაბრუნება, კარი მუდმივად ღიაა ყველასთვის, ვინც საკუთარ თავს ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს“.

„მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლის და უარს აღარ იტყვის ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაზე, ალბათ, პოლიტსაბჭოც არ იქნება წინააღმდეგი, ეს მოცემულობა განიხილოს. მე არასერიოზულად და კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია საერთო დიდი მიზნებისთვის ყოველ სამ თვეში არჩევნების მოთხოვნის დაყენება. არასერიოზულია ეს მაშინ, როცა გველოდება დიდი, გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევნები და ყველამ ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელი, მიუხედავად აზრთა სხვაობისა არამხოლოდ პარტიაში, ზოგადად ოპოზიციაში, თუ გვინდა, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ.

პოლიტსაბჭოს გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, რომ ერთიანი ძალებით შევიდეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებში. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ძალიან სწორი, კარგი ინიციატივაა პოლიტსაბჭოს გაფართოება, სადაც დაგვემატება ბევრი მებრძოლი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლის, ისევე, როგორც ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესო ხედვებს შემოგვთავაზებენ, რათა პარტიამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოხდეს პროდასავლური კოალიციის ფორმირება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან უპასუხა გოცირიძეს, რომელიც ამბობს, რომ ყრილობის მოწვევის გარეშე პოლიტსაბჭო ვერ გაფართოვდება და ამას ითვალისწინებს წესდება. ბოკუჩავა აცხადებს, რომ „წესდება შედგენილია ბევრი მაღალკვალიფიციური იურისტის მიერ და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ, არის წესდების შესაბამისი“.