Home Blog Page 1679

უცხოური ვალუტის კურსი 8 თებერვლისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6592 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6592 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8629 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.

“სალომე ზურაბიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი, მათ შორის, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გახადა ქვეყნის პრეზიდენტად”

ევროკავშირში არსებული პრობლემების განზრახ დამალვაში დაადანაშაულა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სალომე ზურაბიშვილი, როცა განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავის მოხსენებაში შეეცადა „ხავერდოვან ფერებში წარმოეჩინა“ ის ორგანიზაცია, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ.

„სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ დანაშაულზე კი არა თავის შეცდომებზეც არ ილაპარაკა, როდესაც წარსდგა წლიური ანგარიშით. ერთი კი არა, 5 წლის განმავლობაში რა გააკეთა ამ ქალმა რამე მოვისმინეთ? მოვისმინეთ კი არა, ჩვენი ყველა მიღწევა თავზე გადაგვახია, ეჭვქვეშ დააყენა ყველაფერი, რაც მოქმედი ხელისუფლების ხელში გაკეთდა. მაგრამ იმდენად არის შეპყრობილი და დავალდებულებული თავისი აგენტოკრატების მიერ, რომ მასში დღეს გადაწყვეტილების მიღების ლოგიკის მოძიების მცდელობას აზრი არ აქვს.

როდესაც საერთაშორისო ინდიკაციის მიხედვით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ევროკავშირში და როდესაც ასეთ ქვეყანას ბრალს სდებ ელიტურ კორუფციაში, რაც ასევე გაჟღერდა საპარლამენტო ტრიბუნიდან, მინდა შევახსენო ნაცების მესამე პრეზიდენტს, რომ 2003 წელს ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ევროკავშირში კორუფციული ხარჯები შეადგენდა 120 მილიარდ ევროს. ეს მაშინ 10 წლის წინ. როდესაც ამ ყველაფერს მალავ და გაქვს ხავერდოვან ფერებში წარმოჩენის სურვილი იმ ორგანიზაციის, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ იმ ორგანიზაციას დღეს რა პრობლემები ჭირს, რომ დავეხმაროთ გამოსწორებაში? ან უფრო მჭიდრო კონტაქტი დავიჭიროთ მასში შემავალ იმ ქვეყნებთან, მათ ლიდერებთან, რომლებსაც ეს პრობლემები ესმით და სურთ თავიანთი ორგანიზაციის გამოსწორება და გაკეთილშობილება? მაგრამ, როდესაც ამ პირდაპირ კავშირებზე გავდივართ ავსტრიასთან, უნგრეთთან, სლოვაკეთთან, ხორვატიასთან და მათ ლიდერებთან, ეგრევე ხდება მათი დადანაშაულება პუტინთან კავშირებში, პუტინიზმში, რუსეთთან ალიანსში, რუსეთი, რუსეთი და რუსეთი…

მოძველდა ეს „რუსეთი“, გაწყალდა და შეიძლება დავეხმაროთ კიდეც მათ რაიმე ახალი თემის მოძებნაში, აღარ იციან უკვე ეს „რუსული“ რას მიაწერონ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მეწყერიდან მეხუთე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

“ვაჟა აზარაშვილის მრავალმხრივმა შემოქმედებამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა” – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ვაჟა აზარაშვილის მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი კომპოზიტორის – ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ვაჟას მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს”

ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

„იმედი გვაქვს, სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდება დაკარგულთა პოვნა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დიდთოვლობის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში დაიღუპა ორი ადამიანი.

გვიან ღამით ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.

“ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია” -ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი და მომავალშიც ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკურ წინსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ წარადგინა სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 თვიან პერიოდს.

„წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამას, რომელიც მოიცავს ათთვიან პერიოდს გასაგებ მიზეზთა გამო. ოქტომბერში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე მომზადდება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პარლამენტის შეკრების შემდეგ წარმოგიდგენთ უკვე ახალ, ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას, სადაც იქნება გაწერილი ახალი ინიციატივები, რომლებიც სწორედ ჩვენ საარჩევნო პროგრამას დაეფუძნება. საუბარია არსებითად იმ ღონისძიებების, ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, რომელიც თავის დროზე, 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში გვქონდა გაწერილი და რომელიც გაიწერა 2021 წლის სამთავრობო პროგრამაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გასული 10 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ორი ურთულესი კრიზისი – ეს იყო 2015-16 წლების კრიზისი, მათ შორის სავალუტო კრიზისი, ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი 2020-21 წლებში და საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კრიზისების ფონზე მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა და განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში თითქმის გაორმაგდა ამ სამი წლის განმავლობაში და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების თვისებრივად გაუმჯობესების შესაძლებლობა. მათ შორის, რადიკალურად შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი, თუ 2020 წლისთვის საგარეო ვალი იყო 60%-ზე მეტი, 39,5 %-მდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ასევე ბიუჯეტის დეფიციტი 9,3 % – დან შემცირდა 2,5%-მდე; 5%-ს ჩამოსცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე 1%-ზე ნაკლებია ბოლო რვა თვის ინფლაციის მაჩვენებელი. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ოპტიმალური მაჩვენებლები, ეკონომიკური, ფისკალური მაჩვენებლები და რა თქმა უნდა, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეკონომიკური განვითარების ტემპი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს. უკვე დაწყებულია კონკრეტული ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ეკონომიკის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი საკითხია. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. საქმე ეხება გზებს, საავიაციო ტრანსპორტს, რკინიგზას, კომუნიკაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს”- მიხეილ სააკაშვილი

„გამარჯვების კოალიცია“ არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს – არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი პატიმრობა საქართველოს ხელისუფლების მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია და მისი გათავისუფლება არა პარტიული, არამედ სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხია.

„გუშინ ეკა ბესელიამ „ფორმულაზე” გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და „დაზღვევის მექანიზმებს” შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?

„გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას.

ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა – ეს არის სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხი“, – წერს სააკაშვილი.

“ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა” – თინა ბოკუჩავა

ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან უარი მივიღეთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

ბოკუჩავა ფიქრობს, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ერთ შეხვედრაში ჩატევა საუკეთესო გამოსავალი არ იყო“.

„იცით, რომ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარი უფლებამოსილებაა, მოუსმინოს მთავრობას და შემდეგ დაამტკიცოს, ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, ფრაქციებს ცალ-ცალკე შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონოდა, თუმცა უარი მივიღეთ ამ შემოთავაზებაზე შალვა პაპუაშვილისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს კონსტრუქციული მიდგომისთვის,“ -განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

“კლიმატური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურდა მეწყრული პროცესები” – გარემოს ეროვნული სააგენტო

რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა.

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს.

რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი – დაიღუპა ოთხი და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ხუთი პირის მიმართ.

6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ, ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ცხადებენ, კლიმატური ცვლილებების ფონზე, გახშირებულია სტიქიური მოვლენები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

„კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ”- The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 7 თებერვლის ნომერში სათაურით „ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ: „საქმე ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ეხება“ (ავტორი – კარლ ხალსი), გამოქვეყნებულია ამერიკელი დიპლომატების კოლექტიური წერილი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსადმი, რაც ელჩების მხრიდან მიმართვის უპრეცედენტო ფორმას წარმოადგენს. დოკუმენტს ხელს აწერენ აშშ-ის ელჩები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ქვეყნებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„აქაური მთავრობები აკვირდებიან ჩვენი ქვეყნის ნაბიჯებს, თუ რას ვაკეთებთ ისტორიის გარდამტეხ მომენტში – იმ პერიოდში, როცა აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი მნიშვნელობა მრავალი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია ცხრა დიპლომატის წერილში, რომელიც კაპიტოლიუმში იქნა გაგზავნილი, – „აქაურ მთავრობებს სურთ დაინახონ, რომ სიტუაციის ნებისმიერ ცვლილების დროს ამერიკის ხელისუფლება თავის მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით იქნება“.

წერილი საკმაოდ უჩვეულოა დიპლომატიური კორპუსისათვის, რომელთა წევრები – ელჩები – ჩვეულებრივ, დუმილს ინარჩუნებენ ხოლმე და მსგავსი საკითხების განხილვებში საჯაროდ არ მონაწილეობენ. მაგრამ დიპლომატები, რომლებიც ამას წინათ ერთმანეთს რეგიონულ კონფერენციაზე შეხვდნენ, აღნიშნავენ, რომ უკრაინისადმი დახმარების აუცილებლობა და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ასეთ ფორმით მიმართვა გამართლებულია.

„არცერთ ჩვენგანს არასოდეს არ მოუწერია ხელი მსგავს წერილზე“, – აღნიშნავენ ამერიკელი პროფესიონალი დიპლომატები , რომლებსაც გამოცდილების ხანგრძლივი სტაჟი აქვთ, ღია წერილში, რომელიც კონგრესის ოთხ ხელმძღვანელს გაეგზავნა, – „მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, აუცილებლად მიგვაჩნია გაგიზიაროთ ჩვენი პირდაპირი და ობიექტური შეფასება იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისადმი დახმარების გაწევას“.

წერილს ხელს აწერენ: ფილიპ გოლდბერგი – აშშ-ის ელჩი სამხრეთ კორეაში, რამ ემანუელი – იაპონიაში, ქეროლაინ კენედი – ავსტრალიაში, ერიკ გარსეტი – ინდოეტში, ნიკოლას ბერნსი – ჩინეთში, ტომ უდალი – ახალ ზელანდიაში, ედუარდ კაგანი – მალაიზიაში და მარკ ჰეპერი – ვიეტნამში.

„ზოგიერთები ამ წერილზე ხელმომწერი ელჩებიდან, თვითონვე იყვნენ კონგრესის წევრები და აქვთ კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის გამოცდილება. ჩვენ მაღალ დონეზე ვაფასებთ კონგრესის უმნიშვნელოვანეს როლს საგარეო პოლიტიკის გატარებაში და ვაცნობიერებთ, რომ ბიუჯეტების მიღება საბოლოო ჯამში კანონმდებლების მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს“, – ნათქვამია წერილში, – თუმცა, ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ პირდაპირ მოგმართოთ და უშუალოდ გაცნობოთ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს ეს საბიუჯეტო გადაწყვეტილება ჩვენს მოკავშირეებზე და პარტნიორ ქვეყნებზე ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში“.

როგორც ცნობილია, უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღების მომხრე ბევრი კონგრესმენი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებდა, რომ თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, ამით ჩინეთი ისარგებლებს, გათამამდება და რეგიონში დესტრუქციულ პოლიტიკას განახორციელებს. ელჩები აღნიშნავენ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ექსპანსიონისტური იდეები ამოძრავებთ, მხედველობაში მიიღებენ კონგრესის ნეგატიურ გადაწყვეტილებას, მიმართულს უკრაინის დახმარების წინააღმდეგ – გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალ თაობებს გაჰყვება.

„არამარტო ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები შეაფასებენ ამ მომენტს, არამედ ჩვენი მტრებიც“, – აღნიშნავენ ამერიკელი დიპლომატები, – „შესაბამისად, ჩვენი ერთგულება კოლექტიური უსაფრთხოებისა და ექსპანსიის შეკავებისადმი, ჩვენი რეპუტაცია და ჩვენდამი ნდობა ბეწვზე ჰკიდია“.

 

ბევრი ამერიკელი ექსპერტისა და პოლიტოლოგის პროგნოზით, კონგრესის რესპუბლიკელი წევრების უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომლის თანახმად, მხარს არ დაუჭერენ თეთრი სახლის კანონპროექტს უკრაინისა და ისრაელისადმი დახმარების თაობაზე, თუ არ იქნება გადაწყვეტილი აშშ-ის სამხრეთი საზღვრის დაცვის გამკაცრებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გამაგრების საკითხი (მექსიკასთან მიმართებით), საიდანაც აშშ-ში უამრავი უცხოელი არალეგალურად შედის.

წყარო

ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა – არიან დაღუპულები

ასურეთთან, საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი დაიღუპა.

“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით არაფერი გამოვა”

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით ამ საქმიდან არაფერი გამოვა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, დაესწრება შეხვედრებს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრთან მართავს.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. რატომ? – ინიციატივა კარგი და დროულია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით, რაც შემდეგ არაადეკვატურობაში გადაიზრდება, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მინდა ჩემს თავთან ვიყო მართალი, ამიტომ მივალთ, ჩვენს აზრებს ვიტყვით და სხვებსაც მოვუსმენთ. ვეცდებით, პროდასავლური ოპოზიციის მონახაზი იყოს, ამისთვის მზად ვართ. რასაც ვუყურებ ოპოზიციიდან, ყველაფერი იქით მიდის, რომ არაფერი გამოვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი გუშინ, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა და გზა არის მომავლის ქარტიის შექმნა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივაში ჩაერთვება. ამ დროისთვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“ .