Home Blog Page 1678

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული პერიოდულობით, ხორციელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა წინასწარი ინფორმირება შესაბამისი დავალიანების არსებობის შესახებ.

აღნიშნული პროცესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის, 30 ნოემბერს, გადასახადის გადამხდელთა (დირექტორის, მეწარმის ან შესაბამის უფლებამოსილ პირთან) მიმართ, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის საერთო ბაზაში რეგისტრირებულ მობილურ სატელეფონო ნომრებზე, საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ მიიღეთ მსგავსი შეტყობინება და თქვენ აღარ ხართ საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორი ან/და უფლებამოსილი პირი და გეცნობათ ყოფილი სამსახურის საგადასახადო დავალიანების შესახებ ან/და თუ თქვენ ამჟამად ფლობთ წინა პერიოდში, სხვა პირის საკუთრებაში არსებულ მობილურ სატელეფონო ნომერს, რომელზეც მიიღეთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ, განახორციელოთ აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე ახალი მფლობელის ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდის გამოყენებით ან დაზუსტების/ცვლილების მიზნით, დაუკავშირდეთ ყოფილი სამსახურის წარმომადგენლებს (რათა მათ თავად განახორციელონ სათანადო ცვლილება) ან მიმართოთ საქართველოს მასშტაბით არსებულ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის-ცენტრებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რათა უკეთ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება თუ რა სახის პროგრამული უზრუნველყოფის ოპერაცია განხორციელდა, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს შპს-ს დირექტორის/უფლებამოსილი პირის მიერ, მითითებულ მობილურ სატელეფონო ნომერზე (SMS) შეტყობინების გაგზავნას, რომ შპს „X“-ს/ან ფიზიკურ პირს (პ/ნ და ს/ნ მითითებით) 2023 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება 2000 ლარი, პირადი აღრიცხვის ბარათზე და მიეთითება შემოსავლების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია ბმულების სახით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმულები:

ინსტრუქცია დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით:

https://www.rs.ge/ServicesCatalog?taxarrears&guid=E67E7D6C5C52F001E053790214AC8D17

შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვის ცენტრების მისამართები:

https://rs.ge/Contact?cat=1&tab=1

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია”

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი ცივი ომის შემდეგ სუვერენული ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის პირველი მცდელობა იყო. 15 წელზე მეტია უკვე რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – უკანონო ოკუპაციას. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა.

ხალხი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი მავთულხლართებით კილომეტრებით არიან იზოლირებულნი სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავი ადგილებისგან, წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, ძირითადი საჭიროებებისადმი წვდომა.

უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ცოტა ხნის წინ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან მკვლელობა, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზაა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა” – სი ძინპინი

პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზა არის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მილოცვის ტექსტში, რომელიც მან პალესტინელი ხალხის სოლიდარობისადმი მიძღვნილ გაერო-ს შეხვედრის მონაწილეებს გაუგზავნა.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრული სუვერენიტეტი 1967 წლის საზღვრების საფუძველზე და მისი დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს.

სი ძინპინის თქმით, საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს პალესტინის ეკონომიკის საჭიროებები, ხალხის საარსებო წყარო და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაზარდოს განვითარების დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება პალესტინისთვის.

„ჩინეთმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, მხარს უჭერს ქვეყნებს შორის უთანხმოებებისა და დავების გადაწყვეტას დიალოგის, კონსულტაციების გზით, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად, მორიგი დარღვევები გამოვლინდა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის კვლავაც გაუგებარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ისევე, როგორც სხვა, თავშეყრის დახურულ ადგილებში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის და ჩილიმის მოწევა აკრძალულია.

მათივე ცნობით, თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

„მოქალაქეები თუ თვალს არ დახუჭავენ მსგავსი დარღვევების ფაქტებზე, საზოგადოება სრულად გაათვითცნობიერებს, რომ მოწევის რეგულაცია საჯარო სივრცის ყველა დახურულ ნაწილში ვრცელდება. არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საჭიროა, ყველანი კანონის აღსრულების მონიტორები გავხდეთ, რადგან მოწევის რეგულაციების აღსრულებით ჩვენ ვიღებთ სუნთქვისთვის უსაფრთხო სივრცის გარანტიას.

აღსანიშნავია, რომ ზამთარის სეზონის მოახლოების გამო, მოწევის რეგულაციისთვის თავის არიდების მიზნით, სამასპინძლო დაწესებულებების ერთმა ნაწილმა გარკვეულ ხრიკებს მიმართა. ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში, კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს, ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინი სპექტაკლს დგამს, სახურავი იხსნება და პოლიციის თვალწინ ხსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა უხერხულია. ამასთან, პასუხისმგებლობისგან ვერავის ვერ დაიცავს.

დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი კვლავაც ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე, ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ახლად მიღებული კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება.

გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს და დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება. მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინსტუდენტის სტატუსი ექნებათ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილებოდა. პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს”

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტსაბჭოს ახალი წევრების წარდგენამ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შეიტანა პარტიაში.

„ჯერჯერობით, რაც ვნახეთ, ეს არის პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები, ანუ მომავალი კანდიდატები, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, პოლიტსაბჭოს ირჩევს ყრილობა. არ მგონია, ყრილობამ უარი უთხრას იმ ადამიანებს, რომლებიც წარდგენილი არიან, მაგრამ ამ პროცესმა არა თუ განმუხტა ვითარება, არამედ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შემოიტანა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში

თიბისის ლოიალობის პროგრამა განახლდა და ახლა უკვე ნებისმიერ მომხმარებელს, თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას აქვს საშუალება, რომ ერთგული ქულები დააგროვოს.

თუ უკვე გაქვთ თიბისის POS ტერმინალი, თქვენს მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება დააგროვონ ქულები ნებისმიერ გატარებაზე.

თუ თქვენი კომპანია ჯერ კიდევ არ სარგებლობს თიბისის POS ტერმინალით, შეგიძლიათ ჩაერთოთ სპეციალურ აქციაში – გააკეთოთ შეკვეთა ახლავე და 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაიბრუნოთ თიბისის ბარათებით განხორციელებული ჯამური გადახდების მოცულობის 1 %.

ამასთანავე, თქვენ მიიღებთ 3 თვიან საშეღავათო პერიოდს შევსებად საკომისიოზე.

თიბისის ბარათებით ქულების დაგროვება მარტივია, რადგან რაც მეტჯერ იხდი ბარათებით, მით მეტს აგროვებ.

 

R

“რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა” – ლავროვი

რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომს შეეხო.

„ნატოს იგივე ქვეყნები, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს გაწევრიანებას დაპირდნენ. მიზანი მარტივი იყო, მათი რუსეთის წინააღმდეგ განწყობა. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ ბლანში და იმავე 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ ოსეთში ეუთოს თანხმობით მყოფ სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა. ეს პროვოკაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა, რომელმაც საქართველოში პროგრამა „წვრთნა და ვარჯიში“ დაიწყო. ის რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს -უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ეუთოს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

„კიევისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მიღწევას ხელს არ უწყობს, არამედ მხოლოდ ახალ მსხვერპლს იწვევს. ის, ვინც ამბობს, რომ ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეიძლება, ცდება“, – განაცხადა სიიარტომ.

სიიარტომ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მას უკრაინაში უნგრული უმცირესობების სიცოცხლის გადარჩენა სურს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ მეტი უნგრელი დაიღუპოს, მაგრამ ზოგადად, ჩვენ არ გვინდა, რომ მეტი ადამიანი დაიღუპოს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება” – შარლ მიშელი

ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დრო მოვიდა თავდაცვის კავშირი შექმნან ერთიან თავდაცვით ბაზართან ერთად.

„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა. ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც ნატო რჩება“, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა“ მისცა.

„ამიტომ ჩვენ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ უსაფრთხოების პარადიგმის დღევანდელ ცვლილებებს. ვინაიდან ომი უკვე ჩვენს კართანაა, ჩვენი ამბიციები ამ აქტუალურობას უნდა შეესაბამებოდეს.

პირველ რიგში, ვაგრძელებდეთ უკრაინელი ერისადმი ჩვენს ურყევ სამხედრო დახმარებას. უკრაინის უსაფრთხოება – ჩვენი უსაფრთხოებაა. მთელი ჩვენი უსაფრთხოებაა. მეორე რიგში, ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. დღეს, ხვალ და მომავალში,” – განაცხადა მიშელმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9769 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0186 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ყაზახეთში, სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, ერთ-ერთ ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ათი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწმალა.

როგორც მედია წერს, ჰოსტელი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იყო მოწყობილი. ინციდენტი 30 ნოემბერს, დილით მოხდა.

პოლიციის ცნობით, შენობაში სამოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 59-მა პირმა ჰოსტელის დატოვება დროულად მოასწრო.

ცეცხლი 30 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.