Home Blog Page 1678

,,მიმავალი წლის ყველაზე დიდი სენსაცია კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოჩნდა”- თამარ ჩიბურდანიძე

მიმავალი წლის ყველაზე დიდი სენსაცია კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოჩნდა. ვისთვის შოკი, ვისთვის სიხარული და ქვეყნისთვის კი, უდიდესი იმედი!, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. იგი 2023 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ამ წლის მსგავსად 2024 წელი რთული, ოპოზიციისგან საარჩევნო მანიპულაციებით სავსე იქნება, მაგრამ საქართველოს წინსვლა შეუქცევადია.

„გასრულდა კიდევ ერთი, პოლიტიკურად დატვირთული წელი. ამ ახალ წელს ყველაზე მეტად არ გვეთქმის ილიას სიტყვები: – „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“, სათქმელიც ბევრი გვაქვს და სასიხარულოც. ახალ წელს ვხვდებით დიდი მონაპოვრით და კვლავ უდიდესი ნებისყოფის ფასად, ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობით. 2023 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ევროპული ოჯახისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი – კანდიდატის სტატუსის მოპოვება გააზრებული ქმედების შედეგად.

თუმცა, ამ გამარჯვებას წინ უძღოდა ოპოზიციისგან მთელი რიგი რყევები. თუკი შვილებს შეიძლება ვასწავლოთ სამშობლოს მოღალატეობის ქრონიკები, 2023 წელს ქართული ოპოზიციის ბრძოლა ევროპული გზის წინააღმდეგ საუკეთესო მაგალითად გამოგვადგება. მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, ბრძოლა მოვიგეთ და დღეს, საქართველოს დროშის გვერდით ამაყად ფრიალებს ევროკავშირის დროშა.

2023 წელი გამორჩეული იყო საქართველოსთვის მსოფლიოს ახალ ზესახელმწიფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებით. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩინეთთან მისასვლელ გზებს ეძებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა. ესეც ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგია. გასული წელი გამორჩეული იყო საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობით, რაც მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა და ეს დაძაბულობაც უკვე განიმუხტა. ამერიკა რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად.

ჩვენი რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიისთვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო საქართველოს ფასილიტატორობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში. საქართველომ დაიბრუნა დომინანტი სახელმწიფოს როლი კავკასიაში, რაც ჩვენი ფუნქციის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა რეგიონულ პოლიტიკაში. აქვე მსურს აღვნიშნო ეთნიკური კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის და დეესკალაციისთვის საქართველოს ხელისუფლების რეალური მცდელობები. ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან არის ის, რომ პროვოკაციის მიუხედავად, ომი ვერ დააწყებინეს ხელისუფლებას და ამით კონფლიქტი არ გავაღრმავეთ. ჩვენ თმენით, მშვიდობით და მხოლოდ ურთიერთსიყვარულით მივყვებით მოვლენებს და გვჯერა, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

რით დაგვამახსოვრდა კიდევ 2023 წელი? რა თქმა უნდა, მარტის დღეებით, სიცრუეზე აგებული დესტაბილიზაციით და კვლავ ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული ქმედებებით. „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ” ამერიკულ კანონს, რომელიც რუსულად მონათლეს, დღეს ევროპარლამენტი იღებს. იყო თუ არა ეს საქართველოს სუვერენული უფლებების შელახვა? რა თქმა უნდა, იყო. ვფიქრობთ, ეს მწარე გაკვეთილი იქნება იმათთვის, ვინც წაუკითხავი კანონის გასაპროტესტებლად რუსთაველზე გარბოდა და დღეს ალბათ ბევრს რცხვენია საკუთარი ქმედების. 2023 წელი გამორჩეული იყო საქართველოს უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტით და ეკონომიკური წინსვლით.

თუმცა, სოციალურ-დემოგრაფიულ პოლიტიკაში საზრუნავი ჯერ კიდევ ბევრია და ამ პრობლემას სრულად მოგვარება სჭირდება. მიმავალი წლის ყველაზე დიდი სენსაცია კი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოჩნდა. ვისთვის შოკი, ვისთვის სიხარული და ქვეყნისთვის კი, უდიდესი იმედი!

როგორი იქნება ახალი 2024 წელი? იქნება აუცილებლად რთული, დაძაბული, საარჩევნო მანიპულაციებით სავსე კვლავ ოპოზიციისგან, მაგრამ აუცილებლად იქნება გამარჯვების წელი! ჩვენი სახელმწიფოს შეუქცევადი წინსვლა უკვე აღიარებულია ქართველი ხალხისგან და გვჯერა, ამ აღიარებას მოახლოებულ არჩევნებში ხმის მიცემით დაასაბუთებენ. სიმართლის გზა ეკლიანია, მაგრამ ამ გზის დასასრულში ყოველთვის გამარჯვების დროშა ფრიალებს! სწორედ სიმართლის ეკლიან, მაგრამ გარდაუვალი გამარჯვების გზას მივუყვებით და გვჯერა შედეგის! ქართველობა ჩვენი ცნობიერების შედეგია და არა მხოლოდ წარმომავლობის. ქართული სულით, რწმენით და მომავლის იმედებით გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი მსოფლიოსთვის! მშვიდობა და სიყვარული ყოფილიყოს ახალი წლის მეკვლე! წარმატებები ჩვენს სამშობლოს ახალი რეალური შესაძლებლობებით ახალი მსოფლიოს დასაწყისში!“, – წერს ჩიბურდანიძე.

შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით”- მეუფე შიო-

შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ…“ – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ თავის ქადაგებაში აღნიშნა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტესშობის წინა კვირა.წმინდა ეკლესია ჩვენ გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ დღეს წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ.

რა უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ამაზე აღმატებული, რომ უფალი ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი?! იესო ქრისტეს შობამ ყველაფერი შეცვალა ჩვენს სამყაროში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიტანა სრულიად ახალი სწავლება, რომელიც ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი იყო, არამედ ასევე იმიტომ, რომ მან გვიბოძა ის ძალა და მადლი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მისი სწავლების ცხოვრებაში განხორციელება. ამიერიდან ყველა ადამიანს შეუძლია განახლდეს და ფერი იცვალოს, იმიტომ რომ კაცობრიობას მოენიჭა ეს ძალა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წარმართოს.

აი,რა არის ეს ახალი ცხოვრება? რა არის ის ძალა და მადლი, რომლებიც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვროთ?

ეს გახლავთ მშვიდობა, ეს გახლავთ სიმართლე, ეს არის ასევე სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი ცნება სრულიად განსაკუთრებულია ქრისტიანობაში. შეგახსენებთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „იმ მშვიდობას კი არ გაძლევთ, რომელსაც იძლევა სოფელი ესე, არამედ ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გიტოვებთ”.

ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხვანაირს, განსაკუთრებულს. ეს გახლავთ ის მშვიდობა, რომელზეც შობის ღამეს წმინდა ანგელოზები გალობდნენ ზეცაში: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, ეს არის მშვიდობა ადამიანებთან. აი, ეს მშვიდობა და სამართალი, სიმართლე, სრულიად განსაკუთრებულია, ის ამხელს და ვერ ეგუება ბოროტებას, ის ამჩნევს უსამართლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ სძულს ამ უსამართლობის ჩამდენი და ბოროტების ჩამდენი ადამიანი, არამედ, მეტიც, ინარჩუნებს მასთან შინაგან მშვიდობას და შინაგან სიყვარულს მაშინაც კი, როცა უწევს ამ ბოროტების წინააღმდეგ გამოსვლა და ზოგჯერ მკაცრი ზომების მიღებაც კი.

აი, მხოლოდ ასეთ მშვიდობას და ასეთ სიმართლეს მოაქვს სიხარული სულიწმიდაში; არა უბრალო სიხარული, რომელსაც სოფელი ესე იძლევა, არამედ სიხარული სულიწმიდაში.

ჩვენ გვაშფოთებს ხოლმე ის ბოროტება, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, ვინაიდან ის მრავლად არის ამ ცხოვრებაში. ჩვენი მხილება, ჩვენი სიძულვილი გადაგვაქვს ხოლმე ბოროტებისა და უსამართლობის ჩამდენ ადამიანზე, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო სწორი გზა და სამართლიანი დამოკიდებულება, მაშინ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე არ მოვიდოდა, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყნად ადამიანი, ვინც მეტად თუ ნაკლებად არ არის ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მატარებელი და, შესაბამისად, ბოროტების მატარებელი. ჩვენ განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად თავისუფალი ვართ ბოროტებისა და ცოდვისგან? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, უფალმა შეიყვარა ყოველი ადამიანი, იგი განკაცდა და ჯვარზე ავიდა ყოველი ადამიანისთვის. იმდენად შეიყვანა მან სწორედ ცოდვილი, დაცემული ადამიანი, რომლისთვისაც მოვიდა და არა მართალი და უცოდველი, რომ თავად ამბობს უფალი იესო ქრისტე: მოვედი სნეულთათვის და არა მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჯანმრთელია და არ არის სნეული.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა. ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარვართ ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ასევე ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან; და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, – აცხადებს მეუფე შიო.

რა ღონისძიებები გელოდებათ საახალწლო სოფელში

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის 7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღსა და მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი გასართობი და კულტურული აქტივობები: გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, ყინულის საციგურაო მოედანი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, თემატური ფოტოზონები, საბავშვო ვორქშოფები და ა.შ. პატარებს თოვლის ბაბუა, ელფები და გასართობი ზონა დედაენის ბაღში დახვდებათ.

ყოველდღიურად, 12:00-დან 22:00 საათამდე საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე გაიმართება ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი და ა.შ. საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდების, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით.

31 დეკემბერი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-20:00 ელექტრონული მუსიკა (DJ) – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

1-ელი იანვარი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-20:00 Goofy Land – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

2 იანვარი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-17:30 FE PROJECT – ფურცელაძის ქუჩა
  • 18:00-19:00 ზუკა ხუციშვილი და ბენდი – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 ბედობის კონცერტი – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

3 იანვარი

  • 14:00 – 14:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-22:00 ქართველი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი – ათონელის ქუჩა
  • 20:00-21:00 Circus Mircus – ფურცელაძის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

4 იანვარი

  • 14:00 – 14:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 17:00-18:00 „ნალი ბენდი“ – ათონელის ქუჩა
  • 18:00-19:00 On the road – ა.ფურცელაძის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

5 იანვარი

  • 15:00-15:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 16:00-16:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 17:30-18:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 19:00-22:00 ქართველი საესტრადო შემსრულებლების კონცერტი – ათონელის ქუჩა
  • 21:00-22:00 ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე – ფურცელაძის ქუჩა
  • 22:00 -23:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

6 იანვარი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:00 ANIKY – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 „ალილო“, „ჰერიო“, „თეატრალურის კვარტეტი“ – ათონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

7 იანვარი

  • 12:00 – 12:30 ილუზიონისტების შოუ – ფხოვის ქუჩა
  • 13:00-13:30 თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 14:00-14:30 გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი – ფხოვის ქუჩა
  • 15:30-16:30 მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი – ფხოვის ქუჩა
  • 18:00-19:30 ერეკლე დეისაძის ბენდი და მეგობრები – ფურცელაძის ქუჩა
  • 20:00-22:00 „შობის ღამე თბილისში“ – საახალწლო სოფლის დახურვა – თონელის ქუჩა
  • 21:00 -22:00 ელექტრონული მუსიკა (Dj) – ფურცელაძის ქუჩა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ახალი ავტობუსი გადაეცა

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რუსეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა

რუსეთის მოთხოვნით უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა გაიმართა. რუსეთის წარმომადგენელი გაეროში, ვასილ ნებენზიას თქმით, რომ ქალაქ ბელგოროდში უკრაინის თავდასხმების შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “მალტის წარმომადგენელმა დღეს ისაუბრა, რომ უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. მინდა, დავსვა კითხვა: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, განზრახ მოკლას მშვიდობიანი მოქალაქეები?საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინა თავს იცავს გაერო-ს წესდების 50-ე მუხლის შესაბამისად. სამხედროებს არ ევალებათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. ამას უკრაინა გაერო-ს წესდების 50-ე მუხლის საფუძველზე აკეთებს? ჩვენ მიზანმიმართულად არ ვმართავთ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,” – თქვა ნებენზიამ.

 

შეხვედრის დროს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ხალედ ხიარიმ კი განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მიერ ერთი დღით ადრე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ღამით გაიზარდა. საფრანგეთის წარმომადგენელმა გაეროში, ნიკოლას დე რივიერამ აღნიშნა, რომ უკრაინა გაეროს წესდების სრული დაცვით, იცავს თავს. “საბოლოოდ, ძნელია არ შეამჩნიო ის უხეში ოსტატობა, რომ დღევანდელი შეხვედრის მოწვევა არის გზა, რომ რუსეთმა უპასუხოს გუშინ უკრაინის მოთხოვნით გამართულ შეხვედრას. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთი, მუდმივი წევრი, აგრძელებს უშიშროების საბჭოს სამუშაოს ექსპლუატაციას. უკრაინა იცავს თავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით”, – განაცხადა რივიერამ.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა – ის 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. დევნილი პრეზიდენტი, რომელიც რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად იძულებული იყო თავი სამეგრელოს ტყეებისთვის შეეფარებინა, გარდაცვალების შემდეგ, თავდაპირველად იქვე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში ქალაქ გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი პირველი პრეზიდენტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და 2007 წლის 1 აპრილს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. 2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ზვიად გამსახურდიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. “თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად”.

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

„31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე.

აგრეთვე, შეზღუდვის პერიოდში, ალექსანდრე ინაშვილისა და შოთა მესხიას ქუჩებიდან, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რევაზ ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი შენგელაიას, თამარ ჭოველიძის, ბესარიონ ბელინსკის, კოტე მაყაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო ვასილ ბარნოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით.

შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებს და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ხოლო N359 ავტობუსი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც დაუკავშირდება რევაზ ლაღიძის ქუჩას და რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის”- ლავროვი

უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სასამართლოებმა, საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების 200-ზე მეტ წარმომადგენელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

“იგივე ბედი ელის ყველა სხვა დამნაშავეს. თითოეული მათგანი მიიღებს სამართლიან ანგარიშსწორებას”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა დაახლოებით 900 ადამიანის წინააღმდეგ ოთხი ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„მათ შორის არიან არა მხოლოდ რადიკალური ნაციონალისტური გაერთიანებების წევრები, უკრაინის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და დაქირავებული ჯარისკაცები, არამედ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც“, – აღნიშნა ლავროვმა.

,,ახალი წელი დგება და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველა ქართველს მივულოცო”- რობინ დანიგანი

აშშ-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები, აშშ-ს საელჩოში ყველა ჩვენგანი ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის საახალწლო ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.

ელჩის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. დგება ახალი წელი და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ცხადია, ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვრჩებით განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს“, – განაცხადა ელჩმა.

საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით.

„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვის რაში გაუმართლებს დრაკონის წელში და ვის ელის ყველაზე რთული 2024?

ჩინური ზოდიაქო, ჩინური კულტურის განუყოფელი ნაწილი, ყოველწლიურად ასოცირდება ზოდიაქოს თორმეტი ცხოველიდან ერთ-ერთთან: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი.

ჩინური ახალი წელი 2024-ში აღნიშნავს დრაკონის წლის დასაწყისს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.

დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა – ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. 2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, გამონაკლისი არც მომავალი დრაკონის  წელი იქნება – ის ტრანსფორმაციის, ზრდისა და სიმრავლის წლად ითვლება.

დრაკონი არის იანგის სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია ცეცხლის ელემენტთან. მოსალოდნელია, რომ ამ დროს მისი პოზიტიური ენერგია გაძლიერდება, რაც ყველასთვის პოზიტიურ ცვლილებებსა და შესაძლებლობებს მოიტანს.

მაგრამ რას ნიშნავს თქვენთვის დრაკონის წელი?

ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეულ ცხოველს აქვს უნიკალური ურთიერთობა დრაკონთან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ენერგიის ტიპზე. თუ თქვენ დაიბადეთ დრაკონის ნიშნის ქვეშ, გელოდებათ განსაკუთრებით იღბლიანი წელი წარმატებისა და პიროვნული ზრდის მრავალი შესაძლებლობით.

ჩინურ ასტროლოგიაში ყოველი ზოდიაქოს წელი ასევე ასოცირდება ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთთან: ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი და წყალი. დრაკონის წელი ხის ელემენტთან ასოცირდება.

ჩინურ ფილოსოფიაში ითვლება, რომ ხის ელემენტი წარმოადგენს ზრდის, პროგრესისა და განვითარების საწყის ეტაპებს. ხე ასოცირდება აღმოსავლეთთან, გაზაფხულთან და პლანეტა იუპიტერთან. გარდა ამისა, მისი ენერგია უკავშირდება მწვანე ფერს, ქარიან ამინდს და მითიურ ცისფერ დრაკონს.

ასევე ამბობენ, რომ ხის ელემენტი არის ცეცხლის ელემენტის დედა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ვნების, კრეატიულობის და ინოვაციების გაღვივების პოტენციალი. გარდა ამისა, მწვანე ფერი, რომელიც დაკავშირებულია ხის ელემენტთან, შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის მეტაფორად.

ვის ელის ყველაზე კარგი წელი?

ვირთხის, მაიმუნის და მამლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კარგი წელი ელით. ეს ნიშნები მჭიდროდ უკავშირდებიან დრაკონს, რაც 2024 წელს დიდი წარმატებისა და სიმრავლის დროდ აქცევს.

მეორე მხრივ, ზოგი შეიძლება დაბრკოლებებს წააწყდეს. მაგალითად, ხარის, გველისა და ძაღლის ნიშნები შეიძლება შეხვდნენ გამოწვევებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

მაგრამ არ ინერვიულოთ; არსებობს გზები ამ სირთულეების დასაძლევად. ხარს შეუძლია დაეყრდნოს თავის მოთმინებასა და შეუპოვრობას, გველს შეუძლია გამოიყენოს თავისი ინტუიცია და ადაპტირების უნარი, რათა გადალახოს ნებისმიერი დაბრკოლება. ძაღლს ასევე შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ ერთგულებას და პატიოსნებას.

როგორი იქნება 2024 წელი დრაკონებისთვის?

2024 წელი ამაღელვებელი წელი იქნება დრაკონის წელში დაბადებულებისთვის, რადგან მათი ზოდიაქოს ნიშნის სიცოცხლისუნარიანობა ძლიერდება.

2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ხის დრაკონის ენერგია გადამწყვეტ გავლენას მოახდენს დრაკონებზე, გააძლიერებს მათ ბუნებრივ თვისებებს – გამბედაობას, თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას. შედეგად, დრაკონები იგრძნობენ ძალაუფლებას, აიღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ ცხოვრებაზე და მიაღწევენ მიზნებს.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 2023 წლის საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 2023 წლის საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ღრმად პატივცემულო ძმანო მღვდელმთავარნო,

უფლის მიერ საყვარელნო შვილნო,

წელს, ღმრთის მადლით, ჩვენ გალობით, ჰიმნითა და სულიერი სიმღერით კვლავ ვდღესასწაულობთ დაუსაბამო ძისა და ღმრთის სიტყვის ხორციელ შობას, სახელდობრ, საღმრთო და საკაცობრიო საიდუმლოს გაცხადებას.

წმინდა ნიკოლოზ კაბასილას მიხედვით, საღმრთო ლიტურგიისას „ცხადდება ღმრთის განკაცების საიდუმლო“, იმ დროს, როდესაც ლიტურგიის დასაწყისი ასამაღლებელი „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ იმის მოწმობაა, „რომ ღმრთის განკაცებით ადამიანებმა ღმრთის სამპიროვნება პირველად შეიცნეს“.[1] იგივე წმინდა მამა ბრძანებს, რომ „მხოლოდ ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ პირველად განაცხადა ავთენტური და სრულყოფილი ადამიანი, მისი ზნის, ცხოვრებისა და ყოველივე დანარჩენის შესახებ“.[2]

ღმრთის ძისა და სიტყვის პიროვნებაში ადამიანური ბუნების ამაღლება, მადლით ადამიანური განღმრთობის გახსნის გზასთან ერთად, კაცობრიობას დაუძლეველ მნიშვნელობას მატებს. ამ ჭეშმარიტების დავიწყება ადამიანის პიროვნების პატივისცემას ამცრობს. უზენაესი განგებულების უარყოფა არა მხოლოდ ათავისუფლებს ადამიანებს, არამედ მრავალფეროვნად ამცრობს და განჰყოფს. ღმრთაებრივი წარმომავლობისა და მარადიულობის იმედის გაცნობიერების გარეშე, ადამიანები ადამიანად დარჩენისთვის იბრძვიან და ვერ ახერხებენ „ადამიანური მდგომარეობის“ წინააღმდეგობების გამკლავებას.

ადამიანის არსებობის ქრისტიანული აღქმა ჩვენ სამყაროში ძალადობის, ომისა და უსამართლობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს გადაწყვეტს. ადამიანის პიროვნების, სიმშვიდისა და სამართლიანობის პატივისცემა ღმრთის საჩუქარია, თუმცა ქრისტესაგან მომდინარე მშვიდობის დამყარება, ადამიანების მონაწილეობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. მშვიდობისათვის ბრძოლის ქრისტიანული ხედვა ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის, სიტყვებში მდგომარეობს, რომელიც სიმშვიდეს თავის მოწაფეებისადმი მიმართვისას აცხადებს: „მშვიდობა თქვენდა“ და გვაგულიანებს, გვიყვარდეს ჩვენი მტრები,[3] ხოლო ქრისტეში გაცხადებას „მშვიბობის სახარებას“[4] უწოდებს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის მშვიდობისაკენ მიმავალი გზა მშვიდობით მიიღწევა; არაძალადობა, დიალოგი, სიყვარული, მიტევება და შერიგება კი უპირატესობენ უთანხმოების გადაჭრის სხვა სახეებზე. მშვიდობის ღმრთისმეტყველება ნათლად არის გადმოცემული მსოფლიო საპატრიარქოს დოკუმენტში „მსოფლიოს სიცოცხლისათვის: მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ“ (2020):

„მაგრამ ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ქმნილებებისადმი მიმართულ ღმრთის ნებას, იმაზე მეტად არაფერი ეწინააღმდეგება, ვიდრე მოყვასზე ძალადობა… პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალადობა უმთავრესი ცოდვაა. ეს, სწორედ რომ, ჩვენ ქმნილ ბუნებასა და ზებუნებრივ მოწოდებას უპირისპირდება, რომ ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულისმიერ გაერთიანებას ვესწრაფვოთ… მიძინებული შესაქმის უღრმესი სინამდვილის ნამდვილი გამოცხადებაა, როგორც იგი ღმერთმა თავის მარადიულ აზრებში განიზრახა და შექმნა“. [5]

ნათელია, რომ მშვიდობა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისთავადად. ეს არის ვალდებულება, მიღწევა და მის შესანარჩუნებლად განუწყვეტელი ბრძოლა. ავტომატური გადაწყვეტილებები ან მუდმივი რეცეპტები არ არსებობს. მშვიდობისადმი მუდმივი საფრთხის პირობებში, უნდა ვფხიზლობდეთ და მზად ვიყოთ პრობლემათა დიალოგით მოსაგვარებლად. პოლიტიკის დიდი გმირები მშვიდობის ჩემპიონები არიან. ჩვენ რაც შეგვეხება, ვაგრძელებთ რელიგიის სამშვიდობო დანიშნულების ხაზგასმას. ეს იმ დროს, როდესაც რელიგიებს აკრიტიკებენ „ღმრთის სახელით“ მზრდადი ფანატიზმისა და ძალადობის გამო, იმის ნაცვლად, რომ წარმოადგენდნენ მშვიდობის, სოლიდარობისა და შერიგების ძალებს. თუმცა ეს მიუთითებს რელიგიური რწმენის გაუცხოებაზე და არა მის განუყოფელ ნაწილზე. ღმრთის ნამდვილი რწმენა რელიგიური ფანატიზმის უმკაცრესი კრიტიკოსია. რელიგიები, მშვიდობის, სამართლიანობისა და შესაქმის ადამიანისმიერი განადგურებისგან დაცვისაკენ მომართული ყოველი ადამიანის ბუნებრივი მოკავშირეები არიან.

წელს მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948 წლის 10 დეკემბერი) 75-ე წლისთავს, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტური ადამიანური იდეალებისა და ღირებულებების შეჯამებას, „საერთო სტანდარტს, რომლისკენაც უნდა მიემართოს ყველა ხალხი და ყველა ერი“. ადამიანის უფლებები, რომლის მთავარი მიზანიც მოიცავს ადამიანის ღირსების დაცვას მისი ინდივიდუალური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობებით, მხოლოდ მათი თავდაპირველი დინამიკით არის გაგებული, თუ ისინი თავისუფლებითა და სამართლიანობით აღიარებულია გლობალური მშვიდობის საფუძვლად და კრიტერიუმად. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის მომავალი ასევე დაკავშირებულია რელიგიების წვლილთან, მათი პატივისცემისა და სინამდვილედ ქცევის საქმეში.

ამ ფიქრებითა და სადღესასწაულო განწყობებით, სრული რწმენით, რომ ეკლესიის ცხოვრება თავისთავად მომართულია არაადამიანურობის წინააღმდეგ, სადაც კი ასეთი არაადამიანობა წარმოიქმნება, ყველას გიწვევთ მშვიდობისა და სოლიდარობის კულტურის აღშენებისათვის კეთილ ბრძოლაში, სადაც ხალხი ნებისმიერ ადამიანში და-ძმასა და მეგობარს დაინახავს, ვიდრე საფრთხესა და მტერს. უფრო მეტიც, ყველას შეგახსენებთ, ძვირფასო ძმანო იერარქნო და შვილნო, რომ ქრისტეშობა არის თვითშეგნებისა და მადლიერების, ღმერთკაცისა და „კაც-ღმერთის“ განსხვავების გაცხადების, ქრისტეში თავისუფლების „დიდი სასწაულის“ გააზრებისა და ღმრთისგან გაუცხოების „დიდი ჭრილობის“ განკურნების ჟამი. ბოლოს, მოკრძალებით დავიჩოქებთ ღმთისმშობელი მარიამის წინაშე, რომელსაც ხელთ უპყრია განკაცებული სიტყვა და გადმოგცემთ ქრისტეს წმინდა დიდი დედა ეკლესიის კურთხევას; გისურვებთ წარმატებულ, ჯანმრთელ, ნაყოფიერ, მშვიდობიან და სიხარულით აღსავსე უფლის ნაწყალობებ ახალი წელს!

ქრისტეშობა 2023

✠ ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

ღმრთის წინაშე მარად თქვენთვის მლოცველი, – წერია ეპისტოლეში.