Home Blog Page 1676

“არ მგონია, ციხეში ჩამსვან” – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპს დაპატიმრების არ ეშინია. ამის შესახებ მან რადიოწამყვან გლენ ბეკთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, ციხეში ჩამსვან, რადგანაც ყველა საქმე თაღლითურად აქვთ აღძრული. მე ცუდი ადამიანები მდევნიან, მაგრამ ახლა უფრო მეტი მხარდამჭერი მყავს, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული. 6 სექტემბერს ის ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე, 2020 წლის არჩევნების დივერსიის საქმეზე წარდგება.

საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, გომეწარი, კაწალხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:25 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მჭადიჯვარი, ციხევდავი, წიწამურა, ჭართალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, ჩეკურაანთგორი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ოძისი და მიმდებარე სოფლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ემოციურად რთული დღეა. ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებით და ნერვიულობთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების უწყინარ შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ და მათთან მიმართებით მეტი გაგება და პატივისცემა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო შეთავაზებებს მიიღებთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი უნდა იფიქროთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას – ჯერ ამის დრო არ მოსულა. ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ტყუპები

ემოციებით სავსე ხართ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ნუ ეცდებით ადამიანების მანიპულირებას ან მათთვის საკუთარი თვალსაზრისის თავზე მოხვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ახლობელი ადამიანი შეურაცხყოთ და თქვენთვის საჭირო ურთიერთობა გაანადგუროთ. დროა, დიდი ხნის წინ მიცემული პირობის შესრულებაზე იფიქროთ.

კირჩხიბი

დღის პირველ ნახევარში სიზარმაცესთან გამკლავება მოგიწევთ. თუ თავს სამსახურში წასვლას ვერ აიძულეთ, ეცადეთ სახლი საფუძვლიანად დაალაგოთ და პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ – ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ზაფხული ბოლო დღეები ხელსაყრელი დროა ვარჯიშისა და პროფილაქტიური მკურნალობის დასაწყებად.

ლომი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ. თუ სასურველი შედეგისთვის წინასწარ განწყობას შეიქმნით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ფრთხილად იყავით ახლად შეძენილ მეგობრებთან – მათ შორის რომელიღაცას ანგარება ამოძრავებს, ამიტომ არავის ენდოთ. ოჯახთან ერთად გატარებული დრო სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თუ მოვლენების შუაგულში იტრიალებთ, შეიძლება საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ ისაუბროთ – ეს პერსპექტიული შეთავაზების მიღებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს რაციონალურად უნდა იფიქროთ და იმოქმედოთ. ოცნება და რომანტიკული განწყობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ნუ დაინანებთ კეთილ სიტყვებს და მხარდაჭერას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ სანამ კითხვაზე უპასუხებთ, ათამდე უნდა დაითვალოთ.

მორიელი

დროა, შესრულებული სამუშაოს, სამომავლო გეგმებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებ დაფიქრდეთ. დილიდან საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდას ებრძვით. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ – ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ და ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებზე გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი

საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. დილიდან დაძაბული მუშაობა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის – ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ გაგება და თავაზიანობა გამოიჩინოთ. სასურველია, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა

შეცვლილი გარემოებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, ამას, როგორც კარგ შესაძლებლობას, ისე შეხედოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ნუ გაჯიუტდებით, ჯობს სხვა ადამიანების მოსაზრებებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

მერწყული

დილიდან ნერვიულ განწყობაზე ხართ. საყვარელი საქმიანობა ან გატაცება დაგეხმარებათ, რომ ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ოჯახის წევრების საქმეებით დაინტერესდეთ და რთულ დროს მხარი დაუჭიროთ. სახლის დალაგება გაგახალისებთ.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. გირჩევთ, გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს შეხვდეთ და მათ რჩევებს მოუსმინოთ. ხელსაყრელი დღეა რთული საქმის დასაწყებად – ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. გირჩევთ, უსიამოვნო სიტუაციებს იუმორით შეხედოთ და გაიღიმოთ.

“აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა”

ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ – აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, თუ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

“კარგად მახსოვს, ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა. დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა აღარ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალავად მიდიოდა, რომლის მიზანიც ბათუმელების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა იყო.

დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ.

აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა.

თუ ჩვენ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

“რუსეთს ომის მოგების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს” – პეტრ პაველი

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და არ არის საჭირო იმის ვარაუდი, რომ რუსეთი არასოდეს შეეგუება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის დაკარგვას. ასევე აშკარაა, რომ ასეთი შედეგი შთააგონებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც რუსეთი. რუსული აგრესია და მზარდი თავდაჯერებულობა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს, რომელიც აგებულია შეთანხმებულ წესებსა და თანამშრომლობაზე“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.

პაველმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩეხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და განაცხადა, რომ საჭიროა პირობების შექმნა, რათა უკრაინა ომის დასრულებისა და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი” – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა.

„30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ ამინდი იქნება ხვალ

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 30 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი.

2023 წლის ზაფხულის ბოლო დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება

2023 წლის ზაფხულის ბოლო დღეს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება, რომელიც თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. თევზების ნიშანში სავსე მთვარის არსებობა, ასტროლოგების თქმით, ბევრი მიმართულებით, ცვლილებას გვპირდება:

31 აგვისტოს ლურჯი სუპერმთვარეა. ზოგადად, სუპერმთვარეობას უწოდებენ ფენომენს, როდესაც სავსე მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან. ეს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ამ დროს მთვარემ შესაძლოა იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან ღია ლურჯი შეფერილობა მიიღოს. 31 აგვისტოს სწორედ ლურჯი სავსე მთვარეა. მთვარე წყლის პლანეტაა, ამიტომაც სავსემთვარეობის დროს განსაკუთრებულ ემოციურ არასტაბილურობას კირჩხიბები, მორიელები და თევზები გრძნობენ.

სუპერმთვარის დროს თქვენი ენერგიის სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ 31 აგვისტოს შემოქმედებითობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. დაუბრუნდეთ თქვენს ჰობის, ძველ იდეებსა და გაჩერებულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაზეც ოცნებობდით, მაგრამ შემდეგ ხელი შეგეშალათ, საკმარისი მოტივაცია ვეღარ იპოვეთ და შუა გზაში გააჩერეთ. ახლა გაქვთ შანსი, თქვენი ოცნების საქმე რეალობად გადააქციოთ.

ლურჯი სუპერმთვარე თვითრეალიზაციისა და ახალი წამოწყებებისთვის იდეალური დროა. თუკი, დიდი ხანია, რაიმეს დაწყება გსურთ, საკუთარი სურვილების, შესაძლებლობების, უნარების სათანადოდ გამოვლენა და კარგი შედეგის მიღება გინდათ, სწორედ ახლა შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ.

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. ლურჯი სუპერმთვარე პროგრესს, განვითარებას, ცვლილებების სურვილს განსაკუთრებულად უჭერს მხარს, ამიტომაც შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუკი ცხოვრების გარდაქმნა გსურთ, გინდათ, რაღაც შეცვალოთ, როგორც კარიერაში, ყოველდღიურობაში, ასევე პირად ცხოვრებასა და საქმიან ურთიერთობებში, პირველი ნაბიჯების გადადგმა სწორედ ამ დღეს ღირს.

  • იფიქრეთ პოზიტიურად. ამ დღეს სამყაროს ადამიანების განსაკუთრებულად ესმის.
  • მიჰყევით თქვენს გულს და საბოლოოდ თქვით უარი იმაზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია.
  • ნუ შეგეშინდებათ ცდის. ახლა ექსპერიმენტების, ცვლილებების დროა!
  • დაისვენეთ და პოზიტიური ენერგიით დაიმუხტეთ. გაატარეთ დრო მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, აივსეთ დადებითი ემოციებით და ეს ენერგია კიდევ დიდხანს გაგყვებათ.
  • ფურცელზე მხოლოდ თქვენი პირადი სირთულეები ჩამოწერეთ ან ის მავნე ჩვევები, რისგანაც გათავისუფლება გსურთ.
  • ეცადეთ, სავსემთვარეობის დადგომამდე აანთოთ სანთელი, მოიაროთ მთელი ბინა და გაანათოთ თითოეული კუთხე.
  • აპატიოთ ყველას, ვინც მთვარის ამ პერიოდში გაწყენინათ.
  • თუ სავსემთვარეობაზე უსიამოვნო გრძნობები მოგეძალათ, მიაქციეთ ყურადღება, რადგან ქვეცნობიერმა ისინი გამოავლინა, ე.ი. მათზე მუშაობა მოგიწევთ.
  • თუ ვიღაცამ გაწყენინათ, ისწავლეთ პატიება, რადგან წყენა თქვენ დაგანგრევთ და არა მას.
  • თუ საკუთარ თავს ადანაშაულებთ რამეში, აპატიეთ საკუთარ თავს, რათა უხილავი სიმძიმეებით არ დაიტვირთოთ ცხოვრება. გახსოვდეთ, საკუთარი თავი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეთ.
  • თუ შიშები მოგეძალებათ, მისგან გასათავისუფლებლად მიმართეთ მედიტაციას. რაც უფრო სწრაფად გადააქცევთ თქვენს მინუსებს პლუსად, მით უკეთესია თქვენთვის

,,მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან”- თბილისის მერია

თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია  ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად,

სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვევა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვევა. ეს იქნება მისი პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, კრემლი ოქტომბერში ჩინეთში პუტინის ვიზიტისთვის ემზადება. კრემლის ლიდერმა Belt and Road ფორუმზე მოწვევა ჩინელი კოლეგისგან სი ძინპინისგან მიიღო.

გამოცემის წყაროს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტია უზრუნველყონ და ჩინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.

პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა.

ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა დახურულ ფორმატში გაიმართა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა დახურულ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური იტყობინება.

„დაახლოებით საათ-ნახევრის წინ პრიგოჟინი დაკრძალეს“, – ინფორმაცია RTVI-ს კორესპონდენტს პოროხოვსკის სასაფლაოს ადმინისტრაციის თანამშრომელმა დაუდასტურა.

ამასთან, როგორც „რია ნოვოსტისთან“ საუბარში წყარომ აღნიშნა, დაკრძალვა პრიგოჟინის ახლობლების სურვილის შესაბამისად ჩატარდა.

მათ სურდათ, რომ ბიზნესმენის დაკრძალვაზე მხოლოდ ოჯახის ახლობლები და უახლოესი მეგობრები ყოფილიყვნენ.

27 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა გენეტიკური კვლევა.

როგორც TASS-ს საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა დაღუპულის ვინაობა დადგენილია, მათ შორის არის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

ცნო­ბის­თვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით, ბორტის 10 წევრს შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები, მათ შორის მისი ხელმძღვანელიც, იმყოფებოდნენ.