ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Jounal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიოს ხედი კრემლიდან არცთუ ისე ცუდად მოჩანს: პუტინს პრობლემები აქვს უკრაინაში, მაგრამ მას მხარს უჭერენ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ჩინეთში“ (ავტორი – უოლტერ მიდი, პროფესორი, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერთი შეხედვით, ირგვლივ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ეს ვლადიმერ პუტინს სურს. კონტრშეტევის ჩარჩოებში უკრაინა ბოლო დროს გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რუსეთის სავალუტო რეზერვები მცირდება, ხოლო ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ფიასკომ მოქმედი ხელისუფლების სტრუქტურაში არსებული ბზარები გამოავლინა. ამის მიუხედავად, ყურადღებით თუ დავაკვირდებით, კრემლიდან მსოფლიოს ხედი არცთუ ისე ცუდად მოჩანს, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის ოპონენტებს წარმოუდგენიათ.
რუსეთის ლიდერის თავდაპირველი გეგმები წარუმატებელი აღმოჩნდა, კიევმა მოსკოვი აიძულა ომი დაქანცვა-გამოფიტვამდე გაეგრძელებინა, მაგრამ, თავის მხრივ, უკრაინასაც აქვს საკუთარი პრობლემები. ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაობენ იმაზე, თუ ვინაა დამნაშავე უკრაინის არმიის კონტრშეტევის გაჭიანურებაში. ვაშინგტონი კიევს აფრთხილებს, რომ სავარაუდოდ, აშშ ვეღარ შეძლებს ამდენი მოცულობის დახმარების სამომავლოდ მიცემას, მეორე კონტრშეტევის მომზადებისათვის. ასეთ სიტუაციაში ვლადიმერ პუტინს უჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ იფიქროს – მან უკვე „დალაშქრა მწვერვალი „უკრაინის“ სახელწოდებით“ და კიევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი მოუსპო.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის მიღმაც აქვს „სასიხარულო“ მიღწევები: მაგალითად, აფრიკის სახელმწიფო ნიგერში მომხდარი გადატრიალება, რაც „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელშეწყობით განხორციელდა – ქვეყანაში დასავლეთის (საფრანგეთის) გავლენა შემცირდა და პრორუსული ხელისუფლება დამყარდა. კრემლმა მიიღო ნიგერის რესურსების – ოქროსა და ურანის – გამოყენების უფლება. მანამდე მსგავსი გადატრიალებები მოხდა ბურკინა ფასოში და მალის რესპუბლიკაში, სულ ახლახან კი გაბონში. მოკლედ, კრემლი „შავ კონტინენტზე“ თავის გავლენას აფართოებს და ამით აშკარად იკვეთება აშშ-ისა და ევროკავშირის გეოპოლიტიკური უუნარობა.
ვლადიმერ პუტინმა დიდი წერტილები დასვა ახლო აღმოსავლეთშიც: კრემლის მხარდაჭერის წყალობით სირიის დიქტატორმა ბაშარ ასადმა ხელისუფლება შეინარჩუნა და მოსკოვის იმედით დამასკოს დამცინავად ეღიმება ვაშინგტონის მუქარებზე. რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ადრე ამერიკის მოკავშირეები იყვნენ (და თითქოსდა ახლაც არიან), სულ უფრო აქტიურად აგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საემიროები ამერიკის ზეწოლას არაფრად თვლიან და გეზი მოსკოვთან კომერციული კავშირების გაფართოებისაკენ აქვთ აღებული. ირანი თითქმის მთლიანად ინტეგრირებს რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ სტრუქტურებთან.
რაც შეეხება ჩინეთს, მოსკოვისა და პეკინის კავშირები კვლავ მტკიცე რჩება. დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ სი ძინპინი „ხელს დაიბანდა“ და თავის პარტნიორ რუსეთს გარიყულად დატოვებდა, მაგრამ ჩინეთს რუსული ნავთობი და გაზი ჭირდება, ყიდულობს და სანაცვლოდ მოსკოვს ორმაგი დანიშნულების თანამდროვე ტექნოლოგიებს აწვდის, რითაც ვლადიმერ პუტინს ეხმარება, რომ ერთი მხრივ, რუსული ეკონომიკა არ ჩაიძიროს და მეორე მხრივ – უკრაინის წინააღმდეგ ომი გააგრძელოს. „ცისქვეშეთი“ კრემლის სამხედრო მანქანას „კვებავს“ და ალბათ, ასე გააგრძელებს იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ან რა ნაბიჯს გადადგამს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ვლადიმერ პუტინს, ალბათ, ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც ამხნევებს: როგორც ჩანს, ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მრავალი დაბრკოლებისა და ბარიერის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი შანსები თეთრს სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით თანდათან იზრდება. ჯო ბაიდენმა კი ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა საკუთარი თანმიმდევრული და მტკიცე სტრატეგიის შემუშავება უკრაინასთან მიმართებით, რასაც საერთო-ეროვნული მნიშვნელობა ექნებოდა ამერიკელი ხალხისათვის. ამერიკელ გენერლებს შორის გაჩენილი მითქმა-მოთქმა, რომ კონტრშეტევის წარუმატებლობა კიევის მთავრობის არასწორმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვიაო, საზოგადოებრივ მხარდაჭერას ვერ გააძლიერებს.
რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ძლიერ აქტივად, როგორც ყოველთვის, თანამედროვე დასავლეთის არათანმიმდევრული პოლიტიკა რჩება. ვლადიმერ პუტინის დასავლელი ოპონენტები ტრიბუნაზე ჩერჩილები არიან, რეალურ ცხოვრებაში კი – ჩემბერლენები. ტრიბუნებზე, ხალხის გასაგონად, ისინი ომახიანად აცხადებენ, რომ ისეთი საერთაშორისო მართლწესრიგის ერთგულები არიან, რომელიც კრძალავს ტერიტორიების მიტაცებას, მაგრამ იმავდროულად ჩუმად ახდენენ ზეწოლას უკრაინაზე, რომ კიევი შეურიგდეს ყირიმისა და დონბასის დაკარგვას. ისინი საზეიმოდ აღნიშნავენ „სიამაყის თვეს“ ქაბულში და ჩუმად ემზადებიან ტალიბებისათვის ავღანეთის ჩასაბარებლად. ისინი თითქოსდა გმობენ საუდის არაბეთის პოლიტიკას და იმავდროულად ერ-რიადს ჩუმად ეხვეწებიან, ნავთობი იაფად მოგვყიდეო. ისინი მორალის სახელით მოუწოდებენ „გლობალურ სამხრეთს“ მსხვერპლი გაიღონ კლიმატის გლობალური დათბობის შესაჩერებლად, თვითონ კი პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებენ, რითაც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ მომავალს ემუქრებიან.
ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, აშშ-ისა და საერთოდ, დასავლეთის ლიდერების აგრესიული რიტორიკისა და გაუბედავი რეალური პოლიტიკის ასეთი შეთავსება კრემლისთვის ხელსაყრელია. თეთრი სახლი მკერდზე მუშტებს იბაგუნებს, როცა დასავლური დემოკრატიულ ფასეულობების დაცვაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად მისი მოქმედება სხვა ქვეყნების დაშინებისკენაა მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ კონსტრასტი მათ მიერ გაკეთებულ მჭექარე განცხადებებსა და მორიდებულ, მფრთხალ საქმეებს შორის უკვე ზიზღს იწვევს.
ამასობაში კი თავიანთი არათანმიმდევრული კურსით ამერიკელი პოლიტიკოსები თეთრი სახლის პოზიციას ქვეყნის შიგნითაც ძირს უთხრიან. თვითონ განსაჯეთ: თუ ჯო ბაიდენს სურს, რომ კიევმა მოსკოვთან ომი მოიგოს, მაშ რატომ არ უგზავნის უკრაინას მეტ თანამედროვე, მაღალხარისხიან იარაღს? და თუ მისი მიზანია კომპრომისი, რომლის მიხედვით, რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დარჩება, მაშ რატომ ხარჯავს აშშ კოლოსალურ თანხას ომის მიზერული შედეგისათვის?
ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან ისეთი დიდი შეცდომაა, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს და დღემდე უპროგნოზო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრია. რუსეთის სრული გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ომი მოსკოვს ძალიან ძვირი დაუჯდება – როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. უკრაინის ომი რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცის დიდ ნაწილში მნიშვნელოვნად ამცირებს. კავკასიაში ანკარა და ბაქო მოსკოვის სომეხ ვასალზე ზეწოლას ახდენენ, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანი კრემლის კონტროლს გაურბის. ცენტრალურ აზიაში კი პეკინის ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფნა მატულობს, რუსეთის გავლენის შემცირების კვალობაზე.
მაგრამ ვერცერთი ეს მოვლენა დასავლეთს ვერ დაეხმარება, ვერ გააფართოებს დასავლური დემოკრატიის გავრცელების არეალს და ვერ შენიღბავს რეალობას, რამეთუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებისაგან ვერ შეაკავა, ჯერ-ჯერობით ვერ იპოვა რეცეპტი იმისა, რაც კრემლს ბრძოლის ველზე დამარცხებასა და გონივრული პირობების მოლაპარაკებებზე თანხმობას აიძულებდა.
წყარო