როცა ვლაპარაკობთ ნოდარ დუმბაძის სკვერის გადარჩენაზე, გვახვედრებენ „ტიტუშკებს“, „ნასედკებს“, ქალებსაც არ ინდობენ, სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან პოლიციელების თანდასწრებით,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის კოლეგებთან ერთად პირადად აპირებს ჩოხატაურში ჩასვლას და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა დიპლომატებს მოუწოდა, ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტით დაინტერესდნენ.
„რუსული პარტიის წარმომადგენლებმა და ჩოხატაურის ადგილობრივმა ოლიგარქმა, რომელმაც სხვათა შორის, რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რუსმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურის რაიონში გააუქმოს ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი. როცა ამ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩოხატაურელების და გურულების დაცინვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია წამოიწყო ჩოხატაურში, სადაც ბუკლეტზე ხატია რუსი ოლიგარქი ჩიგოგიძე, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, ასევე ადგილობრივი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. უკან საინფორმაციო მასალაა, რომ ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერს ასხვისებენ. ამ საინფორმაციოო ბუკლეტებს არიგებდა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ჩოხატაურში, როცა მიაგზავნეს „ნასედკები“, ესენი არ არიან „ზონდერები“. როცა პოლიციელებთან ერთად ფიზიკურად უსწორდები ადამიანებს და პოლიცია არ რეაგირებს, მეტიც გეხმარება. იძალადეს მათ შორის ქალებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე. ფიზიკურად გაუსწორდნენ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს, ასევე ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, არჩილ სიხარულიძეს და კიდევ რამდენიმე ჩვენს თანამებრძოლს. ჩიგოგიძის მიგზავნილი „ნასედკები“ პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატებს, ჩემო ძვირფასებო, როცა 12 პუნქტზე, ჩვენს ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გესმოდეთ, როგორ ხალხთან გვაქვს საქმე“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ „თავს არავის დააჩაგვრინებენ“.
„მოვუწოდებ დიპლომატებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ. ცხადია, ჩემს კოლეგებთან ერთად პირადად ვაპირებ, რომ ჩოხატაურში ჩავიდე. მასალას, რომელიც დასარიგებელია, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად დავარიგებ. აბა, მობრძანდით, თუ ბიჭები ხართ. რომ „დაჩმორდით“ მარტვილში და სამტრედიაში, ქვებით რომ მოგვდევდით, აბა თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდით ჩოხატაურში. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ და არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს- ვერავის თავს ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, თავ-ყბა დაგვიმტვრიონ. აუცილებლად დავიცავთ საკუთარ თავს, როგორც მარტვილში, სამტრედიაში და საგარეჯოში, მერე წკმუტუნით რომ გაიქეცით“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სკვერის გასხვისების საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.