Home Blog Page 1667

“ძალა ერთობაშია”-ს წარმატებაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ, მაგალითად იმის მიხედვით, წარმატებული იყო თუ არა თაკო ჩარკვიანის შეყვანა პარლამენტში -იაგო ხვიჩია

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს „ძალა ერთობაშია 2“-ს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

ხვიჩიას თქმით, „ძალა ერთობაშია“-სგან განსხვავებით, გუშინ გამოიყურებოდნენ უფრო მოკრძალებულად, ვიდრე ამბიციურად.

„„ძალა ერთობაშია“ რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ. მაგალითად, თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა თუ წარმატება იყო, წარმატებული იყო, „ქართული ოცნების“ შეცვლა თუ იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, „ძალა ერთობაშია“-სგან განსხვავებით, აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად. კი თქვეს, რომ ჩვენ მომავალში მოვიფიქრებთ გზასო, მაგრამ ჯერ მოფიქრებული არცერთი გზის პრეზენტაცია არ ყოფილა, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს”-ცოტნე კობერიძე

პროდასავლური პარტიების მსხვილი ცენტრის გაკეთება შესაძლებელია. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ ცენტრში ყოფნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და წითელი ხაზია, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმას არ შეუერთდა.

ამასთან, ცოტნე კობერიძის თქმით, სხვა პარტიებთან გაერთიანების საკითხზე ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

„აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას არ განვავრცობთ ჩვენს პარტიაზე და დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს. ამის მიღმა წითელი ხაზები არ გვაქვს, არც, მათ შორის, „ლელოსთან“, არც სხვებთან. სერიოზულად თუ დაიძვრება ეს საკითხი, მზად ვართ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ახლა ყველა პარტია მაინც გადასულია საკუთარი რეიტინგისა და რესურსების დათვლაზე“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

კითხვაზე, როდის შეიძლება საზოგადოება კონსულტაციებსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ელოდოს, ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ „გირჩი – მეტი თავისუფლებაზე“ არ არის დამოკიდებული.

„მზად როცა იქნება, მათ შორის „ლელო“ და სხვა პარტიებიც, მაშინ გვექნება ჩვენც მზაობა. ზოგადად, ჩვენ გაერთიანებებზე საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ, როცა ყველა ალმაცერად გვიყურებდა, დასცინოდა ამ იდეას და ახლა ყველა დასწრებაზეა, დაიბრალოს, რომ თვითონაა ამ იდეის ინიციატორი“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, პარტია „ლელოსგან“ ხომ არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზება გაერთიანებასთან დაკავშირებით, ცოტნე კობერიძემ განაცხადა:

„გარდა საჯარო და ზოგადი თქმისა, რომ სურთ, მესამე ძალა გაკეთდეს, რაიმე სერიოზული კონსულტაცია არ ყოფილა. გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ დააჩქარა ეს ამბავი, ყველა პოლიტიკოსს მედია უსვამს ამ შეკითხვას და შემდეგ ყველა პოლიტიკოსი სცემს პასუხს, რომ გაჩერებული კი არ არის, არამედ ამ თემებზე მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს შაბლონური პასუხია, სინამდვილეში, ჯერ სერიოზული საუბრები არ არის“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განაცხადების მიღება ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

“დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ”- კახა კალაძე

დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ – ცუდია ის, რომ ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, გავრცელებული დოკუმენტებით დადასტურდა ის, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ.

„კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა, პრაქტიკულად, დადასტურდა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული კამპანია, რომელიც ძალიან დიდ ტყუილს და სიბინძურეს შეიცავდა და მთლიანად ფარსი იყო, საქართველოს, ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული იყო. ასევე, ზოგადად, ქვეყნის გაშავებისკენ მიმართული იყო. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა ის სიბინძურე, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხდებოდა. ეს ყველაფერი შენიღბულია ვითომ ლობიზმით, რაც ძალიან სამწუხაროა. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურმე მიღებული რეზოლუციები, საქართველოს და ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, ეს ყველაფერი ფარსი იყო და ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდნენ. ამას სამწუხარო პოლიტიკა ჰქვია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ცუდია ის, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა და ამაში ჩართულები იყვნენ ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესაძლოა პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკა „ვივამედიდან” გამოტანა, მონაცემების გაყალბებას და ახალი კამპანიის დაწყებას ემსახურებოდა.

„რა თქმა უნდა, კარგი თანამშრომლობის პრინციპს ეწინააღმდეგება ის ქმედებები, რაც კონკრეტულმა ექიმებმა განახორციელეს და მე არ ვარ იმაში დარწმუნებული და არ მჯერა, რომ ეს რაღაც მათი თვითშემოქმედება იყო. ეს არის ერთი დიდი ხაზი, მთლიანად დაწყებული სააკაშვილის საქართველოში შემოგორებით, ის კამპანია, მთლიანად ერთი დიდი ხაზისგან შედგება, ეს ყველაფერი, რაც იკვეთება ამერიკულ-რუსულ კანონში, ვგულისხმობ FARA-ს, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ქმედებებს ეწეოდნენ, რა ე.წ. ლობიზმი მიმდინარეობდა, სინამდვილეში ეს ყველაფერი კორუფციაა, უბრალოდ ლობიზმად აქვთ შენიღბული. თეთრზე როდესაც შავს იძახიან და სიცრუეს ავრცელებენ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს და ამას პოლიტიკას არქმევენ. შესაბამისად, იმ ექიმების ქმედებებიც სამარცხვინოა. ვფიქრობდი, რომ გამოვიდოდნენ და ბოდიშს მოიხდიდნენ იმიტომ, რომ თვითონაც იყვნენ ჩართულები. ეჭვი, რაც გვაქვს, კიდევ უფრო ღრმავდება, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ აღნიშნული მონაცემები გაეყალბებინათ და ამასთან დაკავშირებით ახალი კამპანია დაეწყოთ”, – განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“. განკარგულების საფუძველზე 367 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 409 ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი ბინები და როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

დევნილებისთვის გადასაცემი ქონება მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, დაბა ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.

“პრობლემები კავშირებში – საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენენ”-რას წერს რუსული პრესა

რუსული ყოველდღიური ფედერალური გაზეთის „იზვესტიის“ (Известия) 21 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრობლემები კავშირებში- საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენენ“ (ავტორი – სემიონ ბოიკოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთი და საქართველო, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაფართოების, აგრეთვე ავიამიმოსვლის ამასწინანდელი განახლების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ჯერ-ჯერობით მზად არ არიან. ორ სახელმწიფოს შორის შუამავლად ძველებურად შვეიცარია რჩება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ესაუბრა. ასევე არ მოხდება სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაც. რუსეთში აღნიშნავენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის ამ ეტაპზე მოვლენების დაჩქარება არ ღირს, რადგან „საჭიროა გარკვეული მუშაობის ჩატარება“.
მუშაობა ურთიერთობებზე.

მაისში ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა განახლდა, რომელიც 2019 წელს, რუსეთის ინიციატივით გაწყდა – საქართველოში მიმდინარე ანტირუსული გამოსვლების ფონზე. ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთად, რუსეთმა სავიზო რეჟიმიც გააუქმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის 2000 წლიდან მოქმედებდა. იმავდროულად მატულობდა ურთიერთვაჭრობის მოცულობაც: საქართველოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 75%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე. მოიმატა მოთხოვნილებამ ქართულ ღვინოზეც: ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი თითქმის 40%-ით გაიზარდა.

ბუნებრივია, ასეთ პოზიტიურ ფონზე ბევრი პროგნოზირებდა, რომ დიპლომატიურ სარბიელზეც დათბებოდა, მაგრამ… როგორც „იზვესტიას“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ოფიციალური თბილისი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს არ განიხილავს: „სამწუხაროდ, ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას“, – თქვა მან. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი დაკავშირებულია ტერიტორიულ პრეტენზიებთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით: „ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს რეგიონები რუსეთის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება“.

სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენაში პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ. წინა წლებში თბილისმა მოსკოვი ბევრჯერ დაადანაშაულა ამ დოკუმენტის დარღვევაში.
ზურაბ აბაშიძემ დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასევე არ განიხილება მოსკოვში და თბილისში სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხიც. ამის მიუხედავად, სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიური ურთიერთობა სტაბილურად და დინამიურად ფართოვდება. „სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რომლებიც 2012 წლამდე კავშირები საერთოდ გაწყვეტილი იყო, პრინციპში, 2013 წლიდან სტაბილურად იზრდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ მათი აღდგენა“, – განაცხადა „იზვესტიასთან“ საუბარში ქართველმა დიპლომატმა.

12 ივლისს, დასრულდა „ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, აგრეთვე აშშ-ის, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოსკოვმა კვლავ წამოაყენა ინიციატივა ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების მიზნით, ერთი მხრივ – თბილისის, მეორე მხრივ კი – სოხუმსა და ცხინვალს შორის. საქართველო უარს აცხადებს მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც არცერთს არ თვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

რუსეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიალოგის შენარჩუნებას საქართველოსთან ჟენევის ფორმატის ჩარჩოებში. როგორც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განუცხადა “იზვესტიის” ჟურნალისტს, ჟენევის ფორმატი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში შედარებითი სტაბილურობისა და პროგნოზირებულობის მეტ-ნაკლებ უზრუნველყოფას“. გრიგორი კარასინი, რომელიც 2008-2019 წლებში რუსეთის დელეგაციის მეთაური იყო საქართველოსთან მოლაპარაკებებში, ასევე ვარაუდობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ნაადრევია. მისი თქმით, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ურთიერთობის დინამიურ განვითარებას.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართველი კოლეგები ძალზე დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებენ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სავიზო რეჟიმი გაგვეუქმებინა. ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ, მშვიდად იმოგზაურონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. აღდგენილია ავიამიმოსვლაც. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობით ორივე ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. დღის წესრიგის გააქტიურება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა მთლიანობაში“, – განმარტა გრიგორი კარასინმა.

ევროკავშირსა და „ევრაზეკს“ შორის

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს იქნა გაწყვეტილი. იმ დროს, 8 აგვისტოს, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საქართველოს არმიამ ცხინვალს შეუტია. ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ ქალაქში დაბანაკებული რუსი მშვიდობისმყოფელები. ამის საპასუხოდ რუსეთმა „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ჯარი შეიყვანა, ხოლო აფხაზეთის ნაპირებთან რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ხომალდები გამოჩნდნენ. „ხუთდღიანი ომის“ შედეგად, რომელიც ქართული არმიის განადგურებით დასრულდა, მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა.
2008 წლიდან რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან კონტაქტებს შუამავლის – შვეიცარიის მეშვეობით ახორციელებენ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ასევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთკავშირები ინტეგრაციული გაერთიანებების დონეზეც. 2009 წელს საქართველო გავიდა დსთ-ის შემადგენლობიდან.

თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის განახლებას ბევრი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს – 2012 წელს გამართულ [საპარლამენტო] არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. უკვე 2012 წლის დეკემბერში დაიწყო მოლაპარაკების პრაღის ფორმატი, რომლის შედეგად რუსეთმა 2013 წელს მოხსნა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. 2022 წლისათვის კი რუსეთმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მეორე ადგილი დაიკავა თურქეთის შემდეგ – რუსეთის წილმა 13%-ს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წელს – 16%-ზე მეტს.

ვაჭრობის მოცულობამ ფულადი გამოხატულებით 2022 წელს 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. რუსეთის ექსპორტი საქართველოში უმთავრესად წარმოდგენილია მინერალური პროდუქტებით, ნახშირწყალბადებით (ენერგომატარებლებით), სურსათ-სანოვაგით, ქიმიური მრეწველობის პროდუქციით. რუსეთი საქართველოსგან ყიდულობს ღვინოს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს.

ივნისის ბოლოს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები აქვს და ამ ჩარჩოებიდან გასვლას არ აპირებს. თუმცა, რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტის დენის დენისოვის აზრით, მსგავსი განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი არ არის დაინტერესებული რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენით. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევნია ამის შესახებ საჯაროდ არ ილაპარაკოს.

„საქართველოსთვის რუსული ბაზარი იყო და ახლაც რჩება ყველაზე პრიორიტეტულ და ყველაზე საინტერესო ბაზრად. ამის სასარგებლოდ მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს: ტვირთების გადატანის სიახლოვე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ნორმები, რომლებიც უფრო რბილია, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნები“, – განმარტავს ექსპერტი „იზვესტიასთან“ საუბარში.

მისი თქმით, საქართველო ძველებურადაა დაინტერესებული რუსული ნედლეულისა და ენერგორესურსების შესყიდვით. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ტურისტული ნაკადის შენარჩუნება. დენის დენისოვი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვისათვის თბილისს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით: „საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის აგება შეუძლებელია“.

წყარო:

საზოგადოება „მიეცი თავს მეტისუფლება“ – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია

ამ ზაფხულს რომელი მიზეზით აპირებ მოგზაურობაზე უარის თქმას? შვებულების აღების გამბედაობა არ გყოფნის თუ ორი თვის წინ დაწყებულ რემონტს არ უჩანს ბოლო?

თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია, “მიეცი თავს მეტისუფლება” სწორედ ამ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ხშირად დავრჩენილვართ სახლში და გამოვრჩენილვართ ახალ თავგადასავლებს. ბევრი წვრილმანი არ წასვლის მნიშვნელოვან არგუმენტად გვეჩვენება ხოლმე, მაგრამ ვაღიაროთ, უცხო ქვეყნის მონახულებით მოგვრილ ემოციებს უარის თქმის ვერცერთი მიზეზი გაუტოლდება. ხანდახან იმდენად ვბოჭავთ საკუთარ თავს აბსურდული მიზეზებით, რომ საბოლოოდ მოგზაურობა შორეულ თავგადასავლად გვეჩვენება და უკვე ჩვენგან გამბედაობასაც კი მოითხოვს.

იმის შესახსენებლად, რომ მოგზაურობაზე უარის თქმის ნებისმიერი მიზეზი უმნიშვნელოა, თიბისი დაზღვევამ “სიტყვის მონასთან” კოლაბორაციით შექმნა კამპანია, რომლის ვიდეო რგოლებშიც ვხედავთ, “ხორცშესხმულ” მიზეზებს, რომლებიც გვაკავებს და ხელს გვიშლის ახალი გამოცდილებების მიღებაში. კამპანიის კონცეფციაზე კრეატიულმა სააგენტო HOLMES&WATSON-მა იმუშავა, ხოლო ვიდეოების რეჟისორი გიორგი ქვლივიძეა.
„სიტყვის მონა“ ალტერნატიული ქართული ლექსიკონია, ლინგვისტური ექსპერიმენტებისა და სიტყვებით თამაშის მოყვარულებისთვის. სწორედ გამოგონილი, მაგრამ მაინც ნაცნობი სიტყვების გაჟღერებით კომპანიამ დაგვანახა, თუ როგორ სასაცილოდ და უაზროდ ჟღერს ჩვენი მოგზაუარობა, ანუ როცა მოგზაურობაზე უარს ვამბობთ. თიბისი დაზღვევა გაუმჯობესებული პირობების სამოგზაურო დაზღვევას გთავაზობს, რომელიც შენს საყვარელ ქვეყნებში ყოფნას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის. სასურველი პაკეტის შეძენა მარტივად ჩატში, საიტზე ან აპში შეგიძლია. და როცა მიხვდები, რომ სანერვიულო არაფერია, მიეცი თავს მეტისუფლება. ნახეთ ვიდეო აქ: https://fb.watch/lV5Tk8p2ic/ 

(R)

საზოგადოება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდი აქვს

იძულებით გადაადგილებული პირები მათი განსახლებისა თუ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ.

ახალი ვებგვერდი – https://idp.moh.gov.ge/ მაქსიმალურად მორგებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს და შესაძლებლობას აძლევს მათ მარტივად და სწრაფად გაეცნონ ინფორმაციას იმ პროგრამებისა თუ პროექტების შესახებ, რომლებსაც სააგენტო ახორციელებს.

“ნაცმოძრაობის” გარშემო გადაჯგუფება არ ემსახურება საქართველოს საზოგადოების დაკვეთას”-ირაკლი კუპრაძე

“ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური გაერთიანების საკითხს აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი გაერთიანება საინტერესო არ არის.

მისივე თქმით, მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნა გარდაუვალია.

“არ არის საინტერესო მსგავსი გაერთიანება. “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გადაჯგუფება არ ემსახურება საქართველოს საზოგადოების დაკვეთას. გარდაუვალია მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნა, სადაც იმ პროდასავლურ პარტიებს ვეპატიჟებით, რომელიც ვერ ხედავს საკუთარ თავს “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით”, – აცხადებს კუპრაძე.

“ვიღაცებისთვის ეს საკითხი საქილიკოა, მაგრამ ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”- კახა კალაძე

ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, მშვიდობის საკითხი საქილიკო არ შეიძლება იყოს.

„„ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ: მიუხედავად ზეწოლისა და შემოტევისა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, პარტია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება, იცავს მისი და მოსახლეობის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოსცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს. ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა. 2008 წლის ომის დროს გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა თავიდან? ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, გამოსცადა ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და გმირმა ჯარისკაცებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ომითა და დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს.

„გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. უცხოეთიდან კი რა იყო? შეშფოთება, აღშფოთება. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ მშვიდობას დღეს არ აქვს ალტერნატივა. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, რას ვფიქრობთ ქვეყნის გაერთიანებასა და დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს კი უნდა გავაკეთოთ არა ომითა და დაპირისპირებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, გაძლიერებითა და გონიერებით. ეს არის ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ მის სიტყვებს, რომ შეუძლია ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, “არაჯანსაღი სარკაზმი” უწოდა.

განკარგულების ტექსტის თანახმად, პრისტაიკო უნდა გათავისუფლდეს – გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან და ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.

შეხვედრა თიბისი კონცეპტში კურატორ მარიამ შერგელაშვილთან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 22 ივლისს 17:00 საათზე,  გამოფენის „ფიქრის ტრაექტორია” ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას კურატორ მარიამ შერგელაშვილთან.

შეხვედრაზე  მარიამი განიხილავს გამოფენის კონცეფციის განვითარების კვლევით პროცესს. ასევე, ისაუბრებს ვიზუალური სემიოტიკისა და ფილოსოფიის  იმ მიმართულებებზე, რომლებიც ურთიერთკავშირშია გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებთან.

მარიამ შერგელაშვილი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. 2017 წლიდან მუშაობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის პროექტების კურატორად. მისი კვლევის ინტერესია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა პრაქტიკის ანალიზი. მარიამი აქტიურად მუშაობს არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაზე მუზეუმებთან და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით კურატორული და თეორიული პრაქტიკის შესწავლით. იგი ორგანიზებას უწევს და კოორდინირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას, გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

(R)