Home Blog Page 1665

თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავში 25 წლის ახალგაზრდა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინაში, სადაც  25 წლამდე მამაკაცი ცხოვრობდა, ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობელიდან დაგროვდა. ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, მაშველების გამოძახების შემდეგ კი მათ სახლში ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ, სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა.

პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც ყალბი ფეისბუქ-პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა.

ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ, დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი, ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავისი კონტროლის ქვეშ არსებულ კრიტპო საფულეებზე გადაიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული გზით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ყირიმში რუსეთის მთავარი ბაზა დაცარიელდა – CNN

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საკვანძო ბაზა დაცარიელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსულმა ძალებმა დატოვეს ძირითადი ბაზა ჩრდილოეთ ყირიმში. სოფელ მედვედევკას და ხერსონის ოლქის საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტში აქამდე რუსული ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განთავსებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, სამაგიეროდ, რუსი სამხედროები მარიუპოლის გარშემო ამაგრებენ თავდაცვას.

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი პოლიტიკური შეცდომაა -ხათუნა სამნიძე

არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კონცენტრაცია უნდა იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე.

„მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. სტატუსის გამო იქნება თუ ზოგადად, დღეს ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“სულ უფრო ხშირია აფეთქებები ოკუპირებულ ზაპოროჟიეში და ხერსონის ოლქში”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად უკრაინიდან ბავშვების ძალადობრივად გაყვანა წარმოადგენს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდს; რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების თაობაზე; ასევე, რეზოლუცია უკრაინელი ბავშვების ძალადობრივ გაყვანაში ადანაშაულებს ბელარუს დიქტატორ ლუკაშენკას;

რუსეთში ისტერია და ქაოსი ძლიერდება. გუშინაც გამოჩნდა მორიგი უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ცაში. გერმანულმა ჟურნალმა “ბილდმა” სულ მთლად გადარია ურდოსიკები. საწვავის გამოლევის გამო რომ ჩამოვარდა დრონი, იმას პუტინის მოკვლა ჰქონდა გეგმაშიო.

პროპაგანდისტები გაჰკივიან, ტექნოლოგიურად ძალიან საშიში ხდება უკრაინა. შეტევის დროს განსაკუთრებით თვალნათლად გამოჩნდებაო.

რუსეთის!!! ტელევიზიაში გუშინ განიხილავდნენ უკრაინის მიერ ბელგოროდის დაკავების შესაძლებლობას, ნუ ეხუმრებით უკრაინელებს, ისინი დაიპყრობენ ბელგოროდს და გამოიყენებენ შემდგომში ჩვენებზე ზეწოლისთვისო; აჰაჰაჰაჰაა! არადა 3 დღეში კიევის აღებას აპირებდნენ!

პროპაგანდისტებს თან ცუდი დღეები აქვთ. პროპაგანძიხების და სამხედრო ბლოგერების შემოწმება და დაჭერაც კი დაიწყეს.

ბლოგერებს ვინ ჩივის, გუშინ დიდი ღლავი მიაჩმობიკეს – თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, მარიუპოლის ყასაბი მიზინცევი მიჯირყვნეს და მოხსნეს თანამდებობიდან. სხვა გენერლებიც მიაყოლეს ზედ. ამბობენ, საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდლად გენერალ ტეპლინსკის დაბრუნებას მოყვა ეს ამბავი, იმან ჩოუკაკლა ყველაფერი პუტლერსო. დიდი ბრდღვნაა შიგნით სიკვდილის სამინისტროში! იკვრება ყულფი შოიგუს და გერასიმოვის ყელზე.

ამ ყველაფრის ფონზე აყელყელავდა ისევ კუხარკა პრიგოჟინი. ლანძღავს და აგინებს თავდაცვას, დიდი ხნის აღებული მექნებოდა ბახმუტი, ეს მოღალატე გენ.შტაბი რომ არ მუხთლობდესო. სამომავლო “ავ პროგნოზებსაც” აკეთებს, აი დაიწყებენ უკრაინელები შეტევას და მერე არ მკითხოთ, ბახმუტს რა დაემართა და როგორ დატოვეო.

კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა გააკეთეს ურდოსებმა: 190 ათასი მკვდარი რუსიდან ნახევარი ექიმების კისერზეა, არასწორად და არადროულად მკურნალობდნენ ექიმები დაჭრილებსო.

ექიმები იქით იყოს, და სულ უფრო ხშირია აფეთქებები ოკუპირებულ ზაპოროჟიეში და ხერსონის ოლქში! მაგალითად, მელიტოპოლში უკვე დილა-საღამოს რეჟიმში ხდება აფეთქებები. გუშინ დილით კოლაბორანტი მოღალატე მილიციელი გაიქნიეს კობზონის კონცერტზე. საღამოს საწყობი აუფეთქეს. მიდის მზადება სამხრეთის გასათავისუფლებლად. მუსიკალური ჯგუფი “ანტიტილა”-მ კონცერტიც კი დააანონსა ყირიმში 23 აგვისტოს . ვნახოთ! ნუ გავასწრებთ მოვლენებს!

ბახმუტში ამჟამად კი არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და რეალურად ქუჩის ბრძოლები მიდის დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე, გვასკდებიან ჩრდილოეთში ხრომოვოსთან და სამხრეთით კონსტანტინოვკის მიმართულებაზე. ტრასებს ვერ კვეთავს ურდო; იკლავს თავს, ხოცავს თავის ხალხს, მაგრამ დგანან გმირულად ჩვენები! შესაბამისად, ბახმუტი ალყაში არაა და ბახმუტში ბრძოლა გრძელდება!

გაიზარდა ინტენსიურობა მარიინკას და ავდეევკის მიმართულებებზე, მაგრამ ვითარება ისევ ისეთია, როგორც იყო წლების და ბოლო თვეების მანძილზე. მხარეების პოზიციები არ შეცვლილა.

ნატოს გენერალურმა მდივანმაც გადარია ურდოსები, 98% გადავეცით შეიარაღების – 230 ტანკი და 1550 ჯავშანმანქანა, აგრეთვე უამრავი ჭურვი და რაკეტაო!

15 ათასმა უკრაინელმა სამხედრო მომზადება დიდ ბრიტანეთში გაიარა. საერთო ჯამში 50-60 ათასი სამხედრო მომზადდა დასავლეთში!

დიდი შეტევა მზადდება! ურდოსტანში პანიკა და ისტერია იზრდება!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომაც უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

უკრაინელებმა ოკუპანტების 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს – ომის 429-ე დღე

ომის 429-ე დღეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, განადგურებულია ორი დრონიც.

„დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.

რუსული ძალები კი, ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანს ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იგორ ტაბურეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს დილით დამპყრობლები თავს დაესხნენ ჩერკასის ოლქს. უმანში ფრთოსანი რაკეტებით ორი დარტყმა განხორციელდა : საცხოვრებელ კორპუსზე და სასაწყობო შენობებზე. შედეგებს ვიკვლევთ. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს”, – განაცხადა იგორ ტაბურეცმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

ამასთან, ქალაქ დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, წუხელ, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი დაიღუპნენ.

რუსთაველის ფონდმა პოლონეთის მიეროშევსკის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა დირექტორმა,  ერეკლე ასტახიშვილმა   პოლონეთის მიეროშევსკის ცენტრის გენერალურ დირექტორს,  ერნესტ ვიციჟევსკისა და სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა,  ერეკლე ასტახიშვილმა პოლონურ მხარეს გააცნო ფონდის საქმიანობის მისია, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო რუსთაველის ფონდსა და მიეროშევსკის ცენტრს შორის თანამშრომლობის პერსპექტივას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ერთობლივი სამეცნიერო – კვლევითი პროექტების, მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების, საგამომცემლო ღონისძიებების  განხორციელებას.

მიეროშევსკის ცენტრი  პოლონეთის კვლევებისა და მეცნიერების დამფინანსებელი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ისტორიული კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, განსაკუთრებით უკრაინის, ბელარუსის, საქართველოსა და მოლდოვას დემოკრატიულ განვითარებას, მათ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებასა და პოლონეთთან კავშირების გაღრმავებას.

PACE-მ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რეზოლუციაში ასამბლეა მოწოდებით გამოვიდა „დაუყოვნებელი და გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული, რათა შეჩერდეს რუსეთის მიერ ამჟამად განხორციელებული უკანონო იძულებითი გადაყვანისა და დეპორტაციის პრაქტიკა უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ“.

ასამბლეა ხაზს უსვამს ცალკეული შემთხვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის აუცილებლობას, ასევე პასუხისმგებლობის მტკიცებულებების შეგროვებას, რათა დამნაშავეები, პასუხისმგებლობის ყველა დონეზე, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთის ფედერაციაში უკანონო დეპორტაციის პრაქტიკა დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლის 24 თებერვლის სრულმასშტაბური შეჭრის წინ.

„ამ თარიღიდან ეს პრაქტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა და განვითარდა და აშკარად დაგეგმილია და ორგანიზებულია სისტემატურად, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში. ის მოიცავს ყველა დონის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებას ადმინისტრაციული ორგანოებისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, განსაკუთრებით უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი გადაყვანის, დეპორტაციისა და ინდოქტრინაციის კუთხით“, – ნათქვამია რეზოლუციაში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიმოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც ნალექიანი დღე და +12 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბრძანებებს თქვენ იძლევით, გარეშე მყოფები კი გემორჩილებიან. ლიდერის თვისებები საკუთარი იდეების გავრცელებაში, პროცესების ორგანიზებასა და ადამიანებით მანიპულირებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მოკავშირეების პოვნისა და კარიერული წინსვლისთვის.

კურო

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და თაობათა ურთიერთობას მიუძღვნათ. რაც უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბებით, უკეთესია! ნათესავების წრეში სასიხარულო სიახლე გელით – შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისგან მოულოდნელი დახმარება ან შეთავაზება მიიღოთ. დროა, ძველი პრობლემები მშვიდ და გულწრფელ ოჯახურ ატმოსფეროში განიხილოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტული ვარჯიშების დაწყებაზე იზრუნოთ, რადგან ახლა თქვენთვის სხეულის გაჯანსაღება ყველაზე მნიშვნელოვანია. თავად აირჩიეთ დილაობით სირბილი გირჩევნიათ, ფიტნესი თუ აუზში ცურვა.

კირჩხიბი

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. ყველა საქმეში ვარსკვლავების მხარდაჭერას გრძნობთ და იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, წარმატებული შენაძენი, ძვირფასი საჩუქარი ან რომანტიკული შეხვედრა. მთავარია, მთელი დღე ოთხ კედელში არ გაატაროთ – გაიცანით, შეიყვარეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. ეს თქვენი დღეა!

ლომი

ამ დღეს თქვენში ლიდერის თვისებები გაიღვიძებს. გარშემომყოფებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და ადამიანების ორგანიზების უნარით გააოცებთ. თქვენ გარშემო თანამოაზრეთა დ მოკავშირეთა მთელი არმია გაერთიანდება. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა ხელში აიღოთ – თქვენ თუ არა, მაშინ ვინ?

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფებისგან დისტანცირებას გირჩევთ – „კისერზე დაჯდომის“ უფლება არავის მისცეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ეცდება. ამიტომ თუ საშუალება გაქვთ, ამ დღის ყველასგან მოშორებით გატარება ჯობს.

სასწორი

ამ დღეს ადამიანების სიტყვის უთქმელად გესმით და შეგიძლიათ თავი თანამოსაუბრის ადგილზე წარმოიდგინოთ. ამის წყალობით შესანიშნავი მსმენელი და არა ნაკლებ კარგი მთხრობელი ხართ. ეს დღე კარგად განვითარებული ინტუიციით დაგაჯილდოებთ, თუმცა ლოგიკური დასკვნების გამოტანა გიჭირთ.

მორიელი

ცდილობთ ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედოთ. ზოგჯერ ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა საკითხის მიმართ, რომელსაც ვეღარ შეცვლით. სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია სწორად წარმართოთ, მთავარია ემოციები აკონტროლოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაზე მეტად ურთიერთობები და ინფორმაცია გჭირდებათ. რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, თავს მით უკეთ გრძნობთ და სულ ერთია, ისინი მეგობრები არიან, კოლეგები თუ უცნობები. კომუნიკაბელურობის წყალობით, შეიძლება უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

თხის რქა

დილიდან ადამიანებით მანიპულირებს ცდილობთ და ისინიც მზად არიან თქვენს დაკრულზე სიამოვნებით იცეკვონ. ამასთან დარწმუნებული ხართ, რომ ამას არა პირადი სარგებლობის, არამედ საერთო მიზნებისთვის აკეთებთ. სასურველის მისაღებად შეიძლება არა მხოლოდ ადამიანების დარწმუნების ნიჭი, არამედ პირადი კავშირები, ჭორები და სხვა არალეგალური ხერხებიც კი გამოიყენოთ.

მერწყული

ეს დღე ზომიერებისკენ განგაწყობთ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში „ოქროს შუალედი“ იპოვოთ, სადავო საკითხებში კი კომპრომისი მოძებნოთ. თუ პრობლემის უხეშად და ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას ეცდებით, თქვენი გეგმებიდან აღარაფერი დარჩება.

თევზები

შესაძლოა, ვიღაცას თქვენგან მხარდაჭერა, მოსმენა და დახმარება დასჭირდეს. მეტიც – დახმარება რომ არ გთხოვონ, მზად ხართ, თავად შესთავაზოთ. ეს დღე ადამიანებზე ზრუნვის და მათი მფარველობის სურვილს გაგიჩენთ. ასეთ დროს თქვენ იდეალური მსმენელი ხართ ხოლმე – თითქმის ფსიქოანალიტიკოსი.

“რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ბირთვული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”-მარია ზახაროვა

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ბირთვული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, თუმცა არავის ურჩევს, მისი მოთმინება გამოცადოს, – ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების თავიდან ასაცილებლად, თუმცა არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. არავის ვურჩევ, ეჭვი შეიტანონ ჩვენს სიმტკიცეში და გამოცადონ ის პრაქტიკაში“, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „აშშ განაგრძობს რუსეთის ფუნდამენტური ინტერესების განზრახ შელახვას, განზრახ ქმნიან რისკებს და ზრდიან ფსონებს რუსეთთან კონფრონტაციაში“.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მსოფლიო, სავარაუდოდ, ახალი მსოფლიო ომის ზღვარზეა.