Home Blog Page 1661

“მინიმალური პენსია სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი” – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერებთან ერთად, თბილისში პენსიონერებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარტიის ახალ ინიციატივებს, რომელიც საპენსიო ასაკის 60 წლამდე დაწევასა და მინიმალური პენსიის გაზრდას 400 ლარის ოდენობამდე გულისხმობს. ასევე, საუბარი შეეხო საპენსიო სესხების განულებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მაღივე ცნობით, ამ კამპანიის ფარგლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ, „ლიბერთი ბანკთან“ აქციაც გამართა.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი გაგრძელებენ მუშაობას პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.

„მინიმალური პენსია ანუ 295- ლარიანი პენსია, სწრაფად უნდა გახდეს 400 ლარი. ყველა ის დანამატი, რომელიც არის, უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ არა 70 წლის ზემოთ, არამედ უკვე 65 წლის ზემოთ. ასევე, მაღალმთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დანამატები იყოს შენარჩუნებული და ეს ნიშნავს, რომ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი და საბოლოო ჯამში, 65 წლის ზემოთ და მაღალმთიან რეგიონებში 600 ლარამდე. ამ თემებთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა თბილისელ პენსიონერებთან, ასევე ვისაუბრეთ საპენსიო სესხების განულებაზე და ასეთი არის 400 ათასამდე ადამიანი, რომელმაც აიღეს სესხი 1000-1500, მაქსიმუმ 2000 ლარი და ახდევინებენ 4000-4500 და 5000 ლარს. ფაქტობრივად, სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე იღებენ სესხს და ეს კანონის სახელით ძარცვა აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შრომას ჩვენი პენსიონერებისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ღირსეული, ბედნიერი სიბერე.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რუსულმა ძალებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს – რა ხდება უკრაინაში ომის 516-ე დღეს

ომის 516-ე დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ნაწილი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მოხალისეთა არმიის ოპერატიული სარდლობის, “სამხრეთის” პრესსპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქში საჰაერო განგაში თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

“მტერმა სცადა შეტევა ჩვენი რეგიონის სამხრეთზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა, არის ჩამოგდების ფაქტები, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ფაქტებიც “, – განაცხადა ბრატჩუკმა.

მისი თქმით, რუსები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის მარცვლეულზე დარტყმის განხორციელებას.

ბრაჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მარცვლეულის შეთანხმება ახალ ფორმატში, უსაფრთხოების გარანტიებით.

საერთაშორისო საზოგადოება ოდესაზე თავდასხმას გმობს. სარაკეტო იერიში ქალაქზე 22 ივლისის ღამეს მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა. მათ შორის ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც.

მართლმადიდებლური ტაძრის დაბომბვის ფაქტს მოსკოვში ამ დრომდე უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს მხოლოდ ის ობიექტები წარმოადგენდა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა. უკრაინის პრეზიდენტი კი რუსეთს ომის მორიგი დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.

“სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავენ საქართველოზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში”

გლობალური ომის პარტია ეს ის პოლიტიკური, ფინანსური თუ ოლიგარქიული ძალაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობა ემორჩილება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, გლობალური ომის პარტიას სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა უნდა იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი მცირედი დაზიანება მიაყენოს საქართველოს, თუმცა როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს მისი გამოშვებით, ისე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

„ზოგადად, აკერმანებთან, როგორც ჩანს, საქართველოს მეგობრული ურთიერთობა არ გამოგვდის. ერთი აკერმანი იყო და საქართველოში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა და მეორე, ამ შემთხვევაში კომპანია „აკერმანია“ და პრაქტიკულად, საქართველოს დასანქცირების მცდელობებში იქნა მხილებული FARA-ს კანონის მეშვეობით. ძალიან სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოზე ცრუ ინფორმაციები გავრცელდეს, ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად მტრული რეზოლუციები მიიღოს და ა.შ. მაგრამ, ეს ყველაფერი გადაფარა იმან, რომ ეს ადამიანები ცდილობენ საქართველოს მიმართ სანქციები გავრცელდეს, რომელიც, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს არის ღალატი საქართველოს წინააღმდეგ, სხვას ამას, ვერაფერს დავარქმევ.

რაც შეეხება თანხას, რომელიც ამ ყველაფერშია დახარჯული (ოფიციალურად, მილიონზე ოდნავ მეტზეა ლაპარაკი), შეუძლებელია ამ თანხით ამდენი აქტივობის დაფინანსება მოხერხდეს. ჯერ მარტო რამდენიმე ათეული წერილი დაიბეჭდა საერთაშორისო პრესაში, CNN-ზე ინტერვიუ და სიუჟეტი იყო, „როიტერსში“ მასალები გამოქვეყნდა და ა.შ. ამ ყველაფერს გაცილებით მეტი ფული სჭირდება. ორი რამ არის რაც ამ მილიონზე ცოტა მეტის უკან დგას – პირველი: სავარაუდოდ, გაცილებით დიდი თანხაა გადახდილი და მეორე: ეს არის თემა, რომელსაც არც ორი და არც ოცი მილიონი არ ეყოფოდა, გაცილებით დიდი მოთამაშეების ინტერესები რომ არ იდგეს ამის უკან.

„აკერმანი“ ამ შემთხვევაში, არის ერთი პატარა ნაწილი, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ არის გაჩაღებული გლობალური ომის პარტიის მიერ. გლობალური ომის პარტია ეს ის პოლიტიკური, ფინანსური თუ ოლიგარქიული ძალაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაზე ახდენს ძალიან დიდ გავლენას და რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობა ემორჩილება. მათ ვერ აუტანიათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ არის მათი პირდაპირი გავლენის ქვეშ. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად არაერთი მარცხისა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანეს და არ გამოუვიდათ მცდელობა, რომ რევოლუცია მოეწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სტატიაა გამოქვეყნებული, თუ რეზოლუციაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული, ესეც ვერ ახდენს სასურველ შედეგს და საქართველო ძალიან მტკიცედ მიუყვება ომის არდაშვების გზას, მაინც ეს მცდელობები არ ჩერდება, არ იკლებს და სულ უფრო და უფრო ბრუნებს იღებს. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ ამ კამპანიების უკან დგას ძალიან დიდი ძალა და ამ ძალას ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარტიას.

სააკაშვილი ძალიან პატარა ჭანჭიკია ამ გლობალური ომის პარტიის ხელში, რომლის გამოყვანა უნდათ იმიტომ, რომ ამით კიდევ ერთი მცირედი დაზიანება მიაყენონ ქვეყანას, თუმცა როგორც ნიკა გვარამიას შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს მისი გამოშვებით, ისე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ, მართლა რომ მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება და ამ ნაბიჯს არ გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა”-ენტონი ბლინკენი

უკრაინამ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50 პროცენტი დაიბრუნა, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ენტონი ბლინკენის თქმით, კიევს მძიმე ბრძოლა უწევს უფრო მეტი ტერიტორიის დასაბრუნებლად და კონტრშეტევის ვადების განსაზღვრა დღეისათვის რთული ამოცანაა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მიიღებს.

კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო, 19 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო, 19 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ხანძარმა ყველაზე მეტად კუნძულის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა.

ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება.

ჩინეთში სკოლის სპორტდარბაზის სახურავის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ნაწილში, ხეილუნძიანის პროვინციის ქალაქ ციციკარში ძლიერი წვიმის შედეგად სკოლის სპორტდარბაზის სახურავი ჩამოინგრა, დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის დროს სპორტდარბაზში 19 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4 თავის დაღწევა მოახერხა, 4 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებმა სპორტდარბაზის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირები დააკავეს.

 “ელჩო დეგნან, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც თქვენი საელჩო არის მოხსენიებული პარასკევს ნანახი რომ არ გქონდათ, ნახეთ?”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს ტვიტერით მიმართავს:

“ელჩო დეგნან, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც თქვენი საელჩო არის მოხსენიებული პარასკევს ნანახი რომ არ გქონდათ ნახეთ?

თუ, რადგან რუსულ კანონ FARA-ს ეფუძნება არ ენდობით. ვნებათაღელვაა ირგვლივ, დაგვამშვიდეთ რომ დოკუმენტი ყურადღებად არ ღირს!”- წერს ხაინდრავა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, ის მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს განიხილავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო დროდ.

„ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, – განუცხადა რეზნიკოვმა „სიენენს“.

ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ ზაფხულამდე ომი დასრულდება და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სარგებელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გათვალისწინებით გაიზარდა.

“გამარჯვების შემდეგ, ეს აუცილებლად იქნება ნატოს ინტერესებში, რადგან ჩვენ გავხდით ნატოს ნამდვილ აღმოსავლურ ფარად. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება და ისწავლა თუ როგორ შეაკავოს და დაამარცხოს რუსები ნატოს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიურ რეჟიმში მორეცხვა გრძელდება

დედაქალაქის ქუჩები სპეცტექნიკით ყოველდღიურად ირეცხება. ამჯერად კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე, მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები მოირეცხა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო.

„ზაფხულის ცხელ დღეებში ქუჩების ინტენსიური მორეცხვა დავიწყეთ. ეს სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა რაიონში ცენტრალური ქუჩები იქნება დასუფთავებული, ასევე მოირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები და ტერიტორია, სადაც ეს ურნებია განთავსებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობითვე, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 100-მდე ქუჩას, მიწისქვეშა გადასასვლელებს და ნაგავშემკრები კონტეინერებს სისტემატურად რეცხავს.

„აღნიშნული ქუჩები კვირაში 2-3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში ყოველდღე ირეცხება. გარდა ამისა, მიმდინარეობს დასუფთავების აქციები და საჭიროების შემთხვევაში, ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დღესვე გზის სავალი ნაწილი მოირეცხა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე.

დედაქალაქის მასშტაბით, მორეცხვის სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ყოველდღიურად, ღამის პირველ საათზე იწყება და დილის 06:30-მდე გრძელდება. სამუშაო პროცესში ჩართულია 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.

“ყველაფერთან ერთად, თავხედი „ფრაერია“ მიშა მშვილდაძე”-თამარ ჩერგოლეიშვილი

მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც „ფორმულა“, „ფორმულას“ მედია პოლიტიკა, „ფორმულას“ პატრონის პოლიტიკური ამბიციები, – წერს „ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილი მშვილდაძეს, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფიძნებელია, „თავხედ ფრაერს” უწოდებს. მისივე თქმით, არ აწუხებს ის ფაქტი, რომ „ფორმულას” წამყვანების გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და მათ „უსინდისო დებილებად” მოიხსენიებს.

„ყველაფერთან ერთად, თავხედი ფრაერია მიშა მშვილდაძე. თავად შევარდა თენგო კირთაძესთან, ჩემი პოლიტიკური კომუნიკაციისთვის პასუხის გასაცემად და ახლა თავის კედელზე ბორგავს, რომ მის სისულელეებს მასხრად ვიგდებ. ამ კომენტარში მოქალაქეს უხსნის, რატომ არ ემსახურება საჯარო ინტერესს ფორმულა და რატომ ჰყავს საინტერესო სპიკერი დაბლოკილი.

1) პირველ წინადადებაზე პასუხს მოგვიანებით გავცემთ – გავერთობით.

2) რაც შეეხება სხვა იპოსტასში ევროპული საქართველოს აქტივობების გაშუქების საკითხს. მშვილდაძე არის ისეთივე ყალბი, როგორიც ფორმულა, ფორმულას მედია პოლიტიკა, ფორმულას პატრონის პოლიტიკური ამბიციები…

ა) სულ ახლახან, „ფორმულას“ რეპორტიორი იმ ტერიტორიაზე იდგა სადაც ნახევარი საათის განმავლობაში, ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი ანტიპუტინისტი ვარსკვლავი შონ პენი, აფხაზეთიდან დევნილ ლიანას, ვენერას და ნუცას, მუხლჩახრილი, ჩაკეტილ სივრცეში, ჩემთან ერთად უსმენდა და აზრებს მიზიარებდა. ფორმულამ ეს მოვლენა არ გააშუქა, მერე რა რომ ამ მოვლენის გაშუქება ძალიან მაღალი საჯარო ინტერესია – ეს ჩვენი პროექტია და ფორმულა არ აშუქებს (იგივეს კეზერაშვილის მარიონეტები ვერ შეძლებენ და იდილია დაერღვევათ).

ბ) ერთადერთი აქცია რაზეც ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობამ რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიყო, ევროპულმა საქართველომ მოაწყო. აქციამ მოიარა მთელი მსოფლიოს პრესა. ფორმულას ეს აქცია არ გაუშუქებია.

გ) მთელი მსოფლიო მოიარა კამპანიამ „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. არცერთი ტოკშოუ ამ საკითხს, ჩვენი მონაწილეობით, ფორმულაზე არ მიძღვნია. მე შემიძლია უამრავი ასეთი მაგალითი მოვიყვანო, რითაც დადასტურდება რომ მიშა მშვილდაძე უბრალოდ მატყუარაა და მისი ნდობა ისეთივე სისულელეა, როგორიც ირაკლი კობახიძის.

3. ახლა რაც შეეხება იმას, რომ მე „დესტრუქციული სპიკერი“ ვარ: იდეალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორიც ვარ, ასეთი ვმონაწილეობ „სიენენის“ შოუებში, ასეთი ვზივარ ლინკოლნ ცენტრში, ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად და განვიხილავ მზარდ ავტორიტარიზმს, ასეთს მეპატიჟება ბრიტანეთის მთავრობა და აწ გარდაცვლილი მისი უდიდებულესობა დედოფალი, საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში და მათვალიერებინებს ტეტჩერის ოთახს დაუნინგ სტრიტზე, მას შემდეგ რაც ბრიტანეთის ხელისუფლების ყველა კუთხე კუნჭულს გამაცნობს. ალბათ უნდა შევწუხდე რომ გიორგი თარგამაძის, ვახტანგ სანაიას, მიშა მშვილდაძის, ქეთი დევდარიანის და სოფო ზურაბიანის გემოვნებას ვერ ვაკმაყოფილებ? არ ვწუხდები. უბრალოდ თუ ეს სამარცხვინო სიყალბე არ ჩამოინგრა, და ამათ ნაცვლად ჯანსაღი ალტერნატივა არ გაჩნდა, ქოცებთან ერთად საქართველოს დიდი ხმით აყროლებენ ამ სიყალბის ჭაობში. რაც შეეხება იმას რომ დებილები არ ხართ – არა მხოლოდ დებილები ხართ, არამედ უსინდისო დებილები ხართ, პირველი წინადადება კარგი იყო“, – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამას პარტნიორობას თურქეთისა და ისრაელის კლინიკები უწევენ. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში სამედიცინო სერვისის სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

უკრაინამ, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა -“ომის შემსწავლელი ინსტიტუტი”

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტრშეტევა სულ მცირე სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, – ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების გეოლოკაცია აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით – სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში).

ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ პრიუტნოეს რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში).

ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, 22 ივლისის სხვა კადრები ასევე აჩვენებს უკრაინელი დამცველების წინსვლას ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, კამინსკის რაიონში.

ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე და, სავარაუდოდ, ხრომოვოეს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით).

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინამ ოკუპანტების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53%-ი გაათავისუფლა.