Home Blog Page 1659

შატილის მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

მივიღეთ გარანტია, რომ ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს – გიორგი ვაშაძე

ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, [კანდიდატის სტატუსზე] საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია… 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი… რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს.

„ბატონი ბორელის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა „გამარჯვების პლატფორმისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეჯამება წარმოგიდგინოთ, რა დასკვნები შეიძლება აქედან გამოვიტანოთ. პირველი, პოლიტიკური კონსენსუსი და გადაწყვეტილება, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, არსებობს. მეორე, გავხდებით მაშინ, როცა მზად ვიქნებით. მესამე, ჩვენს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვერ გავხდებით, ვიდრე რუსეთთან მოთანამშრომლე „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, დეკემბრის ბოლოს კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ. მეოთხე, ჩვენ, ოპოზიციამ, ყველა შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ დეკემბერში, როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, საბოლოო უარი არ იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეხუთე, 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ბლეფი საბოლოდ დასრულდა. შესაბამისად, 9-დან 9-ვე პუნქტი შესასრულებელია და ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი და ამას ითხოვს საქართველოსთვის. ევროკავშირი საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ მიატოვებს და ის, საქართველოს განიხილავს, როგორც მომავალში თავის სრულუფლებიან წევრს. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მან საქვეყნოდ თავი მოგვჭრა. ეს არის გუშინდელი ყველა შეხვედრის რეალური შეფასება.

რაც შეეხება 9 პუნქტს, რომელიც შესასრულებელია – დეპოლარიზაცია მოხდება მაშინ, როცა ეს პუნქტები შესრულდება, დეპოლარიზაციისკენ გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც ესმით, რომ 12 რეკომენდაციის სრულფასოვან შესრულებზე გადის. დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ამოცანას, რომელიც ჩვენს თაობას გვაქვს დაკისრებული ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე, აუცილებლად შევასრულებთ. „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს გზა აურიოს, რუსულ ორბიტაზე გადაგვიყვანოს, რადგან ხალხის ნებას ისინი ვერაფრით დაუპირისპირდებიან. ძალა ერთობაშია, აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ისინი ხელისუფლებასთან ამ საკითხზე, ასე პასუხობს:

„ყველა ინიციატივას, რომელიც შესაბამისობაში იქნება 12 პუნქტის შესრულებასთან, მხარდაჭერა ექნება სრულიად ოპოზიციისგან, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, თუ რას იტყოდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის გეგმა გადასცა ჯოზეფ ბორელს, ვაშაძე პასუხობს: „ეს არის კიდევ ერთი მორიგი ბლეფი“.

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი „საბოტაჟნიკი“, რომელიც ცდილობს ევროინტეგრაციის გზას აგვარიდოს. პოლიტიკური კონსენსუსია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. უბრალოდ, რუსეთთან მოთანამშრომლეებთან ერთად ვერ გავხდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე, გურიაში მიმდინარე სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და შექმნილი ვითარების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა გურიაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით, ოჯახებს მივუსამძიმრო. ძალიან მძიმეა, რომ ყველა სტიქია უკვე ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. მინდა კიდევ ერთხელ, ყველა ოჯახს ღრმა მწუხარება გამოვუხატო ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ადგილობრივების  ინფორმაციით, ერთი-ერთ სახლს ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა, სადაც ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა.

მეორე სახლი გამთენიისას დაიწვა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ არ იყო.

ვერცერთმა ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლებიდან ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებას გაუწევენ.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

კიევს დაუგეგმავი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოსიმასა ჰაიაში ეწვია. ეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში და მის მიზანს რუსული აგრესიის ფონზე ოფიციალური ტოკიოს მხარდაჭერის დემონსტრირება წარმოადგენს.

ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინაში ვიზიტის დროს იოსიმასა ჰაიაში თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება და დაუდასტურებს მას, რომ იაპონია რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას განაგრძობს და რუსული აგრესიის შეწყვეტის მიზნით მტკიცე პოზიციას იკავებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ვიზიტის დროს უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის ორმხრივი კონფერენციის ორგანიზებასა და ჩატარების საკითხები იქნება განხილული.

გურიაში, სტიქიის ზონაში, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 62 მოქალაქე – თემურ მღებრიშვილი

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ -The Telegraph

ბრიტანული თვითმფრინავები უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის მხრიდან თავდასხმისგან იცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი საქმიანობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთის ფედერაციამ ივლისში “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს დაზვერვასა და დაკვირვებას შავ ზღვაში რუსეთის საქმიანობაზე დაკვირვებისთვის. ამ სადამკვირვებლო ოპერაციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ამ რეგიონში ფრენებს ახდენენ, რათა რუსეთი სამოქალაქო გემებზე უკანონო დარტყმებისგან შეაკავოს”, – ციტირებს გამოცემა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.

განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად ხონში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ორი პირი. მოგვიანებით ბრალდებულმა ერთ-ერთ დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად ხონში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ორ პირს. მოგვიანებით ბრალდებულმა ერთ-ერთ დაზარალებულთან მორიგი ფიზიკური დაპირისპირების დროს, მას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 18 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის ფაქტზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ ცნო, რომლებსაც 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 632-მდე გაიზარდა. დაშავებულია 329 ადამიანი.

სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

https://www.bbc.com/news/live/world-africa-66760889

შატილის გზაზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალა

მიწის მასის ჩამოშლის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამით მოსული ნალექის შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორებაც რთული იქნება. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და მოერიდეთ ახლობელი ადამიანების კრიტიკას, რათა უნებლიედ ვინმე არ გაანაწყენოთ.

ჭორებს ნუ დაუჯერებთ და ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ. გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ერთგულ მეგობრებს ჰკითხეთ – მათგან გაიგებთ იმას, რაც აქამდე არ იცოდით. ფრთხილად იყავით – დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ქრონიკულმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა. შესანიშნავი იდეა გაქვთ შემოსავლის გაზრდისა და კარიერული წინსვლისთვის, თუმცა შეიძლება ის მხარდაჭერა ვერ მიიღოთ, რომელსაც ელოდით. მგზავრობის დროს სასიამოვნო ნაცნობობა გელით. შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ბიზნესს დაიწყებთ. დღის მეორე ნახევარში კი ფინანსური შემოსავალია მოსალოდნელი.

ტყუპები

სირთულეები რომ არ იყოს, თქვენ თავად შექმნით. ასეა თუ ისე, დღე პრობლემების გარეშე არ ჩაივლის. ამ დღეს კრიტიკის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხართ და უმცირესი შენიშვნაც კი გაღიზიანებთ. საბედნიეროდ, იუმორი ურთიერთობების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.

მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ზოგი ტყუპი მიიღებს ფულს, რომელიც საინტერესო იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საქმიან შეხვედრებს გეგმავს. საერთო ენის პოვნა მათთანაც კი გიჭირთ, ვისაც კარგად იცნობთ. კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ბევრ კირჩხიბს დათმობებზე წასვლა მოუწევს, რასაც მოგვიანებით ინანებს.

დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგახარებთ. საბოლოოდ მიხვდებით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ საკუთარ ძლიერ მხარეებს სწორად აფასებთ და ცრუ მოლოდინები არ გაქვთ.

ლომი

მშვენიერი, ნაყოფიერი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ბევრს მიაღწიოთ. მიზანსწრაფული და მონდომებული ხართ, სირთულეები არ გაშინებთ, ამიტომ ადვილად მიაღწევთ მიზანს, რომელსაც სხვები ვერ აღწევენ. საინტერესო საქმიანი წინადადებები გელით, ზოგი ლომი სამსახურის შეცვლას ან კარიერულლ წინსვლას შეძლებს.

საშუალება გექნებათ, რომ ოჯახური საქმეები მოაწესრიგოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება გელით. საერთო გეგმებზე შეთანხმება რთული იქნება, მაგრამ კომპრომისის პოვნას მაინც შეძლებთ.

ქალწული

წარმატებული დღეა. მთავარია, დრო უსარგებლოდ არ დაკარგოთ და დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. მოსალოდნელია მცირე უთანხმოება კოლეგებთან. ეცადეთ, რომ პატარა კამათი დიდ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის შესწავლისა და სასარგებლო გამოცდილების მიღებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოთ, რომელიც მოგების გარდა, გარშემო მყოფთა პატივისცემასაც მოგიტანთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ. სამსახურში სასიამოვნო სიურპრიზები და სასიხარულო სიახლეები გელით. ბევრი სასწორი თავისი უნარების უჩვეულოდ გამოყენებას შეძლებს.

დღის ბოლოს შეიძლება პასუხი იპოვოთ კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებთ.

მორიელი

შეეცადეთ, მცირე უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ. ეს დღე ისე არ ჩაივლის, როგორც გეგმავდით, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება კიდევ შეიძლება. თქვენი ამოცანაა, ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

საქმიან ურთიერთობებში მოსალოდნელია დაპირისპირება, თუმცა მწვავე კონფლიქტებამდე საქმე არ მივა. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საკუთარი თავი გაანებივროთ და რაღაც სასიამოვნო ნივთი იყიდოთ. ამ დღეს პოზიტიური ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელია. თუ არ იზარმაცებთ, რამდენიმე საათში შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო – საეჭვო გარიგებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

დღის მეორე ნახევარში ზოგი მშვილდოსანი თავს შეუძლოდ იგრძნობს. გირჩევთ, ცოტა ხნით აქტიურობა შეამციროთ და დაისვენოთ.

თხის რქა

მსუბუქი და წარმატებული დღეა. ყველა პირობა არსებობს, რომ ახალი იდეა განახორციელოთ. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გელით. ახალი ინფორმაციის წყალობით ზოგი თხის რქა შეცდომებისა და დანაკარგების თავიდან აცილებას შეძლებს. საინტერესო ნაცნობობა შეიძლება გრძელვადიან, ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზარდოს.

ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბრით შეძლებთ გადაჭრათ პრობლემა, რომელიც ადრე კონფლიქტებს იწვევდა. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ სურვილებზე დაუფარავად საუბარი. ახლობლები გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ.

მერწყული

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ მასშტაბური და საინტერესო საქმე წამოიწყოთ. ახალი მოკავშირეებისა და დამხმარეების წყალობით წარმატებას სწრაფად მიაღწევთ. ბევრი მერწყული კომერციული საქმიანობით ფულის შოვნას შეძლებს.

ხელსაყრელი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისთვის – მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

თევზები

რთული დღეა. განსაკუთრებით დაძაბული დღის პირველი ნახევარი იქნება. ამ დროს შეცდომების დაშვება ძალიან ადვილია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გახსოვდეთ თქვენი მიზნები და პრიორიტეტები.

ახლობელი ადამიანები სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებენ.

მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! -სალომე ზურაბიშვილი

მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს – “წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში”.

“ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად მიეკუთვნება შემთხვევითობას ეს ტრაგიკული მოვლენები, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მკვლელობა ოზურგეთში – მამამ შვილი სანადირო თოფით მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლით( ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა) დაიწყო.