Home Blog Page 1658

“ბორელთან შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთიანი” – დავით უსუფაშვილი

ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, ჩამოვიდა საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. დრო საკმარისია, ევროპა მზადაა, დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ამ გზავნილს კარგი გამგონე სჭირდება.

„მგონი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგებს, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს საქართველოს ღირსი. კარგი ამბავი ისაა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც 2008 წლის ბუქარესტში ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. MAPI არ მოგვცეს, მაშინაც ნატო-ს წევრებს ჰქონდათ დასაბუთებული ეჭვები მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატიული პრობლემების თაობაზე, მაგრამ მაშინ MAPI-ის არმოცემამ გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, არამედ დღევანდელი უკრაინის ომიც ამის შედეგია. ამიტომ, მთავრობა, რომელიც საქართველოში ვერ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს, ეს არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

ევროპისკენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და საქართველო შევაფაროთ ევროპული უსაფრთხოების ქოლგას, ვაზიაროთ იმ კეთილდღეობას, თავისუფლებას, რაც ევროპაშია. დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ. ჩვენ ერთი წელი დავკარგეთ ამაზე. არ ვიცი, ამ დოკუმენტში რა წერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ დარჩენილ დროში ნაბიჯები გადაიდგმება.

ევროპელმა მეგობრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ გასაკეთებელი გვაქვს საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით. პროექტი, რომელიც გუშინწინ დაანონსდა, ალბათ ამის შედეგია, რომ ევროპიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ ძალიან მკაფიო გზავნილები იყო. მათ თქვეს, რომ ყველა ეს საკითხი ვენეციის კომისიაშია გასავლელი. იყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებული საკითხის სწორად გადაწყვეტა. ჩვენმა კოლეგებმა ევროპიდან ძალიან მკაფიო გზავნილები ჩამოიტანეს, რას ელოდებიან ისინი. ხელისუფლების წარმომადგენლების ცოტა არ იყოს, ჭკუის სწავლებაზე მათ გვითხრეს, რომ ელემენტარული ცივილიზაციური წესია – თუ გნებავთ კლუბში შემოსვლა, მაშინ იმ კლუბის კრიტერიუმებს უნდა დაემოეჩილოთ. მობრძანდით და რომ შემოხვალთ ამ წესებით, შემდეგ ერთად ვისაუბროთ, თუ სხვანაირი ევროკავშირი გინდათ, რომელიც ქართულ სტანდარტებზე იქნება მოწყობილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ევროპამ ნეგატიური მესიჯი მიიღო.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შეხვედრაზე ასევე მკაფიოდ ითქვა, ბორელმა განაცხადა, რომ ის არ არის ქართული კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ იმპიჩმენტზე დაწყებული საუბარი ამ დროს, ასეთ ვითარებაში, საკმაოდ პრობლემური იყო და ნეგატიური მესიჯი მიიღეს ევროპაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ვალდებულებები” – პრემიერი

მადლობა ჯოზეფ ბოერელს ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახად გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი შრომატევადია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასევე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია გადმოგვეცა. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად და სხვა აქტორებთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის რეკომენდაციები განვახორციელოთ. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინეტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც, ჩვენ კარი გავუღეთ მათ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ეს ძალიან მტკივნეულია” – ჯოზეფ ბორელმა გურიაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენემა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, გურიაში, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ სტიქიის დროს დაკარგულებს ჯანმრთელს იპოვიან.

„ნება მიბოძეთ, გამოვხატო გულისტკივილი, გურიაში გარდაიცვალა ბავშვი მეწყრის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია ჯანმრთელს ვიპოვით ყველას“, – აღნიშნა ბორელმა.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი საძიებო სამუშაოები გრძელდება.

“რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ, სამწუხაროდ, პოლარიზაციამ მოიმატა” – ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია კომპლექსური და რთული საკითხია.

„რჩება კიდევ ერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.

მთავარი მინდა ვთქვა, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები, რათა მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეზღუდულია

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი ეწყობა, რის გამოც, სამუშაოების დასრულებამდე, გია რომელაშვილისა და გიორგი ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდა. ავტომობილები იმოძრავებენ აბაის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ავეტიკ ისააკიანის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N317 და N386 ავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მოძრაობისას არ გაივლიან რომელაშვილის ქუჩას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისააკიანის ქუჩიდან ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მიმართულებით, გაჩერებების გარეშე იმოძრავებს, შემდეგ აბაის ქუჩით დაუკავშირდება რომელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და ანზორ გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება. აღნიშნული ტერიტორიიდან N317 ავტობუსი დაუკავშირდება ჩარგლის ქუჩას, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩას, საიდანაც ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას,  N317 ჩარგლის ქუჩიდან, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩიდან მოძრაობას აბაის ქუჩაზე გააგრძელებს, შემდეგ რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩებით კვლავ აბაის ქუჩას დაუკავშირდება, გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება და მარცხნივ მოხვევით, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩისკენ გადაადგილდება. აღნიშნული ტერიტორიიდან ავტობუსები ისააკიანის და ავშნის ქუჩების გადაკვეთამდე შეუჩერებლად იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას გააგრძელებენ უკვე არსებული მარშრუტით.

ავტობუსი N375 მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოძრაობისას, რომელაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N19 კორპუსამდე, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ისააკიანის ქუჩას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“ იმოძრავებს. N375 უკუმიმართულებისას მგზავრებს იმავე მარშრუტით მოემსახურება.

N421 და N510 მიკროავტობუსები რომელაშვილის ქუჩაზე გადაკეტილ საგზაო მონაკვეთს ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N11 და N7 კორპუსების საშუალებით შემოუვლიან, რის შემდეგაც, კვლავ რომელაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „სანტი“ საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი, კიდევ ერთი კომპანია „სანტი“, რომელმაც უკვე არაერთი ეზო და გარე სივრცე გაალამაზა, ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. „სანტის“ წარმატების ისტორიას მისი დამფუძნებელი, გიგი ტაბაღუა გვიყვება:

„კომპანიის დაფუძნების იდეა კოპენჰაგენში გაჩნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი სასწავლებლად. კოპენჰაგენში განსაკუთრებით თვალშისაცემია მოვლილი ეზოები, საგანგებოდ დაგეგმილი, ნაფიქრი და ამა თუ იმ დიზაინში გადაწყვეტილი სივრცეები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მათ ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ. იქ ყოფნისას კი გაჩნდა იდეა, ასეთი ლამაზი მწვანე სივრცეები ჩემს ქალაქშიც შემექმნა.

დღემდე ვმართავ რამოდენიმე მცირე ბიზნესს და მაქვს დიდი გამოცდილება სტარტაპ პროექტებში. ამიტომაც,  მარტივი იყო, იდეა რეალობად მექცია.

თავდაპირველად, მე და ჩემი თანადამფუცნებლები თავად მივდიოდით რუსთავის მოსახლეობასთან და ვთავაზობდით ეზოების მოწყობას. თუმცა, ამ მიმართულებით ცნობადობა იმდენად დაბალია, რომ ადამიანები ადვილად არ თანხმდებოდნენ ჩვენს ინიციატივას. მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომხმარებელი დავითანხმეთ და შეკვეთა წარმატებით შევასრულეთ, თანდათან გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი გუნდის შესახებ და ნელ-ნელა შევიძინეთ მომხმარებლები, რომლებიც ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილები დარჩნენ.

ამ პერიოდში დაახლოებით 20 -მდე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.  კმაყოფილმა მომხმარებელმა და დაგროვილმა გამოცდილებამ მიგვახვედრა, რომ კომპანია ოფიციალურად უნდა დაგვერეგისტრირებინა. ამ მიზნით მივმართეთ თიბისი სტარტაპერს, რომელიც გვენდო, გვერდით დაგვიდგა და დავაფუძნეთ კომპანია „სანტი“.

თიბისის მხარდაჭერით შევიძინეთ მაღალი ხარისხის ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი. ასევე, თითქმის დასრულებულია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მუშაობა, მალე კი ავამუშავებთ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებსაც.

დღეისათვის კომპანია „სანტი“ კერძო პირებს, სამშენებლო კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირს სთავაზობს სრულ ლანდშაფტურ მომსახურებას, ეზოებისა და გარე სივრცეების დაგეგმარებას, განაშენიანებას, მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებას (ერთჯერადად და მრავალჯერადად).

აქამდე მომსახურებას მხოლოდ რუსთავში ვთავაზობდით, დღეისათვით კი ჩვენი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა და რესურსი საშუალებას გვაძლევს, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოვემსახუროთ მომხმარებელს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე კუთხის შექმნაა. კომპანია „სანტი“-ს მთავარი მიზანია, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქართულ ბაზარზე. თუმცა ბიზნეს ხედვებთან ერთად, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმ იდეებზე, რითაც, პირველ რიგში, ქალაქ რუსთავს ახალ-ახალ მწვანე სივრცეებს შეუქმნის.

ამჟამად „სანტიში“ 5 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, სამომავლოდ, მათი რიცხვი  ჩვენი გეგმებისა და ამბიციების შესაბამისად გაიზრდება.“

R

“ჯოზეფ ბორელთან განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე” – ილია დარჩიაშვილი

ევროკავშირი უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველო პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეგიონში და მის მიღმა.

„ევროკავშირი უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონში და მის მიღმა. მე გამოვხატე მადლიერება ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის“, – წერს დარჩიაშვილი.

“ევროკავშირი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს 12 პრიორიტეტის შესრულებაში” – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში

„დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე.

“ომი უკრაინაში – ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები” – რას წერს უცხოური პრესა

საფრანგეთის ტელეარხის France 5-ის ეთერში 6 სექტემბერს, საღამოს გადაიცა ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინტერვიუ, რომელიც მას შოუ C à vous-ის სტუდიაში, ტელეწამყვანმა ან-ელისაბედ ლემუანმა ჩამოართვა.
ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი სათაურით „ომი უკრაინაში: ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები“ გამოქვეყნებულია როგორც ტელეარხის ვებ-გვერდზე, ასევე „იუთუბშიც“.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში და ევროკავშირში უკრაინის მიღებით რუსეთთან ომი არ დასრულდება. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში გამოიწვევს აშშ-ის გავლენის გაძლიერებას ევროპულ ორგანიზაციაში – იმდენად, რამდენადაც უკრაინა სერიოზულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აშშ ბატონობს სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებზეც. ამასთან, აუცილებელია, რომ არ შეწყდეს მცდელობა მშვიდობის მიღწევისათვის. ამ ომით მოგებულნი რჩებიან ვაშინგტონი და პეკინი“, – ამბობს ნიკოლა სარკოზი.
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა, ფრანგ ჟურნალისტებს და ტელემაყურებლებს შეახსენა, რომ საომარმა მოქმედებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, დაღუპულებისა და დაჭრილების უმრავლესობა უკრაინელები არიან.

„როცა ჩვენ, ფრანგები, უკრაინის ომს სენ-ჟერმენის ბულვარიდან ვუყურებთ, ყველა მაგრები და გაბედულები ვართ, ჩვენს მიერ კიევისადმი გაწეული დახმარებით კი უკრაინელებს დასაღუპავად ვწირავთ“, – აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

ნიკოლა სარკოზის აზრით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მშვიდობის განმტკიცებას ხელს ვერ შეუწყობს. უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა ნეიტრალური დარჩება და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით (ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის) მომგებიანად ისარგებლებს.
ექს-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია.

საფრანგეთი უკრაინის მხარეზე უნდა იყოს, მაგრამ პარიზს, თავისი „განსაკუთრებული გზა უნდა ჰქონდეს, რომელიც აშშ-ზე სწორებას გამორიცხავს. ომი მომგებიანია ვაშინგტონისა და პეკინისათვის: პირველი სულ უფრო მეტ იარაღს, ენერგორესურსებს და მარცვლეულს ჰყიდის, მეორე კი, რუსეთთან ერთად, BRICS-ის წევრების მობილიზებას ახდენს და თავის ამბიციებს იკმაყოფილებს.
ამრიგად, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თავდაპირველი განზრახვა, რომ მოსკოვთან დიალოგი შეენარჩუნებინა, სავსებით სწორი იყო: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ომს მოწოდებებით „მეტი იარაღი! მეტი სიკვდილი! მეტი წინააღმდეგობა!“. აუცილებლად უნდა მოვძებნოთ გზა ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით“, – აცხადებს ნიკოლა სარკოზი.

წყარო

https://www.youtube.com/watch?v=uLgTeYmrhwI

“სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი” – შსს

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

„მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქობულეთში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა, სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები

ქობულეთში, წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა. მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც დატბორვა გამოიწვია.

“მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები”, – წერია განცხადებაში.

წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაშიც.

“სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგან ორს ოზურგეთში, ერთს კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ” – გურიის გუბერნატორი

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გურიის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ ეტაპზე, სამ ადამიანს ეძებენ. ორი მათგანს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობას, ამ წუთისთვის, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.