Home Blog Page 1654

არახამიას ფრაქციის დეპუტატი მალდივებზე ისვენებდა

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ წევრი იური არისტოვი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, მალდივის კუნძულებზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

კერძოდ, არისტოვი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში Waldorf Astoria Maldives შენიშნეს, სადაც ნომრის ფასი 100-დან 323 ათას უკრაინულ გრივნამდე (2700-8700 აშშ დოლარი) მერყეობს. სასტუმრო კერძო კუნძულზე, ისთჰააფუშიზე მდებარეობს.

ეს ინფორმაცია უკრაინულ გამოცემა „სლიდსტვო ინფო“-ს სასტუმროს თანამშრომლებმაც დაუდასტურეს. მათ აღნიშნეს, რომ არისტოვმა სასტუმრო უკვე დატოვა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ. მისი თქმით, არისტოვს პარტიის პოლიტსაბჭოში წევრობა უკვე შეუჩერეს. „ამჟამად მივლინების შესახებ ინფორმაციას ვამოწმებთ. თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მოვითხოვთ კომიტეტიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას“, – განაცხადა არახამიამ.

“საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.2 პროცენტით გაიზარდა” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

2023 წლის ივნისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.17 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.83 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის ივნისის ბოლოს 69.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში ქვეყნდება.

“პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია” – ხაბეიშვილი

პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა ხაბეიშვილ-ვაშაძის გაერთიანებაში მის გაწევრიანებაზე კონსულტაციები არ ჰქონიათ.

„პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიკავოს, დარწმუნებული ვარ, რომ იბრძოლებს პუტინის კარის ოლიგარქისა და რუსული პარტიის წინააღმდეგ.

კომუნიკაცია არსებობს, თუმცა რომ გითხრათ, რომ კონსულტაციები ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით გვქონდა-თქო, მოგატყუებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

27 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +39 გრადუსს მიაღწიოს

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.

„ 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ივლისისთვის ცნობილია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6029 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6003 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8837 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0085 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ფსევდოლიბერალიზმი ცდილობს, შთანთქოს აბსოლუტურად ყველა იდეოლოგია და ცხოვრების მორალურ ორიენტირად მოგვევლინოს”-ზურაბ ქადაგიძე

„პროპაგანდის ძალისა და გავლენის შესახებ, ყველაზე კარგად უწყიან იმ ოლიგარქიულმა ოჯახებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ მსოფლიო საკუთარი ნება-სურვილით მართონ, რისთვისაც ფინანსებსა და გავლენებს არ იშურებენ“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

ქადაგიძის თქმით, ერთადერთი ძლიერი საშუალებაა საზოგადოების ინფორმაციით შეიარაღება. საქართველოში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ამიტომაც საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა გლობალური პროპაგანდის მსხვერპლი არ გავხდეთ იმავე მეთოდებით, როგორც 2003 წელს.

„ფსევდოლიბერალიზმი ცდილობს, შთანთქას აბსოლუტურად ყველა იდეოლოგია და ცხოვრების მორალურ ორიენტირად მოგვევლინოს. პროპაგანდის ძალისა და გავლენის შესახებ, ყველაზე კარგად უწყიან იმ ოლიგარქიულმა ოჯახებმა, რომელთაც პრეტენზია აქვთ მსოფლიო საკუთარი ნება-სურვილით მართონ, რისთვისაც ფინანსებსა და გავლენებს არ იშურებენ. პროპაგანდის ძალა, განსაკუთრებით იგრძნობა მედია-სტანდარტის თანამედროვე გამოვლინებით, სადაც სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის ზღვარი წაშლილია, ცილისწამება, შანტაჟი, რეპუტაციის შელახვა და პირადი შეურაცხყოფა ჟურნალისტურ სტანდარტად და საწინააღმდეგო დამოკიდებულება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად ითვლება. „ლგბტ“ პროპაგანდა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ საზომად მონათლეს, რომელსაც ბინძური მეთოდებითა და ძალისმიერი გზით ცდილობენ დაამკვიდრონ, ცხოვრების ნორმალურ სტანდარტად. ასევე, ტენდენციაა მმართველობის ისეთი ფორმები, სადაც ხელისუფლება ექვემდებარება გლობალურ პოლიტკონიუნქტურას, სადაც გავლენის აგენტები არიან სათავეში და მართვას საზღვრებს გარედან მიღებული დირექტივებით ახორციელებენ, ხოლო ვინც არ ექვემდებარება კონტროლს, ამ სახელმწიფოში იწყება ხელოვნური კრიზისების შექმნის მცდელობა, რევოლუციური მოძრაობები და სამოქალაქო დაპირისპირებები. ამის თვალნათელი მაგალითია ე.წ ალბანური სასამართლო, სადაც მართლმსაჯულების აღსრულება გასულია ქვეყნის კონსტიტუციიდან და სრულად კონტროლდება საზღვრებს გარედან. ასევე, უკრაინული მედია-რეფორმა, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია და მთელი ვერტიკალი დამოკიდებულია გლობალურ პოლიტკონიუნქტურაზე.

საქართველოს მაგალითზე კი, ის აღვირახსნილი ლიბერალური ფაშიზმი, სადაც ჰუმანიზმის, მედია-პლურალიზმის, სამართლისა და უფლებების სახელით, უფრო მეტ ძალადობას, უსამართლობასა და ფსევდო-ღირებულებებს პროპაგანდირებენ. გლობალური პოლიტკონიუნქტურის ავტორების წინააღმდეგ, ერთადერთი ძლიერი საშუალებაა საზოგადოების ინფორმაციით შეიარაღება. საქართველოში ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია. ამიტომაც საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და საზოგადოების ინფორმირება, რათა გლობალური პროპაგანდის მსხვერპლი არ გავხდეთ იმავე მეთოდებით, როგორც 2003 წელს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან სომხების განსახლების საკითხს არ განიხილავს”

სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან 120 000 სომეხის განსახლების საკითხს არ განიხილავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი განიხილავს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ საკუთარ სახლებში, თავიანთ დაბადების ადგილას იცხოვრონ.

“სომხეთი განსახლების საკითხს არ განიხილავს. სომხეთი განიხილავს შეიქმნას პირობები მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის, რათა საკუთარ სახლებში, თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ დაბადების ადგილას ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია ცდილობს, გადადგას ნაბიჯები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უნდობლობის დასაძლევად.

„მე ასევე, ვსაუბრობ ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებაზე. სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი და ეს საკითხი უნდა გადაიჭრას, მისი უარყოფა შეუძლებელია. სხვა საქმეა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დიდი უნდობლობაა სომხეთის მიმართ და პირიქით, ამიტომ საკითხავია, როგორ დაიძლიოს ეს უნდობლობა. ეს არის მიზეზი, რის გამოც გვინდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ამ უნდობლობას გადალახავს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

“რუსულმა ოცნებამ” გადასარევად იცის, რა ევალება ხელისუფლებას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – თინა ბოკუჩავა

“რუსულმა ოცნებამ” გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

მისი თქმით, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„რუსულმა ოცნებამ” გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის კარგად ცნობილია, არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში, მაგრამ ისინი სწორედ მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ამიტომ არ ასრულებენ იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას, დეპოლარიზაციას და სამოქალაქო სექტორის პროცესებში ჩართულობას.

კონფერენციაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ მართლმსაჯულების პანელი გაიმართა და აქ „ოცნებამ“ პრაქტიკულად დაადასტურა კლანის არსებობა მართლმსაჯულების სისტემაში და სწორედ აღნიშნული “კლანის” არსებობა გამოაცხადა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად. სწორედ ასეთი მიდგომა ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია.

 

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Geosky იწყებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქართული ავიაკომპანია Geosky იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდმა ATR72-მა პირველი დაშვება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელა.

პირველი ხომალდის დაშვებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თინა ზოიძესთან ერთად დაესწრო. საჰაერო ხომალდის დათვალიერების შემდეგ მინისტრი ავიაკომპანიის გეგმებს გაეცნო.

28 ივლისიდან, 70 ადამიანზე გათვლილი სამგზავრო ხომალდი, რეგულარულ ფრენებს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, ყოველდღიურად შეასრულებს.

“სამწუხარო და სევდიანი ამბავი იქნება, თუ მარგველაშვილი ხაბეიშვილის პარტიის წევრი გახდება”- ბექა ოდიშარია

„ნაცმოძრაობას“ მარგველაშვილთან გათვლა აქვს, ყოფილი პრეზიდენტია და ტიტული აქვს. ხაბეიშვილის გაპატიოსნებას ყველანაირად შეეცდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმ სახელების მიღმა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება გაერთიანდნენ, რეიტინგი არ დგას.

„სამწუხარო და სევდიანი ამბავი იქნება, თუ გიორგი მარგველაშვილი ხაბეიშვილის პარტიის წევრი გახდება, ერთხელ ის ტკივილი გადავიტანეთ, როცა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორად წავიდა სამუშაოდ. თუ ახლა მეორე ყოფილი პრეზიდენტი თავის ტიტულს მორალურად შეელევა და ხაბეიშვილის პარტიაში გადავა, ეს გაუგებარი და სევდიანი იქნება. „ნაცმოძრაობას“ მარგველაშვილთან გათვლა აქვს, ყოფილი პრეზიდენტია და ტიტული აქვს. ხაბეიშვილის გაპატიოსნებას ყველანაირად შეეცდებიან, ამ ცდის ნაწილია მათთან ვაშაძის შესვლა. ალბათ იქნება მარგველაშვილი და სხვა, თუმცა ამ სახელების მიღმა პროცენტიანი რეიტინგი არ დგას და რა უნდა მიიღონ, გარდა იმისა, როგორც შვიდი თუ რვა არჩევნების შედეგად დამარცხდნენ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა ახლა მითუმეტეს ეკუთვნის”

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურები საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდიან.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ევროკომისიამ უკრაინის შემთხვევაში მოიწონა დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ვენეციის კომისია კი საქართველოს შემთხვევაში ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგება.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება იხელმძღვანელებს იმ მიდგომით, რომელიც იქნება ევროკომისიისთვის პრიორიტეტულად სწორი, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, საბოლოო ჯამში, სწორედ ის წყვეტს.

„რაც შეეხება ბუნდოვანებას დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენთვის პირდაპირ გაწერილი მიდგომა კანონის გზით უნდა დაგვერეგულირებინა ეს საკითხი თუ სხვა ფორმით, არ ყოფილა მოცემული. შესაბამისად, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ მიდგომით, რომელიც ევროკომისიამ აირჩია უკრაინასთან მიმართებით. ევროკომისიამ სამივე ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უთხრა კონკრეტული საკითხის მოწესრიგება და ერთ ქვეყანას, უკრაინას უთხრა, რომ მიღებული კანონის იმპლემენტაცია დაეწყო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებდით ამ მიდგომით, რომ თუკი ევროკომისიას მიაჩნია, რომ კანონის გზით საკითხის დარეგულირება კარგია, მაშინ საწინააღმდეგო ჩვენთან მიმართებით რა უნდა ყოფილიყო?! ამიტომ, ვთქვით, რომ ამ საკითხს ამ ფორმით დავარეგულირებდით, თუმცა ახლა უკვე ევროპის საბჭოს ერთ-ერთი სტრუქტურის პოზიციაა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ არის საჭირო, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციას და გვაქვს კოლიზია ევროპულ სტრუქტურებს შორის. ჩვენთვის პრიორიტეტული არის ევროკომისიის პოზიცია, ვინაიდან ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ამიტომ ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის პოზიციას და აღარ მივიღებთ კანონს, შეიძლება დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ ევროკომისიამ გვითხრას: „მე გავეცი რეკომენდაცია, თქვენ ნახეთ, რომ უკრაინასთან მოვიწონე მიდგომა კანონის გზით საკითხის დარეგულირების და თქვენ ამაზე რატომ თქვით უარი?“.- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული საქართველოში ევროკავშირის ელჩის პოზიცია, რომელიც ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაეთანხმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის სახელით ვერ ისაუბრებს ვერავინ, ევროკომისიის სახელით საუბრობს მხოლოდ ევროკომისია.

„რაც იქნება ევროკომისიისთვის პრიორიტეტულად სწორი და მისაღები, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე არ შევფერხდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან 12 რეკომენდაციის შესრულების ზოგადი ტენდენციაც შეაფასა.

„რაც შეეხება მთლიანად რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, იცით, რომ დეპოლარიზაციის პუნქტი არის გამოწვევა. როგორ შეიძლება ეს შესრულებულად ჩაითვალოს? ვინ იქნება გარანტი იმის, რომ დეპოლარიზაცია აღარ იქნება? ასევე, იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით ნაწილობრივად არის შესრულებული, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გაწეული, რომ ეს პუნქტი სრულად შესრულებულიყო და სამი წევრი იქნა არჩეული და ამ პუნქტის შესრულებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები. რაც შეეხება ყველა სხვა პუნქტს და ყველა სხვა საკითხს, ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასპეკულაციოდ სივრცე არ დარჩეს, თითქოს რამე არ გაკეთდა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა აქამდეც, თუმცა ახლა მითუმეტეს ეკუთვნის, როდესაც ჩვენ ამ შრომისა და ძალისხმევის შედეგად ერთგვარი ბონუსით და ავანსით მივმართავთ კიდევ ერთხელ ევროკავშირს, რომ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში მე პირადად თავს ვერ ვხედავ”-თეონა აქუბარდია

მნიშვნელოვანია ყველა ძალის გამოყენება და სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრის შექმნა იმისთვის, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ხმა არ დაიკარგოს და იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არჩევნების მეშვეობით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატი თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„გაერთიანებებში ჩემი აზრით არაფერი გასაკვირი არ არის, ვიღაც ხედავს თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე პირადად მათ პარტიულ სიაში თავს ვერ ვხედავ და ასევე მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე კიდევ უფრო აქტიურად წავა პროცესები, ვინ ვისთან შეიძლება დაჯგუფდეს“, – განმარტა თეონა აქუბარდიამ.